”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”

პროგრამული დოკუმენტი 2011 – 2014

 

 

  1. “კავკასიური სახლის” მისია და ხედვა

 

”კავკასიური სახლის” ხედვაა ისეთი კავკასია, სადაც სხვადასხვა ხალხები მშვიდობიანად თანაარსებობენ, ერთმანეთთან თანამშრომლობენ, აცნობიერებენ საერთო პრობლემებსა და ინტერესებს; იმ საერთო კულტურულ სივრცეს, რომელსაც მიაკუთვნებენ საკუთარ თავს, და ხელმძღვანელობენ ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ტოლერანტობისა და სოლიდარობის პრინციპებით, სადაც დაცულია სასიცოცხლო სივრცე და კულტურული მემკვიდრეობა.

”კავკასიური სახლის”  მისიაა შექმნას იდეური და ინტელექტუალური საფუძველი საქართველოს, როგორც მულტიეთნიკური ქვეყნის,და კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისა და კულტურული ინტეგრაციისათვის; გაავრცელოს ზოგადჰუმანიტარული და სამოქალაქო განათლება; წაახალისოს კულტურათა შორის დიალოგი და ამ გზით დააკავშიროს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები.

კავკასიური სახლის დევიზია:  ძებნაში ახლის გახსოვდეს სახლი.

მუშაობის პროცესში ორგანიზაცია ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და მოცემულობებს:

 

  • „კავკასიური სახლი“, როგორც საერთო კულტურული სივრცე;
  • ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ტოლერანტობა;
  • რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება კულტურათა   დიალოგის, სამოქალაქო დიპლომატიისა და საგანმანათლებლო  პროგრამების მეშვეობით;
  • სამოქალაქო სოლიდარობა;
  • სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და ადამიანის უფლებები;
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ჰუმანიზაცია და დემოკრატიზაცია;
  • გენდერული თანასწორობის იდეა;
  • სასიცოცხლო სივრცის დაცვა და ეკოლოგიური ცნობიერება;

 

 

  1. “კავკასიური სახლის” პროგრამები

 

მისიის რეალიზაციის მიზნით „კავკასიური სახლი“ გამოყოფს სამ სამუშაო სტრატეგიულ პროგრამას. პროგრამები უზრუნველყოფენ ორგანიზაციის სტრატეგიის თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ  განხორციელებას. ხელს უწყობენ ორგანიზაციას საქმიანობის სტრუქტურიზებაში და შედეგების შეფასებაში, ასევე სტრატეგიული პარტნიორების მოძიებაში. პროგრამების რეალიზებისათვის  იწერება და ხორციელდება სხვადასხვა პროექტები.

 

2.1.  კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა
„კავკასიური სახლი“ შეიქმნა  ”მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის” ბაზაზე. „კოლეგიის“

მიზანი იყო მსოფლიო ლიტერატურისა და აზროვნების საუკეთესო ნიმუშების თარგმნა ქართულად და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია.

დროთა განმავლობაში „კავკასიური სახლის“ მიზნები გასცდა „კოლეგიის“ ტრადიციული საქმიანობის ფარგლებს, თუმცა, ორგანიზაციის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავაც რჩება მხატვრული თარგმანისა და ზოგადად კულტურულ–საგანმანათლებლო პროცესების განვითარებისათვის ხელშეწყობა.

პროგრამის მიზანი

საქართველოში კრიტიკული აზროვნებისა და ლიტერატურული პროცესების სტიმულირება; ინოვაციები აღზმრდელობით–საგანმანათლებლო სფეროში, ბავშვთა და მოზარდთა  ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სფეროში;  დასავლეთ–აღმოსავლეთის მხატვრული, სამეცნიერო თუ ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტექსტების თარგმნა;

 

2.2. კავკასიური კვლევის პროგრამა
”კავკასიური სახლი” დიდი ხანია მუშაობს კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული  განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე.

ჩვენი ძირითადი მიდგომა გულისხმობდა ინტერ-კულტურულ ურთიერთობებს, პირველ რიგში, მხატვრულ თარგმანს, როგორც ხალხებს შორის კომუნიკაციისა და გაუცხოების დაძლევის ეფექტურ საშუალებას; საერთოკავკასიურ კონფერენციებს, კავკასიელ მეცნიერთა თუ ახალგაზრდათა არაფორმალურ შეხვედრებს და ა. შ.

სხვადასხვა დროს ორგანიზაციაში ქართველებთან ერთად მუშაობდნენ: აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი,  ჩეჩენი, ჩერქეზი, რუსი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. „კავკასიური სახლი“ წარმოადგენს მშვიდობიანი კავკასიის ერთგვარ მიკრომოდელს. თანმიმდევრულმა მუშაობამ და მულტიეთნიკურმა შემადგენლობამ ორგანიზაციას რეგიონის მასშტაბით აღიარება და  ნდობა შესძინა.

კავკასია გეოგრაფიული მდებარეობის, ეთნიკურ–ენობრივი მრავალფეროვნების, პოლიტიკური კონფლიქტებისა და სხვადასხვა აქტორების გეოპოლიტიკური ინტერესების გამო, ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია მსოფლიოში. მისი კომპლექსური შესწავლა  ხდება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ ანალიტიკურ ცენტრში და ეს ინტერესი სულ უფრო იზრდება.  დღეისათვის საქართველოშიც არსებობს კავკასიის შემსწავლელი რამდენიმე საუნივერსიტეტო კათედრა. თუმცა საჭიროა სფეროს კიდევ უფრო გაძლიერება.

სწორედ არსებული ვითარებისა და კავკასიური სახლის გამოცდილების გათვალისწინებით,  2011 წელს ცალკე სტრატეგიულ მიმართულებად ჩამოყალიბდა  კავკასიური კვლევის პროგრამა.

პროგრამის მიზანი

პროგრამის გრძელვადიანი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს თანმიმდევრული და ეფექტიანი კავკასიური პოლიტიკის ფორმირებას  –კავკასიაში არსებული ვითარების მუდმივი ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების საშუალებით.

 

2.3. სამშვიდობო პოლიტიკისა და უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა
კავკასიის რეგიონი გამორჩეულია სხვადასხვა ეთნოსთა და რელიგიათა სიმრავლით. რიგი ფაქტორების გათვალისწინებით ეს სიმდიდრე გადაულახავ ბარიერად იქცა რეგიონისთვის. 80–იანი წლების ბოლოდან კავკასია იქცა ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ დაპირისპირებათა პოლიგონად. დღეისათვის შეიარაღებული კონფლიქტების ფაზა საბედნიეროდ დასრულებულია, მაგრამ არსებობს ე.წ. გაყინული თუ ლატენტური კონფლიქტების მთელი წყება, რომლებმაც ნებისმიერ დროს შეიძლება იფეთქონ გაუაზრებელი პოლიტიკის შემთხვევაში.

სამოქალაქო დიპლომატია არის ის სფერო, რომელშიც ჩართული იყო „კავკასიური სახლი“ ორგანიზაციის დაფუძნებიდან მოყოლებული. ჩვენთვის ცხადია, რომ არსებულ კონფლიქტებზე მუშაობასთან ერთად, მნიშვნელოვანია  ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ინტეგრაციაზე ზრუნვა. ნებისმიერი კონფლიქტი იწყება იქ, სადაც ხდება გაუცხოება ხალხებს შორის.

საქართველოსთვის, როგორც მულტიეთნიკური სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოახდინოს საკუთარი მოქალაქეების ინტეგრაცია. ამ მიზნის შესასრულებლად, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამოქალაქო საზოგადოების ორანიზაციებსაც. კავკასიური სახლი თავისი პროფილის, ღირებულებებისა და დაგროვილი ცოდნის შესაბამისად კვლავაც  აქტიურად განაგრძობს ამ სფეროში მოღვაწეობას.

პროგრამის  მიზანი

რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისა და უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, სახალხო დიპლომატიისა და კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.

სამშვიდობო პოლიტიკისა და უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა იმუშავებს კავკასიური კვლევების პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროგრამის საქმიანობების დაგეგმვა მოხდება კვლევებიდან მიღებული საჭიროებების მიხედვით. პროგრამა მუდმივად დაეყრდნობა კვლევების შედეგად გაკეთებული პოლიტიკის ანალიზს.