„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ უკვე ათწლეულებია მუშაობს მშვიდობის მშენებლობისა და კავკასიის რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე. ორგანიზაციის დამფუძნებელთა თავდაპირველი მიზანი კავკასიის რთულ (გეო)პოლიტიკურ რეგიონში კონფლიქტების პრევენცია გახლდათ. თუმცა მიზეზთა და მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა კონფლიქტის ძალადობრივი ფორმების თავიდან აცილება და ჩვენს ორგანიზაციას, სხვებთან ერთად, სისხლისმღვრელი ომების შედეგად მიღებული მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური ვითარების შეცვლაზე უწევს მუშაობა. რეგიონში უკანასკნელი ასეთი ტრაგედია გახლდათ საქართველო-რუსეთის ომი, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

„აგვისტოს ომის“ შემდეგ საქართველო-რუსეთს შორის შექმნილი ვითარების ფონზე, „კავკასიურმა სახლმა“ დაიწყო სამოქალაქო დიალოგის პროცესი ქართველ და რუს ახალგაზრდებს შორის. მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, პოლიტიკის მეცნიერები, ჟურნალისტები, იურისტები და სხვა. ხსენებული პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შეიქმნას საკომუნიკაციო სივრცე ქართველ და რუს მომავალი გადაწყვეტილების მიმღებებსა და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს შორის. ამოსავალი წერტილი კი მდგომარეობს იმ დაშვებაში, რომ საქართველოშიც და რუსეთშიც გაიზარდა ახალი თაობა, რომელიც მხოლოდ „უფროსი ან უმცროსი ძმის“ დიქოტომიიდან არ აღიქვამს ერთმანეთს და პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენულ არჩევანს. ბუნებრივია, ე.წ. წითელი ხაზების ფონზე, ასეთი პროცესის ფასილიტაცია არ არის მარტივი. უკანასკნელი მძიმე გამოწვევა, რომელიც საფრთხეს უქნის ქართულ-რუსული ურთიერთობების ბოლოდროინდელ შედარებით გაუმჯობესებას და შესაბამისად, ჩვენი დიალოგის პროცესს, გახლავთ ვითარება საოკუპაციო ხაზზე. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურები ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის ე.წ. დემარკაციას. (ამასთან დაკავშრებით იხილეთ „კავკასიური სახლის“ თანამშრომლის გიორგი შაიშმელაშვილის სტატია.

 

მავთულხლართების გავლების მიმდინარე პროცესი კიდევ უფრო ამძიმებს ჰუმანიტარულ ვითარებას ოკუპირებულ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის. სწორედ ამ ვითარების გასაცნობად, დაზარალებულთა პრობლემების უკეთ გასააზრებლად დიალოგის მონაწილე რუსი ახალგაზრდები ჩავიყვანეთ კონფლიქტის ზონაში. მიგვაჩნია, რომ ამით ხელი შევუწყეთ პრობლემის შესახებ მეტნაკლებად ობიექტური სურათის შექმნას, როგორც რუსეთში, ისე მთელ მსოფლიოში. (იხილეთ ვიზიტის მონაწილეთა დისკუსია “სტუდიო რეში”: და მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიები.

მავთულხლართების გავლებისა და ე.წ. საზღვრის დადგენის უკანონო მცდელობების პარალელულად, საქართველოს საზოგადოებაში სულ უფრო იზრდება სკეფსისი ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივის მიმართ. კერძოდ, საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში. „კავკასიური სახლი“ იზიარებს ამ ადამიანების ლეგიტიმურ წუხილს რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების მიმართ. უფრო მეტიც, როგორც ზემოთ აღვწერეთ, ჩვენ ჩართული ვართ ოკუპაციისა და ე.წ. საზღვრის უკანონო დემარკაციის შედეგად შექმნილი ვითარების მაქსიმალურ გაშუქებაში დანარჩენი მსოფლიოსათვის, ასევე ვცდილობთ, რუსეთის ფედერაციაში მოვძებნოთ ის ძალები, რომელთათვისაც ადამიანის უფლებები, მაგ. ამ შემთხვევაში შეზღუდული გადაადგილების უფლება, არის ხელშეუვალი, რომლებიც თვლიან, რომ მავთულხლართები თანამედროვე სამყაროში არის ანაქრონიზმი და მას პერსპექტივა არ აქვს.

მიუხედავად ზემოთთქმულისა/სწორედ ზემოთთქმულის გამო, ჩვენ არასწორად მიგვაჩნია, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა – არმონაწილეობის საკითხის წარმოდგენილ კონტექსტში განხილვა და გადაწყვეტა. მიგვაჩნია, რომ მთავარი წყალგამყოფი აქ გადის ინფანტილურ ემოციურ ქცევასა და მოწიფულობას შორის.

სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე თანხმობა, ეს არის ქართულ-რუსულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ნაწილი. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, ეჭვქვეშ დააყენოს ამ პროცესის მიზანშეწონილობა ზოგადად, მაგრამ გაუგებარია მისი ცალკე აღებული ერთი სეგმენტის ბოიკოტირება.

საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ შეძლო და ე.წ. წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე დაიწყო რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი დიალოგი. როგორც ცნობილია მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებობს „წითელი ხაზები“. ერთი მხრივ, საქართველოსთვის ეს არის – ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საგარეო პოლიტიკური არჩევანი, მეორე მხრივ, რუსეთისთვის ეს არის „ახალი რეალიები“, ანუ ხუთი დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად ამისა, მხარეებმა დაიწყეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურა/სპორტი/განათლების სფეროებში. ბუნებრივია, არსებობს იმის თეორიული შესაძლებლობა, რომ სოჭის ოლიმპიადა მოექცეს საქართველოს „წითელი ხაზების“ ნაწილში. ანუ ეს მოხდება იმ შემოხვევაში, თუ ოლიმპიადა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ტერიტორიული ურღვევობის პრინციპს და შესაბამისად, აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის აღიარებას. მოცემულ ეტაპზე ასეთი საფრთხე არ ჩანს. შესაბამისად ოლიმპიადის ბოიკოტირება დღეს ისეთივე არალოგიკურია, როგორც მაგ. ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანის აკრძალვა. (სამწუხაროდ, საქართველოს უახლოესი ისტორიისათვის, უცხო არც ამგვარი პოლიტიკური ირაციონალიზმია).

ბოიკოტირებისთვის საკმარის პირობად ვერ გამოდგება ვერც საოკუპაციო ზოლზე ამჟამად მიმდინარე უკანონო დემარკაციის პროცესი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, ოკუპაციის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურებმა მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. სინამდვილეში 2011 წლის აპრილ-მაისში დაწყებული ეს პროცესი, მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია ოკუპაციისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მივიღეთ. არადა, სწორედ ოკუპაციის პირობებში საქართველოს არა ერთი სპორტული ნაკრები თუ კლუბი, მონაწილეობას ღებულობდა სპორტულ შეჯიბრებებში რუსეთის ფედერაციაში. აქვე განსაკუთრებით არადამაჯერებელია „ბარემ-მობოიკოტეთა“ არგუმენტიც, რომლებიც თვლიან, რომ უარი ვთქვათ ოლიმპიადაზე, რადგან ზამთრის სახეობებში მაინც არ აქვთ ქართველ სპორტსმენებს წარმატების მიღწევის მაღალი შანსი. ასეთი შანსის შემთხვევაში კი, როგორც ჩანს მონაწილეობის პრობლემას ვერ ხედავენ. რაც შეეხება მორალურ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს შანსი ომში განცდილი მარცხის მიუხედავად „სახე შეინარჩუნოს“, ისიც საკმაოდ მყიფეა, ვინაიდან, ღირსების საკმაოდ თავისებურ გაგებას ეფუძნება და გამორიცხავს „ღირსების, როგორც ინდივიდუალური შინაგანი მდგომარეობის მომენტს“. ოლიმპიადა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებაა, მისი დანარჩენი „შინაარსები“ კი, ჩვენივე პროექციების შედეგია. „ახლა პარტიიდან გამოსვლა (პარტბილეთის დახევა) ნიშნავს, პოლიტიკური მნიშვნელობა მივანიჭო იმას, რაც არასდროს ყოფილა“ – უპასუხა მერაბ მამარდაშვილმა ან შევალიეს.

ბოიკოტის მომხრეთა ერთადერთი რეალური არგუმენტი, მისი რეზონანსულობაა. თუმცა ამ არგუმენტის მომხრეებმა, მაშინ ისიც უნდა აღიარონ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, დაეწყო რუსეთთან დიალოგი და მათ შორის თანხმობა განეცხადებინა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე – იყო სწორი. ვინაიდან, „რეზონანსის“ მთავარ ადრესატზე – საერთაშორისო საზოგადოებაზე, ბევრად მეტად იმოქმედებს იმ საქართველოს ბოიკოტი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა (რასაც არც თუ ორაზროვნად მუდმივად მიგვითითებდნენ) რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისთვის, მაგრამ ეს მაინც არ გამოვიდა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა, ეს არის საქართველოს თანამიმდევრულობის დემონსტრაცია, როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე რუსების წინაშე. ამ ტიპის ნაბიჯებით ჩვენ ხელიდან ვაცლით რუსეთს ყოველგვარ არგუმენტს საქართველოს დააბრალოს მისთვის მტკივნეულ ჩრდილოეთ კავკასიაში ოლიმპიადის დროს მომხდარი რაიმე ექსცესი, ამავე დროს ვასრულებთ დასავლელი მეგობრების თხოვნას კონსტრუქციულობისა და სტრატეგიული მოთმინების შესახებ. ეს ყოველივე მნიშვნელოვანი წინაპირობებია ქვეყნის უსაფრთხო და მშვიდი განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ, დე-ოკუპაციის პროცესს დაუდებს სათავეს.