მწვანე ეკონომიკა დეკლარირებულიდან რეალური პრიორიტეტის რანგში!

ღია წერილი საქართველოს მთავრობას

ჩვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ცოტა ხნის წინ დეკლარირებული განცხადება მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტულობის შესახებ.

დღეს უკვე საყოველთაოდ გაცნობიერებულია, რომ ეკონომიკა ვერანაირად ვერ იქნება ეკოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური სისტემებისაგან განცალკავებულ-იზოლირებული, მითუმეტეს, – მათ დაპირისპირებული. იგი არ არის და არც უნდა იყოს თვითრეგულირებადი და თვითგანვითარებადი სისტემა;

როგორც ცნობილია, პლანეტას, ბუნებრივ გარემოს და რესურსებს აქვს საზღვრები (ლიმიტები). ამიტომ ეკონომიკური სისტემის თვითნებური ზრდა გონივრული რეგულაციების გარეშე არა მხოლოდ არარაციონალური, არამედ კატასტროფულიცაა, როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ დონეებზე;

ნეოლიბერალურ იდეოლოგაზე დაფუძნებულმა ე.წ. ბრეტონ-ვუდსის პრინციპებით მართულმა მსოფლიო ეკონომიკამ გამოიწვია არა მხოლოდ ეკონომიკური კრიზისები და უკიდურესი სოციალური უთანაბრობა (სიღატაკის დაუძლევლობა), არამედ, – გლობალური ეკოლოგიური კრიზისიც მის მრავალსახოვან გამოვლინებებში: კლიმატური ცვლილებებით, ჰაერის, ნიადაგის, ოკეანეების დაბიძურებით, სასმელი წყლის დეფიციტით, ტყეების და ბიომრავალფეროვნების განადგურებით თუ ურბანისტული პრობლემებით…

ოთხმოციანი წლების ბოლოდან ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მოთხოვნების შეთანხმებული და ჰარმონიული წარმართვა, ანუ მდგრადი განვითარება გახლავთ არა მხოლოდ მეცნიერ-მკვლევართა ვიწრო ჯგუფის აზრი, არამედ მსოფლიოს პროგრესული საზოგადოებისა და პოლიტიკურ ლიდერთა უდიდესი ნაწილის შეთანხმებული მოქმედებების უმაღლესი ამოცანა;
ამ ყოველივედან გამომდინარე, სწორედ მდგრადი განვითარების პრინციპებს, ეკოლოგიურ იმპერატივებს დაქვემდებარებული ეკონომიკა შეიძლება იყოს გაგებული მწვანე ეკონომიკად.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამი ათეული წელია, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი (მწვანეთა მოძრაობა ფართო გაგებით მოიცავს საზოგადოების მრავალ ფენას) დაბეჯითებით მოითხოვდა მთავრობებისაგან ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვას გარემოსდაცვითი თუ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას, ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ კანტიკუნტად, არაადექვატურად და ზედაპირულად გაისმოდა მდგრადი განვითარების კონცეფციის აღიარება. (იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“ სახელწოდებაში „მდგრადი განვითარება“ მხოლოდ ფორმალურად იყო შეტანილი).

ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს თუ სმენია იმის შესახებ, რომ საქართველო 2015 წლიდან მიერთებულია გაეროს ქვეყნების “მდგრადი განვითარების მიზნები-2030“ (SDG) შეთანხმებას. არავინ ლაპარაკობს საჯაროდ იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული მიზნები აქვს საქართველოს იმ 17 ზოგადი მიზნიდან, რომელზეც პროგრესული მსოფლიო შეთანხმდა. რა ეტაპზეა და რა ხარისხით მიმდინარეობს შესაბამისი ქვემიზნების შესრულება? და ა.შ.

გავიხსენოთ: საქართველოს დიდ ქალაქებში (და არა მხოლოდ აქ) ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მაჩვენებლები საგანგაშოა; აბსოლუტური უკონტროლობა სუფევს შხამქიმიკატებისა და სასუქების გამოყენების სფეროში; ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ტრანსნაციონალური კორპორაციები სტიქიურად აშენებენ გიგანტურ ჰიდროელექტროსადგურებს, წყალში ძირავენ საქართველოს უნიკალური ლანდშაფტების მნიშვნელოვან ნაწილს და ანადგურებენ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრისს; ბუნებრივი წიაღისეულის ათვისება ხდება გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების უკიდურესად უხეში დარღვევით და ა.შ.

ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნისათვის დაგვიანებულ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რადგან მწვანე ეკონომიკა ჩვენი იდეალია. ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ არა უბრალოდ ეკონომიკურ ზრდას, არამედ საყოველთაო კეთილდღეობას მწვანე ეკონომიკის აღმავლობის გზით (green growth).

ჩვენ გვჭირდება:
• განახლებადი, მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგეტიკა (ჩვენ ვეთანხმებით იმ მეცნიერულ აზრს, რომ წყალი აღარ ითვლება სრულად განახლებად რესურსად);
• მდგრადი და მოსახერხებელი ინფრასტრუქტურა;
• ინკლუზიური, ინოვაციური და მდგრადი ინდუსტრიული განვითარება მ.შ. რეგენერაციული-ღია წვდომის ცირკულარული ეკონომიკის (Open Source Circular Economy, OSCE) მიდგომებითა და სტანდარტებით;
• ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი სოფლის მეურნეობა;
• მდგრადი ტრანსპორტი და სამშენებლო ინდუსტრია;
• მდგრადი სატყეო და წყლის მეურნეობა;
• ეკოტურიზმი;
• მდგრადი ქალაქები და სოფლები მწვანე და შენარჩუნებული ლანდშაფტებით;
• გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა უნდა იყოს პრინციპულად და ინსტიტუციურად მართული;
• სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი, განათლებული, დასაქმებული და სოციალურად თანასწორი საზოგადოება, სიღატაკის გარეშე;

გვინდა გვჯეროდეს, რომ პრემიერის მიერ დეკლარირებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფციის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობა წარმოადგენს შესაბამის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.

ვიმედოვნებთ, რომ:
• გაიმართება მთავრობის სამოქმედო გეგმის საჯარო პრეზენტაციები და განხილვები;
• გაიზრდება სამთავრობო სააგენტოების პასუხისმგებლობა და კონტროლი, იქნება ახალი საკანონმდებლო და მარეგულირებელი (მასტიმულირებელი) ინიციატივები;
• გაიზრდება აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების როლი და მონაწილეობა;
• გაიზრდება მოსახლეობის ცნობიერება, ინფორმირებულობა და აქტიურობა, ანგარიში გაეწევა ადგილობრივი თემების სასიცოცხლო ინტერესებს.

ჩვენი მხრივ, მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან.დარწმუნებულები ვართ, ყოველივე ზემოთქმულის განხორციელების შემთხვევაში, არცთუ დიდი ხნის შემდეგ ჩვენი ქვეყანა მოწინავე ადგილს დაიკავებს მსოფლიოს მწვანე რუკაზე.

„კავკასიური სახლის“ მწვანე პოლიტიკის პროგრამა

Comments

comments