პოსტმოდერნიზმის კონცეფცია საერთაშორისო ურთიერთობებში გასული საუკუნის 70-80-იანი წლების ფრანგული ფილოსოფიიდან გადმოვიდა. მის ძირითად პრინციპებად იქცა სამართლებრივი რელატივიზმი, ეკონომიკური დეტერმინიზმი, ეკლექტიზმი და ანარქო-დემოკრატიზმი. ცივი ომის შემდგომ ათწლეულებში იგი განსაზღვრავდა არა მხოლოდ გლობალური პოლიტიკური ისტებლიშმენტის ხედვებს სამყაროზე, არამედ დიდი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მსოფლიო პოლიტიკის სხვა მოთამაშეების კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქმედებებს. თუმცა ბილ კლინტონი, ტონი ბლერი, ნიკოლა სარკოზი ან ჟოზე ბაროზუ არასდროს არ ახდენდნენ საკუთარი თავის „პოსტმოდერნისტებად“ პოზიციონირებას, ამ მიმართულების პარადიგმა მათ ქმედებებში ნათლად ჩანს. თუ პოსტმოდერნიზმის ფილოსოფიურ-სოციოლოგიური კონსტრუქცია გამოხატავდა დასავლური საზოგადოების დაღლილობას მოდერნიზმის ეპოქის რაციონალიზმისგან, მსოფლიო პოლიტიკაში იგი გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების დაღლილობას მკაცრი იერარქიულობისა და ცივი ომის ეპოქის დუალიზმისგან.

თუმცა პოსტმოდერნიზმის ხანა მსოფლიო პოლიტიკაში ისტორიული თვალსაზრისით ხანმოკლე აღმოჩნდა. ქმედების იმიტაციით, პოლიტიკის რიტორიკით, სტრატეგიის ტაქტიკით, პრინციპების ოპორტუნიზმით და საღი აზრის „პოლიტიკური კორექტულობით“ შეცვლა ისტორიის განმავლობაში ვერავინ მოახერხა. ეს ვერ შეძლეს პოსტმოდერნისტმა პოლიტიკოსებმაც. პოსტმოდერნიზმის გარდაუვალი დასასრული საერთაშორისო ურთიერთობებში დააჩქარა იმ მოვლენამ, რომ პოსტმოდერნისტმა პოლიტიკოსებმა ფილოსოფოსებისგან განსხვავებით უარი განაცხადეს რეფლექსიაზე, საკუთარი გამოცდილების კრიტიკულ გააზრებაზე და ეჭვქვეშ დაყენებაზე. შესაბამისად მათ მოისპეს შესაძლებლობა ოპერატიულად შეეტანათ აუცილებელი კორექტივები და ნოვაციები პოლიტიკურ პრაქტიკაში.

დღეს ვხედავთ პოსტმოდერნიზმის დღის წესრიგის ამოწურვას არა მხოლოდ მარგინალების, არამედ საშუალო კლასის მნიშვნელოვანი სეგმენტის და გლობალური ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლების თვალში. საგარეო პოლიტიკური პოსტმოდერნიზმი დღეს ჩამოყალიბდა ტრივიალურ სწრაფვად სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ. იგი ვერ სთავაზობს მსოფლიოს სიახლეს და ამიტომაც განწირულია. დღეს სახეზე გვაქვს საერთაშორისო ურთიერთობებში ნაციონალიზმის, ტრანსაქციონალიზმის, ჰოლიზმის და ისტორიზმის დაბრუნება.

ახალი მიმართულება დიდწილად აპელირებს სიმარტივის, მთლიანობის, მინიმალიზმის, გარკვეულწილად ანტიინტელექტუალიზმის კონცეპტებით. მისი მიმდევარი ლიდერები ამა თუ იმ ფორმით უპირისპირდებიან პოსტმოდერნიზმის პარადიგმას, ახდენენ დისტანცირებას მისი საბაზისო პრინციპებისგან და საპირისპიროდ გვთავაზობენ საკუთარი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის თუ მსოფლიო საზოგადოებისთვის ნეომოდერნისტულ დღის წესრიგს.

ყურადღებას იმსახურებს კიდევ ერთი, ნაკლებად თვალშისაცემი განსხვავება. პოსტმოდერნიზმის ეპოქაში მთავარი განმასხვავებელი ხაზი მსოფლიო პოლიტიკაში გადიოდა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. შესაბამისად, დემოკრატიის დადგომა და ავტორიტარიზმის განდევნა ცივილიზაციის ნაპირებზე მსოფლიო განვითარების ძირითად შინაარსად იქცა. ნეომოდერნისტების უმრავლესობისთვის დემოკრატიის და ავტორიტარიზმის ურთიერთობის საკითხი მეორე პლანზეა გადაწეული. იგი ადგილს უთმობს საერთაშორისო ურთიერთობებში წესრიგსა და ქაოსს შორის დაპირისპირებას. რადგანაც XXI საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოში დადგა ქრონიკული არასტაბილურობის, რეგიონული და გლობალური რყევების პერიოდი, დემოკრატიის ლობირება ნეომოდერნისტების თვალსაზრისით დაუშვებელი ფუფუნებაა. მათი აზრით, საქმე ეხება არა განვითარებას და წინსვლას, არამედ უსაფრთხოებას და გადარჩენას.

მიუხედავად ამისა, ნაადრევია ნეომოდერნიზმის საბოლოო და სრულფასოვანი გამარჯვების აღიარება პოსტმოდერნიზმზე. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნეომოდერნისტული მიდგომის გაძლიერების საპირისპიროდ თანამედროვე საზოგადოებაში გროვდება სირთულის, არასწორხაზოვნების, ამბივალენტურობის და ფრაგმენტულობის ელემენტები. სოციალურ-კულტურულმა პროცესებმა, რომელიც ფრანგულმა პოსტსტრუქტურალიზმმა ორმოცი წლის წინ დააფიქსირა, დღეს ახალ მასშტაბებს და დინამიკას კვლავ იძენს. ამიტომაც ახალ ეპოქაში დაპირისპირება სოციალურ ბაზისსა და პოლიტიკურ ზედნაშენს შორის გარანტირებულია.

სავარაუდოდ მსოფლიო პოლიტიკური და აკადემიური საზოგადოება ისევე გამოტოვებს ახალი მოდერნიზმის დაცემის დადგომას, როგორც მისი აღზევება გამოტოვა. ცხადი კი ერთი რამ არის – მომავალში პოლიტიკურ თამაშში გამარჯვების მაღალი შანსი ექნებათ იმათ, ვინც კვლავ გააგრძელებს სოკრატეს მუდამ აქტუალური რჩევის გათვალისწინებას: “ცვლილებების საიდუმლო მდგომარეობს არა წარსულთან ბრძოლაში, არამედ ახლის შექმნაში”.

Facebook
Twitter
LinkedIn