საქართველოს პრეზიდენტმა იორგ ალექსანდერ ჰენლე „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა

 

საქართველოს პრეზიდენტმა, ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი გერმანელი იურისტი იორგ ალექსანდერ ჰენლე „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა. „ოქროს საწმისის ორდენით“ ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. 2019 წლამდე აღნიშნული ორდენი მიღებული აქვთ თურქეთის პრეზიდენტებს – სულეიმან დემირელსა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ნატოს ყოფილ გენერალურ მდივან ხავიერ სოლანას, გერმანიის ექს-კანცლერ გერჰარდ შრიოდერს, ამერიკელ გენერლებს – ჯეიმს ამოსსა და ფილიპ ბრედლოუს, გაერთიანებული სამეფოს მონარქ ელისაბედ მეორეს, ხუნძ პოეტ რასულ ჰამზატოვსა და სხვებს.

იორგ ალექსანდერ ჰენლე დაიბადა 1934 წელს ქალაქ აახენში, გავლენიანი გერმანელი მეწარმისა და გამომცემლის, გიუნთერ ჰენლეს ოჯახში. ბ-ნი იორგის მამა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ (CDU) ფედერაციული რესპუბლიკის პირველი მოწვევის ბუნდესტაგშიც გახლდათ არჩეული. მომავალი მეცენატი და ქართული კულტურის გულშემატკივარი სხვადასხვა დროს სწავლობდა პრისტონში, სტენფორდში, ჟენევასა და ბერლინში. ბ-ნი ჰენლე 1960-იანი წლებიდან მუშაობდა მისი წინაპრების მიერ დაარსებული კომპანიის – „Klöckner & Co“-ის უმაღლეს მმართველ თანამდებობებზე. აღსანიშნავია, რომ  დასახელებული კონცერნი დღემდე მიიჩნევა რურის ოლქში მეტალისა და ფოლადის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად.

მსხვილი ინდუსტრიის სფეროში მოღვაწეობის პარალელურად, ბ-ნი ჰენლე ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საქველომოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობაში. იგი ათწლეულების განმავლობაში სათავეში ედგა „პეტერ კლოკნერის ფონდსა“ და გერმანულ-ჰოლანდიურ ფონდ „ჰორიზონტს“.

გერმანელ იურისტს, კულტურის მცოდნესა  და დიდ  ქველმოქმედს  იორგ ჰენლეს განსაკუთრებული სიყვარული და თანაგრძნობა აკავშირებს  საქართველოსთან.

1995 წელს იგი პირველად ჩამოვიდა საქართველოში „კავკასიური სახლის“ მოწვევით მეორე საერთო კავკასიურ კონფერენციაზე დასაწრებად. მან ბევრი რამ შეიტყო  საქართველოსა და კავკასიის ქვეყნების  ბედ-იღბალზე, მათ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.  შემოიარა მთელი ძველი თბილისი,  საქართველო, გაიცნო ქართული კულტურის  მნიშვნელოვანი ძეგლები, ადამიანები  და სამუდამო სიყვარულით განიმსჭვალა ჩვენი ქვეყნისადმი.

უკვე მანამდე  იორგ ჰენლეს გადაწყვეტილი ჰქონდა  გამოეცა ქართული მოთხრობის ანთოლოგია გერმანულ ენაზე. წიგნზე მუშაობა ამ წლებიდან დაიწყო და 2000 წელს დაიბეჭდა გამომცემლობა „ზურკამპში“ ვრცელი კრიტიკული აპარატის თანდართვით.

1996 წელს იორგ ჰენლე დაესწრო „კავკასიური სახლის“ მიერ ორგანიზებულ  მესამე საერთო კავკასიურ კონფერენციას.

იმ დროს  გალაკტიონ ტაბიძის N20 -ში მდებარე შენობა, რომელშიც განთავსებული იყო და არის  „კავკასიური სახლი“ და თამამშევ-სმირნოვების ცნობილი მუზეუმი, მძიმე  ავარიულ  მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამუზეუმო ექსპონატებიც დაუყონებლივ საჭიროებდნენ რესტავრაციას.   იორგ ჰენლეზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ მიუხედავად მძიმე პირობებისა,  ორგანიზაციის  თანამშრომლები თავდაუზოგავად მუშაობდნენ შენობაში, რომელიც, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დანგრეულიყო და ხალხიც შიგ მოეყოლა.

მან გადაწყვიტა ევროპული ფონდის – „ჰორიზონტის“ საშუალებით (რომლის ერთერთი დამფუძნებელიცა და ხელმძღვანელიც თავად გახლავთ)  განეხორციელებინა  ისტორიული მნიშვნელობის შენობის   ფუნდამენტური რეკონსტრუქცია-რესტავრაცია. შენობა აგებულია მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში  ცნობილი თბილისელი ქველმოქმედების თამამშევების მიერ. აქ დღემდე განთავსებულია 1999 წელს „მთარგმნელობითი კოლეგიის ბაზაზე“ შექმნილი ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდობო, არასამთავრობო  ორგანიზაცია „კავკასიური სახლი“, რომლის მნიშვნელობაც ქართულ-კავკასიური კულტურულ ურთიერთობათა საქმეში  ძალიან დიდია.

1998-20 წლებში ფონდმა „ჰორიზონტმა“ განახორციელა ამ  ისტორიული შენობის კაპიტალური რეკონსტრუქცია -რესტავრაცია (რაც ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა). ორსართულიანი შენობა ოთხსართულიანად გარდაიქმნა,  რათა აქ ფართო მასშტაბით გაგრძელებულიყო  ზრუნვა ქართულ-კავკასიური კულტურის გადარჩენა-განვითარებაზე, კავკასიური კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.

იორგ ჰენლეს უშუალო რეკომენდაციით მისმა ახლობელმა – კრუპის ფონდმა კი განახორციელა თამამშევ-სმირნოვების მუზეუმის  ექსპონატების რესტავრაცია. ამ განახლებულ შენობაში კი   იორგ ჰენლე და ფონდი „ჰორიზონტი“ უკვე  მეოცე წელიწადია  აფინანსებენ ფართოპროფილიან  კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდობო მუშაობას, რისი მიზანიცაა ხელი შეუწყოს: ქართული (კავკასიური) კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებას; ხელმოკლე ბავშვებისა და ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებას;  მეზობელ კავკასიურ და (სხვა) ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის დამყარებას.

იორგ ჰენლესა და ფონდი “ჰორიზონტის” მიერ დაფინანსებულია შემდეგი პროექტები:

  • შაბათ-კვირის სკოლა დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის – 2001 წლიდან. ბავშვები სწავლობენ ისეთ საგნებს (კავკასია, ეკოლოგია-ბუნების დაცვა, ფილმის გადაღება, პირველი სამედიცინო დახმარება) და სხვ., რაც სხვაგან არ ისწავლება. ხშირად უკვე კურსდამთავრებული მოსწავლეები ამბობენ, რომ  ეს იყო ყველაზე ნათელი პერიოდი მათ ბავშვობაში. სკოლა გახდა თავშესაფარი უამრავი ბავშვისთვის, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის. ხოლო საზაფხულო ბანაკებმა სოფელ ნუკრიანსა და ფშავის სოფელ შუაფხოში ერთნაირად გამოაცოცხლა ადგილობრივების ყოველდღიური რუტინა და დეპრესიული ყოფა. მოსწავლეები ქალაქელ ბავშვებთან ერთად დღისით ბანაკში იყვნენ, ხოლო მშობლები ათწლეულების შემდეგ, პირველად დასაქმდნენ ადგილზე.
  • „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტი, სადაც მოწვეულნი არიან საუკეთესო ლექტორები, პროფესორები თუ ახალგაზრდა ექპერტები და სადაც სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ ერთი წლის განმავლობაში თავისუფლად დაესწრონ ლექციების კურსს და მიიღონ საბაზისო განათლება კავკასიოლოგიაში, საზოგადოებრივ-სამოქალაქო სფეროში.
  • ავარიულ მდგომარეობაში მყოფი უზარმაზარი სკოლის შენობის რესტავრაცია სოფელ ნუკრიანში; სოფლად ვრცელი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის წამოწყება, რამაც 2000-იანების დასაწყისში ამ სოფლის ბავშვები მოწინავე მოსწავლეებად აქცია (ამის დასტურია მათ მიერ მიღებული მრავალი სიგელი, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მაღალი მაჩვენებელი და სხვ.)
  • კავკასიური ენებისა და კავკასიის ხალხების კულტურის მხარდამჭერი პროგრამა – წლების განმავლობაში სწორედ „კავკასიური სახლი“ იყო ის ცენტრი, სადაც ფონდი „ჰორიზონტის“ ხელშეწყობით ხდებოდა გადაშენების პირას მყოფი ჩეჩნური, აფხაზური, ოსური, ადიღეური ენების სწავლება და ამ ენებზე მხატვრული ლიტერატურის გამოცემა.
  • კავკასიელი ხალხების ფოლკლორის, ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნა და გამოცემა. ფონდ ჰორიზონტის დაფინანსებით კავკასიურ სახლს გამოცემული აქვს უკვე 200-ზე მეტი დასახელების წიგნი.  წიგნების ნაწილი  გამოცემულია 12 სხვადასხვა  ენაზე. და მათ შორის, პირველად საქართველოს ისტორიაში სწორედ კავკასიურ სახლში  არაბულიდან ითარგმნა და ვრცელი (შიიტურ-სუნიტური) კომენტარების თანდართვით გამოიცა ყურანი. (მთარგმნელს, ცნობილ არაბისტსა და ირანისტ გიორგი ლობჟანიძე თავად ირანის პრეზიდენტმა გადასცა სახელმწიფო ჯილდო მაღალხარისხიანი თარგმანისათვის)
  • ფონდ „ჰორიზონტის“ მეშვეობით არ შეწყვეტილა „კავკასიურ სახლში“ დასავლეთ ევროპული და აღმოსავლური ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა. 1997 წლიდან დღემდე უწყვეტად გამოდის ყოველწლიური სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური ალმანახი „აფრა“.

სახელმწიფო პროგრამების შემოსვლამდე, 90-იანების ბოლოსა და 2000–იანი წლების დასაწყისში, სწორედ „კავკასიური სახლი“ იყო ყველა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა სახლი, სადაც დღემდე აღინიშნება მათი რელიგიური თუ სახალხო დღესასწაულები და მნიშვნელოვანი თარიღები. „კავკასიური სახლი“ დღემდე რჩება ჩვენი ქურთების, აზერბაიჯანელების, სომხების, აფხაზების, ოსების, რუსების, უკრაინელებისა და სხვათა უსაყვარლესს ადგილად და ყველა ეს შეხვედრა და ღონისძიება უკევ 20 წელია ფინანსდება იორგ ჰენლესა და ფონდ “ჰორიზონტის” მიერ.

ბატონ იორგ ჰენლესა და ფონდი „ჰორიზონტის“ მიერ საქართველოში განხორციელებული სხვა პროექტები:

დიმიტრი ერმაკოვის ფოტო-კოლექცია

ათეული წლების განმავლობაში დიმიტრი ერმაკოვის უნიკალური ფოტო-კოლექცია ინახებოდა ს. ჯანაშიას სახელწმიფო მუზეუმის საცავებში. ფონდი“ ჰორიზონტი“ 1997 წლიდან შეუდგა კოლექციის დამუშავება-რესტავრაციას და კონსერვაციის პროექტს. მან მუზეუმში შექმნა სპეციალური ლაბორატორია. მრავალწლიანი წლიანი მუშაობის შედეგად ჰოლანდიელ სპეციალისტებთან ერთად მოხერხდა კოლექციის სრული აღდგენა და სათანადო საცავების მოწყობა მუზეუმის შენობაში. გაიმართა გამოფენები საქართველოსა და ევროპაში, გამოიცა მაღალი ხარისხის ფოტო-ალბომი.

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია

იმ დროს, როდესაც სვანეთში ასვლაც კი ერთგვარ რისკთან იყო დაკავშირებული, ბატონი ჰენლე და მისი ფონდი „ჰორიზონტის“  წევრები  ხშირად სტუმრობდნენ  ამ კუთხეს, და ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდნენ, რადგან:

1997 წლიდან 2005 წლამდე ბატონი ჰენლეს ხელმძღვანელობით ფონდმა  განახორციელა სვანეთის 14 ეკლესიის რესტავრაცია. ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად აღადგინეს და რესტავრაცია ჩაუტარეს ამ ეკლესიის ფრესკებს, მათ შორისაა მესტიის ლაღამის ეკლესია, ლატალის, კალას და იფარის ეკლესიები.

მოიძებნა და რესტავრაცია ჩაუტარდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1911 წლის ექსპედიციის დროს დაფიქსირებულ, აღწერილ და  ოჯახებში დროებით გადამალულ ხატებს.

ბატონი ჰენლე და ფონდ ჰორიზონტის სხვა წევრები საოცარი თავმდაბლობით გამოირჩევიან. ისინი არასდროს ითხოვენ  მათი სახელის აღმნიშვნელი დაფების გამოდგმას, ასევე, სხვა უამრავი ფონდისგან განსხვავებით, არასდროს მოუთხოვიათ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის აღმწერი განსაკუთრებული ინდიკატორების ჩამოთვლა;  არ მოუნდომებიათ მთავრობასთან შეხვედრები და ტელევიზიით გამოსვლები.

ბატონი იორგ ჰენლე პირადად მეგობრობდა  რამდენიმე ცნობილ ქართველ მწერალთან, მას დახმარება აღმოუჩენია ქართველი მხატვრებისა და მწერლებისათვის.

ფონდი  „ჰორიზონტი“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ეხმარება მცირერიცხოვან და თვითმყოფად ხალხებს ტრადიციული კულტურის შენარჩუნებაში, იქნება ეს რუმინეთის პატარა საქსონური სოფელი, ლათინური ამერიკის მკვიდრ მოსახლეობის ხელოვნება თუ   არქეოლოგიურ გათხრები ბულგარეთში და სხვა მრავალი. მაგრამ როგორც ბატონი იორგ ჰენლე ამბობს ხოლმე, მისი  განსაკუთრებული სიყვარული- საქართველოს, თბილისსა და ქართველებს ეკუთვნის. ამიტომაა, რომ  იორგ ჰენლესა და ფონდ ჰორიზონტის  საქველმოქმედო მოღვაწეობა საქართველოში ოც წელიწადზე მეტი ხანია რაც გრძელდება.

იორგ ალექსანდერ ჰენლეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2019 წლის 8 ივლისს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში – ორბელიანების სასახლეში. მას ბ-ნი იორგის ვაჟი, შტეფან ჰენლე დაესწრება, რომელიც შეკრებილ საზოგადოებას მამის სამადლობელ წერილს გააცნობს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და „კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე ნაირა გელაშვილი.

Comments

comments