კავკასიური სახლი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

„კავკასიური სახლის“ ფილიალი სოფელ ზემო მაღაროსა და ნუკრიანში აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

სოლომონ დოდაშვილის სახელობის  „ჰარმონიული  განვითარების კერა“

ჰარმონიული განვითარების კერა“ (შემოკლებით „კერა“) არის    ბავშვების, მოზარდებისა და  სტუდენტების  სულიერ-ფიზიკური აღზრდის, ასევე დასვენების  ცენტრი (კონტიგენტში  მოიაზრებიან შეზღუდული შესაძლებლობების  მოზარდებიც).

ასევე:  მოხუცების, სოფლის მშრომელთა თავშეყრის ადგილი (სხვა და სხვა კულტურული სახის ღონისძიებებზე დასასწრებად, ან საერთო პრობლემებზე სასაუბროდ).

„კერა“  მიზნად ისახავს:

  • შეუქმნას მოზარდებსა და ახალგაზრდებს  კეთილისმყოფელი პირობები  სულიერ-ინტელექტუალური განვითარებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის.
  • ხელი შეუწყოს ისეთი ადამიანის ჩამოყალიბებას, როგორიც სჭირდება ქვეყანასა და სამყაროს.

ანუ: ხელი შეუწყოს შემოქმედებითად მოაზროვნე,  რაიმე ხელობისა თუ დარგის კარგი ცოდნით  აღჭურვილ, მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე, სპორტულ და  შრომისმოყვარე  მოქალაქის  ჩამოყალიბებას, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ბუნებაზე; უვლის და ამშვენიერებს სასიცოცხლო გარემოს;

რომელსაც შეუძლია თავისი პროფესიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით  ირჩინოს თავი  და  დაიკავოს ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.

გარდა ამისა:

  • „კერას“  სურს დაახლოვოს ერთმანეთთან  ქალაქელი და სოფლელი, ქართველი და არაქართველი  ბავშვები და ახალგაზრდები საქართველოს (შეძლებისდაგვარად, მეზობელი ქვეყნების) სხვა და სხვა კუთხეებიდან.
  • ხელი შეუწყოს სოფლის ცხოვრების გამოცოცხლებას („კერა“ ყიდულობს პროდუქტს სოფლელებისაგან; ასაქმებს ადგილობრივებს სხვა და სხვა სამუშაოზე, ჩართავს მათ სხვადასხვა  წამოწყებებში, გამოსცემს ჟურნალს „ჩვენი სოფელი“).

„კერა“  მუშაობს „კავკასიური სახლის“ კონცეპტუალური, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით.

(ეს პროგრამა ჩამოყალიბდა „კავკასიური სახლის“  მიერ   განხორციელებული, მრავალწლიანი  აღმზრდელობით-საგანმანათლებლო  პროექტების საფუძველზე).

„ჰარმონიული განვითარების კერა“ თავის მიზანს აღწევს  შემდეგი ტიპის საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელებით:

ა. მუშაობა წრეებში

წრეები იმუშავებს როგორც ცენტრალურ ოფისში (ზემო მაღაროში), ასევე, ნუკრიანის პირველი საჯარო სკოლის შენობაში.

ზემო მაღაროს ოფისში იმუშავებს შემდეგი წრეები:

  1. ქართული  და უცხოური ლიტერატურის შესწავლა (ნაწარმოებების წაკითხვა, ინტერპრეტაცია, ზეპირი და წერილობით გადმოცემა).
  2. ინგლისური ენა
  3. გერმანული ენა
  4. ბუნებისმეტყველება (ეკოლოგია, გარემოს დაცვა)
  5. მუსიკა (გიტარა, ფორტეპიანო, ფლეიტა);
  6. ხატვა-ხელგარჯილობა
  7. ჭრა-კერვა
  8. ქსოვა-ქარგვა
  9. ჭადრაკი

ნუკრიანის  პირველი საჯარო სკოლის შენობაში იმუშავებს შემდეგი წრეები

  1. კალათბურთი
  2. ფეხბურთი
  3. ქართული და სამეჯლისო ცეკვები
  4. დრამწრე

საგანმანათლებლო ცენტრი „კერა“  მუშაობს წელიწადში 9 თვის მანძილზე.

წრეებში სწავლა იწყება სასკოლო გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, დღის 3 საათზე.

წრეებში სწავლის დაწყებამდე მოწაფეები მიიღებენ საკვებს და დაისვენებენ ნახევარი საათის განმავლობაში.

მოწაფეების მოყვანა-წაყვანა ცენტრალურ ოფისში – ზემო მაღაროში უზრუნველყოფილია „კერისა“  და ნუკრიანის პირველი საჯარო სკოლის მიერ.

„კერაში“ სწავლა და კვება მოწაფეებისათვის უფასოა.

ორწლიანი კურსის სრულყოფილად გასრულების შემდეგ სასწავლებელი გასცემს ორენოვან სერთიფიკატს და გაუწევს მოწაფეებს რეკომენდაციას საჭიროების შემთხვევაში.

გარდა ამისა „კერა“ აწყობს:

  • ლაშქრობებსა და ექსკურსიებს (წარჩინებული  მოწაფეებისთვის)  საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში.
  • კონკურსებს  წამახალისებელი პრემიებითა და საჩუქრებით (ქართული ლიტერატურის, ზოგადი და სამოქალაქო განათლების, პრაქტიკული ცოდნის, ხელოვნებისა და ხელოსნობის სხვადასხვა სფეროებში)
  • სპორტულ შეჯიბრებებს
  • ფილმის ჩვენებებს, კონცერტებს, ლიტერატურულ  საღამოებს;
  • სპორტულ და შრომით  შეჯიბრებებს.
  • ბავშვებისა და მოზარდების, ასევე, ახალგაზრდების სამოქალაქო აქციებს  (ბავშვები და მოზარდები ეხმარებიან მოხუცებს, შშმ პირებს, ღარიბებს; მასწავლებლებთან ერთად აწყობენ შაბათობებს, ასუფთავებენ სოფელს, რგავენ ხეებს, გამოსცემენ ბიულეტენს, იღებენ სოფლის ცხოვრების ამსახველ ფილმებს).

„კერას“ გააჩნია საკუთარი შინაგანაწესი. „კერის“ ერთ-ერთი ძირითადი წესი არის შემდეგი:

თითოეული მოწაფე ერთდროულად ეუფლება ზოგადი ჰუმანიტარული განათლების საწყისებს, ერთ რომელიმე ხელობას  და სპორტის რომელიმე სახეობას. ამავე დროს, მონაწილეობს სამოქალაქო აქტივობებში.

ვთავაზობთ სოფელ  ნუკრიანის პირველი საჯარო სკოლისა და კალოების საშუალო სკოლის მოწაფეებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მიიღონ ცოდნა-განათლება ჩვენს სასწავლებელში.

„კერაში“ სწავლის დასაწყებად  მშობელმა უნდა შეავსოს  შესაბამისი ანკეტა  და მოწაფემ გაიაროს გასაუბრება. განაცხადების მიღების  ბოლო ვადაა 14  სექტემბერი. გთხოვთ შევსებული ანკეტა  გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე – info@caucasianhouse.ge

ანკეტის ნახვა შეგიძლიათ თანდართულ ფაილში.

შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სასწავლებლის კოორდინატორს – მაია ბიძინაშვილს. ტელ. 577 202 111

15 სექტემბერს ნუკრიანის პირველ საჯარო სკოლაში სწავლის განახლების საზეიმო ცერემონიალზე შედგება “კერის” ხელმძღვანელთა შეხვედრა მოსწავლეებთან და მშობლებთან.

იმედი გვაქვს მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც ხალისით მიიღებენ მონაწილეობას სოლომონ დოდაშვილის სახელობის „ჰარმონიული განვითარების კერის“ მრავალფეროვან მუშაობაში.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველას.

პატივისცემით,

“კერის“ ადმინისტრაცია

29 აგვისტო, 2020

Comments

comments