ახალ საარჩევნო კანონზე მუშაობის დროს  საქართველოს მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების უკიდურესად გამწვავების გამო საქმეში საქართველოს მეგობარი ქვეყნების დიპლომატები ჩაერივნენ და ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ მხარეებს კონსენსუსის მიღწევაში დაეხმარნენ. დიპლომატების შუამავლობით შედგა 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომელიც საქართველოში პროპორციულ სისტემასთან მიახლოებულ საარჩევნო წესებს ამკვიდრებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ბ-ნმა ჰუბერტ ქნირშმა უდიდესი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ საქართველოში შედარებით სამართლიანი საარჩევნო გარემო ჩამოყალიბებულიყო.

ახალი საარჩევნო სისტემის საბოლოოდ მიღებისათვის აუცილებელი გახლდათ საკონსტიტუციო ცვლილებების სამი მოსმენით დამტკიცება.      პარტიების ნაწილმა, კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადეს, რომ კონსტიტუციურ რეფორმას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს, თუ ხელისუფლება  ბ-ნ გიორგი რურუას ციხიდან გამოუშვებდა (გიორგი რურუა არის „ნაციონალური მოძრაობის“ აწ გარდაცვლილი წევრის, ნიკა რურუას ძმა, რომელსაც ბრალი იარაღის უკანონოდ შენახვასა და ტარებაში ედება).   შეიქმნა საფრთხე, რომ  მრავალთვიანი შრომის შედეგად მიღებული შეთანხმება, რომელიც ქვეყანაში  უკეთეს პოლიტიკურ გარემოს ქმნიდა, ჩავარდებოდა.  თუმცა, ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა  მხარეებს შეახსენა: „ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“. თავისი მოზომილი განცხადებით გერმანელმა დიპლომატმა ნათელი გახადა, რომ კომპრომისული საარჩევნო სისტემის ჩასაგდებად საკმარისი არგუმენტები აღარ არსებობდა  და ამით გადაარჩინა მიღწეული შეთანხმება.

როგორც ჩანს, ელჩის განცხადება  წინააღმდეგობაში მოვიდა  ზემოთ ნახსენები პოლიტიკური ძალების  გეგმასთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენელს ღიად დაესხნენ თავს.  თავდამსხმელები აცხადებდნენ: „ეს არის ელჩი, რომელიც ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისაგან“, „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“, „თანავუგრძნობ მას, უკვე მერამდენედ უნდა გაეხვიოს ეგეთ შარში, არ ვიცი. თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე… ზოგჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე დიპლომატებს და შარში ეხვევიან“.

აღნიშნულ პარტიებს მხარი აუბა მათთან დაკავშირებულმა მედიამ: გამოცემა „ტაბულამ“, რომლის ჟურნალისტებმა ელჩის რამდენიმე თვის წინ ჩაწერილი ინტერვიუ ურცხვად გააყალბეს, შინაარსი შეუცვალეს ტექსტს და ისე გაავრცელეს სოციალურ ქსელში.

ხოლო აღნიშნულ პარტიებთან ტრადიციულად უნისონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც საკუთარ თავს ანტიდასავლურ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ავანგარდს უწოდებენ, გაჩუმება არჩიეს (მსუბუქად რომ ვთქვათ).

ჰუბერტ ქნირშზე თავდასხმამ  კიდევ ერთხელ დაგვანახა ქართული პოლიტიკური პარტიების ნაწილის და მათთან დაკავშირებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების რეალური სახე. ისინი არ ერიდებიან ოპონენტების დისკრედიტაციას,  ფაქტების დამახინჯებას, ცილისწამებას, ან ასეთზე თვალის დახუჭვას.

განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ  ცხადყო, ამ ჯგუფების რეალური დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს დებენ დასავლური (და ევროატლანტიკური) ღირებულებების ერთგულებაზე, რეალურად არაფრად აგდებენ დასავლეთის და კონკრეტულად ევროპის ქვეყნების ძალისხმევას საქართველოს სასიკეთოდ.

გერმანიის ელჩის დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილე პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა ნაწილის ქმედებები დაგმო ევროკავშირმა: „ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“. გერმანიის ელჩს სოლიდარობა გამოუცხადეს აშშ და ბრიტანეთის ელჩებმა.

საქართველოში საკმარისად ვართ ადამიანები, რომლებიც კარგად ვიცნობთ გერმანიის ელჩის,  ბატონ ქნირშის მოღვაწეობას. ვიცით, რომ იგი ოცდაათი წელია გერმანიის საგარეო უწყებაში მსახურობს. აღსანიშნავია, რომ კარიერულ დიპლომატს ვარშავასა და მოსკოვში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილებაც აქვს, შესაბამისად, იგი კარგად იცნობს პოსტ-კომუნისტურ საზოგადოებათა ძირითად სირთულეებს. ხაზგასასმელია, რომ ჰუბერტ ქნირში დიდი ხნის განმავლობაში სათავეში ედგა გაერთიანებული გერმანიის პიველი ფედერალური პრეზიდენტის, ლეგენდარული ევროპელი ლიდერის – რიჰარდ ვაიცზეკერის ბიუროს. მოხარულები ვართ, რომ მრავალი წლის შემდეგ პირველად ევროკავშირის მოწინავე სახელმწიფოს  წარმომადგენელი საქართველოში ამ რანგის ფიგურაა, რაც აშკარად მიანიშნებს გერმანიის საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობის ზრდაზე.

ბ-ნი ქნირშის ელჩად დანიშვნიდან რამდენიმე თვეში თბილისს ვიზიტად ეწვია გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი, ბ-ნი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.   პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქართულ-გერმანული კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა და არაერთ ახალ პროექტსა თუ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ბ-ნმა ქნირშმა თავი არ დაზოგა იმისათვის, რომ გერმანიის პირველი პირის მიერ საქართველოში წარმოებულ მოლაპარაკებებს  უკვალოდ არ ჩაევლოთ, რისთვისაც ის ქართველი ხალხისგან გულწრფელ მადლობას იმსახურებს.

ბატონი ელჩი გამოირჩევა ფართო განათლებით, ღრმა ადამიანურობითა და პიროვნული დახვეწილობით. მისი  დადანაშაულება  გამოუცდელობასა  თუ არაკეთილსინდისიერებაში დემაგოგების  ურცხვობად და მიზანმიმართულ  ტყუილად მიგვაჩნია.

საქართველოს მრავალი მოქალაქის სახელით   კიდევ ერთხელ ვეუბნებით მადლობას ბატონ ქნირშს, ამ ნამდვილად პატივსაცემ  დიპლომატს,  ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბლის გულთან ახლოს მიტანის გამო.

 

ნაირა გელაშვილი – მწერალი, გერმანისტი

ლელა გაფრინდაშვილი – ფილოსოფოსი, თსუ-ის პროფესორი

ლევან ბრეგაძე – ფილოლოგიის დოქტორი

ნათელა სახოკია – სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის დირექტორი

გიორგი ლობჟანიძე – აღმოსავლეთმცოდნე, თსუ-ის პროფესორი

ნუგზარ პაპუაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ეკლესიის ისტორიის პროფესორი

ასმათ ფარჯიანი – გერმანისტი, მთარგმნელი

დავით  ადეიშვილი – ეკონომიკის დოქტორი

ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი

ივანე აბრამაშვილი -კონფლიქტოლოგი

ლალი მაძღარაშვილი – ბიოფიზიკოსი

 

3 ივლისი, 2020