პროექტ „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ 2018 სასწავლო წლის გახსნა

პროექტ „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ 2018 სასწავლო წლის გახსნა.

20 თებერვალს მუშაობა განაახლა პროექტმა „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი“ – გაიხსნა 2018 წლის სასწავლო ციკლი. საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ ახალგაზრდებს ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შექმნილ სასწავლო ჯგუფებში გაერთიანებულ მსმენელებს მიესალმნენ კოორდინატორი თამარ უჯუხუ, ლექცია-სემინარების მოდერატორი, სასწავლო პროგრამის ავტორი და ლექტორი ლევან ლორთქიფანიძე, კავკასიური სახლის თანამშრომელი, პროექტის კონსულტანტი მიხეილ ბეროშვილი და მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ლიკა ლოლაშვილი. მათ ხაზი გაუსვეს ამ საგანმანათლებლო პროექტის მნიშვნელობას და მსმენელთა აქტიურ ჩართულობას მის მუშაობაში.

რეგიონული ჯგუფების ხელმძღვანელებმა – ქეთევან ლატარიამ (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი), ნინო კახაშვილმა ( იაკობ გოგობაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი), ირმა კვირკვიამ (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის ციფრული ტექნოლოგიებითა და ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილების უფროსი), ანა იმნაძემ (სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი), მადონა მაქაცარიამ (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის დირექტორი) მაკა კაჭკაჭიშვილმა (არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოფილების კლუბის“ დამფუძნებელი) აღნიშნეს პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები სტუდენტებისათვის, რომელთაც სკაიპ-კონფერენციების მეშვეობით სრულყოფილად ისმენენ კავკასიურ სახლში მოწვეული ცნობილი მეცნიერების მიერ წაკითხულ ლექციებს თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე – იქნება ეს ქართულ-კავკასიური, რუსულ-ქართული ურთიერთობები, კავკასიელი ხალხების ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ევროპული დემოკრატიები, ასევე ეკოლოგია, ეკონომიკა, დემოგრაფიის საკითხები.

20 თებერვალს ჩატარებული გაცნობითი ტრენინგ-სემინარის შემდეგ, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი სოსო მიქელაძე, 21 თებერვალს ლექცია თემაზე – „კავკასიის რეგიონის თეორიული კონტექსტების დიოქრონია“ წაიკითხა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ცირა ბარამიძემ. ეს გახლდათ ერთგვარი შესავალი იმ მეტად აქტუალური თემებისა, რომელზედაც წლის განმავლობაში ისაუბრებენ ცნობილი ექსპერტები და მეცნიერები – ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, კულტუროლოგები და ა. შ.

22 თებერვალს კი პროექტის მონაწილეებისთვის ლექცია თემაზე „რადიკალური მემარჯვენე ძალების აღმასვლა ევროპაში. მიზეზები და შედეგები“ წაიკითხა დოქტორანტმა ლევან ლორთქიფანიძემ.

„კავკასიური სახლი“ მიესალმება „სახალხო უნივერსიტეტის“ მსმენელებს, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და უსურვებს მათ წარმატებებს.

Comments

comments