„კავკასიური სახლი“ განსაკუთრებული გულისტკივილითა და აღშფოთებით ეხმაურება 5 ივლისს დედაქალაქის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს. რუსთაველის გამზირსა და მთელ თბილისს უკონტროლო ძალადობის ტალღამ გადაუარა – კარგად ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, თვალები ამოუწვეს ოპერატორებს, ქუჩა-ქუჩა დევნიდნენ ფერად სამოსში გამოწყობილ ბავშვებს, თავში მუშტებს ურტყამდნენ სამუშაოზე მიმავალ კურიერებს, დაჭრეს რიგითი გამვლელი, დაარბიეს შენობები.

„კავკასიური სახლისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია ძალმომრეობა და უკანონობა, აგრესიული ადამიანების შეუზღუდავი თარეში ქალაქის სხვადასხვა უბნებში. ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ აღნიშნული საქმეები და მკაცრად დასაჯონ დამნაშავეები.

მივიჩნევთ, რომ სასამართლოს მიერ რიგითი შემსრულებლებისთვის განაჩენის გამოტანით საკითხი არ ამოიწურება. უკონტროლო ძალადობასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ კრიმინალებსა და თავზეხელაღებულ მოძალადეებს არ ეკისრებათ. მთელი მსოფლიოს თვალწინ გათამაშებულ ტრაგედიაში თავისი წვლილი არაერთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალასაც მიუძღვის. ყველამ თავისი წილი დანაშაული უნდა აღიაროს.

 

  • სახელმწიფო

სამწუხაროდ, ხშირად გვიჩნდება შეგრძნება, რომ სახელმწიფოს ნაცვლად კედლებმორღვეულ ქოხში ვცხოვრობთ, რომელშიც ამინდის უმნიშვნელო ცვლილებასაც კი დიდი არეულ-დარეულობის გამოწვევა შეუძლია. სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებს ძირს უთხრის ძალაუფლების მქონე პირთა მიერ სახელისუფლებო ბერკეტების უგუნური და ორმაგი სტანდარტების მიხედვით გამოყენება.

თვეებია რიონის ხეობაში ასობით პოლიციელია მობილიზებული, ინვესტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რკინის ბარიკადებით განაცალკევა ერთმანეთისგან სოფლები და სამეზობლოები, კბილებამდე შეიარაღებულმა სამართალდამცველებმა არაერთხელ დაარბიეს ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეები, რომლებმაც მთების ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოებისათვის ხელის შეშლა სცადეს. ძალოვანებმა სპეციალური ტექნიკით გადახნეს და მიწასთან გაასწორეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა ბანაკი. გარემოსდაცვითი მოძრაობის წევრები და აქტივისტები ზურგს უკან ყოველთვის გრძნობენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა სუნთქვას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ტოტალურად აკონტროლებს და მაქსიმალურად ზღუდავს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით წარმატების შანსებს უსპობს სასიცოცხლო სივრცის გადარჩენისთვის წამოწყებულ მოძრაობას.

როგორ იქცევიან იგივე სტრუქტურები სხვა ტიპის პროტესტის დროს?

5 ივლისს სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლები იმდენად არამობილიზებულნი იყვნენ, რომ სტიქიური თუ ორგანიზებული ძალადობის შეჩერება ვერ შეძლეს. მათ არ აღუმართავთ არც ერთი ბარიერი, რომელიც აგრესიული, აზვირთებული მასის თავისუფლად გადაადგილებას შეაფერხებდა და ოდნავ უფრო ეფექტურად დაიცავდა უდანაშაულო ადამიანებს თავდასხმისაგან. დაგვიანდა კანონის დარღვევებზე რეაგირება. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ქაოსის დაუყოვნებლივ აღკვეთა და სამართალდარღვევებზე სასწრაფო რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებში არ შედიოდა. თითქოს მათ განრისხებულ ხალხს დააცადეს ბრაზის ბოლომდე ამონთხევა. საუბედუროდ, პოლიციამ ვერ შეძლო ათეულობით ჩვენი თანამოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვითარების დროულად განმუხტვა.

ამასთანავე, მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოს  კიდევ უფრო ინტენსიური დიალოგი უნდა ეწარმოებინა მხარეებთან. ვფიქრობთ, რომ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ რესურსი იმისა, რომ აქციებისა თუ კონტრაქციების ორგანიზატორებს სამოქალაქო მშვიდობის მნიშვნელობა აუხსნან და სახიფათო გადაწყვეტილების შეცვლაში დაარწმუნონ. როგორც ჩანს, ოფიციალურ უწყებები შედეგიანად ვერ ან არ გაისარჯნენ და რადიკალურ დაჯგუფებებს თავიანთი მოქმედებების საშიშ ზღვრებზე წინასწარ ვერ მიანიშნეს.

მაშასადამე, პოლიცია დარაზმული და ძლევამოსილია მაშინ, როდესაც საქმე ინვესტორის კეთილდღეობას ეხება, მაგრამ არაორგანიზებული და სუსტია, როდესაც არეულობა მმართველი პოლიტიკური ელიტების წისქვილზე ასხამს წყალს.

 

  • საპატრიარქო

საუკუნეთა მიჯნაზე „კავკასიური სახლი“ ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია გახლდათ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის შემოთავაზებული ვარიანტის გაფორმებას შეეწინააღმდეგა. ჩვენ არ გვინდოდა მიგვეღო „სახელმწიფო სახელმწიფოში“, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში უხეშად ჩაერეოდა და საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნების მიზნით უსამართლობის გაღრმავებაზე დახუჭავდა თვალს. სამწუხაროდ, „კავკასიური სახლის“ მიერ ოცი წლის წინ გამოთქმული შიში (იხ. გამოცემა „ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება“, კავკასიური სახლი, 2002) საფუძველმოკლებული არ აღმოჩნდა. დღეს საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის უმსხვილეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კორპორაციად არის ჩამოყალიბებული, რომელიც თავისი შერყეული პოზიციების შენარჩუნებისა და გახშირებული თავდასხმების მოგერიების მიზნით მზად არის ხელი შეუწყოს ქაოსს.

საქართველოს საპატრიარქომ „პრაიდის“ ჩატარებამდე ორი დღით ადრე ხალხს ქუჩაში მშვიდობიანი გამოსვლისა და საჯარო ლოცვისკენ, პარაკლისში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ბუნებრივია, რომ ეკლესია თავისი მორალური პოზიციის  დაცვას ცდილობს. არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, რომ სასულიერო პირებს უმცირესობებისგან განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული პოზიციები აქვთ. ცხადია, საეკლესიო წოდებას აქვს გამოსვლის, ქადაგების, სწავლების უფლება, შეუძლია თავისი თავგანწირვით მაგალითი მისცეს დანარჩენ საზოგადოებას, მაგრამ არავის აქვს ძალადობის უფლება. საპატრიარქოს მოწოდებით ქუჩაში გამოსული ადამიანების ნაწილი, პარაკლისში მონაწილეობის მიღებამდე რუსთაველის გამზირზე დარბოდა, ხალხს სცემდა. სოციალური ქსელები სავსეა ვიდეოებით, რომლებშიც მღვდელი ძალადობას მართლმორწმუნეთა ვალდებულებად აცხადებს.

ჩვენი აზრით, როდესაც ესა თუ ის სრუქტურა თუ ორგანიზაცია  უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ადამიანებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, შემდეგ მთელი ძალა და ენერგია უნდა მოახმაროს იმას, რომ მისი მოხმობის საფუძველზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ელემენტარული წესრიგი დაიცვან, სხვების ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ და ქალაქის ცენტრი თავდაყირა არ დააყენონ. არ შეიძლება ადამიანები ღია ცის ქვეშ შეკრიბო და შემდეგ პასუხი არ აგო შეკრებილთა აგრესიული ნაწილის კოლექტიურ ქცევაზე. საუბედუროდ, საქართველოს  საპატრიარქომ თავი შეიკავა სამოქალაქო მშვიდობის აქტიური დაცვისგან და ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა აღვირახსნილი ძალადობის აღკვეთისთვის.

 

  • რადიკალური დაჯგუფებები

რადიკალიზმი თანამედროვე ეპოქაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენაა. 2010-იანი წლებიდან, სხვადასხვა კრიზისების ფონზე ამგვარი ძალები მთელს მსოფლიოში აღმასვლის გზას ადგანან. ისინი ლიბერალიზმის წიაღში წარმოიქმნენ და ხშირად უმნიშვნელოვანეს სამსახურს უწევენ მას, რადგან აკრიტიკებენ ყველას და ყველაფერს, ადამიანების ჩაგვრაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის გარდა. ულტრამემარჯვენეთა უკან, ძირითადად, თავად დგანან საეჭვო გზებით გამდიდრებული მულტიმილიონერები, ასევე ერისა და ბერის ძლევამოსილი წარმომადგენლები.

ქართველ რადიკალთა მოწინავე რაზმებში მრავლად შეხვდებით  ადამიანებს, რომლებიც გლობალიზაციის თანმდევი უსიამოვნებებით გატანჯულ, ნეოლიბერალური სისტემის ზეწოლის შედეგად განადგურებულ მოქალაქეებს უცნაური თეორიებით კვებავენ, რათა თავიანთი პრივილეგირებული მდგომარეობა გაიმყარონ. ისინი ხელისუფლების ზოგიერთი წრეებისა და რიგი რეგიონალური ძალების მხარდაჭერით სარგებლობენ, ამიტომ თავს სხვებზე სასტიკი ძალადობის უფლებასაც კი აძლევენ.

სახელმწიფომ ყველას, მათ შორის მოძალადე რადიკალებსაც კანონით განსაზღვრული თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს!

 

  • „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები

საქართველოს სამოქალაქო სექტორში მრავლად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ იწოდებიან ადამიანის უფლებათა დამცველებად. მათი მიზანი არ არის კონკრეტული ჩაგრული ჯგუფებისათვის დახმარების გაწევა, უმცირესობათა ყოფის გაუმჯობესება, განსხვავებული მოქალაქეების მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველყოფა. უფლებადამცველებად წოდებული რიგი სუბიექტების მთავარი ამოცანაა პრობლემების კვლავწარმოება, ჩაგვრის დაუსრულებლად გახანგრძლივება, კონფლიქტების გამწვავება, რათა თავიანთი ორგანიზაციებისათვის კოლოსალური ფინანსური რესურსების შეგროვება შეძლონ, თავიანთი სტატუსი და გავლენა აიმაღლონ, მხარი დაუჭირონ მათი მოკავშირე, გაკოტრებული პოლიტიკური ძალების რეაბილიტაციასა და პროგრესულ ძალებად წარმოჩენას. პრობლემის აღმოფხვრის, ჩაგვრის შესუსტების, კონფლიქტების გარდაქმნის შემთხვევაში მათ სიმდიდრესა და კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება. მაშასადამე, აღნიშნული გაერთიანებები თავიანთ პრივილეგიებს სხვათა უბედურებაზე აფუძნებენ.

ფსევდოუფლებადამცველთა კიდევ ერთი მახასიათებელი სრული უპასუხისმგებლობაა. ისინი ემხრობიან მხოლოდ ერთი უფლების აქ და ახლა, ნებისმიერ ფასად რეალიზებას; არ ფიქრობენ, თუ რა კვალი შეიძლება დაამჩნიოს კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამგვარ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხალხს ერთმანეთისგან ნამდვილი უფსკრული აშორებთ. მათ არ ესმით თავიანთი თანამოქალაქეების პოზიციები, არ იციან ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელობა, ვერ გრძნობენ კონტექსტს, არ უყვართ თავიანთი ხალხი და უსაზღვრო ქედმაღლობით, არც თუ ისე იშვიათად კი დაუფარავი ზიზღით  ეკიდებიან მათგან განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს, მთელ ხალხს. არ ანაღვლებთ საკუთარი მოსახლეობის აზრი და ლეგიტიმაციას მხოლოდ დონორებისგან იღებენ. შესაბამისად, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეშიც იმ მიდგომებით იბრძვიან, რომლებიც სულ ახლახანს მიიჩნიეს ადეკვატურად კანადასა და შვედეთში. ისინი უარს აცხადებენ იმის აღიარებაზე, რომ  უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ხანგრძლივი დრო, დიდი ცოდნა და მოთმინება სჭირდება და არა ყოველწლიური ისტერიული გამოსვლა ქალაქის შუაგულში.

„თბილისი პრაიდის“ ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენზე ზუსტად ამგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს. მათ 5 ივლისამდე საგანგებო კვირეულის ეგიდით რამდენიმე ღონისძიება ჩაატარეს. სპეციალურმა კინო-ჩვენებამ და ლისის ტბის ფესტივალმა ხმაურის ფონზე, მაგრამ მშვიდობიანად ჩაიარა. ორივე მოვლენა აქტიურად გააშუქა მედიის თითქმის ყველა საშუალებამ, დარბაზებშიც და ღია სივრცეშიც ფრიალებდა ლგბტქ+ დროშები. ღონისძიებებს ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ღიად გამოუცხადეს სოლიდარობა თემს და ხმამაღლა ისაუბრეს უმცირესობების სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებებზე.

პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია წარმატებით ჩატარებული კვირეულის ბოლოს, მმართველ ელიტებთან დაკავშირებული ულტრამემარჯვენე ძალების განსაკუთრებული დარაზმვის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებასთან და პოლიციასთან კომუნიკაციის მრავალწლიანი გამოცდილების  გათვალისწინებით დროულად მიიღებდა გადაწყვეტილებას ე.წ. „ღირსების მარშის“ გაუქმებასთან დაკავშირებით და ნოყიერ ნიადაგს არ შექმნიდა შეტაკებებისთვის, პოლიტიკურ ძალებს საკითხის ინსტრუმენტალიზაციის, სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობას არ მისცემდა.

სამწუხაროდ, მოვლენები სრულიად საწინააღმდეგოდ განვითარდა. „თბილისი პრაიდის“ ლიდერებს უკანასკნელ მომენტამდე უარი არ უთქვამთ მარშის გამართვაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად იხეირეს რადიკალურმა გაერთიანებებმა, რომლებიც საკუთარი ძალების აგრესიული დემონსტრირება შეძლეს. ალბათ, ბედნიერები არიან „ქართული ოცნების“ რეაქციული ფრთის ლიდერებიც, რომლებმაც თავიანთი მოქმედებებით ელექტორატს „ეროვნული ფასეულობების“ ერთგულება დაუმტკიცეს. ამასთანავე, „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელობამ პროგრესულ გაერთიანებებად წარმოჩენისათვის შესანიშნავი სცენაც გაუმზადა პედოფილიის, ბავშვთა პორნოგრაფიის, პროსტიტუციის, ახალშობილებით ვაჭრობის მომხრე ოპოზიციურ ძალებს, პარტიებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყენებდნენ უმცირესობებს პოლიტიკური ოპონენტების დაშანტაჟების მიზნით, ხელს უწყობდნენ მათ დამცირებასა და გარიყვას.

5 ივლისის მოვლენების შემდეგ, ალბათ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება აგრესია ლგბტქ+ თემის ყველაზე დაუცველი წარმომადგენლების მიმართ, კიდევ დიდ ხანს არ დადგება დღის წესრიგში მათი და ზოგადად საზოგადოებისთვის საჭირბოროტო სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემები. სამაგიეროდ, „ღირსების მარშის“ ორგანიზატორები შეძლებენ „მთელს ევროპაში ყველაზე ბნელი ქვეყნის ყველაზე ნათელი რაინდების“ სახელის მოხვეჭას.

 

  • მედია

ჩვენ უპირობო სოლიდარობას ვუცხადებთ მედიის დაზარალებულ წარმომადგენლებს. იმედი გვაქვს, რომ მათ დარბევაში პასუხისმგებელი პირები მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. აქვე, გამოჯანმრთელება გვინდა ვუსურვოთ დაშავებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ღმერთმა ქნას, რომ აღარასდროს განმეორდეს ამგვარი დარბევა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია „წითელი არმიის ფრაქცია“ წარმოიქმნა, რომელიც წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მთელს დასავლეთ ევროპას. მათ ქმედებებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ცნობილი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჰაინრიხ ბიოლი აქტიურად გმობდა მემარცხენე ტერორისტთა მოქმედებებს. პარალელურად კი ცდილობდა საზოგადოებისთვის აეხსნა ახალგაზრდების რადიკალიზაციის მიზეზები, რასაც მომხმარებლური საზოგადოების სისასტიკეებს უკავშირებდა.

ჩვენც ვფიქრობთ, რომ მედიის წარმომადგენელთა დარბევის მხოლოდ დაგმობა არასერიოზული ქმედებაა. აუცილებელია ვეძიოთ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი რისხვის ყველა (და არა მხოლოდ ერთი) წინაპირობა.

ქართული მედია უმსხვილეს კაპიტალს ემსახურება, მთლიანად დამოკიდებულია სარეკლამო ბაზრის მთავარ მოთამაშეებზე (ბანკები, კაზინოები, აფთიაქები და ა.შ.). ჩვენში მაღალია მედიის პოლარიზაციის ხარისხი, თითქმის ყველა ტელევიზია კონკრეტული პარტიის პროპაგანდისტულ მანქანად არის ქცეული. ურთიერთთავდასხმები, არაეთიკური მეთოდებით ერთმანეთთან დაუნდობელი ბრძოლა ჟურნალისტთა ყოველდღიურობის ნაწილია. მედიის დღის წესრიგი გაჯერებულია სკანდალებით, ძალადობრივი შინაარსის ცნობებით, ყალბი ახალი ამბებით. მედიის ძირითადი ნაწილი თავისი მოქმედებებით საზოგადოებაში შიშსა და ტყუილს ნერგავს. ბუნებრივია, საეჭვო განათლების მქონე ჟურნალისტებს დრო არ რჩებათ  (ალბათ, არც შესაბამისი პროფესიონალიზმი აქვთ) რიგითი მოქალაქეების ნამდვილი პრობლემების შესასწავლად და გასაშუქებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მედიის მიმართ დაუნდობელი მოპყრობა ჩამოთვლილი მიზეზებითაც შეიძლება იყოს წახალისებული. დარწმუნებული ვართ, საზოგადოების სერიოზული ნაწილი აღნიშნულ გარემოებებზე სიღრმისეულ დისკუსიებს წამოიწყებს.

 

  • რიონის ხეობის მცველები

„კავკასიური სახლი“ კიდევ ერთხელ გულითადად მიესალმება რიონის ხეობის მცველთა ბრძოლას საქართველოს მიწა-წყლისა და სასიცოცხლო სივრცის გადასარჩენად. ვფიქრობთ, რომ რიონის ხეობის გადარჩენა ადგილობრივი მოსახლეობის გარეშე შეუძლებელია. არასამთავრობო ორგანიზაციებს ბევრჯერ უმუშავიათ ადგილობრივთა გარეშე და ვერასდროს მიუღწევიათ წარმატებისთვის. ხალხის გარეშე ნებისმიერი გარემოსდაცვითი წინააღმდეგობა განწირულია დამარცხებისათვის.

უფრო გონივრული იქნებოდა, რიონის ხეობის მცველები დარბეულ რუსთაველის გამზირზე არ ჩამოსულიყვნენ და თავიანთ ხეობაში ელოცათ მშვიდობისთვის. კარგი იქნებოდა, მოძრაობის წევრებს „პრაიდთან“ დაკავშირებით უფრო შინაარსიანი განცხადება გაევრცელებინათ, რომელიც მეტად ასახავდა მანამდე მათ მიერ გამოვლენილ ჰუმანიზმს. სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველებმა კიდევ ერთხელ იმოქმედეს თავიანთ გულშემატკივრებთან კონსულტაციების, მეგობრებისა და პარტნიორების აზრის გათვალისწინების გარეშე, რამაც მორიგ ჯერზე ხელი შეუწყო ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიის დაზარალებას.

გაკვირვებულნი ვართ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული დეკლარაციებით, რომლებიც რიონის ხეობის მცველებს პრაქტიკულად ექსტრემისტებად აცხადებენ და მათთან თანამშრომლობას გამორიცხავენ. იმ ხალხის ცაგერის საეპისკოპოსოს იმედად მიტოვება, რომელიც 250 დღეა ქუჩაში დგას და ხეობის გადარჩენისთვის იბრძვის; რომელზეც დამოკიდებულია იმერეთისა და ლეჩხუმის გადარჩენის ბედი, რბილად რომ ვთქვათ არასწორი გადაწყვეტილებაა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნულოვანი გავლენა ექნება ჰომოფობიასთან ბრძოლის საქმეში, სამაგიეროდ უხვად დაასხამს წყალს ნათია თურნავასა და „ენკას“ წისქვილზე.

 

  • დასკვნის მაგიერ

„კავკასიური სახლი“ დაარსების დღიდან ეწინააღმდეგება ე.წ. „იდენტობის პოლიტიკას“. ჩვენ რომ აღნიშნული პოლიტიკის მიმდევრები ვყოფილიყავით ვერასდროს გამოვნახავდით საერთო ენას სხვა კავკასიელ ხალხებთან, ვერასდროს შევძლებდით აქცენტის დასმას უნივერსალურ და გამაერთიანებელ ღირებულებებზე, ვერ მოვახერხებდით  კავკასიის საერთო კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე დაგვეფუძნებინა რეგიონული თანამშრომლობა.

რატომ არის ჩვენთვის მიუღებელი „იდენტობის პოლიტიკა“?

უდიდესი ინგლისელი ისტორიკოსი, ერიკ ჰობსბაუმი თავის ერთ-ერთ ცნობილ ლექციაში კოლექტიურ იდენტობათა რამდენიმე პრობლემურ მახასიათებელზე საუბრობს.

თავდაპირველად იგი აღნიშნავს, რომ „კოლექტიური იდენტობები დაფუძნებულია არა იმაზე, თუ რა აერთიანებს მათ წევრებს – მათ შეიძლება ძალიან ცოტა რამ ჰქონდეთ საერთო – არამედ იმაზე, რომ ისინი არ არიან “სხვები”… ყველა საზოგადოებრივი აზრის მკვლევარმა იცის, რომ არავის აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდენტობა. ადამიანების აღწერა, თუნდაც ეს ბიუროკრატიული მიზნებისთვის იყოს საჭირო, მხოლოდ სხვადასხვა მახასიათებლების კომბინაციითაა შესაძლებელი. თუმცა, იდენტობის პოლიტიკის თანახმად, ჩვენი მრავალი იდენტობიდან არსებობს ერთი, რომელიც ჩვენ განგვსაზღვრავს, ან როგორც მინიმუმ, უპირობოდ დომინირებს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში“. ჰობსბაუმი დასახელებული გარემოების გარდა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იდენტობები ან მათი გამოვლინებები უცვლელნი არ არიან; რომ ისინი ურთიერთმონაცვლეობენ და დამოკიდებულნი არიან კონტექსტზე. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ „იდენტობის პოლიტიკა“ საზოგადოებას ყოფს და ანაწევრებს, აქუცმაცებს უმცირეს და არასტაბილურ, მუდმივად ცვალებად ჯგუფებად, ხელს უშლის პროგრესული უმრავლესობის ფორმირებას, არ არის უნივერსალისტური შინაარსის.

„კავკასიური სახლს“ კი მიაჩნია, რომ არსებული ნეოლიბერალური კაპიტალიზმის დამარცხება, მისი ველურობის დაძლევა მხოლოდ უნივერსალისტური პროექტების საფუძველზე გაერთიანებულ ხალხს შეუძლია (რაც ცხადია არ გულისხმობს ცალკეული ჯგუფების ჩაგვრის არად ჩაგდებას). ჩვენ გვჯერა, რომ ოდესღაც ხალხის მოახერხებს ორგანიზებას ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც  არ იქნება არც ერთი მშიერი, არც ერთი უსახლკარო, არც ერთი უმუშევარი, არც ერთი ადამიანი ჯანმრთელობის დაცვისა და მეტ-ნაკლებად ხარისხიანი განათლების გარეშე. ყველას ექნება მსოფლიოსა და კავკასიის კულტურის საგანძურის შეცნობის შესაძლებლობა. ჩვენ გვინდა საჯარო სიკეთე და მშვიდობა ყველასთვის და არა ცალკეული იდენტობებისთვის, ისიც ზოგიერთი მიმართულებით.

კიდევ ერთხელ ვგმობთ ძალადობის ყველანაირ ფორმას: ფიზიკურს, ფსიქოლოგიურს, სულიერს, ფინანსურს, ეკონომიკურს, და ამ ყველა ფორმის დასაძლევად მოვუწოდებთ საზოგადოებას, ამოიცნოს ეს ფორმები ჩვენში გაბატონებული არაადამიანური კაპიტალიზმის ყველა სტრუქტურასა და ქმედებაში. შემსრულებლებთან ერთად მათი დამქირავებლები და ბატონ-პატრონებიც უნდა ისჯებოდნენ.

P.S.

ეს წერილი უკვე დაწერილი გვქონდა, როცა ცნობილი გახდა ტელეოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას  გარდაცვალების ამბავი, რომელსაც 5 ივლისს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს  უმოწყალოდ გაუსწორდნენ ბარბაროსები. რამდენიმე დღეში კი უკვე საავადმყოფოდან გამოწერილი გარდაიცვალა.

გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ამ ტრაგიკული ფაქტის გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ახალგაზრდა კაცის დაღუპვა დაკავშირებულია მის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან, და დამცირებასთან. ყველა დანარჩენი ფაქტორი მეორეხარისხოვნად გვესახება.

ამავე დროს, ვხედავთ, რომ ამ მსხვერპლს პოლიტიკურ-ფინანსური ძალაუფლებისა და ანგაჟირებული საზოგადოების  ყველა განშტოება თავის სასარგებლოდ იყენებს: ოპოზიცია (რომლის მნიშველოვან ნაწილი თავად არის სისხლში ამოსვრილი ან მოძალადეთა მიმდევარი) ითხოვს ხელისუფლების გადადგომას (რომელიც ობიექტურად მართლაც არ უნდა იყოს ქვეყნის მმართველი, თუნდაც  ნამოხვანჰესის საარაკოდ კაბალური ხელშეკრულების გამო);  „მეოთხე ხელისუფლება“ ითხოვს მედიის ყველანაირი კრიტიკის შეწყვეტას; ეკლესიური საზოგადოება ითხოვს, ეკლესიის მიმართ ყველანაირ ბრალდებებზე ხელის აღებას, პრაიდის ორგანიზატორთა დასჯასა და ანტიდისკრიმინაციული  კანონის გაუქმებას; „პრაიდის სექტორი“  (ფართო აზრით),  ყველას სიძულვილს, ზიზღსა და დაცინვას აფრქვევს, ვისაც იგივე გრძნობები აქვს მათ მიმართ და ითხოვს კონკორდატის გაუქმებას… ხოლო  საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი  ყველა ამ აქტორის გაქრობას ნატრობს ცხოვრების სცენიდან.

ამ ანგარებიანი, არაგონიერი ინსტინქტების მოზღვავებაში, საზოგადოება ვერასდროს იღებს  სწორ გადაწყვეტილებას და ვერასოდეს მიჰყავს საქმე ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგამდე. მსხვერპლთა რიცხვი კი უსასრულოდ იზრდება.

რაკი ვერც ხელისუფლება, ვერც არსებული კანონები ვერ უზრუნველყოფენ სამოქალაქო მშვიდობას, ვფიქრობთ, თავიდან უნდა დავიწყოთ ფიქრი ახალ საზოგადოებრივ შეთანხმებაზე.

კავკასიური სახლი