ვიდეოკონფერენცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

15 აპრილს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO)ინიციატივით, ,,კავკასიურ სახლთან ერთად, გაიმართა ვიდეოკონფერენცია რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე.

ვიდეოკონფერციის დროს რუსმა და ქართველმა ანალიტიკოსებმა ისაუბრეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებულ ტენდენციებზე და შესაძლო განვითარების სცენარებზე.

საქართველოს მხრიდან მოხსენებით წარდგა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი გობრონიძე. მოხსენება შეეხებოდა ,,საქართველოში საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებს“, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ამასთან, ავტორმა შეაფასა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარი ტერორისტული აქტების მიზეზები და მიზნები, და შეეცადა არგუმენტირებულად დაესაბუთებინა, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო საერთაშორისო ტერორისტების სამიზნე.
ქართული მოხსენებებიდან მომდევნო შეეხებოდა ,,საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს პანკისის ხეობის მაგალითზე“. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ,,კავკასიური სახლის“ თანამშრომელმა მაია ურუშაძემ. მისი მოხსენება ეფუძნებოდა ,,კავკაისური სახლის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა პანკისის ხეობის მოსახლეობაში არსებულ პრობლემებსა და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე. ასევე, საუბრისას ავტორმა ხაზი გაუსვა მედიის უარყოფით როლზე პანკისის ხეობაში არსებული ვითარების გაშუქებისას და საერთაშორისო აქტორების მიერ ხეობისთვის ,,იარლიყების მიწებების“ ნეგატიურ ასპექტებზე.

საქართველოს მხრიდან ბოლო მოხსენება შეეხებოდა ,,რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორას და მის როლზე ქართულ-რუსულ ურთიერთობებში“. მოხსენებით წარდგა ,,კავკასიური სახლის“ მკვლევარი მარიამ გაჩეჩილაძე, რომელმაც გაანალიზა ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა 2004 წლიდან 2012 წლამდე და ისაუბრა ძირითად ტენდენციებსა და კვლევის მიგნებებზე.

რუსეთის მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობდნენ: რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტი ს. მარკედონოვი, მოხსენებით ,,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის საზღვრები ,,წითელი ხაზების გათვალისწინებით“,მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) კავკასიის და რეგიონალური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ნ. სილაევი, მოხსენებით „საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური სისტემის განვითარების პერსპექტივები“. ასევე, მოხსენებები გააკეთეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ასპირანტმა ა. დიოკტევიმ, თემაზე: ,,საქართველოს ეკონომიკა ურთიერთდაპირისპირებული რეგიონალური აქტორების კონტექსტში“ და  მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ქართული კლუბის წევრმა ზ. შავლიძემმოხსენებით ,,საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში“.

მოხსენებების შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) სტუდენტებსა და ქართული დიასპორიდან მოწვეულ წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაესვათ კითხვები მომხსენებლებისთვის და გამოეთქვათ მოსაზრებები.

ღონისძიება გაიმართა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) სამეცნიერო სტუდენტური საზოგადოების ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტის გლობალური პრობლემების შესწავლის ცენტრის ანალიტიკოსის ალექსეი ტოკარევის და ქართული კლუბის მხარდაჭერით.

კონფერენცია – „დიასპორის ახლებური გააზრება – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა“

23 მარტს სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“  „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – „დიასპორის ახლებური გააზრება – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა“.

კონფერენცია ჩატარდა კავკასიური სახლის პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციის მიზანი იყო ქართული დიასპორის თემის ქართულ საჯარო-პოლიტიკურ სივრცეში გააქტიურება და დიასპორული  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენცია გახსნა „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა და თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელმა სოფო ბერიშვილმა. გიორგი კანაშვილმა საზოგადოებას გააცნო აღნიშნული პროექტის შინაარსი და ხაზი გაუსვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში მეტი ყურადღება დაეთმოს საზღვარგარეთ მცხოვრებ მრავალათასიან ქართულ დიასპორას. სოფო ბერიშვილმა ისაუბრა დიდი ბრიტანეთის „კონფლიქტების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის“ საქართველოში საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.

კონფერენციის პირველი სესია მიეძღვნა სომხეთის, ისრაელისა და უკრაინის საექსპერტო და აკადემიური წრის წარმომადგენლების მიერ კონკრეტული ქვეყნების დიასპორული გამოცდილებების განხილვას, სადაც ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, დიასპორული ქსელის განვითარების თავისებურებები ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე, რამდენად შესაძლებელია რომ დიასპორებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ ისტორიული სამშობლოს სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში და როგორ ახერხებენ ძლიერი დიასპორების მქონე სახელმწიფოები ამ რესურსების ეფექტურ გამოყენებას. აქვე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ, ისაუბრა თანამედროვე პერიოდში ქართული დიასპორის მიმართ სახელმწიფო მიდგომების შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა თანდათანობით იკრებს ძალას და ქართული დიასპორების მხრიდანაც დაინტერესება სულ უფრო მატულობს.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო უშუალოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი –  რუსეთის ქართული დიასპორის თემას. მომხსენებლების რანგში წარდგენილნი იყვნენ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში საკითხებში ზურაბ აბაშიძე და სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერიას“ წარმომადგენელი ბორის ბერულავა. ზურაბ აბაშიძემ რუსეთთან ურთიერთობების რეგულირების პროცესში დიასპორის შესაძლო როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორაში ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავად ადგილობრივ დონეზე მოხდეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება. ბორის ბერულავამ ქართულ საზოგადოებას გააცნო სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერიას“ დაფუძნების ისტორია, საქმიანობა და აღნიშნა, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის ქართული მხარის დიასპორის საკითხებში ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

2    1     5

კონფერენციაზე „კავკასიური სახლის“ მკვლევარმა მარიამ გაჩეჩილაძემ წარადგინა „კავკასიური სახლის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა განხორციელდა პროექტის ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის ფარგლებში და მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ რამდენად ძლიერადაა წარმოდგენილი რუსეთის ქართულ საზოგადოებაში  დიასპორული ორგანიზაციები, რამდენად ახერხებენ ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობას და რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რუსეთის ქართულ დიასპორას გააჩნია გარკვეული გავლენა საქართველოზე, რაც ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით (ფულადი გზავნილები) ვლინდება, თუმცა ინსტიტუციური თავლსაზრისით დიასპორაში ორგანიზაციების განვითარება ჯერ ისევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და საქართველოს მხრიდან საჭიროებს შესაბამის მხარდაჭერას.

ქართული დიასპორის შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

26 ოქტომბერს, კავკასიური სახლის პროექტის ,,ქართული-რუსული დიალოგი მშვიდობისთვის და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, დაიწყო რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ვიზიტი თბილისში, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სოციალურად აქტიურ ჯგუფებსა და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დამყარებასა და გაძლიერებას.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან. პროექტის მონაწილეებმა პატრიარქს გააცნეს  მათი რუსეთში საქმიანობის შესახებ და მიიღეს დარიგებები სულიერი წინამძღვრისგან. შეხვედრის ბოლოს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა პროექტის მონაწილეებს და მოუწოდა ილოცონ საქართველოს გამთლიანებისთვის.

 

patriarqi 2  patriarqi 3

pariarqi 4  pariarqi 5