”კავკასიური სახლის” მისიაა შექმნას იდეური და ინტელექტუალური საფუძველი საქართველოს, როგორც მულტიეთნიკური ქვეყნის,და კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისა და კულტურული ინტეგრაციისათვის; გაავრცელოს ზოგადჰუმანიტარული და სამოქალაქო განათლება; წაახალისოს კულტურათა შორის დიალოგი და ამ გზით დააკავშიროს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები.

სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი

სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ ფარგლებში მორიგეები ლექციები წაიკითხეს ირაკლი მენაღარიშვილმა და ლევან გიგინეიშვილმა. ირაკლი მენაღარიშვილმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების  განსაზღვრაზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მეორე ლექცია დაეთმო თემას „რელიგია და სახელმწიფო“. ლევან გიგინეიშვილმა ისაუბრა რელიგიისა და სახელმწიფოს მიმართებაზე ანტიკურ, შუა საუკუნეებსა და თანამედროვე ეპოქაში

სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი

სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ ფარგლებში მორიგი ლექცია წაიკითხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფო პოლიტიკაზე კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, იგი შეეხო საერთაშორისო გამოცდილებას და მიმოიხილა სხვა ქვეყნებში არსებული კონფლიქტები.

ირან-საქართველოს ურთიერთობები და ახალი გამოწვევები ბირთვული შეთანხმების შემდეგ

დოკუმენტში განხილულია საქართველოსა და ირანის ურთიერთობები 1991 წლიდან დღემდე და მისი განვითარების შესაძლებლობები 2015 წლის ვენის ბირთვული შეთანხმების შემდეგ. ორ ქვეყანს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები დანახულია საქართველოში მოქმედი რეგიონული ძალების ინტერესებისა და გავლენის დაბალანსების კონტექსტში.

ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

საჯარო დისკუსია და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია

28 მარტს „კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია თემაზე: ,,ირან-საქართველოს ურთიერთობები და ახალი გამოწვევები ბირთვული შეთანხმების შემდეგ“.

დოკუმენტი დაიწერა პროექტის ,,რუსულ-ქართული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში „კავკასიური სახლის“ მკვლევარ ედიშერ ბაღათურიას მიერ. დოკუმენტში განხილულია საქართველოსა და ირანის ურთიერთობები 1991 წლიდან დღემდე და მისი განვითარების შესაძლებლობები ვენის ბირთვული შეთანხმების შემდეგ. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები დანახულია საქართველოში მოქმედი რეგიონული ძალების ინტერესებისა და გავლენის დაბალანსების კონტექსტში.

პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საქართველოში მოჰსენ ქებრიაიზადე. მან ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ბოლო დროს რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. კვლევის ავტორმა ედიშერ ბაღათურიამ კი ყურადღება გაამახვილა ირან-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე უსაფრთხოების კუთხით და ასევე, იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სარგებელზე, რაც საქართველომ ირანთან თანამშრომლობით შესაძლოა მიიღოს. შეხვედრას უძღვებოდა ისლამური განყოფილების ხელმძღვანელი ,,კავკასიურ სახლში“ გიორგი ლობჟანიძე.

პრეზენტაციის შემდეგ ირან-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით საინტერესო კომენატრები გააკეთეს ირანისტებმა გიორგი სანიკიძემ და ნიკო ნახუცრიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და არასამთავრობო სფეროს წარმომადგენლები. ასევე, ჟურნალისტები ტელე და ბეჭდვითი მედიიდან, ახალგაზრდა ირანისტები და ქართველი და უცხოელი სტუდენტები.

პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. ,,კავკასიური სახლი“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს რეგიონულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობას.

რუსეთის ქართული დიასპორა და ქართულ-რუსული ურთიერთობები

წინამდებარე კვლევის მიზანია გამოვლინდეს ის, თუ რა ხედვები და განწყობები არსებობს რუსეთის ქართულ დიასპორაში ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ, რამდენად კონსოლიდირებულია რუსეთის ქართული დიასპორა და რამდენად აქვს პოტენციალი, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებაში.

ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი

კონფერენცია – ,,ისლამი საქართველოში – სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა რეგიონებიდან’’

2016  წლის 5 აპრილს ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის ორგანიზებით გაიმართება კონფერეცია  – ,,ისლამი საქართველოში – სახელმწიფო  პოლიტიკა და ხედვა რეგიონებიდან’’

 

კონფერენციაზე განიხილება ისლამის რელიგიური და პოლიტიკური ასპექტები და

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მუსლიმურ თემთან მიმართებაში. კონფერენციის ერთი ნაწილი დაეთმობა რეგიონებიდან მუსლიმური თემის წარმომადგენლების მოხსენებებს. ასევე, მოხდება „კავკასიური სახლის“ მიერ საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის პროცესებზე ჩატარებული თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის შედეგების და ძირითადი მიგნებების გაცნობა.

 

დამატებითი ონფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ რაუფ ჭიჭინაძეს (+995 592 810 810, ელ-ფოსტა: rauphi.chichinadze@caucasianhouse.ge )

 

 

კონფერენცია იმართება „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლის“ მიერ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“

სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ ფარგლებში ,,კავკასიურ სახლში” გაიმართა ლექცია „საპარლამენტო დემოკრატიის განვითარება საქართველოში“. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიულ პროცესზე და დღეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ლექციის დროს ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მოწვეული პარლამენტების მუშაობის პროცესზე, კანონშემოქმედებით საქმიანობაზე და პარლამენტის ურთიერთობაზე ხელისუფლების სხვა შტოებთან.

 

7H9A9007     7H9A8958

7H9A8974     7H9A8978

 

 

კონფერენცია – „დიასპორის ახლებური გააზრება – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა“

23 მარტს სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“  „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – „დიასპორის ახლებური გააზრება – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა“.

კონფერენცია ჩატარდა კავკასიური სახლის პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციის მიზანი იყო ქართული დიასპორის თემის ქართულ საჯარო-პოლიტიკურ სივრცეში გააქტიურება და დიასპორული  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენცია გახსნა „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა და თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელმა სოფო ბერიშვილმა. გიორგი კანაშვილმა საზოგადოებას გააცნო აღნიშნული პროექტის შინაარსი და ხაზი გაუსვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში მეტი ყურადღება დაეთმოს საზღვარგარეთ მცხოვრებ მრავალათასიან ქართულ დიასპორას. სოფო ბერიშვილმა ისაუბრა დიდი ბრიტანეთის „კონფლიქტების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის“ საქართველოში საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.

კონფერენციის პირველი სესია მიეძღვნა სომხეთის, ისრაელისა და უკრაინის საექსპერტო და აკადემიური წრის წარმომადგენლების მიერ კონკრეტული ქვეყნების დიასპორული გამოცდილებების განხილვას, სადაც ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, დიასპორული ქსელის განვითარების თავისებურებები ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე, რამდენად შესაძლებელია რომ დიასპორებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ ისტორიული სამშობლოს სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში და როგორ ახერხებენ ძლიერი დიასპორების მქონე სახელმწიფოები ამ რესურსების ეფექტურ გამოყენებას. აქვე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ, ისაუბრა თანამედროვე პერიოდში ქართული დიასპორის მიმართ სახელმწიფო მიდგომების შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა თანდათანობით იკრებს ძალას და ქართული დიასპორების მხრიდანაც დაინტერესება სულ უფრო მატულობს.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო უშუალოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი –  რუსეთის ქართული დიასპორის თემას. მომხსენებლების რანგში წარდგენილნი იყვნენ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში საკითხებში ზურაბ აბაშიძე და სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერიას“ წარმომადგენელი ბორის ბერულავა. ზურაბ აბაშიძემ რუსეთთან ურთიერთობების რეგულირების პროცესში დიასპორის შესაძლო როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორაში ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავად ადგილობრივ დონეზე მოხდეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება. ბორის ბერულავამ ქართულ საზოგადოებას გააცნო სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერიას“ დაფუძნების ისტორია, საქმიანობა და აღნიშნა, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის ქართული მხარის დიასპორის საკითხებში ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

2    1     5

კონფერენციაზე „კავკასიური სახლის“ მკვლევარმა მარიამ გაჩეჩილაძემ წარადგინა „კავკასიური სახლის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა განხორციელდა პროექტის ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის ფარგლებში და მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ რამდენად ძლიერადაა წარმოდგენილი რუსეთის ქართულ საზოგადოებაში  დიასპორული ორგანიზაციები, რამდენად ახერხებენ ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობას და რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რუსეთის ქართულ დიასპორას გააჩნია გარკვეული გავლენა საქართველოზე, რაც ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით (ფულადი გზავნილები) ვლინდება, თუმცა ინსტიტუციური თავლსაზრისით დიასპორაში ორგანიზაციების განვითარება ჯერ ისევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და საქართველოს მხრიდან საჭიროებს შესაბამის მხარდაჭერას.

დაიწყო სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლებასა და კონფლიქტების ანალიზში“.

2 მარტს გაიხსნა სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლებასა და კონფლიქტების ანალიზში“. სალექციო კურსის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. იგი მოიცავს როგორც ლექცია-სემინარებს აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე, ასევე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.

პირველი ლექცია გაიმართა კავკასიურ სახლში. ლექციის თემა იყო „სამოქალაქო საზოგადოების როლი ტრანზიციული დემოკრატიის ქვეყნებში“. ლექცია წაიკითხა ქეთევან ვაშაკიძემ, ევროპის ფონდის პრეზიდენტმა. ქეთევან ვაშაკიძემ ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების კონცეფციაზე და ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სექტორის განვითარებასა და მნიშვნელობაზე საქართველოში.

 

რუსი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და ფორუმი „ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“

25-28 თებერვალს „კავკასიურმა სახლმა“, პროექტ „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რუსული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტის პირველი ორი დღის განმავლობაში მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. მათ შორის, აღსანიშნავია, შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ენერგეტიკის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
DSC02858          DSC_0100
27-28 თებერვალს კი დაბა ბაკურიანში გაიმართა ქართველი და რუსი ანალიტიკოსების ორდღიანი ფორუმი სახელწოდებით „ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“. შეხვედრებზე განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: რეგიონალური უსაფრთხოება, ისლამის რადიკალიზაციის პროცესი კავკასიაში და რუსეთ-თურქეთის გართულებული ურთიერთობების ფონზე სამხრეთ კავკასიისთვის არსებული რისკები. ასევე, დისკუსიები შეეხო რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მიმდინარე და შესაძლო ენერგეტიკულ პროექტებს.
DSC_0105          DSC_0049

შეხვედრების მსვლელობისას ორივე ქვეყნის მონაწილეები შეეცადნენ რუსეთსა და საქართველოს ბოლო 25 წლის პერიოდის ორმხრივ ურთიერთობებში წყალგამყოფების გამოკვეთას და მათ შესაბამის ანალიზს. ისტორიული მოვლენების ერთობლივმა განხილვამ და შეფასებებმა ხელი შეუწყო მონაწილეებს დაენახათ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენები ერთმანეთის კუთხიდან, რაც პოზიტიურად აისახა შემდგომი კონკრეტული საკითხების განხილვისას. აღსანიშნავია, რომ ფორუმის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა წარიმართა დინამიურად და ინტერაქციულად.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.