9 მაისის კვირეული „კავკასიურ სახლში“

2020 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავი აღინიშნება.

საუკუნის ორი მესამედი გავიდა მას შემდეგ, რაც ცივილიზებულმა სამყარომ  ფაშიზმი დაამარცხა.

იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომლის  მასშტაბებსაც კაცობრიობის  ისტორიაში ანალოგი არ ჰქონია,   საქართველოს 700 000 მოქალაქე იბრძოდა. სამასი ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ბრძოლის ველზე დაეცა. ქართველმა ხალხმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო დედამიწაზე სიცოცხლის  გადარჩენისათვის.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღს პლანეტის ყველა კუთხეში ზეიმით აღნიშნავენ. ყველა კონტინენტზე იხსენებენ ჰიტლერის იდეებსა და ბოროტმოქმედებაზე გამარჯვებას, რათა აღარასოდეს განმეორდეს რასობრივი, ეთნიკური თუ პოლიტიკური ნიშნით მილიონობით ადამიანის ხოცვა-ჟლეტვა, წამება, გადასახლება, დამოუკიდებელი სახელმწიფოების ანექსია; აღარასდროს აშენდეს საკონცენტრაციო ბანაკები და გაზის კამერები.

სამწუხაროდ, საქართველოში 9 მაისი გაუთავებელი შიდაპოლიტიკური კინკლაობისა და დავიდარაბის მიზეზად  იქცა. ერთი მხრივ, დღესასწაულის მისაკუთრებას ცდილობენ „გეორგიევსკის ლენტებით“ აღჭურვილი ადამიანები, რომლებსაც სურთ,  ქართველმა ვეტერანებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა კრემლის მიერ შექმნილი და დაფინანსებული პროპაგანდისტული სიმბოლოებით მიიღონ მონაწილეობა საჯარო ღონისძიებებში. მათი მიზანია, რომ საქართველო მეორე მსოფლიო ომის დასრულებას რუსეთთან ერთად, მისი დადგენილი წესებითა და მის მიერ წარმართული კამპანიის საშუალებით აღნიშნავდეს. პუტინის პოლიტიკის თავზეხელაღებული მომხრეებისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ბოლო წლებში რუსეთის მონაწილეობით ჩვენს მიწაზე დაღვრილი სისხლი დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ისინი მოგვიწოდებენ, ჯალათმა და მსხვერპლმა ერთი დროშის ქვეშ მოვიყაროთ თავი, რაც დაუშვებელია.

მეორე მხრივ, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდნენ ლიბერალური ორიენტაციის არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი არაფრად აგდებენ მრავალწლიან ტრადიციას და ვეტერანებთან შეთანხმების გარეშე აგრესიულად ეწინააღმდეგებიან  9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების საზეიმო აღნიშვნას.  მათი მტკიცებით, წლისთავის 9 მაისს აღნიშვნა რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას, იმპერიალისტური პოლიტიკის თანაზიარობას ნიშნავს (?). მესამე სექტორის ლიდერები მოითხოვენ, რომ ომის დასრულების თარიღად ევროპის მსგავსად საქართველოშიც 8 მაისი გამოცხადდეს.

დღემდე ცოცხალი თითო-ოროლა ვეტერანი სახელმწიფოს მხოლოდ მაისის თვეში ახსენდება ხოლმე. ოფიციალური სტრუქტურები ათასში ერთხელ სიმბოლურ საჩუქრებსაც იმეტებენ ნაციზმის წინააღმდეგ იარაღით მებრძოლი ადამიანებისთვის. ვეტერანთა სოციალური მდგომარეობა მათ ღრმა სიბერეშიც  არ გაუმჯობესებულა.

ხელისუფლების ლიდერები კრემლის პოლიტიკის მომხრეებსა და ლიბერალ „ურაპატრიოტებს“ შორის მიმდინარე გაუთავებელ დავა-კამათსა და ძალადობრივ შეხლა-შემოხლას შორიდან ადევნებენ თვალს. ისინი საკუთარ მოვალეობად არ მიიჩნევენ ამ მენტალური და სამოქალაქო ქაოსის დასრულებას, რომელიც ახალი თაობის თვალში  აკნინებს ვეტერანთა ღვაწლს, აქცენტი მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვან გარემოებებზე გადააქვს. მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეორე მსოფლიო ომის აღნიშვნის ადგილობრივი, ეროვნული ტრადიცია ჩამოყალიბდეს, შემუშავდეს მეხსიერების პოლიტიკა, რომელიც კოლაბორაციონისტული და ულტრალიბერალური ძალების გავლენისგან თავისუფალი იქნებოდა, ყურადღებას გაამახვილებდა ნაციზმის შემზარავ შინაარსზე, 21-ე საუკუნეში მისი გაცოცხლების საფრთხეზე და რაც მთავარია, საქართველოსა და ქართველი ხალხის შეუფასებელ როლზე  მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ამხედრებულ ბოროტებაზე  გამარჯვების საქმეში.

ქართველი ჯარისკაცები საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ. ისინი არც ეიზენჰაუერის დაქვემდებარებაში ყოფილან და არც გენერალ დე გოლთან ერთად შესულან პარიზში. ჩვენმა მებრძოლებმა ომში საბოლოოდ გამარჯვების ცნობა 9 მაისს მიიღეს, მათთვის ამ დღეს აქვს საკრალური მნიშვნელობა. ისინი 75 წელია სწორედ ამ დღით ამაყობენ და მას უკავშირებენ თავიანთ თავგანწირვასა და გამარჯვებას.

„კავკასიურმა სახლმა“ გადაწყვიტა პროექტ „კულტურის კალენდრის“ ეგიდით  გამარჯვების დღის აღსანიშნავი კვირეულის მოწყობა. ჩვენ კრემლის პროპაგანდას მშვიდად და აკადემიურად, ჩვენი წინაპრების გახსენებით დავუპირისპირდებით.

ერთი კვირის განმავლობაში „კავკასიური სახლის“ გვერდზე გამოქვეყნდება:

  1. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათი შთამომავლების დღიურები, აგრეთვე პასაჟები მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოებებიდან;
  2. ვიდეო-რგოლები, სადაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები თავიანთი ოჯახების გამოცდილებაზე ისაუბრებენ.
  3. ისტორიკოსთა და პოლიტოლოგთა მოსაზრებები 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით.

შემოგვიერთდით ჰეშთეგით #9მაისისისტორია, ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია თავისი ოჯახის თავგადასავლის გახსენება !

Comments

comments