მაია ურუშაძე კავკასიურ სახლში“ მუშაობს 2014 წლიდან, არის ილიას უნივერსიტეტის მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში. ამჟამად ხელმძღვანელობს პრეოქტს "კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი", ასევე ჩართულია კავკასიური სახლის კვლევებსა და პრეოქტში "რუსულ-ქართული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის".

ტერაქტები პარიზში, ტრიკოლორი და ჩვენი სოციალური ქსელები

13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტრაგედიამ ყველა ერთნაირად შეგვზარა და გაგვაერთიანა. თუმცა ეს იყო მხოლოდ ერთი დღით (როგორც ხშირად ხდება ხოლმე ჩვენ საზოგადოებაში). მეორე დღეს კი წამოვიდა ,,ალტერნატიული პოსტები”, რომლებიც მიგვითითებდნენ იმაზე, თუ რა ხდება აფრიკისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში. რის გამოც თითქოს უნდა შერცხვეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პარიზის ტრაგედიისადმი გამოხატავს თავის თანადგომას?! ამ ადამიანებთან იმაზე კამათს არის თუ არა ყველა ადამიანის სიცოცხლე ერთნაირად ფასეული, ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს მათთან: თქვენ რატომ გახსენდებათ ასეთი შემთხვევები მხოლოდ მაშინ, როცა დასავლეთის რომელიმე ქვეყნის ტრაგედიის საპირწონედ გჭირდებათ ასეთი ფაქტები?

სოციალურ ქსელებში ხშირია ქილიკი იმაზე, რომ მეგობრების უმრავლესობამ საფრანგეთის დროშები დააყენა მთავარ ფოტოებად. კი, შესაძლებელია, ისინი ამით რეალობას ვერ შეცვლიან, დაზარალებულების მდგომარეობას ვერაფრით გააუმჯობესებენ, თუმცა ესაა ამ ადამიანების თანაგრძნობის ფორმა და პატივი უნდა ვცეთ გამოხატვის ამ ფორმას. გავიხსენოთ მაგალითად, ქართველი კადეტების ტრაგიკული დაღუპვის გამო რამდენმა ამერიკელმა გამოხატა იგივე ფორმით თავისი წუხილი და თანაგრძნობა. რაკი გვახსოვს და ვაქცევთ ყურადღებას ასეთ ,,წვრილმანებს“, ესეიგი არც ისე უმნიშვნელოა ასეთი ფორმით გამოხატული მხარდაჭერა, დამეთანხმებით, არა?

ამ ტრაგედიის ფონზე,  დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა დასავლური და მათ შორის ჩვენი საზოგადოების წინაშე გამოიხატება იმაში, რომ არ მოხდეს მუსლიმური საზოგადოების დემონიზება. საქართველოში მუსლიმური თემი მოსახლეობის 10 % შეადგენს (სხვადასხვა წყაროს მიხედვით მათი რაოდენობა 500 ათასიდან 700 ათასამდე მერყეობს), ამიტომაც ყველაზე ცუდი რაც შეიძლება დაგვემართოს არის საქართველოში ყველაზე დიდი რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ ტალღის აგორებაა. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ რამდენიმე გაუწონასწორებელი ადამიანის ფაშისტური კომენტარი მალე ყველას დაგვავიწყდება და ამ საკითხს აღარ დავუბრუნდებით.

დასკვნის მაგივრად კი შემდეგის თქმა მინდა: რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, ჩვენმა მასმედიამ ტრაგედიებს და სიკვდილს კარგად შეგვაჩვია და რთულია 21–ე საუკუნის მაყურებდლის ასე მარტივად შოკირება. ამ შემთხვევაში, ჩადენილი სისასტიკის და სხვერპლის რაოდენობის გარდა, მნიშვნელოვანია ის თუ რა პოლიტიკური გზავნილის მატარებელია ყველა ის ტერაქტი, რაც მოხდა ამ ბოლო დროს დასავლეთში! ის დაუცველობის და შიშის გრძნობა, რომელსაც ეს ტერაქტები თესავენ! ის ფაქტი, რომ რაც არ უნდა განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყნაში ცხოვრობდეს ადამიანი, მას ვერ ექნება დაცულობის გრძნობა, თავად სახელმწიფოს შექმნის ერთ–ერთ ძირითად საფუძველს (ინდივიდების უსაფრთოხებაზე პასუხისმდებლობას) უქმნის საფრთხეს. ვფიქრობ, სწორედ ესაა პარიზზე ტერორისტულ თავდასხმებში ყველაზე შემზარავი, რასაც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად გრძნობს თითოეული ჩვენგანი და ამიტომაა სოლიდარობა ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი!

მაია ურუშაძე

მკვლევარი/პროექტის კოორდინატორი

“კავკასიური სახლი”