”კავკასიური სახლის” მისიაა შექმნას იდეური და ინტელექტუალური საფუძველი საქართველოს, როგორც მულტიეთნიკური ქვეყნის,და კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისა და კულტურული ინტეგრაციისათვის; გაავრცელოს ზოგადჰუმანიტარული და სამოქალაქო განათლება; წაახალისოს კულტურათა შორის დიალოგი და ამ გზით დააკავშიროს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები.

კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი აცხადებს მიღებას „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ ქართულენოვან ჯგუფში.

კავკასია გეოგრაფიული მდებარეობის, ეთნიკურ–ენობრივი მრავალფეროვნების, პოლიტიკური კონფლიქტებისა და სხვადასხვა, გარეაქტორების გეოპოლიტიკური ინტერესების გამო თანამედროვე  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია.  საქართველო რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება, როგორც სამხრეთ ნაწილის ორივე რესპუბლიკას, ასევე ჩრდილოეთ ნაწილის თითქმის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველო, მეტნაკლები წარმატებით ახერხებდა, რეგიონის მასშტაბით უნიკალური მდებარეობის გამოყენებას.

”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”  დიდი ხანია მუშაობს კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული  განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გულისხმობდეს ჰუმანიტარულ, კულტურულ-საგანმანათლებლო ასპექტებს.

სწორედ არსებული პოლიტიკისა და ორგანიზაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, ”კავკასიური სახლი”, 2008 წლიდან ”ევროპული ფონდი ”Horizon” – ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს  ”კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი”.

პროექტის მიზანია:

მისცეს საფუძვლიანი ცოდნა როგორც  ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს კავკასიაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენათა თაობაზე; ასევე კავკასიელი ხალხების  ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების შესახებ.

პროექტის ფარგლებში ლექცია – სემინარები ჩატარდება თვეში სამჯერ.

გარდა წინასწარ დაგეგმილი ლექციებისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ე. წ. „საუბრები აქტუალურზე“, სადაც მსმენელები თვითონ იქნებიან მომხსენებლები და მოდერატორები.

დაინტერესების შემთხვევაში მათ აგრეთვე მიეცემათ საშუალება კავკასიური სახლის ვიდეოსტუდიის ტექნიკის გამოყენებით  გადაიღონ დუკუმენტური ფილმები კავკასიურ თემატიკაზე, ასევე თვეში ერთხელ მოამზადონ საინფორმაციო გამოშვება „ კავკასიის ამბები“  რეგიონში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ.

პროექტის მსმენელებს სურვილის შემთხვევაში მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ კავკასიურ სახლში გამართულ სხვა კულტურულ ღონისძიებებს – მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, პერფომანსებს და ა. შ.

სასწავლო წლის ბოლოს პროექტის მსმენელთა მონაწილეობით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ახალგაზრდები წაიკითხავენ მოხსენებებს მათთვის საურველ თემებზე.

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები

ასაკი: 18-35 წელი
განათლება: საშუალო, უმაღლესი
ენები:  აუცილებელია ქართული ენის ცოდნა
ინტერესი კავკასიური პრობლემატიკისადმი და მიღებული ცოდნის საკუთარი პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების სურვილი
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

შეავსოთ ანკეტა და გადმოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
tujuxu@gmail.com,  beroshvili@hotmail.com
CV
ფოტო (3×4)
სახალხო უნივერსიტეტში მიღება მოხდება ანკეტისა და გასაუბრების საფუძველზე.

სწავლა უფასოა.

სწავლის ხანგრძლივობა – 1 წელი

ლექციები ჩატარდება  კავკასიურ სახლში. მისამართზე: თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქ.20

განცხადებები მიიღება 10 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს თამარ უჯუხუს

ელფოსტა: tujuxu@gmail.com; ან beroshvili@hotmail.com,

მობ: 577202103; 568 4140 82

ჩვენი პროექტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, თელავში, შეუძლიათ შეავსონ შესაბამისი განაცხადი და გამოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. გთხოვთ, მიუთითოთ რეგიონი.

ვიდორგოლი გასული სასწავლო წლის შესახებ:

კულტურის კალენდარი – გამოფენა და სემინარი ეკოლოგიურ საკითხებზე

24 ნოემბერს, „სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრ“-მა (CCED) განახორციელა პროექტი „პლასტმასის ყვავილი“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ფოტო გამოფენა და სემინარი ეკოლოგიურ საკითხებზე.
 
შეხვედრაზე განხილული იყო მწვანე პოლიტიკა და საქართველოს ეკოლოგიური გამოწვევები, რომელსაც გაუძღვა მწვანე მუშტის და აუდიტორია #115-ის წევრი ირაკლი კუპრაძე.
 
გამოფენაზე კი წარმოდგენილი იყო მოყვარული ფოტოგრაფთა ნამუშევრები, რომელზეც ასახული იყო საქართველოს დაბინძურებულ ტერიტორიები, დაუფიქრებლად გადაყრილი ნარჩენები, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს ყველა ცოცხალ არსებაზე.
 
პროექტი „პლასტმასის ყვავილი“ განხორციელდა ”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლის” ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, პროექტ „კულტურის კალენდის” ფარგლებში.

დაცემის ახალი სიმაღლე

ანუ: პროტესტს ვუცხადებ სახალხო დამცველის აპარატს  და მასთან არსებულ  „ტოლერანტობის ცენტრს“, რომლებმაც  ბოროტმოქმედებს სიკეთისმოქმედნი დაარქვეს და დააჯილდოვეს.

 

90 – იანი წლების დასაწყისში არენაზე გამოსული პოლიტიკური ძალების ბუნება მერაბ მამარდაშვილმა ზუსტად დაახასიათა სიტყვებით „ზნეობრივი დალტონიზმი“. მაშინ ცოტა ვინმე თუ ჩაუკვირდა, რას ნიშნავდა და რას გვიქადდა ეს ფენომენი.

„დალტონიზმი“ თანდაყოლილი დაავადებაა. როგორც ცნობილია, იგი არ არის სრული სიბრმავე. ადამიანი  თან მხედველია და თან ბრმა, რადგან საგნებს კი ხედავს, მაგრამ მათ ფერებს, მაგალითად, წითელს, ან მწვანეს  ვერ აღიქვამს. მთელი უბედურება კი ის არის, რომ მან ეს არ იცის. და რომ ასეთი ადამიანები საფრთხეს უქმნიან თავიანთ თავსაც და საზოგადოებასაც, ეს პირველად მხოლოდ 1794 წელს გამოვლინდა, როდესაც შვედეთში, ქალაქ ლაგერლუნდთან მატარებლების არნახულად ძლიერი შეჯახება მოხდა, რადგან მემანქანე თურმე წითელ ფერს ვერ აღიქვამდა. ამიტომ დალტონიზმით დაავადებულებს მართვის უფლებას არ აძლევენ.

ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს „ზნეობრივი დალტონიზმი“. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, შეიძლება, თვითონ არ არის ბოროტმოქმედი, მაგრამ სხვის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების აღქმა მოდუნებული აქვს. მას ადეკვატურად ვერ გრძნობს.  ის ვერ გრძნობს ეთიკურ და კულტურულ ნიუანსებს.

მაშასადამე, ზნეობრივ ასპექტში დალტონიზმი იმით ვლინდება, რომ: ა. მავანი ბოროტებასა და სიკეთეს მაინცადამაინც ვერ ასხვავებს ერთმანეთისაგან; ბ. შესაბამისად, მას არც მოთხოვნილება აქვს, განასხვავოს ისინი.

ეს ნიშნავს, რომ  საქმე გვაქვს  ადამიანის ფუნდამენტური უნარის განუვითარებლობასა და დაზიანებულობასთან: ეს ფუნდამენტური  მახასიათებელი იყო, არის და იქნება სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი. სწორედ ამ უნარზე მიაქვს იერიში პოსტმოდერნისტული ცივილიზაციის ძირითად ნაკადებს, რათა რაიმენაირად ბოლომდე  შეარყიოს ეს საფუძველთა საფუძველი, სადაც თუნდაც კანტის „მორალურ კანონს“ აქვს ფესვი გადგმული.

ერთიც უნდა ვთქვათ: „ზნეობრივი დალტონიზმი“  შეძენილიც შეიძლება იყოს. ანუ ადამიანმა შეიძლება თანდათან  დაკარგოს უნარი და მოთხოვნილება, გაარჩიოს ადამიანურობის ნიუანსები. ყველა შემთხვევაში ეს  დაავადებაა. და ხშირად უფრო საშიში, ვიდრე სრული სიბრმავე. რადგან ძნელი ამოსაცნობია.

90-იან წლებში, როცა ფილოსოფოსმა ეს სიტყვები წარმოთქვა, ხალხი ჯერ არ იყო გაღატაკებული და ამიტომ, არსებითად, ხსენებული ფსიქიკური დაზიანებულობა წარმართავდა, ანუ ანგრევდა ცხოვრებას. მერე და მერე დღევანდლამდე ამას ცარიელი კუჭი, უმუშევრობა, ბანკის ვალები, უსახლკარობა და უფულობაც ემატებოდა  და  „ზნეობრივი დალტონიზმი“ ეპიდემიად იქცა, მით უმეტეს, რომ დასავლეთიდან შემოდინებული „ნაჩუქარი“ ფული ამ ეპიდემიის ჩაქრობას არ ემსახურებოდა, ხშირად პირიქით. და ასე მოიცვა ფერითი ნიუანსების ვერშეგრძნობის სენმა დიდები და პატარები, მედია, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი და აუტანლად გაამდიდრა დეგრადაციის  გამოვლინებათა მრავალფეროვნება.

საზოგადოებაზე  განსაკუთრებულად გამხრწნელი ზემოქმედებით გამოირჩევა ის მოვლენები, რომლებიც მხოლოდ სამართლისა და ზნეობის ნორმებს კი არ ასამარებს, არამედ დღაბნის, შლის და სპობს ადამიანურ, არქეტიპულ წარმოდგენას ამ ნორმებზე, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია. დანტეს „ჯოჯოხეთში“ დანაშაულის იდეოლოგები უფრო მძიმე სასჯელს იხდიან, ვიდრე საკუთრივ დამნაშავეები). ასეთებია:

  1. არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მიერ მართლმსაჯულების აღსრულების ნაცვლად ზავის შეკვრა და გარიგება საქართველოს ისტორიაში ყველაზე სასტიკ და პათოლოგიურ ხელისუფლებასთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ( რომელმაც ასეულობით ადამიანი აწამა, მოკლა, გააუპატიურა, დაასახიჩრა; რომელსაც მიზნად ჰქონდა, უბრალოდ, საქართველოს წაშლა მსოფლიო რუკიდან, ქართველი ხალხის ჩანაცვლება სხვა, უცხო ხალხით, რაც ნაწილობრივ შეასრულა კიდეც; რომელსაც ებრძოდა საზოგადოების უდიდესი ნაწილი, როგორც შეეძლო). ენით აღუწერლად ანტიბუნებრივი, სამარცხვინო „კოაბიტაცია“, ძირში რომ მოაშთო საზოგადოების სულიერი განახლების ყოველგვარი პერსპექტივა.
  2. „კოაბიტაციის“ შესაბამისად : სისხლის სამართლის დამნაშავეთა დატოვება თუ დაწინაურება მაღალ თანამდებობებზე (სავარაუდოდ მათგან აღებული ფულის სანაცვლოდაც).  სამართლისა და ზნეობის საფუძვლების დასამარება.
  3. მრავალი პატიმრისა და არაპატიმრის მწამებელი, დამსახიჩრებელი და მკვლელი ვაჟების მამის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის დაჯილდოება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ „წმიდა გიორგის ორდენით“ (!!!!!)
  4. და ამ ყოველივეს ლოგიკური დაგვირგვინება:

17 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისი, კერძოდ, ტოლერანტობის საბჭო „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდებას ანიჭებს  ჩვენი ეროვნული უბედურების – ნაციონალური მოძრაობის- ორ თავკაცს, რომელთა სახელის წარმოთქმაც კი მიჭირს. და  „რუსთავი 2“- ს (!!!!) სიცრუის, უსირცხვილობის, უღირსობის, სიცარიელის ამ უძირო რეზერვუარს, რომლის მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის აღწერას მთელი ინსტიტუტიც ვერ გასწვდება!

ტოლერანტობის საბჭოში გაერთიანებულნი არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები. როგორც ამბობენ, ამათგან რვამ მისცა ხმა ამ „ტოლერანტ გმირებს“,  სახელგანთქმული „ნულოვანი ტოლერანტობის ადეპტებს“.  ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ,  თავის დროზე ნაციონალურმა ხელისუფლებამ მიანიჭა მათ „საჯარო იურდიული პირის სტატუსი“?  მაშასადმე, ხელი ხელს რომ ბანს, და ორივე პირს?  და ამ გარიგების  ფონზე რაღა მნიშვნელობა აქვს, თუ ეს „ნაცმოძი“ ქართველ ხალხს წყვეტდა!  ძვირფასო რვა წევრო, უბრალოდ გეტყვით, რომ თქვენი უდიდესი  შეცდომა დაუშვით!

განსაკუთრებით შთამბეჭდავი მაინც  მაღალი ღმერთის მსახურთა პაქტია ეშმაკთან, ვერაფერს იტყვი!

აღარაფერს ვამბობ  იმავე დღეს დაჯილდოებულ  მწერალზე.  არც არავინ ელოდა, რომ იგი პროტესტის ნიშნად ჰეროიკული ჟესტით დატოვებდა იქაურობას,  აქაოდა, მწერალი  მსხვერპლთა გვერდით უნდა იდგეს და არა  მოძალადეებისო.

P.S. ლამის პირველ სამშვიდობო ორგანიზაციას და სახალხო დიპლომატიის უძველეს კერას – „კავკასიურ სახლს“  მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის:  „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება (ნაციონალური თუ რელიგიური უმცირესობებისთვის, დეპორტირებული ხალხისთვის, სოციალურად დაუცველებისა თუ უნარშეზღუდული ადამიანებისთვის „კავკასიური სახლი“ მუდამ „სახლი“ იყო და არის.

ჩვენ, მოყოლებული  1992  წლიდან უამრავ სასიკეთო საქმეს ვაკეთებდით ერთად, ყოველგვარი გრანტების გარეშე; სიყვარულით, გულწრფელად ვაკეთებდით ამას, ვიცავდით ჩვენს თანამოქალაქეებს და სისტემატიურად ვიტეხდით თავს ქსენოფობების მუქარასა და რისხვას. და ნაციონალური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებიც გვერდით გვედგნენ, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეპრესიები წამოიწყო „კავკასიური სახლის“ წინააღმდეგ მისი მოსპობის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანადგომა მათთვის საშიში იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობა მუდამ გაგრძელდება ).

მაგრამ დღეს მე იძულებული გავხდი, უკან დავაბრუნო ეს „წოდება“, რომელმაც ( ისევე როგორც „სახალხო დამცველის“ ინსტიტუტმა)  თავისი თავი თავად გაიუქმა, რაკიღა ის ადამიანთა უფლებების სასტიკ შემლახველებს  გადაეცა.

 

ნაირა გელაშვილი, 18 ნოემბერი, 2017 წელი.

კურსი „სამოქალაქო განათლებასა და მშვიდობის მშენებლობაში“ დაიწყო

14 ნოემბერს კავკასიურ სახლში დაიწყო სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლებასა და მშვიდობის მშენებლობაში“.

პირველი ლექციის თემა იყო სამოქალაქო საზოგადოების ისტორიული განვითარება, რომელზეც ფილოსოფოსმა, ზაზა ფირალიშვილმა ისაუბრა. მეორე ლექცია დაეთმო თემას „პოსტ-საბჭოთა დემოკრატიული ტრანზიციები“. ლექცია წაიკითხა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, გია ნოდიამ. კურსის მომდევნო ლექციები შეეხება კონფლიქტის ანალიზის, ნაციონალიზმის, მედიის და სხვა აქტუალურ საკითხებს. ლექცია-სემინარების გარდა, შედგება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

 

 

სალექციო კურსი სამოქალაქო განათლებასა და მშვიდობის მშენებლობაში აცხადებს მიღებას

„კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო განაცხადების მიღება სალექციო კურსში „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ მონაწილეობის მისაღებად

პროექტის შინაარსი
„კავკასიური სახლი“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “International Alert“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა“.

პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. სალექციო კურსი დაყოფილია ორ ნაწილად. ლექცია-სემინარები აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე ჩატარდება კვირაში ორჯერ ,,კავკასიურ სახლში.” სალექციო კურსის მეორე ნაწილი გულისხმობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან; ასევე თემატური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს. პროექტის შედეგად მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და უნარებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ პოლიტიკის ფორმირებისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის.

სალექციო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეთა ნაწილი გაივლის ტრენინგს კონფლიქტების ანალიზში. ტრენინგის შედეგად შერჩეული საუკეთესო კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიურ დიალოგში, რომელიც გაიმართება 2018 წელს, ევროპის რომელიმე ქვეყანაში.

სალექციო კურსი დაიწყება 14 ნოემბერს და გაგრძელდება ორი თვე.

ვიდეო რგოლი გასული წლის სალექციო კურსის შესახებ :

შერჩევის კრიტერიუმები

 ასაკი: 20-30 წელი;
 სამიზნე ჯგუფი: სტუდენტები, მკვლევრები, რომელთაც სურთ შეიძინონ/გაიღრმავონ ცოდნა სამოქალაქო განათლებისა და კონფლიქტის ანალიზის მიმართულებით;
 სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი, სადაც არგუმენტირებულად იქნება ასახული აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელ-ფოსტაზე: application@caucasianhouse.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მაია ურუშაძეს

ელ-ფოსტაზე: maia.urushadze@caucasianhouse.ge;

ან ნომერზე: + 995 577 77 21 23

ჩამოტვირთეთ განცხადების სრული ტექსტი.

 

პროექტი ‘აქტიური პანკისი’ დასრულდა

დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის “აქტიური პანკისის” ფარგლებში, პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში ჩატარებული ინტელექტუალური თამაშების ფინალური შეჯიბრები.

2 ივლისს ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ფინალი, რომელიც მიეძღვნა კავკასიისა და ვაინახური ხალხის ისტორიას. კავკასიურმა სახლმა ყველა ფინალისტს საჩუქრად გადასცა კავკასიური სახლის მიერ აღნიშნულ თემატიკაზე გამოცენული წიგნების კრებული.

“კავკასიური სახლი” მოხარულია წვლილი შეიტანოს პანკისის თემის გაძლიერებაში და მუდამ მზად არის მხარი დავუჭიროს მსგავს ინციატივებს.

წყარო: pankisi.ge

 

ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების საგარეო დახმარება საქართველოში: პრიორიტეტული სფეროები და მიზნები

კვლევა მოიცავს, ერთი მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის
ძირითად სფეროებს, მეორე მხრივ კი, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების
ორმხრივ თანამშრომლობას. საკითხის სიღრმისეული შესწავლისთვის საჭიროა კვლევის
გაგრძელება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების პროგრამების/პროექტების ხარჯეფექტიანობის
შეფასების მიმართულებით, რათა გაანალიზდეს, რამდენად ეფექტურია დონორთა
მიერ დახარჯული თანხები კონკრეტული სფეროს განვითარებისთვის.

ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

კულტურის კალენდარი 2017: განცხადებების მიღება დაიწყო

,,კავკასიური სახლის” პროექტი ,,კულტურის კალენდარი” 2004 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად 30-მდე კულტურული ღონისძიება იმართება „კავკასიური სახლის“ საგამოფენო დარბაზსა თუ ეზოში.

2015 წლიდან ”კავკასიური სახლის” პროგრამის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პროექტს ღია კონკურსის სახე მიეცა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოში დარეგისტრირებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა.

კონკურსის – „კულტურის კალენდარი“ – ფარგლებში დაფინანსდება კულტურის მცირებიუჯეტიანი  (500 ლარის ოდენობით) ინიციატივები, ერთჯერადი ღონისძიებები: გამოფენა, პერფორმანსები, კონცერტი, ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამო და სხვა.

ღია კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებების ჩასატარებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ ,,კავკასიური სახლის” ინფრასტრუქტურით (ეზო, დარბაზი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული პროექტის ჩატარება იგეგმება „კავკასიურ სახლში“, გრაფიკი უნდა შეთანხმდეს ღონისძიებების მენეჯერთან.

კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური შინაარსის ღონისძიებები და შესაბამისი ორგანიზაციები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თანდართული განაცხადის შევსება (იხილეთ დანართი).

დამატებითი საბუთები
• კონკურსში მიიღება მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების

განაცხადები.

• საპროექტო განაცხადს თან დაურთეთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 10 ივლისს.

პროექტის განაცხადი გთოხვთ გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

Culture.Calendar.CH@gmail.com

ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები

ერთი თვის წინ ”კავკასიურმა სახლის” ვიდეოსტუდიამ გამოაცხადა კონკურსი ვიდეომასალაზე, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნის მწვავე სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებს; ასახავს დაბალი კულტურისა და მოქალაქეობრივი შეგნების მქონე ადამიანთა საქციელს; მათ მიერ გარემოს დაბინძურებასა და დაზიანებას; ქუჩაში მოძრაობის წესების არაფრად ჩაგდებას; მძღოლების თავაშვებულობას; ადამიანთა მძიმე სოციალურ მდგომარეობას და სხვ.

გაცნობებთ:
უკვე გამოვლენილია ”კავკასიური სახლის” ვიდეოსტუდიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ვიდეოინფორმაციები. გთავაზობთ სიას:

დავით ბიბილეშვილის  ვიდეორგოლი
გიგა უჩანეიშვილის  ვიდეომასალა ”საქართველოს ბუნება”
თეკლა სვიმონიშვილის  ”პატარა ლევანის საწუხარი”
ლევან ირემაშვილის  ”მდინარე სურამელა”

გამარჯვებულებს ვთხოვთ მობრძანდნენ ”კავკასიურ სახლში” ჯილდოს მისაღებად. გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ მოსვლის დღე და საათი.
ყოველი თვის ბოლოს კვლავ გამოვლინდება საუკეთესო ვიდეონამუშევრები.
კონკურსი გრძელდება.
ველით ახალ ნამუშევრებს.
”კავკასიური სახლის” ვიდეოსტუდია, 2017, 31 მაისი.

ვიდეოკონკურსი

”კავკასიური სახლის” ვიდეოსტუდია აცხადებს კონკურსს ვიდეომასალაზე, რომელშიც ასახული იქნება ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები.კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც სოციალური ჩაგვრისა და უთანასწორობის აღმოფხვრას, ასევე, ჩვენი, უზომოდ დაბინძურებულ-დაზიანებული სასიცოცხლო სივრცის დაცვას.

ვიდეომასალა შეიძლება გადაღებული იყოს სამოყვარულო კამერით, მობილური ტელეფონით და ა.შ.

ვიდეორგოლები განთავსდება ”კავკასიური სახლის” იუთუბ-არხზე.
საუკეთესო მასალის ავტორები დასაჩუქრდებიან.
კონკურსი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ვიდეომასალა მისამართზე: info@caucasianhouse.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ”ვიდეოკონკურსი”, ან მოიტანეთ პროდუქცია ”კავკასიურ სახლში” ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით., 11 და 17 საათამდე.

მისამართი: გალაკტიონის ქ. N 20, 0105 თბილისი.
”კავკასიური სახლი”, ვიდეოსტუდია.