ტრენინგი კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი და არაძალადობრივი მეთოდებით მოგვარებაში

პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი, პოლონელი, რუსი, სომეხი, ქართველი და ჩეხი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კონფლიქტების დინამიკისა და მათი მშვიდობიანი გადაწყვეტის პრაქტიკული მექანიზმების შესახებ. ტრენინგი ჩატარდება 4-დან 10 აგვისტომდე ქალაქ თიანეთის მახლობლად.

 

პროექტი დაფინანსებულია ევროპული კომისიის მიერ. პუბლიკაციის შინაარსი არის ავტორის სრული პასუხისმგებლობა და ევროკომისია პასუხს არ აგებს ამ ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოყენებაზე.

 

პროექტი თანადაფინანსებულია ოკნო-პიასტ ვოლუვის მხარდაჭრით.

ქართულ-რუსული დიალოგი, ახალგაზრდა ეკონომისტების ვიზიტი

„კავკასიური სახლის“ პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრობლობისათვის“ ფარგლებში 22-27 ივლისს გაიმართა ქართველი და რუსი ახალგაზრდა ეკონომისტების შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შემდეგ სახელმწიფო უწყებებთან: ეკონომიკის სამინისტრო,  ენერგეტიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო (შემოსვლების სამსახურის თბილისი გაფორმების ზონა), ტურიზმის დეპარტამენტი და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან.

 

ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავდა შეხვედრებს უნივერსიტეტებში და ეკონომიკის ექსპერტებთან. შეხვედრაში საქართველოდან და რუსეთიდან მონაწილეობა მიიღეს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: რუსეთის უმაღლესი ეკონომიკური სკოლა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, პეტერბურგის უნივერსიტეტი, ჟურნალი „ექსპერტი“ (ურალის რედაქცია), გაზეთი „ვედომოსტი“, თსუ-სთან არსებული საერთაშორისო ეკონომიკის სკოლა (ISET), ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტელეკომპანია მაესტრო (ტელეგადაცემა „ბიზნესკონტაქტი“). ვიზიტის ბოლოს,  ქართველი და რუსი მონაწილეები შეთანხმდნენ საერთო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე, რომლებიც მოგვიანებით გამოიცემა.
კავკასიური სახლი უკვე მესამე წელია ახორციელებს აღნიშნულ პროექტს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-რუსული კონფლიქტის ტრანსფორმაციას სამოქალაქო დიალოგის საშუალებით. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი ვიზიტის განხორციელება.

დაეხმარე ნიკა გაბუნიას „კავკასიურ სახლთან“ ერთად

გვინდა დავეხმაროთ კახეთის რეგიონის, სოფელ ვაზისუბნის მკვიდრ, 17 წლის – ნიკა გაბუნიას, რომელსაც ამ რამოდენიმე წლის წინ ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. მკურნალობის შედეგად მოხერხდა ავადმყოფობის რემისია. 

მიუხედავად ნიკას რთული ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მას მაინც უწევს მძიმე ფიზიკური შრომა, რადგან მისი ოჯახის წევრი მამაკაცები (მამა და პაპა) შეზღუდული უნარის მქონენი არიან. მძიმე შრომის შედეგად მიღებული მოსავალი არის ოჯახის ერთადერთი სარჩო.

ნიკას ოცნებაა შეიძინოს ე.წ. “ჩინური” ტრაქტორი (გამოიყენება მიწის მოსახნავად, საფარცხად, ტვირთის გადასაზიდად, ა.შ.), რომელიც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებდა ნიკას და მის ოჯახს ისედაც რთულ ყოფას.

ტრაქტორის საბაზრო საფასური დაახლოებით 5 ათას დოლარს შეადგენს (აქედან 1000 დოლარი შემოსავლის გადასახადია). “კავკასიური სახლი” საკუთარი რესურსებიდან გამოყოფს პირველ 500 ლარს. იმედი გვაქვს, რომ დანარჩენი თანხის აგროვება მოხერხდება კეთილი ადამიანების შემწეობით. ტექნიკის შეძენა/გადაცემასთან დაკავშირებული ფოტო და ფინანსური დოკუმენტაცია აიტვირთება „კავკასიური სახლი“ ვებ-გვერდზე.

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები : ა(ა)იპ „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი -კავკასიური სახლი“
ბანკი : სს „ საქართველოს ბანკი“
ანგარიშის ნომერი : GE67BG0000000830985800

ერთად ავუსრულოთ ნიკას ოცნება!

კავკასიური სახლის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

მიმდინარე წლის 24 მარტს „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობა და კონფლიქტები უკრაინის მოვლენების ფონზე“. კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს ექსპერტებმა პარტნიორი ქვეყნებიდან (უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა), რუსმა ექსპერტმა სერგეი მარკედონოვმა, ბრიტანელმა ექპერტმა ჩეთემ ჰაუზის პროგრამის დირექტორმა, ჯეიმს ნიქსიმ, რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორმა ივლიანე ხაინდრავამ და სხვა.

ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამასა და მისი წევრიქვეყნების ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ჟურნალისტები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

კონფერენცია გაიმართა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.