ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები

დღეს, 14 ივლისს, ქ. ბათუმში ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის“ ორგანიზებით პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში დაიწყო სამდღიანი რეგიონალური ფორუმი: ,,ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“.

ღონისძიებაში მონაწილებას იღებენ კავკასიის რეგიონზე მომუშავე ანალიტიკოსები რუსეთიდან და საქართველოდან. ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის განიხილება ყარაბაღის კრიზისის გავლენა რეგიონალურ ურთიერთობებზე, აფხაზეთსა და ოსეთის გარშემო არსებული ვითარება, რეგიონში ისლამის რადიკალიზაციის საფრთხე და ქართულ-რუსული  ურთიერთობები.

ფორუმზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს და მიიღონ პირდაპირი და ობიექტური ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს რაციონალური და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას რეგიონის შესახებ.  შეხვედრები გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთან, ბატონ ავთანდილ ბერიძესთან. ასევე, აჭარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან, ბატონ თამაზ შავაძესთან,  სრულიად საქართველოს მუფტთან ბატონ ბეგლარ ქამაშიძესთან.

 

Comments

comments