“წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით”

სიტყვის თავისუფლება, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება და კაცობრიობის მონაპოვარი, არ უნდა გადაიქცეს ადამიანისა და ხალხის ღირსების შელახვის, რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფისა და ელემენტარულ ეთიკურ ნორმათა უგულვებელყოფის გამართლებად თუ საშუალებად.
ალბათ არ არსებობს ისეთი სახელმწიფო დედამიწის ზურგზე, სადაც აუცილებელი არ იყოს ამ აქსიომის ისევ და ისევ თავიდან გამეორება, რადგან ტოტალური დესაკრალიზაცია, რომელმაც მოიცვა ჩვენი პლანეტა, ვლინდება როგორც მომაკვდინებელი სულიერი სიცარიელისა და შემოქმედებითი უნაყოფობიდან ამოზრდილი ცინიზმის სახით, ასევე ფანატიზმითა და დაუნდობლობით.

საქართველოში პრესის გაჩენის პირველივე ხანებში ყველაზე უფრო ინტელექტუალური და ღრმა სულიერი პრინციპების ადამიანები მიუთითებდნენ, თუ რა საშიშროებას შეიცავდა მასობრივი ინფორმაციის ეს საშუალება, თუკი იგი უმთავრეს ღირებულებას: ადამიანის (მით უფრო ხალხების) სულიერ მგრძნობელობასა და ღირსებას არად ჩააგდებდა და თვითმიზნურ გზას დაადგებოდა.

თანამედროვე საინფორმაციო საშუალებებს კარგად უნდათ ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ კაცობრიობამ თავისი განვითარების უმძიმეს ფაზაში შეაბიჯა; რომ მის წინაშე აღმართულია საფრთხეები, მთელი პლანეტის სიცოცხლეს რომ ემუქრება განადგურებით. რომ დედამიწის გადარჩენა დამოკიდებულია როგორც სასიცოცხლო სივრცის მზარდი განადგურების შეჩერებაზე, ასევე განსხვავებულ ხალხთა, რელიგიათა და კულტურათა მშვიდობიან თანაარსებობაზე. რადგან თუ განსხვავებულ ცივილიზაციათა და სახელმწიფოთა შორის სისხლიანი დაპირისპირებანი გლობალურ მასშტაბებს მიიღებენ, ამით უკიდურესად დაჩქარდება პლანეტარული კატასტროფა. ამ თვალსაზრისით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი ნეგატიური ან პოზიტიური როლი შეასრულონ.
“ვინც შეიმეცნა თავი და სხვები, იმასაც ჩასწვდა, რა მოაქვს მყოფადს:
აღმოსავლეთი და დასავლეთი აღარასოდეს არ გაიყოფა”.

დიდი გერმანელი პოეტისა და მოაზროვნის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ეს სიტყვები სულ უფრო მეტად ხდება აქტუალური და ისინი სულ უფრო ხშირად უნდა შევახსენოთ იმათ, რომელთაც არც შემეცნების ანუ აზროვნების ძალა აქვთ და არც პასუხისმგებლობას ატარებენ კაცობრიობის ისედაც ბეწვზე დაკიდული მომავლის წინაშე.

ჩვენ, კავკასიის ხალხებს, კულტურების, ენებისა და რელიგიების განსაკუთრებული სიმრავლით გაჯერებულ სივრცეში თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს. და ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა ჩვენი პოლიტიკური უმწიფარობის შედეგად უკანასკნელ ხანებში წარმოქმნილ ეთნიკურ კონფლიქტებს, რომლებმაც ასეთი აუტანელი გახადა ჩვენი ყოფა-ცხოვრება, კავკასიელი ხალხებისათვის სრულიად უცხო-რელიგიური დაპირისპირებანიც არ დავუმატოთ.

ქართველთა ყველაზე დიდი ქრისტიანი წინაპრები ამაღელვებელ მაგალითებს გვიტოვებდნენ სხვათა რელიგიების – პირველ რიგში კი – იუდაიზმისა და ისლამის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული პატივისცემისა. ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეროვნული სიმდიდრე, რომელსაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. კავკასიელ ხალხებს შეუძლიათ განსაკუთრებული წვლილი შეიტანონ დასავლეთისა და აღმოსავლეთის სასიცოცხლოდ აუცილებელ დაახლოვებაში. ალბათ სწორედ ეს არის ჩვენი საგანგებო მისია. სწორედ ამიტომ უნდა ვერიდოთ ყველაფერს, რასაც შეუძლია გამოიწვიოს დაპირისპირება ქრისტიანობასა და ისლამს შორის.

ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს თანამოძმეებს – საქართველოსა და კავკასიის მუსლიმ მოსახლეობას, რომ მათ თავიანთ სამართლიან პროტესტს მოციქულ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნების გამო მშვიდობიანი ფორმა მისცეს. ჩვენ მოვუწოდებთ მუსლიმ დებსა და ძმებს მთელს მსოფლიოში: დაიცხრონ აღშფოთება, უსამართლობას უსამართლობით ნუ უპასუხებენ, ნუ გააიგივებენ ერთ გაუმართლებელ ჟურნალისტურ ფაქტს მთელ დასავლეთთან, რომლის საუკეთესო წარმომადგენლები აღმოსავლეთის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდნენ. დაე, მათ თავიანთ პროტესტს ისეთი სადინარი მისცენ, კიდევ უფრო რომ განადიდებს ისლამსა და მის ფუძემდებელს.
“კავკასიური სახლის” თანამშრომელთა სახელით:
ნაირა გელაშვილი, ორგანიზაციის თავმჯდომარე, მწერალი, გერმანისტი.
გიორგი ლობჟანიძე, “კავკასიური სახლში” მოქმედი “კავკასიაში ისლამური კულტურის შემსწავლელი ცენტრის” ხელმძღვანელი, ირანისტი და არაბისტი, ყურანის ქართულ ენაზე მთარგმნელი.