დაცემის ახალი სიმაღლე

ანუ: პროტესტს ვუცხადებ სახალხო დამცველის აპარატს  და მასთან არსებულ  „ტოლერანტობის ცენტრს“, რომლებმაც  ბოროტმოქმედებს სიკეთისმოქმედნი დაარქვეს და დააჯილდოვეს.

 

90 – იანი წლების დასაწყისში არენაზე გამოსული პოლიტიკური ძალების ბუნება მერაბ მამარდაშვილმა ზუსტად დაახასიათა სიტყვებით „ზნეობრივი დალტონიზმი“. მაშინ ცოტა ვინმე თუ ჩაუკვირდა, რას ნიშნავდა და რას გვიქადდა ეს ფენომენი.

„დალტონიზმი“ თანდაყოლილი დაავადებაა. როგორც ცნობილია, იგი არ არის სრული სიბრმავე. ადამიანი  თან მხედველია და თან ბრმა, რადგან საგნებს კი ხედავს, მაგრამ მათ ფერებს, მაგალითად, წითელს, ან მწვანეს  ვერ აღიქვამს. მთელი უბედურება კი ის არის, რომ მან ეს არ იცის. და რომ ასეთი ადამიანები საფრთხეს უქმნიან თავიანთ თავსაც და საზოგადოებასაც, ეს პირველად მხოლოდ 1794 წელს გამოვლინდა, როდესაც შვედეთში, ქალაქ ლაგერლუნდთან მატარებლების არნახულად ძლიერი შეჯახება მოხდა, რადგან მემანქანე თურმე წითელ ფერს ვერ აღიქვამდა. ამიტომ დალტონიზმით დაავადებულებს მართვის უფლებას არ აძლევენ.

ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს „ზნეობრივი დალტონიზმი“. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, შეიძლება, თვითონ არ არის ბოროტმოქმედი, მაგრამ სხვის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების აღქმა მოდუნებული აქვს. მას ადეკვატურად ვერ გრძნობს.  ის ვერ გრძნობს ეთიკურ და კულტურულ ნიუანსებს.

მაშასადამე, ზნეობრივ ასპექტში დალტონიზმი იმით ვლინდება, რომ: ა. მავანი ბოროტებასა და სიკეთეს მაინცადამაინც ვერ ასხვავებს ერთმანეთისაგან; ბ. შესაბამისად, მას არც მოთხოვნილება აქვს, განასხვავოს ისინი.

ეს ნიშნავს, რომ  საქმე გვაქვს  ადამიანის ფუნდამენტური უნარის განუვითარებლობასა და დაზიანებულობასთან: ეს ფუნდამენტური  მახასიათებელი იყო, არის და იქნება სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი. სწორედ ამ უნარზე მიაქვს იერიში პოსტმოდერნისტული ცივილიზაციის ძირითად ნაკადებს, რათა რაიმენაირად ბოლომდე  შეარყიოს ეს საფუძველთა საფუძველი, სადაც თუნდაც კანტის „მორალურ კანონს“ აქვს ფესვი გადგმული.

ერთიც უნდა ვთქვათ: „ზნეობრივი დალტონიზმი“  შეძენილიც შეიძლება იყოს. ანუ ადამიანმა შეიძლება თანდათან  დაკარგოს უნარი და მოთხოვნილება, გაარჩიოს ადამიანურობის ნიუანსები. ყველა შემთხვევაში ეს  დაავადებაა. და ხშირად უფრო საშიში, ვიდრე სრული სიბრმავე. რადგან ძნელი ამოსაცნობია.

90-იან წლებში, როცა ფილოსოფოსმა ეს სიტყვები წარმოთქვა, ხალხი ჯერ არ იყო გაღატაკებული და ამიტომ, არსებითად, ხსენებული ფსიქიკური დაზიანებულობა წარმართავდა, ანუ ანგრევდა ცხოვრებას. მერე და მერე დღევანდლამდე ამას ცარიელი კუჭი, უმუშევრობა, ბანკის ვალები, უსახლკარობა და უფულობაც ემატებოდა  და  „ზნეობრივი დალტონიზმი“ ეპიდემიად იქცა, მით უმეტეს, რომ დასავლეთიდან შემოდინებული „ნაჩუქარი“ ფული ამ ეპიდემიის ჩაქრობას არ ემსახურებოდა, ხშირად პირიქით. და ასე მოიცვა ფერითი ნიუანსების ვერშეგრძნობის სენმა დიდები და პატარები, მედია, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი და აუტანლად გაამდიდრა დეგრადაციის  გამოვლინებათა მრავალფეროვნება.

საზოგადოებაზე  განსაკუთრებულად გამხრწნელი ზემოქმედებით გამოირჩევა ის მოვლენები, რომლებიც მხოლოდ სამართლისა და ზნეობის ნორმებს კი არ ასამარებს, არამედ დღაბნის, შლის და სპობს ადამიანურ, არქეტიპულ წარმოდგენას ამ ნორმებზე, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია. დანტეს „ჯოჯოხეთში“ დანაშაულის იდეოლოგები უფრო მძიმე სასჯელს იხდიან, ვიდრე საკუთრივ დამნაშავეები). ასეთებია:

  1. არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მიერ მართლმსაჯულების აღსრულების ნაცვლად ზავის შეკვრა და გარიგება საქართველოს ისტორიაში ყველაზე სასტიკ და პათოლოგიურ ხელისუფლებასთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ( რომელმაც ასეულობით ადამიანი აწამა, მოკლა, გააუპატიურა, დაასახიჩრა; რომელსაც მიზნად ჰქონდა, უბრალოდ, საქართველოს წაშლა მსოფლიო რუკიდან, ქართველი ხალხის ჩანაცვლება სხვა, უცხო ხალხით, რაც ნაწილობრივ შეასრულა კიდეც; რომელსაც ებრძოდა საზოგადოების უდიდესი ნაწილი, როგორც შეეძლო). ენით აღუწერლად ანტიბუნებრივი, სამარცხვინო „კოაბიტაცია“, ძირში რომ მოაშთო საზოგადოების სულიერი განახლების ყოველგვარი პერსპექტივა.
  2. „კოაბიტაციის“ შესაბამისად : სისხლის სამართლის დამნაშავეთა დატოვება თუ დაწინაურება მაღალ თანამდებობებზე (სავარაუდოდ მათგან აღებული ფულის სანაცვლოდაც).  სამართლისა და ზნეობის საფუძვლების დასამარება.
  3. მრავალი პატიმრისა და არაპატიმრის მწამებელი, დამსახიჩრებელი და მკვლელი ვაჟების მამის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის დაჯილდოება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ „წმიდა გიორგის ორდენით“ (!!!!!)
  4. და ამ ყოველივეს ლოგიკური დაგვირგვინება:

17 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისი, კერძოდ, ტოლერანტობის საბჭო „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდებას ანიჭებს  ჩვენი ეროვნული უბედურების – ნაციონალური მოძრაობის- ორ თავკაცს, რომელთა სახელის წარმოთქმაც კი მიჭირს. და  „რუსთავი 2“- ს (!!!!) სიცრუის, უსირცხვილობის, უღირსობის, სიცარიელის ამ უძირო რეზერვუარს, რომლის მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის აღწერას მთელი ინსტიტუტიც ვერ გასწვდება!

ტოლერანტობის საბჭოში გაერთიანებულნი არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები. როგორც ამბობენ, ამათგან რვამ მისცა ხმა ამ „ტოლერანტ გმირებს“,  სახელგანთქმული „ნულოვანი ტოლერანტობის ადეპტებს“.  ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ,  თავის დროზე ნაციონალურმა ხელისუფლებამ მიანიჭა მათ „საჯარო იურდიული პირის სტატუსი“?  მაშასადმე, ხელი ხელს რომ ბანს, და ორივე პირს?  და ამ გარიგების  ფონზე რაღა მნიშვნელობა აქვს, თუ ეს „ნაცმოძი“ ქართველ ხალხს წყვეტდა!  ძვირფასო რვა წევრო, უბრალოდ გეტყვით, რომ თქვენი უდიდესი  შეცდომა დაუშვით!

განსაკუთრებით შთამბეჭდავი მაინც  მაღალი ღმერთის მსახურთა პაქტია ეშმაკთან, ვერაფერს იტყვი!

აღარაფერს ვამბობ  იმავე დღეს დაჯილდოებულ  მწერალზე.  არც არავინ ელოდა, რომ იგი პროტესტის ნიშნად ჰეროიკული ჟესტით დატოვებდა იქაურობას,  აქაოდა, მწერალი  მსხვერპლთა გვერდით უნდა იდგეს და არა  მოძალადეებისო.

P.S. ლამის პირველ სამშვიდობო ორგანიზაციას და სახალხო დიპლომატიის უძველეს კერას – „კავკასიურ სახლს“  მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის:  „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება (ნაციონალური თუ რელიგიური უმცირესობებისთვის, დეპორტირებული ხალხისთვის, სოციალურად დაუცველებისა თუ უნარშეზღუდული ადამიანებისთვის „კავკასიური სახლი“ მუდამ „სახლი“ იყო და არის.

ჩვენ, მოყოლებული  1992  წლიდან უამრავ სასიკეთო საქმეს ვაკეთებდით ერთად, ყოველგვარი გრანტების გარეშე; სიყვარულით, გულწრფელად ვაკეთებდით ამას, ვიცავდით ჩვენს თანამოქალაქეებს და სისტემატიურად ვიტეხდით თავს ქსენოფობების მუქარასა და რისხვას. და ნაციონალური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებიც გვერდით გვედგნენ, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეპრესიები წამოიწყო „კავკასიური სახლის“ წინააღმდეგ მისი მოსპობის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანადგომა მათთვის საშიში იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობა მუდამ გაგრძელდება ).

მაგრამ დღეს მე იძულებული გავხდი, უკან დავაბრუნო ეს „წოდება“, რომელმაც ( ისევე როგორც „სახალხო დამცველის“ ინსტიტუტმა)  თავისი თავი თავად გაიუქმა, რაკიღა ის ადამიანთა უფლებების სასტიკ შემლახველებს  გადაეცა.

 

ნაირა გელაშვილი, 18 ნოემბერი, 2017 წელი.

Comments

comments