კონფლიქტები საქართველოში: მიმდინარე ეტაპის თავისებურებები და ამოცანები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ინიციატივით შეკრებილ ექსპერტთა ჯგუფის ნამუშევარს, რომელიც აანალიზებს საერთაშორისო და ადგილობრივ კონტექსტს საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში კონკრეტული, ახალი, ქმედითი ინსტრუმენტების შემუშავების მიზნით.

საქართველოს პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ 2008-2012 წლებში და მას შემდეგ: შედარებითი ანალიზი

წინამდებარე ნაშრომი აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის მიმოხილვა: 2008-2012 წლების სტრატეგიისა და 2012 წლის შემდგომი პოლიტიკის შედარებითი ანალიზი

უკრაინის კრიზისის კონტექსტუალიზაცია ქართულ პოლიტიკაში

დოკუმენტის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტორები, რომელთაც ხელი შეუწყვეს უკრაინის კრიზისის „გადმოღვრას“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. დოკუმენტის მეორე ნაწილი ეთმობა საქართველოსთვის იმ ობიექტურ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. დასკვნით ნაწილში განხილულია ის  მიმართულებები, სადაც შესაძლებელია საქართველომ და უკრაინამ ითანამშრომლონ, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში

კონკურსი მცირებიუჯეტიანი პროექტების წასახალისებლად – მესამე რაუნდი

,,კავკასიური სახლის” პროექტი ,,კულტურის კალენდარი” 2004 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში ყოველწლიურად 30-მდე კულტურული ღონისძიება იმართება „კავკასიური სახლის“ საგამოფენო დარბაზსა თუ ეზოში.

2015 წლიდან ”კავკასიური სახლის” პროგრამის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პროექტს ღია კონკურსის სახე მიეცა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოში დარეგისტრირებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა.

კონკურსის – „კულტურის კალენდარი“ – ფარგლებში დაფინანსდება კულტურის მცირებიუჯეტიანი  (500 ლარის ოდენობით) ინიციატივები, ერთჯერადი ღონისძიებები: გამოფენა, პერფორმანსები, კონცერტი, ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამო და სხვა.

 

კონკურსის ვადები

,,კავკასიური სახლის” კულტურული პროგრამის ღია კონკურსის მესამე ეტაპი მოიცავს პერიოდს 2015 წლის 25 სექტემბრიდან 2015 წლის 25 დეკემბრამდე. შესაბამისად, მცირე კულტურული პროექტებისა და ინიციატივების მოქმედების პერიოდი არ უნდა სცილდებოდეს მოცემულ თარიღებს. კონკურსში ამ ეტაპზე დაფინანსდება  8 პროექტი.

 

დამატებითი ინფორმაცია

ღია კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებების ჩასატარებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ ,,კავკასიური სახლის” ინფრასტრუქტურით (ეზო, დარბაზი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული პროექტის ჩატარება იგეგმება „კავკასიურ სახლში“, გრაფიკი უნდა შეთანხმდეს ღონისძიებების მენეჯერთან.

კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური შინაარსის ღონისძიებები და შესაბამისი ორგანიზაციები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თანდართული განაცხადის შევსება (იხილეთ დანართი).

დამატებითი საბუთები

• კონკურსში მიიღება მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების

განაცხადები.

• საპროექტო განაცხადს თან დაურთეთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი

 

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 20 ოქტომბერს

პროექტის განაცხადი გთოხვთ გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

Culture.Calendar.CH@gmail.com

რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ვიზიტი საქართველოში

„კავკასიური სახლი“  რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს  გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში თბილისში დაგეგმილ ვიზიტში.

ვიზიტის მიზანი

„კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, 25-30 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, გაიმართება რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ვიზიტი. შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სოციალურად აქტიურ ჯგუფებსა და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დამყარებასა და გაძლიერებას. გარდა ამისა, მონაწილეები იმსჯელებენ თუ რა როლი მიუძღვის რუსეთში მცხოვრებ მრავალათასიან დიასპორას ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებაში.

შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს ქართული დიასპორის 10 წარმომადგენელი რუსეთიდან. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ საქართველოს მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. რუსეთში მცხოვრები ქართული თემის წევრები შეძლებენ პირველწყაროდან  მიიღონ მეტ-ნაკლებად სრული და ობიექტური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე კულტურული, სოციალური და პოლიტიკური პროცესების შესახებ. ვიზიტი ხელს შეუწყობს პირდაპირი კონტაქტების დამყარებას, გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და გამოავლენს თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.

მონაწილეთა ვიზიტის ხარჯებს (გზა, კვება, სასტუმრო) ფარავს ,,კავკასიური სახლი“.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ასაკი 22-45 წელი;
  • პროფესიული გამოცდილება: საქმიანობა სოციალურ, კულტურულ ან საგანმანათლებლო სფეროში; აკადემიური საქმიანობა პოლიტიკურ, სოციალურ ან ეკონომიკურ სფეროებში.
  • სოციალურად აქტიური პირები

განცხადებების მიღების პროცედურა:

  • პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: applicationsch@gmail.com

ა) CV

ბ) ფოტო (3Х4);

გ) სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება პროფესიული გამოცდილების სფერო. ასევე, მიუთითეთ, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც ისურვებდით სტუმრობას

* CV  და სამოტივაციო წერილი შეიძლება დაიწეროს რუსულ ან ქართულ ენებზე.

განცხადებების მიღება 25 სექტემბერამდე;

შერჩეული მონაწილეები გამოვლინდებიან არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა.

დამატებითი ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ოფიცერს მაია ურუშაძეს

კონტაქტები: maia.urushadze@caucasianhouse.ge; +995 577 77 21 23

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

აპლიკაცია რუსულ ენაზე, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.

ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები და თარგმანები

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს  “ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები და თარგმანები“.

პროექტის მიზანი გახლავთ  ქართველ და აზერბაიჯანელ მწერალთა და პოეტთა შემოქმედებისა და თარგმანების გაცნობის მეშვეობით საქართველოს ახალგაზრდობის ინფორმირება და ქართულ-აზერბაიჯანული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობების განმტკიცება-გაღრმავების ხელშეწყობა.

 

პროექტის ფარგლებში 2015 წლის 18 სექტემბერს 17.00 სთ-ზე კავკასიური სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სემინარი “ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობები და თარგმანები“.

 

სემინარს წარუძღვება მთარგმნელი და ლიტერატორი ოქტაი ქაზუმოვი. გამოიფინება ქართულ-აზერბაიჯანული თარგმანები.

შემოქმედებით კონკურსს „დედოფლისწყარო: ჩემი სამშობლო-ჩემი კუთხე“

ა(ა)იპ დედოფლისწყაროს სათემო ორგანიზაცია „ხორნაბუჯი“ ა(ა)იპ „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი კავკასიური სახლის“ დაფინანსებით დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად აცხადებს შემოქმედებით კონკურსს „დედოფლისწყარო: ჩემი სამშობლო-ჩემი კუთხე“ მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის. (მოსწავლეთა ასაკი შეუზღუდავია).
კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა ასახავდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მრავალეროვანი მოსახლეობის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა თვითმყოფადობას, მათ ისტორიას, ცხოვრებას, ეროვნულ თავისებურებებს და ტრადიციებს, ურთიერთობას სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.
კონკურსზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი სახის და ჟანრის (მათ შორის, ლიტერატურული ან მუსიკალური ნაწარმოები, ნახატი, ხელნაკეთი ნივთი, აპლიკაცია, ნაქარგი, ნაქსოვი და სხვა.) ნამუშევარი. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ მოიძიონ ამბები, ფაქტები, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა, ნაციონალური ტანსაცმლის და საოჯახო ნივთების ნიმუშები, საინტერესო თქმულებები, ლეგენდები, ზღაპრები თავიანთი ხალხის ისტორიიდან, გააკეთონ საინტერესო მთხრობელების (ასაკოვანი ადამიანების) ვიდეო ან აუდიოჩანაწერები, საინტერესო ადამიანების ცხოვრების და წარმატების ამსახველი მასალები, ტრადიციული საკვების რეცეპტები და საკვების მომზადების პროცესის ამსახველი ფოტოები. გააკეთონ შესაბამისი დოკუმენტური ჩანაწერები (მათ შორის, ვიდეო და აუდიო), შეაგროვონ და წარმოადგინონ ძველი და ახალი საოჯახო და სხვა ფოტოსურათები თანდართული ისტორიებით.

წარმოდგენილი მასალა გამოიფინება დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და განთავსდება ვებ-გვერდზე: ngokhornabuji.wordpress.com
youtube.com

 

გამოფენის დასრულების შემდეგ მასალები პატრონებს დაუბრუნდება.

ნამუშევრები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულად ან სხვა ენაზე სათანადო ქართული განმარტებებით.

შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება 17 სექტემბერს, 15:00 საათზე.

მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, 9 ძმის ქ. N10, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

საკონტაქტო პირები:

599572 842 – მანანა ყატაშვილი

595 090 774 – ლალი გურასპაული

577 202 104  -მიხო ბეროშვილი, კავკასიური სახლი

“კულტურის კალენდრის” მეორე კონკურსში გამარჯვებული პროექტები

კულტურულულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“ საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოებისა და არასამთვრობო სექტორისთვის ცნობილია, რომ ორგანიზაცია 2015 წლიდან თავის ერთერთ მნიშვნელოვან პროექტს „კულტურის კალენდარი“ ახორციელებს ახალი ფორმატით. ამ პროექტის ფარგლებში „კავკასიურმა სახლმა წელს უკვე მეორედ გამოაცხადა ღია კონკურსი მცირე გრანტების მოსაპოვებლად და კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად. აქვე იყო მითითებული, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტულად მიიჩნეოდა პროექტები, რომლებიც მიმართული იქნებოდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ყოფის, მათი პრობლემების წარმოსაჩენად  და გადასაჭრელად.
წარმოდგენილი განაცხადებიდან  შერჩეული იქნა 7 პროექტი, რომელთა განხორციელებაც პროექტის მენეჯმენტმა მნიშვნელოვნად მიიჩნია.
„კავკასიური სახლი“ მადლობას უხდის ყველას კონკურსისადმი  გამოჩენილი ინტერესისთვის, ულოცავს გამარჯვებულებს და მზადყოფნას გამოთქვამს მომავალშიც ითანამშრომლოს იმ ორგანიზაციებთან, რომელთაც ამჯერად ვერ მიიღეს დაფინანსება.

გთავაზობთ კონკურსში  გამარჯვებული ორგანიზაციების ჩამონათვალს და მოკლე ანოტაციებს იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც მათ აქვთ განზრახული.

1. დედოფლისწყაროს სათემო ორგანიზაცია „ხორნაბუჯი“ არსებობს 2004 წლიდან.

ორგანიზაციის მისიაა დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ჩართულობა და აქტიური  მონაწილეობა.

ღონისძიების იდეაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მრავალეროვანი მოსახლეობის სხვადასხვა ეროვნების ბავშვების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა შორის საქართველოს სახელმწიფო ენის შესწავლის მოტივაციის ამაღლება, მათთვის საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა, ეთნოსთა შორის რელიგიური და ეთნიკური შემწყნარებლობის დანერგვა და გაღრმავება.

 

2.„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (Association for Civil Society Development of Georgia, ACSDG) არის არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2004 წელს ქვემო ქართლის რეგიონის ქ. თეთრიწყაროში.

ორგანიზაციის მიზნებია: რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა; რეგიონის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ადამიანის უფლებების დაცვა. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი თემატური პრიორიტეტული მიმართულებებია: სოციალური, გარემოსდაცვითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო-ანალიტიკური, კულტურული.

ღონისძიების იდეა. უკანა ფშავში არაერთი პრობლემაა, ყველაზე მთავარი მაინც მიგრაციაა. ხეობის სოფლების უმეტესობა უკვე ნასახლარებად არის ქცეული. პროექტის ფარგლებში ბავშვები უკანა ფშავიდან ეწვევიან თბილისს, ისინი დაათვალიერებენ ქალაქის ღირშესანიშნაობებს. ექსკურსიის შემდეგ გაიმართება ფოტოგამოფენა.

პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები მოზარდებისთვის  დედაქალაქის გაცნობა და კულტურული ტურის შეთავაზება,  თბილისელი და შუაფხოელი მოზარდების დაახლოება.

3. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გონი-ერი“ დაარსდა 2015 წლის 12 ივნისს, ქ. რუსთავში, უკვე არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გო-ნების“ რეორგანიზაციის შედეგად. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა კოალიციის სახით „კავშირი „მწვანე კავკასია“-სთან ერთად, რომელიც 1999 წლიდან არსებობს.

პროექტი „კულტურათაშორისი მეგობრობა“ მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონის, კერძოდ კი, ქალაქ რუსთავის მაშსტაბით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა, სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების ადამიანთა ერთმანეთთან დაახლოებას, დამეგობრებასა და ერთმანეთის კულტურის გაცნობას. ამჯერად იგეგმება ინტერაქტიური შეხვედრების გამართვა აზერბაიჯანული სათვისტომოს წარმომადგენლებთან.  

4. ააიპ „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ საქართველოს იუსტიციის მიერ

დარეგისტრირდა 2004 წლის 20 დეკემბერს #1184

ორგანიზაციის მისიაა:  საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, რაც ხელს შეუწყობს თემისა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში;

პროექტის მიზანი გახლავთ  ქართველ და აზერბაიჯანელ მწერალთა და პოეტთა შემოქმედებისა და თარგმანების გაცნობის მეშვეობით საქართველოს ახალგაზრდობის ინფორმირება და ქართულ-აზერბაიჯანული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობების განმტკიცება-გაღრმავების ხელშეწყობა.

5. საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგი“ დარეგისტრირებულია 1991 წლის აგვისტოდან. ასოციაციის ძირითადი მიზნებია საქართველოში მცხოვრები გერმანელების კულტურული მემკვიდრეობის, ენის შენარჩუნება და განვითარება. წლების განმავლობაში ასოციაცია „ეინუნგი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში არსებულ შემოქმედებით კავშირებთან, აწყობს გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს, აღნიშნავს გამოჩენილ გერმანელთა საიუბილეო თარიღებს და ა. შ.

ცნობილია, რომ საქართველოში მე- 19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასწყისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა  მრავალი გერმანული წარმოშობის მხატვარი და კულტურის მოღვაწე. მათ შორის აღსანიშნავია ელენე და პაულ ფრანკენები, რიხარდ ზომერი ( ლ. გუდიაშვილის მასწავლებელი), ოსკარ  შმერლინგი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაქს ტილკეს მიერ შექმნილი კავკასიელ ეთნოსთა კოსტუმები.

6. „საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაცია,“ იურიდიული პირი გახდა 2015 წლის 15 იანვარს, მანამდე არსებობდა სტუდენტური კლუბის სტატუსით, „ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება“ (დაფუძნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წლის 7 ნოემბერს), საქმიანობის 2,5 წლის მანძილზე ორგანიზაციამ გაახორციელა მრავალი კვლევითი, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები, მათ შორის ორგანიზაციას აქვს ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილება.

პროექტის მიზანია საზოგადოებას გააცნოს და წარმოაჩინოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურა და ღირებულებები, ასევე  ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათ დაახლოებას და ინტეგრაციას, ეთნიკური უმცირესობებისა და ქართველების ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, დაახლოებასა და სოციალიზაციას.

7. საქართველოს ქურთთა ახალგაზრდობის კავშირი

დარეგისტრირდა 2010 წელს. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ქურთთა კონსოლიდაცია; საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ქურთების უფლებების დაცვა და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა; საქართველოში დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების შექმნისა და სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა და სხ.

ღონისძიების იდეაა საქართველოში მოღვაწე ქურთი მხატვრების (ანტონ მირზოევი, ბასე ჯაფაროვი, ანდო ჩილდარგუში, ლამარა მირანგი) ნამუშევრების გამოფენის მოწყობა (თემატიკა „ძველი თბილისი“). ასევე გამოფენაზე  პირველად გაჟღერდება  ქურთულ ენაზე  ცნობილი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის სიმღერა „თბილისო“ საქართველოს ქურთთა ახალგაზრდობის კავშირის წევრის როზა ტელიოანის შესრულებით.

ღონისძიების ძირითადი მიზანია გავაცნოთ ქართულ საზოგადოებას ქურთული კულტურა, ყოფა და ტრადიციები ბოლო წლების ფონზე იკლო ქურთი ახალგაზრდების ჩართულობამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აქედან გამომდინარე კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება, მათი ჩართულობის ამაღლება.

ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში

26-31 ივლისს პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში მოეწყობა ახალგაზრდა ქართველი პოლიტოლოგების, ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში. ვიზიტი რუსეთში გორჩაკოვის ფონდთან თანამშრომლობით იმართება და შეხვედრები შედგება რუსეთის ხელისუფლების, კვლევითი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პარალელურად მოეწყობა დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ასევე, ჯგუფს შესაძლებლობა ექნება ეწვიოს ჩეჩნეთის რესპუბლიკას, სადაც გაეცნობა ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს.
აღნიშნულ პროექტს ,,კავკასიური სახლი“ ახორციელებს 2011 წლიდან, დიდი ბრიტანეთის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში შეხვედრები იმართება  როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში. ვფიქრობთ, ამ პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებულად იზრდება ქართულ-რუსულ ურთიერთობებში დღეს არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, რადგან იგი ქართველ ექსპერტებსა და მკვლევრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას უშუალოდ დააკვირდნენ და შეისწავლონ  რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, მიიღონ ინფორმაცია, რომელიც მეტნაკლებად დაცლილია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური სტერეოტიპებისგან და გაიაზრონ თანამედროვე პოლიტიკური პროცესები რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე.