თითქმის ორასი დღეა რიონის ხეობის მცველები ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ  მორიგი გიგანტური ელექტროსადგურის – ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტის მონაწილენი კატეგორიულად (და სრულიად სამართლიანად)  ეწინააღმდეგებიან მათ  მშობლიურ კუთხეში  წყლის უზარმაზარი მასის დაგუბებასა და სოფლების, ტყეების, სამეურნეო სავარგულების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩაძირვა-განადგურებას.

ხელისუფლება თვეების განმავლობაში არაფრად აგდებდა ადგილობრივთა წინააღმდეგობას და ცდილობდა პოლიციის ძალებით დაერბია გარემოს დამცველთა კარვები. სამართალდამცველებმა მოთხარეს ადგილობრივთა მიერ აღმართული ჯვარიც (ჯვარი ქრისტიანებისთვის იმის მანიშნებელია, რომ ისინი ღმერთისთვის სასურველ საქმეს აღასრულებენ: იცავენ მის მიერ შექმნილ  სამყაროს, სიცოცხლესა და ბუნებას და ამ წმინდა საქმეში უზენაეს არსებას მფარველობას ევედრებიან).

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ორჯერ  დაესხნენ თავს სოფელ ჟონეთში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო  აქციას, დემონსტრანტებს ერთი წუთითაც კი არ შეუწყვეტიათ  გამოსვლები.

ხეობის მცველთა უკომპრომისო ბრძოლის ამბავი უკვე მთელს საქართველოს მოედო. ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური თვალსაზრისით სრულიად გაუმართლებელი, დანაშაულებრივი გარიგებების შედეგად წამოწყებული პროექტის შესაჩერებლად გაერთიანდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.

ქუთაისი ქართული დემოკრატიის დედაქალაქად იქცა: ათასობით ადამიანი უმომავლობით დაღდასმული პოლიტიკური კლასის გარეშე გამოვიდა იმერეთის მთავარ მოედანზე და ხელისუფლებას  მშობლიური კუთხის ამაოხრებელი მშენებლობის  შეწყვეტა მოსთხოვა. რიონის ხეობის რამდენიმე სოფელში დაწყებული პროტესტი საერთო სახალხო მოძრაობად გადაიქცა.

მუხედავად იმისა, რომ რიონის ხეობის დამცველთა  პოზიციას საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა იზიარებს,  ხელისუფლებას საჭიროდ არ მიაჩნია, მოუსმინოს ხალხს. ადგილობრივი მოსახლეობის, პირუთვნელი, მაღალკვალიფიციური მეცნიერებისა და  გარემოს დამცველთა არგუმენტების გაზიარების ნაცვლად, საქართველოს მთავრობა შეტევაზე გადმოვიდა:  მოქალაქეებს მუქარის შემცველი, უდიერი ტონით აუკრძალა საკუთარი აზრის ქონა და გამოთქმა.

შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის ხელისუფლებათა  უცვლელი წევრის, პოლიტიკური ორპირობით, შეუსმენლობითა და ადამიანური გულგრილობით  სახელგანთქმული მოხელის, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი“.  (სხვათა შორის, ამ პიროვნების ყოველი გამოჩენა ტელეეკრანზე და მისი იდეურად  მწირი მანტრები ასეულობით მხარდამჭერს აკარგვინებს ქართულ ოცნებას).

ხოლო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ მინიმალური სახელმწიფოსა და „ბაზრის უხილავი ხელის“ იდეას აკრიტიკებდა  და  სოციალურ და ეკოლოგიურ სამართლიანობაზე მზრუნველი ხელისუფლების კონცეფციას ქადაგებდა, ახლა- უეცრად- მხოლოდ  ბიზნესსა და მის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის მამად წარმოგვიდგა. ირაკლი ღარიბაშვილი რიონის ხეობის მცველებს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ძირის გამოთხრასა და უცხო, მტრულად განწყობილი ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედებას აბრალებს. მაშასადამე, საქართველოს მთავრობის  მტკიცებით, ვინც  საქართველოს ბუნების, ჩვენი სასიცოცხლო სივრცის გადასარჩენად  ქუჩაში გამოდის,  ქვეყნის მტრები, მოღალატეები, საუკეთესო შემთხვევაში კი უგუნური  ადამიანები არიან.

ამაზე იტყვიან – ჩემი შენ გითხარიო, ან:  გაღმა შეედავეო: საქართველოს მთავრობის მიერ, ხალხის ზურგსუკან,  კომპანია „ენკასთან“ დადებული (ბოლო ხანებამდე საგულდაგულოდ გასაიდუმლოებული), ხელშეკრულება ხომ ისტორიაში შევა როგორც იშვიათი ნიმუში საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაყიდვისა.

ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ „ქართული ოცნების“ ტექნოკრატების მიერ გამოვლენილ აგრესიასა , მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ საქართველოს ერთგული მოქალაქეების დემონიზაციისგან, „ალქაჯებზე ნადირობის“ ნაცვლად, დაიცვან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები და ერთხელ მაინც მიიღონ მონაწილეობა კონსტრუქციულ, სამეცნიერო არგუმენტებზე დაფუძნებულ  საჯარო დისკუსიაში.

ყველა ჰიდროელექტროსადგური დემოკრატიული ძალებისა და მეცნიერების მონაწილეობით შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით უნდა აშენდეს; მშენებლობის დროს დაცული უნდა იყოს ბალანსი ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ-კულტურულ ინტერესებს შორის!

რიონის ხეობის მცველებს მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები როდი ებრძვიან. ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“, ეკონომისტმა ლიდერებმაც არაერთხელ დაუჭირეს მხარი ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის  ათასამდე ჰექტარი ფართობის, უნიკალური ბუნების განადგურებას. მარგინალური და ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიციური დაჯგუფებებიც მომართულნი არიან, რათა გარემოს დამცველებსა და სოციალური სამართლიანობის მომხრე აქტივისტებში ქსენოფობები აღმოაჩინონ და სახელი გაუტეხონ მოძრაობას.

თითქმის ყოველდღიურად გადასცემს  საზოგადოებრივი მაუწყებელი (რომელსაც  საქართველოს მოქალაქეები საკუთარი  ჯიბიდან უხდიან მილიონებს) საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული,  ტექნოკრატიული ბიზნესჯგუფების პიარკამპანიას,  რომლებიც პირდაპირ ეთერში ძირს უთხრიან მდგრადი განვითარების, ჰუმანური ეკონომიკის  იდეებს; თავიანთი ანტიმეცნიერული პოზიციებით მლიქვნელურად  უჭერენ მხარს წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ და „ქართული ოცნების“ მიერ ბეჯითად გაგრძელებულ, სოციალური და ეკოლოგიური სივრცის განადგურების პოლიტიკას.

მეტიც, უკვე დიდი ხანია საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდნენ და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ერთ დროს მწვანე ფონდების მიერ უხვად დაფინანსებული, ეკოლოგიისა და ენერგეტიკის ურთიერთმიმართების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც მთავრობა საკუთარი პროპაგანდისა და საზოგადოების მოტყუებისთვის იყენებს.

რიონის ხეობის მცველთა მხარეს კი არც ერთი ორგანიზებული ძალა არ დგას. შესაბამისად, საზოგადოების რიგით წევრებს, პარტიული და ფინანსური გავლენების არმქონე ჯგუფებს უფრო მეტი სოლიდარობა და დარაზმულობა გვმართებს. გარემოს დამცველების ირგვლივ შეკრული ალყა ვიწროვდება!

უკანასკნელ პერიოდში  ანტიეკოლოგიური  იერიშების  ერთ-ერთ მთავარ ობიექტად იქცა შესანიშნავი ახალგაზრდა ქართველი ეკონომისტი და გარემოს დამცველი, „მწვანე ალტერნატივის“ თანამშრომელი ბ-ნი დათო ჭიპაშვილი. ვინაიდან კომპანია „ენკას“ ინტერესების გამტარებელები  მის კვალიფიციურ არგუმენტებს ვერაფერს უპირისპირებენ, ცდილობენ უღირსი მეთოდებით გავიდნენ ფონს.  ეს ძველი მეთოდებია: ცილისწამება და სახელის გატეხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად უშედეგო- თავად სახელგატეხილი ღირსეულ ადამიანს სახელს ვერ გაუტეხს.

2019 წელს „კავკასიურმა სახლმა“ დათო ჭიპაშვილს მისი მუხლჩაუხრელი, მაღალკვალიფიციური  და თავგანწირული შრომისთვის  „კავკასიის მდინარეთა მცველის“ ჯილდო მიანიჭა. ჩვენ ჯილდოებს ხშირად და უპასუხისმგებლოდ არ გავცემთ. შესაბამისად, მზად ვართ, აქტიურად გამოვექომაგოთ ბ-ნ დავითს და მოვუწოდოთ მის მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს, შეწყვიტონ არაეთიკური, ლაჩრული ოპონირება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გარემოს დამცველთან.

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის  „კავკასიური სახლის“ ადმინისტრაცია

30 მარტი, 2021 წელი