კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი აცხადებს მიღებას „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ ქართულენოვან ჯგუფში.

კავკასია გეოგრაფიული მდებარეობის, ეთნიკურ–ენობრივი მრავალფეროვნების, პოლიტიკური კონფლიქტებისა და სხვადასხვა გარეფაქტორების, გეოპოლიტიკური ინტერესების გამო თანამედროვე  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია.  საქართველო რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება, როგორც სამხრეთ ნაწილის ორივე რესპუბლიკას, ასევე ჩრდილოეთ ნაწილის თითქმის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველო, მეტნაკლები წარმატებით ახერხებდა, რეგიონის მასშტაბით უნიკალური მდებარეობის გამოყენებას.

”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”  დიდი ხანია მუშაობს კავკასიელი ხალხების ინტეგრაციისა და კავკასიის რეგიონული  განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა უნდა გულისხმობდეს ჰუმანიტარულ, კულტურულ-საგანმანათლებლო ასპექტებს.

სწორედ არსებული პოლიტიკისა და ორგანიზაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, ”კავკასიური სახლი”, 2008 წლიდან ”ევროპული ფონდი ”Horizon” – ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს  ”კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი”.

პროექტის მიზანია:

მისცეს საფუძვლიანი ცოდნა როგორც  ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს კავკასიაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენათა შესახებ; ასევე კავკასიელი ხალხების  ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების შესახებ.

პროექტის ფარგლებში ლექცია – სემინარები ჩატარდება თვეში სამჯერ.

გარდა წინასწარ დაგეგმილი ლექციებისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ე. წ. „საუბრები აქტუალურზე“, სადაც მსმენელები თვითონ იქნებიან მომხსენებლები და მოდერატორები.

დაინტერესების შემთხვევაში მათ აგრეთვე მიეცემათ საშუალება კავკასიური სახლის ვიდეოსტუდიის ტექნიკის გამოყენებით  გადაიღონ დუკუმენტური ფილმები კავკასიურ თემატიკაზე.

პროექტის მსმენელებს სურვილის შემთხვევაში მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ კავკასიურ სახლში გამართულ სხვა კულტურულ ღონისძიებებს – მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, პერფომანსებს და ა. შ.

სასწავლო წლის ბოლოს პროექტის მსმენელთა მონაწილეობით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ახალგაზრდები წაიკითხავენ მოხსენებებს მათთვის საურველ თემებზე.

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები 

  • ასაკი: 18-35 წელი
  • განათლება: საშუალო, უმაღლესი
  • ენები:  აუცილებელია ქართული ენის ცოდნა
  • ინტერესი კავკასიური თემატიკისადმი და მიღებული ცოდნის საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების სურვილი

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

  • შეავსოთ აპლიკაცია და გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tujuxu@gmail.com ან beroshvili@hotmail.com
  • CV
  • ფოტო (3×4)

სახალხო უნივერსიტეტში მიღება მოხდება ანკეტისა და გასაუბრების საფუძველზე.

სწავლა უფასოა.

სწავლის ხანგრძლივობა – 1 წელი

ლექციები ჩატარდება  კავკასიურ სახლში. მისამართზე: თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქ.20

განცხადებები მიიღება 8 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს თამარ უჯუხუს.

ელფოსტა: tujuxu@gmail.com; ან beroshvili@hotmail.com,

მობ: 577 20 21 03/04

ჩვენი პროექტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, თელავში შეუძლიათ შეავსონ შესაბამისი განაცხადი და გამოაგზავნონ მითითებულ იმეილზე. გთხოვთ, მიუთითოთ რეგიონი.

საჯარო დისკუსია – ერთი კონფლიქტის მრავალი განზომილება: უკრაინის ვიზიტის შთაბეჭდილებები

2015 წლის 8 მაისს ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ და ,,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:

,,ერთი კონფლიქტის მრავალი განზომილება: უკრაინის ვიზიტის შთაბეჭდილებები“
დისკუსია მიეძღვნება 2015 წლის 14–22 აპრილს, ,,კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გამართულ, ქართველი ექსპერტების ვიზიტს უკრაინაში. შეხვედრები გაიმართა სამ ქალაქში: კიევში, ხარკოვსა და ლვოვში. ,,კავკასიური სახლის“ წარმომადგენლებმა გიორგი კანაშვილმა და მაია ურუშაძემ, ,,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსიტუტის” ანალიტიკოსმა -ელიკო ბენდელიანმა და ,,რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა – გოგა აფციაურმა გამართეს შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების, ანალიტიკური ცენტრების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, აქტივისტებთან და ჟურნალისთებთან. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს გამოცდილების გაზიარება უკრაინელი კოლეგებისთვის და ამავროულად არსებული სიტუაციის ადგილეზე გაცნობა.
ვიზიტი დაიგეგმა ,,კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტის ,,უკრაინა – კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭრით.
საჯარო დისკუსიის ფარგლებში პროექტის მონაწილეები აუდიტორიას გააცნობენ საკუთარ შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს ხსენებულ ვიზიტთან დაკავშირებით.

მოდერატორი:

მაია ურუშაძე – კავკასიური სახლი
მომხსენებლები:

ელიკო ბენდელიანი – ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
გოგა აფციაური –  რადიო თავისუფლება

დისკუსიის ფარგლებში ,,კავკასიური სახლის“ წარმომადგენლი ტატო ხუნდაძე წარადგენს პოლიტიკური ნარკვევს ,,უკრაინის კრიზისის კონტექსტუალიზაცია ქართულ პოლიტიკაში.

დასაწყისი: 18:00 სთ, 8.05.2015

მისამართი: თბილისი; გალაკტიონ ტაბიძის ქ. 20

 

 

 

დისკუსია იმართება ,,კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტის ,,უკრაინა – კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭრით.