საუბარი მწერალ ნაირა გელაშვილთან

ქალბატონო ნაირა, როგორ ფიქრობთ, პოლიტიკა  განსაზღვრავს ხალხის ცხოვრებას, თუ ცხოვრება პოლიტიკას?

ჩემი აზრით, თანაბრად. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს დროში ძალიან მძაფრად  გამოიკვეთა ის, რაც თავის დროზე ნაპოლეონმა თქვა: ბედისწერა პოლიტიკააო! მართლაც ასეა, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე  საქართველოს თავს დატეხილი უბედურებები ამდენი მსხვერპლი  (1989 წლის 9 აპრილი, სისხლიანი კონფლიქტი ოსებთან, აფხაზეთის ომი,  სააკაშვილის  სისხლიანი რეპრესიები: 7 ნოემბერი, 6 ივნისი, 26 მაისი; 2008 წლის ომი; ოცნებისეული 20 ივნისი, სულ პოლიტიკოსების დამსახურებაა!  მაგრამ „პოლიტიკოსები“ ჩვეულებრივ, კარგად  გრძნობენ, რა გაუვათ ხალხთან, რითი შეუძლიათ ხალხის მოხიბვლა, თუ მოტყუება, ან რას შეეგუება საზოგადოება.

რაც შეეხება ქართულ ოპოზიციას, მღვდელ გაპონს ამათზე ერთგული მემკვიდრე და მიმდევარი არ გასჩენია. მას  მუდამ  (არასაკმარისად  დაკვირვებული) ხალხი მიჰყავს სამსხვერპლოზე ზვარაკად, დარწმუნებულს, რომ ადვილად მოახდენს ძალადობის  პროვოცირებას და სისხლის ტალღაზე ადვილად შეცურდება სასახლეში. ასე იყო 9 აპრილს, 26 მაისს, 20 ივნისს…   პროვოკაციის გარდა არაფერი შეეძლოთ და შეუძლიათ. ამ ხალხმაც ვეღარ ისწავლა ჭკუა! მოკლედ, რაც ხელისუფლება, ის ოპოზიცია! რაც ერი, ის ბერი და ის პოლიტიკოსები. (ჰო, ზოგჯერ ხელისუფლება ჯობია ხალხს: მაგალითად: ხელისუფლება ასუფთავებს ქუჩებს, ხალხი კი ქუჩებს, ეზოებსა და სადარბაზოებს ნაგვით ავსებს, ასეთ ხალხს არც ხელისუფლება სცემს პატივს).

დიახ. ეგ ნამდვილად მასეა.  მაგრამ რას ფიქრობთ, რეალურად  რა  და ვინ მართავს ჩვენს ქვეყანას? ამის შესახებ რა აზრს აღარ გადააწყდებით ჩვენს მედიასა თუ სოციალურ ქსელებში.

უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველოში არც პოლიტიკა  არსებობს და არც პოლიტიკური პარტიები არსებობენ. არც ხელისუფლებაა და არც ოპოზიცია. მათ უბრალოდ ასე ჰქვიათ.  საქართველოში რეალურად არსებობს და ყველაფერს წარმართავს ავადხსენებული ველური კაპიტალიზმი, კაპიტალიზმი ქვისა და რკინის სახით; უწესო, ცრუ და უმოწყალო,  რომელიც არ სცნობს არც კანონს, არც სამშობლოს, არც ადამიანს, არც სასიცოცხლო სივრცეს, არც არანაირ სულიერ ღირებულებას. აღიარებს მხოლოდ ფულს, კარიერას, მოგებას ნებისმიერი საშუალებით. აი, ამ ფენომენის არაადამიანურ გრიმასას ყოველ წუთს ვხედავთ, ყოველ წუთს თვალებში გვიყურებს. ქვეყანას მართავს საგანგებოდ შექმნილი და გადანახული კომპრომატები, კორუფცია (ფელინის სიტყვებით „ჩვენი საზოგადოების ცემენტი“), უზარმაზარი წურბელები: ბანკები. დედაქალაქის მთავარ შემოსასვლელში, ყოვლად სამარცხვინოდ, კაზინოების უზარმაზარი სარეკლამო ბანერები  გვეგებება, რაც ნიშნავს: „კეთილი იყოს  თქვენი მობრძანება „ბანანის რესპუბლიკაში“ (ო’ჰენრი რომ გავიხსენოთ).

და რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს საქმედ გაიხადოს ის, რისი ნიჭიც არა აქვს? პოლიტიკოსებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში.

რა ნიჭი? ქვეყანაში, რამდენი ხანია,  უმუშევრობაა, სიღარიბეა,  თანდათან უამრავი  დეკვალიფიცირებული და საქმეს აცდენილი ადამიანი დაგროვდა. წესიერი შრომით თავს  ძლივს თუ შეინახავ. რა უნდა ქნან? მათგან მავანნი, ყველაზე უფრო  ელასტიურები,  რაღაც ჯგუფებს, ვითომ პარტიებს ქმნიან და  ე. წ. პოლიტიკაში მიდიან მუქთა ხელფასის, ათასგვარი პრივილეგიების, გავლენებისა და შემდეგ დიდი პენსიის მოსაპოვებლად. ამათგან  უმეტესობა სამსახურში უდგება  ადგილობრივ თუ  გლობალურ კაპიტალიზმს, ბანკებს, რაღაც კორპორაციებს. ანდა,  თავად კაპიტალდამგროვებლები, მილიონრები, ბანკირები,  მევახშეები, უმეტესად  გაუნათლებელი ხალხი ჯდება პარლამენტში და თავად  მფარველობს თავის  ბიზნესს: ბიზნესს, რომელიც, ჩვეულებრივ, ადამიანის, ბუნებისა და ქვეყნის  წინააღმდეგ არის მიმართული. ეს პარტიული და ფინანსური კლანები თავიანთ ტელევიზიებთან ერთად სრულიად ჩაკეტილ, მრუდე და უმომავლო სივრცეს ქმნიან. ერთი ნახეთ, რა უგემოვნობა, უმეცრება  და ვულგარულობაა მაგათ ტელევიზიებში გაბატონებული! ფსიქიური აშლილობის ზღვარს რომ უახლოვდება. შემთხვევით  ჩართავ და გგონია, რომ ან ფსიქიტრიული კლინიკის ფილიალში მოხვდი, ან საჯარო სახლის. ტელეწამყვანების გონებრივ შეზღუდულობასა და რეტროგრადულობას ხომ საზღვარი აღარა აქვს!

ჩვენი საზოგადოების  შემხედვარეს  ძველი ჩინური  ნათქვამი მახსენდება: „სირცხვილია იყო მდიდარი იქ, სადაც კანონი არ მოქმედებს, და სირცხვილია  ღარიბად დარჩე იქ, სადაც სამართალია“.

ბოლო ხანებში საქართველოში განვითარებულმა  პოლიტიკურმა, უფრო სწორად ფსევდოპოლიტიკურმა პროცესებმა საერთაშორისო მასშტაბი მიიღო… რაღაცნაირად მაინც უნდა შეაფასდეს ალბათ…

რა უნდა ვთქვათ. უღირსობისა და უთავმოყვარეობის  ყველა რეკორდი მოხსნა ე.წ. ოპოზიციამ ამ ბოლო ექვს თვეში: მთლიანად  შეერწყა  ყოფილ ქართულ ფაშიზმს,  ანუ    „ნაციონალურ (სინამდვილეში ანტინაციონალურ) მოძრაობას“,   გამოფიტული  კურტიზანი ქალივით ბოლომდე დანებდა  მანიაკალური პარანოიით  შეპყრობილ ძებნილ  ლიდერს; დაიხვია თავზე ევროპა და ამერიკა, არბენინა ელჩები და დესპანები წინ და უკან; ახვეწნინა და ამუდარებინა, შედით პარლამენტში,  რომ დროზე დაიწყოს  ხელისუფლებამ მუშაობაო, მაგრამ  ისინი  უთავმოყვარეოდ   გაჯიქდნენ, რადგან მონუსხულებივით მისჩერებოდნენ  სამშობლოს უარმყოფელი,  აწ უკრაინელი დირიჟორის  ხელების ქნევას.  ბოლოს კი, აი, ასე  ცხვრებივით  შელაგდნენ პარლამენტში! მოკლედ, „ოპოზიციამ“  ისევე მოგვჭრა თავი ქვეყნის შიგნით,  როგორც ქვეყნის გარეთ   ქართულმა კრიმინალურმა სამყარომ, კანონიერი ქურდების  საძმოებმა, ევროპის ქალაქები რომ აიკლეს ძარცვით. გარშემო ქვეყანა იქცევა, აქეთ ყარაბაღის ამბები, სამხრეთ კავკასიაში ძალთა ასეთი გადანაწილება, იქით ისრაელ-პალესტინის ეს საშინელი სამხედრო დაპირისპირება, უდიდესი საშიშროება  თავად სიცოცხლისათვის მთელ პლანეტაზე: გლობალური დათბობა და ეკოლოგიური კატასტროფები. და  ვერცერთი ჩვენი ოპოზიციონერისა თუ ხელისუფალის სახეზე  ვერ წაიკითხავთ, რომ გრძნობენ, სად და როდის ცხოვრობენ, რომ ოდნავ მაინც გრძნობენ ხდომილებასა და საფრთხეებს.

თქვენი აზრით, „ქართული ოცნება”  როგორ უნდა მოქცეულიყო? რა არ შეეძლო? რა შეეძლო და ვერ გააკეთა

ხელისუფლება  რაღაცას  არ აკეთებს, თუ ვერ აკეთებს, ძნელი დასადგენია, რადგან ჩვენ კულუარებს ვერ ვხედავთ.  მაგრამ ჩვენ  ვიცით, თუ რა  უ ნ დ ა  გააკეთოს, რა ვალდებულება აქვს, რა  სჭირდება ქვეყანას და საზოგადოებას, რომელმაც ის გარკვეული პირობით აირჩია და დაიქირავა. მერე ისტორიას მიზეზები აღარ აინტერესებს, რა რატომ ვერ გააკეთე.

ძლივს მოვესწარით იმას, რომ ეს ყოვლად  დესტრუქციული,  დამნაშავე  ნაციონალური მოძრაობა აღარ უნდა გვეხილა პარლამენტში!  საზოგადოება ზეიმობდა, გვეშველაო.  არა! გინდა თუ არა, უამათოდ ერთი დღე არ უნდა ისუნთქოთო! – ბრძანეს გარედან. და ქართულმა ოცნებამაც, უკვე, კარგა ხანია,  გვარიანად გარიგებულ-შერიგებულ- მორიგებულმა თავის მეტოქესთან,  კარგად მორგებულმა ამ თავის სიამის ტყუპისცალს,   ყელი გამოიღადრა ხვეწნა-მუდარით: შემოდით და შემოდითო. შევხედოთ ახლა ამას არა თანამეხროვე პოლიტიკური სტანდარტებით, არამედ ელემენტარული ლოგიკით:  ჯერ იყო და ეს დამნაშავე ძალა ვერ თუ არ გაასამართლე და ვერ აკრძალე, რასაც 2012 წელს დაპირდი შენს ქვეყანას. ბოლო  რვა  წელი „ნაცების“ ზნეობრივმა უტიფრობამ პარლამენტსა და მედიაში მათგან ნაწამებ, გაძარცულ, შეურაცხყოფილ ხალხს,  ყველა  ღირსებაშენარჩუნებულ ადამიანს კანი გადააცალა ნერვებზე! მოხდა სასწაული,  თვითონვე ამბობენ უარს პარლამენტში შემოსვლაზე და შენ კალთებს ახევ, შემოდიო?!  რატომღა სთხოვ საზოგადოებას, გენდოს და პატივს გცემდეს

ჩვენთვის, ხალხისთვის,  ყველაზე კარგი, რაც შეიძლებოდა ამ  ბალაგანიდან  გამომდნარიყო, ის იყო, რომ  ქართულ ოცნებას არ მიექცია  ყურადღება არავისთვის  (გარეთებისთვის თუ შიგნითებისთვის),  მიეღო კანონი და დეპუტატთა რიცხვი შეემცირებინა. რად უნდა ჩვენს პატარა ქვეყანას 150 დეპუტატი, საიდანაც აბსოლუტურ უმრავლესობას ტყუილად ვარჩენთ 150 – ის ნაცვლად 80 რომ გვყოლოდა სარჩენი, სიტყვაზე, ხომ რაღაც ხეირს მაინც ნახავდა ქვეყანა ? „ოოო, ეს ხომ უკანონობა იქნებოდა! ერთპარტიული პარლამენტი როგორ, როგორ  შეიძლება!“-   ის ხომ შეიძლება, პარლამენტში მკვლელები, მძარცველები, პატიმრების მწამებლები და მათი  ლეღვის ფოთლები  რომ ისხდნენ! ჰოდა, სხედან ახლა. მაგრამ საიდან ქართულ ოცნებაში ასეთი პიროვნული ძალა და გაბედულება!

და რაც მთავარია: გინდა  ოცი პარტია იჯდეს ახლანდელ  ქართულ პარლამენტში, შინაარსობრივად ის მაინც ერთპარტიული გამოვა, რადგან ყველა პოლიტიკური ძალა თუ ერთეული კლანურ-ოლიგარქიულ კაპიტალიზმს ემსახურება, ან თავად  წარმოადგენს მას. აბა, მითხარით, რა იდეები აქვთ? განა იქ  სერიოზული აზრებისა და იდეების უანგარო  ჭიდილისთვის მოგიკრავთ თვალი თუ ყური? ზოგადი განათლება და აზროვნების უნარი დაგილანდავთ?

ერთი სიტყვით, არაფერი ნამდვილი პარლამენტში  და მათ პარტიულ ტელევიზიებში არ ხდება და არ მოხდება.

და სად ხდება „ნამდვილი“ ჩვენს სინამდვილეში?     

რიონის ხეობაში. განგების ძალით აქ რაღაც სასწაული აღმოცენდა ხალხის წიაღიდან: ნამდვილი, სუფთა, წრფელი სულისკვეთება ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ თავის ხეობას კი არ იცავენ წყალში ჩაძირვისაგან, სინამდვილეში საქართველოს გადარჩენას ეწირებიან. ნამოხვანის მოვლენამ გააჩინა უზუსტესი წყალგამყოფი:  მომავალი  საქართველოს მოქალაქეებად მხოლოდ ისინი გამოდგებიან, ვინც დღეს გულწრფელად და საქმის ცოდნით ეწინააღმდეგება  ამ მოღალატეობრივ ხელშეკრულებას თურქულ მხარესთან, ჩვენი ულამაზესი მიწა-წყლის  გაყიდვას, აოხრებასა და წყალში სამუდამოდ ჩაძირვას.  აი, შეხედეთ და დაინახავთ, ვინ საით დგას.

ბევრს არ ესმის,  რატომ  ემსახურება რიონის ხეობის მცველთა პროტესტი მთელი საქართველოს გადარჩენას?

იმიტომ რომ, ახლანდელი  ხელისუფლება მხოლოდ  გიგანტური  ნამოხვანჰესით, ხუდონჰესით და ნენსკრაჰესით კი არ ანადგურებს საქართველოს ბუნებას, არამედ ასორმოცდაათამდე ჰესის აშენება ანუ ყველა მდინარისა და შენაკადის დაგუბება  აქვს გადაწყვეტილი! და ეს გეგმა, რომელიც ტექნოკრატიული შიზოფრენიის მანიფესტაციაა და საქართველოს სრული ეკოლოგიური კატასტროფით ემუქრება, თავის დროზე სააკაშვილის თავში აღმოცენდა! სხვა რაღა საბუთი გინდათ იმის დასამტკიცებლად, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მსოფლმხედველობრივად არავითარი განსხვავება არ არის!  ორივენი  ცხონებული  მულტიმილიონერის, კახა ბენდუქიძის, მიერ  ნაზეიმებ  „ოქროს ხბოს“  შეჰბღავიან ხბოს აღტაცებით და თავში არაფერი ებადებათ   აღვირახსნილი „თავისუფალი ბაზრის“ , „ყველაფერი იყიდება“ -ს ფილოსოფიის გარდა. ხომ გახსოვთ, რას ღაღადებდა ბატონი კახა: საქართველოს არაფერი აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავყიდოთ, სინდისის გარდაო!  ანუ იმის გარდა, რაც მათ არ გააჩნდათ. და აი, შედეგიც ამ ჩარჩ-ვაჭრობისა,  ფულისა და მოგების კულტისა:  მთელი საქართველო გაყიდულია! გარეჯიცა და რიონის ხეობაც! საყდრისი კი – მსოფლიო კულტურის უნიკალური განძი – აფეთქებულია! საერთოდ, საქართველოს ხალხმა ჯერ არც იცის, რისი მფლობელია კიდევ, რა დარჩა, როცა ამას გამოვარკვევთ, უკვე გვიან იქნება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს  ეკონომიკის მინისტრ  ნათია თურნავას მედგარი სახება: შევარდნაძის პერიოდიდან მოკიდებული, ეს ქალბატონი სულ საქართველოს ეკონომიკის სფეროში ტრიალებს  (როგორც ამბობენ, მოსკოვის  ხელშეწყობითაც) და სულ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. შეგახსენებთ: ის კახა ბენდუქიძის მოადგილეც იყო. ნაცვლად იმისა, რომ პასუხი ეგო  ჩვენი ეკონომიკის სრულ დაცემაზე და ხალხის გაღატაკებაზე,  ისევ წარბშეუხრელად  აგრძელებს თავის ანტიხალხურ თეორიასა და პრაქტიკას. ის გახლდათ ძმებ ბეჟუაშვილების კომპანიის წამყვანი მუშაკიც და თავის კომპანიასთან ერთად მშვიდად გადადიოდა ტყიბულელ მეშახტეთა გვამებზე. ასე მგონია, თვეში ერთხელ მაინც, სავსე მთვარეობისას (რამდენიმე მსხვილი ქოცისა და  ნაცის ამალით), მუხლს იყრის  კახა ბენდუქიძის საფლავზე და შეჰღაღადებს:  „ოოო! ამ თვეში რიონის ხეობა  გავყიდეთ, დიდო მაგისტრო! იმ თვეში  მთელ რაჭას  მივაყოლებთ!“  და ოოოო!  გაისმის ავსულთა ხმები მთვარიანი ღამიდან. მერე კი  სამთავრობო  ეთერში აბარებს პატაკს  ცოცხალ პატრონებს და მისი ყოველი მესამე სიტყვა ან სიცრუეა ან უმეცრება.  ნახეთ, რამდენ უსულგულო უაზრობას აფრქვევს! ხოლო შალვა რამიშვილი, მაგალითად, რაინდულად გადაეფარება ხოლმე  ქალბატონ მინისტრისაკენ გასროლილ ისრებს.

და რას ფიქრობთ, მაინც რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს რიონის ხეობის მცველთა პროტესტი? მოხდება ხელისუფლებასა და ხალხს შორის შეთანხმება?

ამისთვის საჭიროა  გონიერება, სიმამაცე და კეთილი ნება, რაც  ხელისუფლებას არ გააჩნია.

„ქართულმა ოცნებამ“  სწორედ აქ ჩამოიხსნა საბოლოოდ თავისი ნიღაბი: თავზე გადაგვახია კონსტიტუცია,  მშვიდობიან მომიტინგეებს, ამ კეთილშობილ ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება  მშობლიური კუთხის  გაპარტახებას და წყალში ჩაძირვას,  პოლიციის უზარმაზარი რაზმით  დაესხა თავს, მოახდინა მათი  და ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაცია, გარეკა ხეობის მცველნი, აღუმართა წინ რკინის ჯებირები, აუკრძალა მოძრაობა და გადაადგილება, და მცველად დაუდგა ამ ყოვლად საეჭვო თურქულ კომპანია „ენკას“, რომ მან თავისუფლად  ანგრიოს  და აფეთქოს, მერე კი წყალში ჩაძიროს  ჩვენი სამშობლოს ულამაზესი კუთხე, ტყეებიანად, საფლავებიანად, საყდრებიან-სალოცავებიანად, იშვიათი ძირის ენდემური ვაზის ჯიშებიანად. რასაც ის აკეთებს კიდეც, კლდეებს და მთებს ანგრევს და გვირაბები გაჰყავს. მიუხედავად ბატონ ღარიბაშვილის ოფიციალური განცხადებისა, ასეთი სამუშაოები შეჩერებული იქნება კვლევების ჩატარებამდეო!

თქვენ ამბობთ, რომ პრემიერმა შეგნებულად მოიტყუა?

ქართულმა ოცნებამ, ისევე როგორც  „ნაციონალურმა მოძრაობამ“,  სიცრუით დაიწყო და სახელმწიფოს ღალატით დაამთავრა. რადგან: თურქულ კომპანია  „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულება, რომლის ძალითაც თურქულ მხარეს მთელი საუკუნით გადაეცემა ლეჩხუმისა და იმერეთის ამხელა ტერიტორია – გიგანტური ჰესის აშენების, ანუ  უნიკალური ბუნების  აფეთქების, ნგრევისა და წყალში ჩაძირვის უფლებით, სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს ღალატი. ჩემს ვიდეომიმართვაში ხელისუფლებისადმი, სადაც რიონის ხეობაში მისი ანტიკონსიტუციური ქმედებები  და თურქულ მხარესთან დადებული ხელშეკრულება გავაკრიტიკე, ვთქვი, რომ თვით ბებერი, ხელიდან წასული სუტენიორი არ ჩააგდებდა ლამაზ ქალს ხარბი მუშტრების ხელში სიტყვებით: „რაც გინდა, ის უქენითო“, როგორც  გიორგი გახარიამ, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ჩაუგდეს ხელში ჩვენი სამშობლოს ულამაზესი კუთხე თურქულ მხარეს მთელი საუკუნით ხელში. ხელშეკრულებას ხელს ესენი აწერენ: გიორგი გახარია, ნათია თურნავა და  ლევან დავითაშვილი. მაგრამ მაგათ უკან ვინ დგას, ამაზე ხალხში სხვადასხვა აზრი არსებობს.

მკითხველმა ისიც უნდა იცოდეს, რომ ნამოხვანჰესის პროექტი საბჭოთა დროს, 80-იან წლებში  ჩაისახა და მის გატანას ცდილობდნენ კომუნისტი საქმოსნები, დიდი ფულის მკეთებელი ტექნოკრატები. მაგრამ მაშინდელი შესანიშნავი და პატიოსანი ენერგეტიკოსების ერთმა ჯგუფმა, საბჭოთა კავშირის დამსახურებული ენერგეტიკოსის ლევან ასათიანის მეთაურობით, დაადგინა, რომ იმ ადგილას ჰესის აშენება დაუშვებელი იყო, რადგან აუცილებლად გამოიწვევდა ეკოლოგიურ კატასტროფას.  ამ მაღალი რანგის სპეციალისტებმა იბრძოლეს და ეს დამანგრეველი პროექტი დროებით  გააჩერეს, რომლის გატანასაც მაშინაც, ისევე როგორც ახლა,  ბ-ნ ანზორ ჭითანავაც ცდილობდა. ამაზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ კავკასიური სახლის მიერ გადაღებულ ვიდეოფილმში „ხუდონჰესი – საქართველოს ბედისწერა“ ფეისბუქზე. შემდეგ, ეს დაწუნებული საბჭოთა პროექტები სააკაშვილის დროს ენერგეტიკის სამინისტროდან გაგზავნილმა ნიღბოსანმა ბანდიტებმა გაიტაცეს „საქენერგოპროექტიდან“ , გადააკეთ-გადმოაკეთეს და დაიწყეს რეალიზება. აი, რასთან გვაქვს საქმე!

მაგრამ ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ეს ჰესები სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის, რადგან ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

რაღაც ხომ უნდა თქვან. აბა იმას ხომ არ იტყვიან, ჩვენი ჯიბეების ამოსავსებად, ან ჩვენი  ოლიგარქების ბიტკოინების ასამუშავებლად არის საჭიროო? მაგათი „ენერგოდამოუკიდებლობა“ არის ერთი დიდი ბლეფი. ეს ნამოხვანჰესის პროექტი  უკვე მთლიანად გაშიფრული და მხილებულია  გარემოსდამცველებისა და სხვადა- სხვა დარგის მეცნიერთა  მიერ, როგორც ყველანაირად: ეკოლოგიურად, ეკონომიკურად, სოციალურად  წამგებიანი და ზიანის მომტანი.

კიდევ ერთხელ ვეკითხებით ხელისუფლებას: რომელ სფეროში ვართ დამოუკიდებელი? ყველაზე მთავარი, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი არის დამოუკიდებლობა საკვები პროდუქტების წარმოების სფეროში. საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილია, რომ თუ სურსათის იმპორტი აღემატება 30% -ს, ეს ნიშნავს რომ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში სრულიად დაუცველი ხარ.  დიდი ხიფათის წინაშე დგახარ. გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს უნდა შეეძლოს მოსახლეობის რაიმენაირად გამოკვება. ეს ახლანდელმა პანდემიამაც გაგვახსენა. ჩვენთან კი რა ხდება? სტაფილოსა და ხახვსაც კი სხვა ქვეყნებიდან  ვეზიდებით. ის არ არის საშიში, რომ იმპორტირებული ხორბლის თითქმის  99%  რუსეთიდან შემოგვაქვს, რისთვისაც მას 107 მილიონზე მეტ დოლარს ვუხდით  წელიწადში?

როგორც შესანიშნავმა ეკონომისტებმა და გარემოს დამცველებმა (დავით ადეიშვილმა, დავით ჭიპაშვილმა და სხვებმა) დაადგინეს, სწორედ ელექტროენერგიაა, რაც საკმარისად გვაქვს, და სულაც არ გვექცევა ამ სფეროში ქვეყანა თავზე! შეგვიძლია სხვა ნორმალური ქვეყნებივით ნელ-ნელა გადავიდეთ მზისა და ქარის ენერგიის ათვისებაზე. ნაწილობრივ ძველი, გაუქმებული ჰესებიც აღვადგინოთ, თბოელექტრო სადგურიც ჩავრთოთ, დენის გადამცემი ხაზები გავაახლოთ, რომ ამდენი ენერგია იქ არ იკარგებოდეს და ბუნება არ გავანადგუროთ!

მაგრამ არა! მაინცდამაინც გიგანტურ ჰესებს მიახტნენ! იმიტომ რომ აქ ბევრი ფული კეთდება.

ხოლოს სოფლის მეურნეობას კი იმიტომ არ ავითარებენ, რომ საქართველოს მიწა-წყლის გაყიდვით შოულობენ ფულს! მდინარეებსაც ყიდიან და მიწასაც! აი, მთელი საიდუმლო.

და მაინც რას გულისხმობთ, რომელი სიცრუით დაიწყო ქართულმა ოცნებამ? თქვენ ხომ მისი მხარდამჭერი იყავით?დიახ, ვიყავი და ახლა ამ ყველაფერს დიდი გულისტკივილით ვამბობ. პირველი სიცრუე, როგორც უკვე ვთქვით ზემოთ, და როგორც დღეს ბავშვმაც  იცის, გახლავთ თანამშრომლობა დამნაშავე პოლიტიკურ ძალასთან, ანუ კოჰაბიტაცია, რაც იყო და არის მოწოდება ხალხისადმი ზნეობრივი პრინციპების ფეხით გაქელვისაკენ. საზოგადოების ზნეობრივი გადაგვარების სტიმულირება კი  უდიდეს დანაშაულს წარმოადგენს. ამან დაღუპა  ქვეყანა ფაქტობრივად.

რაც შეეხება მეორე სიცრუეს, ამაზე ცოტა უფრო ვრცლად მოგახსენებთ. მანამდე კი დაგისვამთ  ასეთ შეკითხვას. აბა, გამოიცანით, რომელ დოკუმენტში შეიძლება ეწეროს ასეთი რამ: საქართველოს მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია მისი ბუნების დაცვა-გადარჩენა და  „სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების აკრძალვა!“

ვერ გეტყვით…

აი,  ეს შავით თეთრზე წერია „ქართული ოცნების“  წინასაარჩევნო პროგრამაში, (თავი 4, გვ. 55) რომელმაც 2012 წელს ათასობით ადამიანი აღაფრთოვანა  და გაიყოლა!

განა  2012 წლის არჩევნების წინ  (27 ივლისს) თავად „ქართული ოცნების“ სულისჩამდგმელი არ  ეწვია სოფელ ხაიშს?  განა სწორედ მან არ დაგმო საჯაროდ  ხალხის წინაშე  სააკაშვილის  ველური გეგმა:  ხუდონჰესის აშენება, ანუ 500 ჰექტარი ფართობის    წყალში ჩაძირვა და 1548 ჰექტარი  უნიკალური ბუნების ნგრევის ზონაში მოქცევა! განა მან არ ბრძანა: „რად გვინდა  ჰესი, თუ ხალხს საცხოვრისი დავუნგრიეთ და ავყარეთო“,  თუ ეს მოლანდება იყო?

და პირველად როდის გაცხადდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რადიკალურად შეიცვალა კურსი და თავისი ეს დანაპირები უარყო?

ფაქტობრივად მაშინვე.  როდესაც  არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“,    2012 წელს, ენერგეტიკის მინისტრად  ყოფილი ფეხბურთელი, კახი კალაძე დანიშნა, ჩვენი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილისათვის ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მთელი ეს მსოფლმხედველობრივი ეკოლოგიური მანიფესტი  პოლიტიკური  ფარსი იყო და სხვა არაფერი!

ყოველგვარი  დარგობრივი თუ  ჰუმანიტარული განათლებისაგან უკიდურესად შორს მდგარი სპორტსმენის  დანიშვნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამინისტროს  ხელმძღვანელად,  ნიშნავდა, რომ „ქართულ ოცნებას  სახელმწიფოს მართვისთვის არც მეცნიერება მიაჩნდა საჭიროდ, არც ცოდნა-განათლება, არც გამოცდილება და არც  სამშობლოს სიყვარული! საჭიროდ მიაჩნდა  მხოლოდ პარტიული ერთგულება და პირადი ბიზნესინტერესებით  ნასაზრდოები მარიფათი  ფულის საშოვნელად.  ეს ნიშნავდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არც სურვილი ჰქონდა და არც უნარი, გამიჯვნოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებულ უბირ, ფეოდალურ კაპიტალიზმს, რომელსაც არანაირი  იდეალი და მსოფლმხედველობა არ გააჩნდა ადამიანისა და ბუნების დაკაბალების, ქვეყნის მისხალ-მისხალ გაყიდვის გარდა.

(მაშინ პირველად ჩავთვალე საჭიროდ, ვიდეომიმართვით პროტესტი გამომეხატა „ქართული ოცნების“ მიმართ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პიროვნულ თუ საერთო-სახალხო პროტესტებს  მისთვის, ისევე როგორც „ნაცმოძისათვის“ ჩალის ფასი ჰქონდა).

ზემოხსნებული  წინასაარჩევნო პროგრამაში სააკაშვილის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გატარებული და ის დახასიათებულია, როგორც  „ერთჯერადი ფინანსური, მათ შორის კორუფციული რესურსების მობილიზება ბუნებრივი რესურსების მტაცებლური ექსპლუატაციისა და გარემოს განადგურების გზით“ (თავი 4, გვ. 53).

ზუსტად „ბუნებრივი რესურსების მტაცებლური ექსპლუატაციისა და გარემოს განადგურების გზას“ დაადგა  ძალა, რომელსაც ამდენი ნათელი გეგმა, ამდენი იმედი და ნდობა დაუკავშირდა (მოუნდება კი  ოდესმე „ქართულ ოცნებას“ იმის გააზრება, რატომ დაარქვეს მას თავად მისმა მხარდამჭერებმაც, ასე მალე,  უპატივცემულობის გამომხატველი „ქოცები“?)

მაგრამ ენერგეტიკის სამინისტრო ხომ ეკონომიკური განვითარების კონცეფციას უნდა დაყრდნობოდა. მისგან მოწყვეტით, სტიქიურად ხომ არ იმოქმედებდა?   

საქმეც ეს არის. აღარ შეგვიძლია სულ ერთსა და იმავეზე ლაპარაკი უკვე ლამის ოცდაათი წელია! ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სერიოზული კონცეფცია დღესაც არა გვაქვს. მოკლედ, ენერგეტიკის სამინისტროს მმართველი სამეული,  კახი კალაძის, ილია ელოშვილის, მარიამ ვალიშვილის შემადგენლობით, ენერგიულად შეუდგა „უცხო ინვესტიციების მოზიდვას“ , რაც, როგორც დღეს უკვე ყველამ ვიცით,  ფაქტობრივად,  საქართველოს  მიწა-წყლის ჩალის ფასად გაყიდვასა და გაპარტახებას, ანუ ბენდუქიძე-სააკაშვილის  „ეკონომიკური ფილოსოფიის“ გაგრძელებას ნიშნავდა.

ისევე როგორც თავის დროზე (2011)  „ნაციონალურმა მოძრაობამ“,  კალაძის სამინისტრომაც  (2013) ააღორძინა გიგანტური  ხუდონჰესის საბჭოთა პროექტი, ანუ ხაიშიდან მესტიამდე სვანეთის წყალში ჩაძირვის გეგმა. საბჭოთა კორუმპირებული ტექნოკრატიის ოცნება, რომლის  ჩაშლასაც  90-იან წლებში მთელი ქართული საზოგადოების, სახელგანთქმული  მეცნიერების (მერაბ ალექსიძის, გივი თუმანიშვილის, გიორგი  ნახუცრიშვილის, შოთა ადამიას, ემილ კობახიძის, გივი გიგინეიშვილის და სხვ.), მწვანეთა მოძრაობის, ფილოსოფოსების, ხელოვანებისა თუ სტუდენტების უდიდესი ენერგია და დრო შეეწირა. ქართველი ხალხის ამ ერთ-ერთ ყველაზე ამაღლებულ მონაპოვარს  ზედ დააფურთხეს ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ და შემდეგ  „ქართული ოცნების“  სრულიად გაუნათლებელმა კაპიტალდამგროვებელმა ბურჯებმა.

იცით, რა, კარგი იქნება, თუ შეგიძლიათ, თანმიმდევრულად აღგვიწეროთ ჰესებთან დაკავშირებული მოვლენები, რა როდის ხდებოდა, მოქალაქეებმა გაფანტულად იციან მთელი რიგი ფაქტები და ბევრს უჭირს საერთო სურათის დანახვა.

შევეცდები. მაშასადამე, ქართული ოცნების ენერგიული სამეულის (კალაძე-ელოშვილ-ვალიშვილის) წყალობით,  თავიდან გაცოცხლდა ხაიშელი ბავშვებისა და დიდების შიში  აყრისა და გასახლების,  მათი მშობლიური სოფლის (და მიმდებარე დასახლებების)  წყალში ჩაძირვის წინაშე; ძველი შიში, უძილო ღამეები,  ტანჯვა, შეურაცხყოფის განცდა, რაც გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში  გიგანტომანიით შეპყრობილმა, უმოწყალო საბჭოთა მაფიამ დაატეხა თავს.

მაგრამ რა არის იცით, მთავარი პრობლემა? საზოგადოების არაპრინციპულობა. რატომ მაშინვე არ მოსთხოვა პასუხი ამომრჩეველმა  „ქართულ ოცნებას“, როცა  ეს უკანასკნელი თავისი ძალიან პროგრესული  საარჩევნო პროგრამის, თავისი დაპირებების  გაბათილებას შეუდგა და არა მხოლოდ მართლმსაჯულებისა და  გარემოსდაცვით სფეროებში?

დაღლილი, დასუსტებული საზოგადოების  სულიერ მდგომარეობა, პასიურობა გასაგებია. მაგრამ კანონი ხომ უნდა იცავდეს ბუნებასაც და ადამიანსაც?

შევარდნაძის დროს მოქმედებდა ძალიან კარგი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა. მერე ეს გააუქმა სააკაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ აღარ აღადგინა, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ისიც სააკაშვილის ანტიეკოლოგიური ეკონომიკური კურსის გაგრძელებას გეგმავდა.

ასეთი „ეკონომიკური სტრატეგიები“  ჩამორჩენილი (განუვითარებელი თუ განვითარებადი) ქვეყნების კლანურ ელიტებს ახასიათებთ: მათ, ვისაც არ შეუძლიათ  საკუთარი ქვეყნის წინსვლა  შიდა- ინტელექტუალური, სამეცნიერო რესურსების მობილიზებასა და ჰუმანისტურ იდეალებს დააყრდნონ,  შემოქმედებითად შეიმუშავონ  განვითარების ისეთი კონცეფცია, რომელიც შესაბამისობაში იქნება დღევანდელი მოწინავე მსოფლიოს, ევროკავშირის სტანდარტებთან და შიმშილსა და სიღატაკეს ისე აღმოფხვრის, რომ არც მიწა-წყალს  გაყიდის კაპიკებად,  არც ბუნებას მოსპობს და  არც ადამიანს.  დღევანდელმა დიდმა მეცნიერებმა იციან, რომ შესაძლებელია, მაგრამ  ამას ცოდნა, ნიჭი და პატიოსანი შრომა სჭირდება.  ყველაფრის გაყიდვა და საკუთარი ჯიბეების ამოვსება კი ამ ყველაფრის გარეშეც მშვენივრად ხერხდება.

ამიტომ არის საქართველოს წინა და ახლანდელი პოლიტელიტების კურსი თავისი არსით პარაზიტულ-მტაცებლური. თავიანთი  ინტელექტუალური  სიმწირის შედეგად ისინი არაფერს არ ქმნიან:  ღმერთის შექმნილი, მზამზარეულად არსებული ბუნების გაყიდვითა და ექსპლუატაციით მდიდრდებიან. ეს კი უბედურებათა ჯაჭვის საწინდარია და ეს  ჯაჭვი უკვე სახეზეა.

რომელ  ჯაჭვს გულისხმობთ? და როდიდან გაიბა ეს ჯაჭვი?

ჰოდა, აი, ახლა  თანმიმდევრულად ჩამოგითვლით მოვლენებს, რომლებსაც საქართველოს დედაქალაქი მაინცდამაინც არ აუღელვებია, რადგან თბილისი, დიდი ხანია, ვეღარ ასრულებს დედაქალაქის ფუნქციას შინაგანი გამოფიტვის გამო, რამაც  მისი თვალსაწიერი უკიდურესად დაავიწროვა და  საქართველოს კუთხეები, ჩვენი მიწა-წყალი დამნახველისა და პატრონის გარეშე დატოვა. დედაქალაქი ახლა ქუთაისი უფროა.

აბა, ვნახოთ,  როგორ განვითარდა ეს „ენერგოდამოუკიდებლობის“ სტრატეგია:  დავიწყოთ  სვანეთით, ხუდონჰესით.

2011 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ  ქვემო სვანეთის  უზარმაზარი ფართობი 1400 ჰექტარზე მეტი ფართობი  1 დოლარად  (!!!) გადასცა  „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედს“ –  ოფშორულ ზონაში დარეგისტრერიბულ, სრულიად უცნობ, ყოვლად საეჭვო კომპანიას, რომელსაც არასდროს არაფერი ჰქონდა აშენებული. 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ეს პროექტი გააგრძელა. დაიწყო ხუდონჰესის პროექტის ფსევდო საჯარო განხილვები, რომლებიც (ენერგომინისტრის კახი კალაძის  ესოდენ ულტრათანამედროვე იერთან შეუსაბამოდ) არაფრით განსხვავდებოდა იმ მოჩვენებითი საჯარო განხილვებისაგან, კომუნისტური პარტია რომ აწყობდა ტრანსკავკასიურ რკინიგზასა და ხუდონჰესთან დაკავშირებით, 90-იან წლებში.  ხაიშელებმა წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცეს, რომ ცოცხალი თავით არ დათმობდნენ თავიანთ საცხოვრისს,  წყალში არ ჩაძირავდნენ წმინდა სალოცავებს, მშობლებისა თუ შვილების ძვლებს. შემოიღეს ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა.

2013 წელს გარემოსდაცვის სამინისტრომ მიმართა ნიდერლანდების გარემოსდაცვითი შეფასების კომისიას. ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა თბილისში და სვანეთსაც ესტუმრა. გულდასმით შეისწავლეს სიტუაცია და უარყოფითად შეაფასეს იგი. მათი დასკვნის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს არ უნდა გაეცა თანხმობა მშენებლობაზე. 29 მაისს  გამოქვეყნდა  მათი ეს დასკვნა. გარემოს დაცვის სამინისტრომ  111 შენიშვნა მისცა „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ (გზშ) დოკუმენტს. ეს ნიშნავდა:  ხუდონჰესი იმხელა ზიანს მიაყენებდა  ბუნებას, რომ  მისი აშენება დაუშვებელი იყო.   შედეგად: „ქართულმა ოცნებამ“  გაათავისუფლა გარემოს დაცვის მინისტრი,  პროფესიონალი ეკოლოგი, ბიოლოგი   ხათუნა გოგალაძე, რომელიც-შეძლებისდაგვარად- ცდილობდა  წინააღმდეგობა გაეწია და ითხოვდა სერიოზულ სამეცნიერო ექსპერტიზას.

ენერგეტიკის სამინისტრომ სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად   სოფელ ხაიშში ორჯერ გააგზავნა სპეცრაზმი, რომელმაც ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, ბავშვები შეაშინა  და სახიფათო სიტუაციები შექმნა. ამასობაში, ღვთის წყალობით, საეჭვო ინვესტორი – ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედ“  გაქრა. დღესდღეობით,  ხაიშელებისა და მიმდინარე სოფლების კუთვნილი მიწები გაყიდული რჩება. მარტო  ზემო სვანეთში დაგეგმილია 36 ჰესი.

საშინელებაა გიგანტური ნენსკრაჰესი.  ხელი მოეწერა 2015 წლის აგვისტოში. დამფინანსებლები: ევროპის საინვესტიციო ბანკი – 150 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას აპირებდა. EBRD (ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) – 214 მილიონი აშშ დოლარისას.

ამ ბანკებმა შეისწავლეს პროექტი და წარმოადგინეს უარყოფითი დასკვნა. ამის შედეგად პროექტი დატოვა მთავარმა კონტრაქტორმა – საერთაშორისო სამშენებლო კომპანიამ „სალინი იმპრეგიომ“.  ნენსკრაჰესის პროექტი თავად  დონორმა ბანკებმა  დაიწუნეს. ისინი ითხოვენ ცივილიზებული სამყაროს სტანდარტების დაცვას ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა: 1.  არ უნდა დაირღვეს ძირძველი მოსახლეობის უფლებები 2. შესწავლილი უნდა იქნას  ალტერნატიული პროექტები 3. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა 4. საფრთხე არ უნდა დაემუქროს კულტურულ მემკვიდრეობას 5.პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია მაღალი უნდა იყოს. ვერცერთ ამ პუნქტს პროექტი ვერ აკმაყოფილებს. ხელშეკრულების ანალიზი გვიჩვენებს, რომ პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში 60 მილიონი დოლარით აზარალებს.   ამისდა მიუხედავად, „ქართული ოცნება“  ჯიუტად, ქვეყნისთვის საბედისწეროდ აპირებს მის აშენებას.

მესტიაჭალაჰესიაშენდა 2018 წელს.  2019 წელს, რამდენიმე დღიანი წვიმების შემდეგ, ხეობაში წარმოიქმნა ღვარცოფი, ჩამოიტანა 100 000 კუბური მეტრი ქვა-ღორღი.  დაზიანდა მესტიაჭალაჰესის   ნაგებობა. ჰესთან ახლოს გაჩერებული მანქანები წყალმა წაიღო. დაზიანდა წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალი, დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სასმელი წყალი აღარ მიეწოდებოდა.  გეოგრაფ გიორგი დვალაშვილის აზრით, მდინარე მესტიაჭალაზე ჰესის აშენება მიზანშეწონილი არ იყო: „ეს არის მყინვარული მდინარე, განსაკუთრებით საშიში, მისი პროგნოზირება შეუძლებელია, განსაკუთრებით გლობალური დათბობის პირობებში. მოვარდნა იმდენად სწრაფად იცის, რომ ადამიანებმა შეიძლება ვერც გაასწრონ“ . ხუთი ტურისტი სპეციალურმა სამაშველო რაზმებმა ძლივს გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან. ამ ჰესებს აშენებს საპარტნიორო ფონდი და კორეული სახელმწიფო წყლის კომპანია. ხელშეკრულება კონფიდენციალურია (?!). მრავალი დეტალი, მათ შორის მიწის კომპენსაციისა და ტარიფების საკითხი უცნობია. მთლიანი  ღირებულება  1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

(მადლობა შესანიშნავ  გარემოსდაცვით ორგანიზაციას „მწვანე ალტერნატივას“, რომელიც მაღალპროფესიულ დონეზე იბრძვის საქართველოს მდინარეების გადასარჩენად და ამ ინფორმაციასაც აგროვებს).

და რა ხდებოდა  მთიან  აჭარაში?

2017 წელს აშენდა შ უ ა ხ ე ვ ჰ ე  ს ი  შუახევისა და ხულოს რაიონებში. აშენებდა ნორვეგიული სამშენებლო კომპანია „ქლინ ენერჯი“ მდინარე აჭარისწყალზე. მთლიანი ღირებულებაა 510 მილიონი დოლარი. 2013 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზეიმოდ გახსნა საძირკვლის გაჭრა.  „ გასახლება გვიწევს  სოფლის. მე აბსოლუტურად ვუთანაგრძნობ თითოეულ მოსახლეს. მათ უნდა გაიგონ, რომ ისინი ქვეყნის მომავალს ეხმარებიან და ამიტომ იღებენ გარკვეულ მსხვერპლს“.   მაშასადამე: ისევ აყრა და გადასახლება! (მაშ ვინ თქვა სოფელ ხაიშში 2012 წელს: რად გვინდა ჰესი, თუ მოსახლეობა ავყარეთ და გავასახლეთო?! საინტერესოა, თავის მშობლიურ სოფელს თუ აყრიდა და ჩაძირავდა წყალში?).  შემდეგ: აფეთქებებმა და გვირაბების გათხრამ უკიდურესად დააზიანა სოფელი ღურტა. დაბზარა სახლები, შეარყია მათი საძირკვლები, სოფლებს წყალი დაუწყდა.

ადილობრივები ითხოვდნენ გეოლოგიურ ანალიზს.

მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა  საჯაროდ განაცხადა, რა დროს გეოლოგიური კვლევების ჩატარებაა, 400 მილიონიანი ინვესტიცია შემოდისო (ისევ გავიხსენოთ ოცნების ოფიციალური აღთქმა, ასახული მის წინასაარჩევნო დოკუმენტში: აუცილებელია „თანამშრომლობის გაღრმავება სამეცნიერო სექტორსა და გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის დაწესებულებებს შორის, რათა მიღებულ იქნეს მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტილებები“ თავი 4, გვ. 55)

2014 წლის 8 მარტს ხულოს რაიონის  ხუთი სოფელი აპროტესტებდა ჰესისა და გვირაბის  აშენების შედეგად წარმოქმნილ საშიშ პროცესებს: სახლების დაბზარვას, სასმელი წყლის დაკარგვას, მეწყრულ პროცესებს. პოლიციამ აქციის მონაწილეები სასტიკად დაარბია, ქალები თმებით ათრია, ხალხს აუკრძალა გადაღება. ხულოს იმდროინდელი პოლიციის უფროსი – ვახტანგ ბერიძე – ამჟამად ხულოს  მუნიციპალიტეტის მერი ბრძანდება, „ქართული ოცნების“ მხრიდან. 2015 წელს  აპროტესტებდა შუახევის  სოფელი  ჩანჩხალო. 2016 წლის 16 აგვისტოს საპროტესტო აქცია დაიწყო სოფ. მახალაკიძეებში. მოსახლეობა  ითხოვდა გეოლოგიურ შესწავლას, რადგან სოფელში დაიკარგა სასმელი წყალი და გაჩნდა ახალი მეწყრული კერები. მოსახლეობის პროტესტებს ისევ რეპრესიული მეთოდებით  უპასუხეს. ენერგეტიკის მინისტრის მოდგილის, ბატონ ილია ელოშვილის იქ ყოფნას მოჰყვა პოლიციის უზარმაზარი რაზმის შესვლა სოფლებში. პოლიციამ დაშალა აქცია და დაემუქრა მოსახლეობას.  და აი, უკვე ტრადიციად ქცეული  შედეგი: 2017 წელს  ახლად აშენებული შუახევჰესის სამი გვირაბიდან ერთ-ერთი ჩამოიქცა და დაგუბებულმა წყალმა სოფლები დატბორა. მეორე ავარია მოხდა  2019  წელს. 2020 წელს კაშხლიდან წყალმა დაიწყო გაჟონვა.

და რა მოხდა სტეფანწმინდის რეგიონში? 2012 – 16 წლებში ენერგეტიკის სამინისტრომ ფაქტობრივად გააქრო მდინარე თერგი, წყლის ხარჯის 90 % გადაისროლა სადერივაციო არხში, ასევე გააქრო მდინარე ბროლისწყალა, ხდის ხეობაში.

ვერც დედაქალაქმა, ვერც მთლიანად საქართველომ ვერ გააცნობიერა, რომ მდინარე თერგი აღარა აქვს! და აქვს რკინის მილი! და ბოლოს,  დადგა ენერგეტიკის სამინისტროს დანაშაულებრივ ქმედებათა კულმინაცია, რაც მას, როგორც ყველაფერი დანარჩენი, შერჩა: მიუხედავად იმისა, რომ  სამინისტროს დაბეჯითებით აფრთხილებდა „მწვანე ალტერნატივა“, დარიალის ხეობა, მდინარე დევდორაკის მიდამოები, გამოირჩევა ზვავსაშიშროებით, მყინვარული ღვარცოფებით, და ამიტომ იქ მშენებლობის დაწყება, ბურღვა, აფეთქება და ა.შ. დიდი ხიფათის შემცველიაო, მეცნიერებასთან და საღ აზრთან მწყრალად მყოფმა სამინისტრომ, ჩვეულებისამებრ, არაფრად ჩააგდო ეს გაფრთხილება. და აი, შედეგიც: მოვარდნილმა ე.წ. გლაციალურმა ღვარცოფმა შვიდი ადამიანი მიწაში ჩაიტანა და დააზიანა რუსეთიდან შემომავალი გაზსადენი. 2016 წლის 20 აგვისტოს კი საქართველოს სამხედრო გზაზე,   ღვარცოფის გამო,  ჩამოწვა 400 ათასი კუბური მიწა,  დაიტბორა ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი და დარიალჰესის გვირაბი. განა პროკურატურას საქმე არ უნდა აღეძრა ამხელა მსხვერპლის გამო?  არავინ არაფერი გამოიძია.  და ეს იმიტომ, საქართველო არის ქვეყანა  კლანურ-ოლიგარქიული წყობით, ფულის კულტითა და გამყიდველი ხელისუფლებებით. ბატონი კალაძე ახლა ქალაქის მერია და „სიკვდილის კორპუსებით“ გაძეძგილი  თბილისის ლამის ყველა  მთასა და ფერდს ძირი გამოუთხაროს. შექმნა სიცოცხლისათვის  საშიში  ადგილები. მას ჰგონია,  ვაშლიჯვრის ფერდზე წარმოშობილ  უზარმაზარ ბზარს  შეაწებებს და ასე დარჩება. იქ მეწყერი მხოლოდ დროის ფაქტორია. და ამას ქალაქის ყვავილები  და გაზონები ვერ უშველის. ხოლო ძველი თბილისის უნიკალური მირზა შაფის ქუჩა როგორ მოსპეს ჯერ   „ნაცებმა“ და მერე  განსაკუთრებით კალაძის მერიამ, ეს ცნობილია.

თქვენ ხშირად წერდით  ბუნებასა და ადამიანს შორის შინაგან კავშირზე. ბუნების მნიშვნელობაზე  არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისათვის, არამედ, მისი სულისთვისაც,  და საერთოდ, კულტურისათვის. 

დიახ.  მაგალითად თერგი. გარდა იმისა, რომ ის, როგორც ყველა მდინარე, სიცოცხლის მომნიჭებელია,  ამავე დროს ხომ ქართული სულიერი კოსმოსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხატია!  თვით საშუალოდ ერუდირებული ქართველისთვისაც კი,  თერგი პირდაპირ უკავშირდება გრიგოლ ორბელიანს, ილია ჭავჭავაძეს, „თერგდალეულებს“, მე-19 საუკუნის დიდ საგანმანათლებლო მოძრაობას, რომელმაც მაშინ საქართველო გადაარჩინა. ბუნება წარმოქმნის ნაციონალურ ხასიათს, და ეს ხასიათი წარმოქმნის თვითმყოფად  კულტურასა და მის ხატებს.

„თერგი რბის, თერგი ღრიალებს,

მთები ბანს ეუბნებიან“

და სადღაა ახლა ეს თერგი? ახლა ხომ ვეღარ დაიწერება ასეთი ლექსი? ხომ არ შეიძლება ყველაფერი ფულს და კუჭს ანაცვალო?

ან პეტერბურგიდან საქართველოსკენ გზადმყოფი ილია ჭავჭავაძის საპროგრამო სიტყვები: „ნეტავი შენა თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.

ადამიანს გაგონილიც კი არ უნდა ჰქონდეს ეს ქრესტომათიული სტრიქონები, რომლებზედაც ჩვენ ვიზრდებოდით, რომ თერგზე ხელი აღმართოს. დღევანდელი ბავშვებს რაღა უნდა აჩვენო, ოდესღაც დიდებული, აწ აოხრებული, დამახინჯებული დარიალის ხეობა და რკინის მილი თერგის ნაცვლად?

მაშასადამე,  გარდა იმისა, რომ თერგი, როგორც ყველა მდინარე, ჰაერს წმენდს და  სიცოცხლეს გვანიჭებს, ამავე დროს ქმნის  სულიერ ენერგეტიკულ ველს, მოძრაობის, ძალის, სიცოცხლის ხატს. წარმოქმნის პოეზიას, მეტაფორებს, სულის მოძრაობას. და ქმნის ეროვნულ ხასიათს. ლანდშაფტის შეცვლა და დამახინჯება გაქრობის წინაშე აყენებს ეროვნულ კულტურას. ამაზე  თვით საბჭოთა პერიოდში ძალიან ღრმად წერდა შესანიშნავი ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაძე.

„ნაცები“ და „ქოცები“ კი მყრალი გუბეების რაინდებად იქცნენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ დაგუბებული მდინარე, როგორც დაადგინეს მეცნიერებმა, გამოყოფს ძლიერ მომწამვლელ გაზს – მეთანს, რომელიც დიდი რადიუსით ვრცელდება ჰაერში და წამლავს მას. მეთანს წარმოქმნის უზარმაზარი წყალსაცავების ფსკერზე ჩაძირული ხე-ტყე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ლპება და იხრწნება. საქართველოს ასეთი გიგანტური გუბეებით ავსებენ.

ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად უნდა განთავისუფლდეს ხრწნისა და ლპობის პროცესებისაგან. ამ პროცესს მხოლოდ დააჩქარებს ის ფაქტი,  რომ ხელისუფლებამ ყველა მხრიდან ფრონტი გაუხსნა  რიონის ხეობის გმირ დამცველებს, რომლებსაც ნახევარ წელზე მეტია, ადამიანური ცხოვრება აღარ  ღირსებიათ. ამ გაღატაკებულ ქვეყანაში უზარმაზარი თანხა გამოყო  იმისათვის, რომ ადამიანები, მეცნიერები, ტელევიზიები, ჟურნალ-გაზეთები მოისყიდოს და ეს სათნო, ღვთისნიერი და თავგანწირული მებრძოლები გაწიროს.   მაგრამ ამით კიდევ უფრო  იზრდება სიყვარული რიონის ხეობის მცველთა მიმართ. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ხელისუფლებაზე. ნუთუ  ხელისუფლების შიგნით არავინ  გამოჩნდება საღი აზრის მქონე? ჩვენ კი უკან დასახევი გზა არა გვაქვს.

საქართველოს მდინარეების გადარჩენისთვის ბრძოლა დიდგორის ომის ტოლფასია.

 

ესაუბრა ლალი მაძღარაშვილი, ალმანახი „აფრა“ N 28.

Facebook
Twitter
LinkedIn