რა უჯდება საქართველოს ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები ყოველწლიურად?

infographic_final_4x3_ge_darkკონფლიქტებზე და მათი შედეგების აღმოფხვრაზე სახელმწიფო სტრუქტურის მიერ ყოველწლიურად 88 586 000 ლარი იხარჯება. აქედან 70 მილიონი ლარი არის განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წლიური ბიუჯეტი; 13 400 000 ლარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი; 3.5 მილიონია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ბიუჯეტი და 1 686 000 ლარია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წლიური ბიუჯეტი.

გარდა ამისა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ყოველწლიურად 10-10.5 მილიონი ლარი იხარჯება დევნილთა შემწეობისთვის.

ამ ჩამონათვალში არ შედის სხვა სახელმწიფო სტრუქტურების დანახარჯები, რომელთა საქმიანობაც ეხება კონფლიქტებს, მაგრამ მათით არ შემოიფარგლება.

ვიზუალიზაცია შექმნილია პროექტის “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება” ფარგლებში, სტატიის “კონფლიქტები და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები: ახლებური გააზრების დროა?!” მიხედვით.

ვიზუალიზაციის შინაარსი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის აზრს.

კონფერენცია: ქართულ-ოსური ურთიერთობები – კონფლიქტის საფასური და ნორმალიზაციის შესაძლებლობები

„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით 27 ივნისს, სასტუმრო „Holyday Inn“ გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: „ქართულ-ოსური ურთიერთობები: კონფლიქტის საფასური და ნორმალიზაციის შესაძლებლობები “

შეხვედრის მიზანი იყო ქართულ-ოსური ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობის განხილვასა და არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასება.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა პუბლიკაცია: „კონფლიქტის საფასური: ქართულ – სამხრეთ ოსური კონტექსტი“, სადაც შესულია ქართველი, ოსი და საერთაშორისო ექსპერტების მრავალფეროვანი და ზოგჯერ წინააღმდეგობრივი თვალსაზრისი კონფლიქტის საფასურის შესახებ.

კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო წრეებისა და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები თემების წარმომადგენლები.

კონფერენცია ჩატარდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრები დიპლომატებთან კავკასიურ სახლში

კავკასიური სახლი იწყებს საჯარო დისკუსიების ახალ ფორმატს: შეხვედრები დიპლომატებთან კავკასიურ სახლში“.  შეხვედრები გაიმართება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საუბრები დაეთმობა ისეთ თემებს, როგორებიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა და უცხოური წარმომადგენლობების როლი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში; რეგიონულ თუ საერთაშორისო ურთიერთობებში დღეს არსებული აქტუალური მოვლენები და მათი ანალიზი; სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისა და სხვა უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილების გაზიარება აუდიტორიისთვის.

აღნიშნულ დისკუსიათა სერიის პირველი სტუმარი იქნება თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ.

მოხსენების თემა: საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობები და თურქეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში.

დრო: 21 ივნისი, 18:30 სთ
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის # 20
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულად)
დასწრება თავისუფალია!

სალაფიზმი საქართველოსა და მსოფლიოში: თეოლოგიური და პოლიტიკური ასპექტები

16 მაისს „კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „სალაფიზმი საქართველოსა და მსოფლიოში: თეოsal4ლოგიური და პოლიტიკური ასპექტები“.

შეხვედრა მიეძღვნა ისლამს და მუსლიმურ თემს საქართველოში, კერძოდ კი მის ერთ-ერთ მიმდინარეობას, სალაფიზმს. კავკასიური სახლისთვის ეს თემა არ არის ახალი. ორგანიზაცია სხვადასხვა კუთხით ყოველთვის მუშაობდა ამ საკითხებზე. წელს „კავკასიურმა სახლმა“ ჩაატარა კვლევა საქართველოში ისლამური თემის და ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

დისკუსიაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს სალაფიზმის ფორმირების ისტორიაზე, მის თანმიმდევრულ მიმდინარეობად ჩამოყალიბების ასპექტებზე, კავკასიაში სალაფიტური მოძრაობის რელიგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმზე და პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე.

დისკუსია გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი სანიკიძემ, თემით: სალაფიზმის ფორმირების ისტორია და მის თანმიმდევრულ მოძრაობად ჩამოყალიბების ასპექტები, იგი ასევე შეეხო ისლამის რელიგიის ძირითად მიმართულებებს და სალაფიტური სკოლის განმასხვავებელ თეოლოგიურ ნიშნებს, მის პოლიტიკურ მოძრაობად sal3გადაქცევის მიზეზებს.

დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა „კავკასიური სახლის“ მკვლევარი გელა ხმალაძე, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასიაში სალაფიტურ მოძრაობაზე ისაუბრა. მოხსენება შეეხებოდა სალაფიტური მოძრაობის პოპულარიზაციის მიზეზებს, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ისლამის რეაქციას, რეგიონში სალაფიტური მოძრაობის რელიგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმს.

პანკისში სალაფიტური მეჩეთის იმამმა ვახტანგ ფარეულიძემ პანკისის ხეობაში არსებულ ვითარება და სახელმწიფოს პოლიტიკა ხეო
ბის სალაფიტური მოსახლეობის მიმართ გააცნო აუდიტორიას. იმამი შეეხო სალაფიზმის მიმდინარეობის განმასხვავებელ თეოლოგიურ ასპექტებს და ძირითად განსხვავებებზე სალაფიზმს და ვაჰაბიზმს შორის. ვახტანგ ფარეულიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ისლამის როლზე პანკისის ხეობის სტაბილიზაციაში.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო, საუნივერსიტეტო წრეების და საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლებმა.


            sal1    sal2

წიგნი, სოფელი, სოლიდარობა

„კავკასიური სახლი“ წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას. 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მიერ გამოცემული 35 000 ლარამდე ღირებულების  წიგნი უსასყიდლოდ გადავეცით  70-მდე ბიბლიოთეკას, რომელთა უმრავლესობა სოფლებშია განლაგებული.

book1  book2

2013 წლის 27 სექტემბერი, “კავკასიური სახლის” თანამშრომლები აგროვებენ წიგნებს დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და თელავის ბიბლიოთეკებისთვის

ამა წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით დაგეგმილია კიდევ ოთხი ბიბლიოთეკის დახმარება.

ამჯერად გვსურს  მათ გადავცეთ ქართული და უცხოური გამომცემლობების მიერ ბოლო წლებში დაბეჭდილი  მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა, შესაბამისად მოგმართავთ ყველას 20  ივნისის ჩათვლით გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა  „კავკასიური სახლის“ საქველმოქმედო აქციაში.

მოიტანეთ წიგნები ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10 სთ-დან 19 სთ-მდე „კავკასიური სახლის“ ოფისში!

მის: გალაკტიონ ტაბიძის 20

სასურველია წიგნები გასული 10 წლის განმავლობაში იყოს გამოცემული,  რადგან სოფლის ბიბლიოთეკებში სწორედ თანამედროვე ლიტერატურის სიმწირეა.

ერთად დავეხმაროთ სოფლის  ბიბლიოთეკებს!

 

2013 წლის აქციის ამსახველი ვიდეო-მასალა 

„სალაფიზმი საქართველოსა და მსოფლიოში: თეოლოგიური და პოლიტიკური ასპექტები“

16 მაისს, 19:00 საათზე, ,,კავკასიური სახლი” გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:
„სალაფიზმი საქართველოსა და მსოფლიოში: თეოლოგიური და პოლიტიკური ასპექტები“
 
მომხსენებლები:
ვახტანგ ფარეულიძე – პანკისის ხეობის ერთ-ერთი იმამი; საქართველოს მუსლიმთა განათლების, კულტურისა და განვითარების ორგანიზაციის დირექტორი; არაბული ენისა და ისლამური რელიგიის სპეციალისტი.
გიორგი სანიკიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
გელა ხმალაძე – კავკასიური სახლის მოწვეული მკვლევარი
 
მოდერატორი:
რევაზ ქოიავა – კავკასიური სახლის მკვლევარი
 
მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ისლამის თემის ხელახალი აქტუალიზება გამოიწვია. სალაფიტური მოძრაობის აღმასვლა არაბული გაზაფხულის შემდეგ სამეცნიერო-ანალიტიკურ წრეებში დიდ ყურადღებას იპყრობს. ისლამის სახელით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები მსოფლიოს მასთან ურთიერთობის ახალი ფორმების გამონახვას აიძულებს.
 
გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და ქვეყნის რელიგიური შემადგენლობიდან გამომდინარე საქართველოსთვის ისლამთან მიმართებით სწორი ხედვის და პოლიტიკის შემუშავებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.
დისკუსიაზე მომხსენებლები ისაუბრებენ სალაფიზმის ფორმირების ისტორიაზე, მის თანმიმდევრულ მიმდინარეობად ჩამოყალიბების ასპექტებზე, კავკასიაში სალაფიტური მოძრაობის რელიგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმზე და პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე.
 
სამუშაო ენა: ქართული
დისკუსია გაიმართება „კავკასიურ სახლში“
მისამართი: თბილისი, გალაკტიონის #20
დასწრება თავისუფალია!

სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ გრძელდება

სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ ფარგლებში კავკასიურ სახლში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან. დავით დონდუამ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ევროატლანტიკური ორიენტაციის საკითხებზე. შეხვედრის დროს ასევე ყურადღება გამახვილდა ჟენევის ფორმატზე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე

კონფერენცია – ,,ისლამი საქართველოში – სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა რეგიონებიდან’’

2016  წლის 5 აპრილს ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის ორგანიზებით გაიმართება კონფერეცია  – ,,ისლამი საქართველოში – სახელმწიფო  პოლიტიკა და ხედვა რეგიონებიდან’’

 

კონფერენციაზე განიხილება ისლამის რელიგიური და პოლიტიკური ასპექტები და

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მუსლიმურ თემთან მიმართებაში. კონფერენციის ერთი ნაწილი დაეთმობა რეგიონებიდან მუსლიმური თემის წარმომადგენლების მოხსენებებს. ასევე, მოხდება „კავკასიური სახლის“ მიერ საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის პროცესებზე ჩატარებული თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის შედეგების და ძირითადი მიგნებების გაცნობა.

 

დამატებითი ონფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ რაუფ ჭიჭინაძეს (+995 592 810 810, ელ-ფოსტა: rauphi.chichinadze@caucasianhouse.ge )

 

 

კონფერენცია იმართება „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლის“ მიერ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“

სალექციო კურსის „სამოქალაქო განათლება და კონფლიქტების ანალიზი“ ფარგლებში ,,კავკასიურ სახლში” გაიმართა ლექცია „საპარლამენტო დემოკრატიის განვითარება საქართველოში“. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიულ პროცესზე და დღეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ლექციის დროს ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მოწვეული პარლამენტების მუშაობის პროცესზე, კანონშემოქმედებით საქმიანობაზე და პარლამენტის ურთიერთობაზე ხელისუფლების სხვა შტოებთან.

 

7H9A9007     7H9A8958

7H9A8974     7H9A8978

 

 

კონფერენცია – „დიასპორის ახლებური გააზრება – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა“

23 მარტს სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“  „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – „დიასპორის ახლებური გააზრება – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა“.

კონფერენცია ჩატარდა კავკასიური სახლის პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციის მიზანი იყო ქართული დიასპორის თემის ქართულ საჯარო-პოლიტიკურ სივრცეში გააქტიურება და დიასპორული  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენცია გახსნა „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა და თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელმა სოფო ბერიშვილმა. გიორგი კანაშვილმა საზოგადოებას გააცნო აღნიშნული პროექტის შინაარსი და ხაზი გაუსვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში მეტი ყურადღება დაეთმოს საზღვარგარეთ მცხოვრებ მრავალათასიან ქართულ დიასპორას. სოფო ბერიშვილმა ისაუბრა დიდი ბრიტანეთის „კონფლიქტების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის“ საქართველოში საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.

კონფერენციის პირველი სესია მიეძღვნა სომხეთის, ისრაელისა და უკრაინის საექსპერტო და აკადემიური წრის წარმომადგენლების მიერ კონკრეტული ქვეყნების დიასპორული გამოცდილებების განხილვას, სადაც ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, დიასპორული ქსელის განვითარების თავისებურებები ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე, რამდენად შესაძლებელია რომ დიასპორებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ ისტორიული სამშობლოს სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში და როგორ ახერხებენ ძლიერი დიასპორების მქონე სახელმწიფოები ამ რესურსების ეფექტურ გამოყენებას. აქვე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ, ისაუბრა თანამედროვე პერიოდში ქართული დიასპორის მიმართ სახელმწიფო მიდგომების შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა თანდათანობით იკრებს ძალას და ქართული დიასპორების მხრიდანაც დაინტერესება სულ უფრო მატულობს.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო უშუალოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი –  რუსეთის ქართული დიასპორის თემას. მომხსენებლების რანგში წარდგენილნი იყვნენ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში საკითხებში ზურაბ აბაშიძე და სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერიას“ წარმომადგენელი ბორის ბერულავა. ზურაბ აბაშიძემ რუსეთთან ურთიერთობების რეგულირების პროცესში დიასპორის შესაძლო როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორაში ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავად ადგილობრივ დონეზე მოხდეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება. ბორის ბერულავამ ქართულ საზოგადოებას გააცნო სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერიას“ დაფუძნების ისტორია, საქმიანობა და აღნიშნა, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის ქართული მხარის დიასპორის საკითხებში ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

2    1     5

კონფერენციაზე „კავკასიური სახლის“ მკვლევარმა მარიამ გაჩეჩილაძემ წარადგინა „კავკასიური სახლის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა განხორციელდა პროექტის ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის ფარგლებში და მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ რამდენად ძლიერადაა წარმოდგენილი რუსეთის ქართულ საზოგადოებაში  დიასპორული ორგანიზაციები, რამდენად ახერხებენ ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობას და რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რუსეთის ქართულ დიასპორას გააჩნია გარკვეული გავლენა საქართველოზე, რაც ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით (ფულადი გზავნილები) ვლინდება, თუმცა ინსტიტუციური თავლსაზრისით დიასპორაში ორგანიზაციების განვითარება ჯერ ისევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და საქართველოს მხრიდან საჭიროებს შესაბამის მხარდაჭერას.