კვლევის წარდგენა: საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი

17 ოქტომბერს 19 სთ-ზე გიწვევთ „კავკასიური სახლის“ ახალი კვლევის „საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის 25 წელი“ პრეზენტაციაზე.

კვლევის მიზანია საფუძვლიანად აღწეროს და კრიტიკულად გაანალიზოს 1990-იანი წლებიდან 2016 წლამდე პერიოდის საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა. კვლევაში აღწერილია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტების დარეგულირების პროცესი და სამთავრობო პოლიტიკა. კვლევა ქრონოლოგიურად ვითარდება და სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებს სოხუმსა და ცხინვალთან თბილისის ურთიერთობების დინამიკას და მასში ცალკეული პიროვნებების, პოლიტიკური პარტიების, ქვეყნებისა თუ გლობალური კონტექსტის როლს.

სტრუქტურულად კვლევა სამ ძირითადად ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი ეთმობა საქართველოს ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების ანალიზისთვის მცირე თეორიულ ჩარჩოს, მეორე ნაწილი ფოკუსირებულია უშუალოდ საქართველოს ყოფილი და მოქმედი მთავრობების სამშვიდობო პოლიტიკის შესწავლაზე, ხოლო მესამე ნაწილში გაანალიზებულია ის ისტორიული და თანამედროვე გაკვეთილები, რომელიც სხვადასხვა კონფლიქტების ტრანსფორმაციისგან შეიძლება ისწავლოს საქართველომ საკუთარი პოლიტიკის ოპტიმიზაციისთვის. ნაშრომის ბოლოს შემოთავაზებულია „კავკასიური სახლის“ რეკომენდაციები და იდეური ხედვა, თუ რა როლი უნდა ეკავოს საქართველოს მთავრობას შერიგებისა და ქვეყნის გაერთიანების პროცესში.

პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგებიან კვლევის ავტორები:

ივანე აბრამაშვილი – „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი
რევაზ ქოიავა – პოლიტოლოგი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

მოდერატორი:
ნინო კალანდარიშვილი – „კონფლიქტებისა და ნაციონალიზმის კვლევის ინსტიტუტის“ თავჯდომარე

სამუშაო ენა: ქართული
პრეზენტაცია გაიმართება „კავკასიური სახლის“ საკონფერენციო დარბაზში
დასწრება თავისუფალია!

Comments

comments