რუსი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და ფორუმი „ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“

25-28 თებერვალს „კავკასიურმა სახლმა“, პროექტ „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რუსული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტის პირველი ორი დღის განმავლობაში მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. მათ შორის, აღსანიშნავია, შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ენერგეტიკის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
DSC02858          DSC_0100
27-28 თებერვალს კი დაბა ბაკურიანში გაიმართა ქართველი და რუსი ანალიტიკოსების ორდღიანი ფორუმი სახელწოდებით „ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“. შეხვედრებზე განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: რეგიონალური უსაფრთხოება, ისლამის რადიკალიზაციის პროცესი კავკასიაში და რუსეთ-თურქეთის გართულებული ურთიერთობების ფონზე სამხრეთ კავკასიისთვის არსებული რისკები. ასევე, დისკუსიები შეეხო რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მიმდინარე და შესაძლო ენერგეტიკულ პროექტებს.
DSC_0105          DSC_0049

შეხვედრების მსვლელობისას ორივე ქვეყნის მონაწილეები შეეცადნენ რუსეთსა და საქართველოს ბოლო 25 წლის პერიოდის ორმხრივ ურთიერთობებში წყალგამყოფების გამოკვეთას და მათ შესაბამის ანალიზს. ისტორიული მოვლენების ერთობლივმა განხილვამ და შეფასებებმა ხელი შეუწყო მონაწილეებს დაენახათ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენები ერთმანეთის კუთხიდან, რაც პოზიტიურად აისახა შემდგომი კონკრეტული საკითხების განხილვისას. აღსანიშნავია, რომ ფორუმის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა წარიმართა დინამიურად და ინტერაქციულად.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

მადლობა ყველას!

ჩვენო მეგობრებო, ”კავკასიური სახლის” გულშემატკივრებო, გვინდა თქვენ და მთელ ჩვენს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 15 წლიანი ბრძოლა ”კავკასიური სახლისთვის” დამთავრდა! და დამთავრდა ყველასთვის სასიკეთოდ და სასიხარულოდ, რადგან ეს სახლი ყოველთვის იყო საზოგადოების კუთვნილება და დაარსების დღიდან საზოგადოებას ემსახურებოდა.

გულითადი მადლობა ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც 2010 წლის ზაფხულში, ჩვენთვის უმძიმეს პერიოდში გვერდით გვედგა. მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ – წაერთმია ”კავკასიური სახლისთვის” მეგობარი ევროპული ფონდის მიერ რესტავრირებულ-რეკონსტრუირებული შენობა და გადაეცა იგი საეჭვო ძალებისათვის, – საზოგადოების საერთო აღშფოთება გამოიწვია. პროტესტს გამოთქვამდნენ მეცნიერები, ახალგაზრდები, ბავშვები, დევნილები, ნაციონალურ უმცირესობათა წარმომადგენლები, კავკასიელი და ევროპელ-ამერიკელი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ნობელის პრემიის ლაურეატები, ყველა, ვისაც ოდესმე უთანამშრომლია ”კავკასიურ სახლთან”.
რომ არა თქვენი ერთგულება, არავინ უწყის, რა ბედი ელოდა ორგანიზაციას, რომელიც 1973 წლიდან არსებობდა როგორც მთარგმნელობითი ცენტრი, ხოლო უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ემსახურება ბავშვებისა და ახალგაზრდების უფასო განათლებას, შიდაკავკასიურ სამშვიდობო დიალოგს, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენას, პროფესიული თარგმანის საქმეს და სხვა.

2016 წლის 17 თებერვალს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ა.ა.ი.პ. ”კულტურულ ურთიერთობა ცენტრი – კავკასიურ სახლსა” და ეკონომიკის სამინისტროს შორის, რომლის საფუძველზე ჩვენი ორგანიზაციის უზურფრუქტით სარგებლობაში გადმოდის გალაკტიონ ტაბიძის 20 ნომერში მდებარე შენობის დიდი ნაწილი.
მადლობას ვუხდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც წერტილი დაუსვეს ამდენი ხნის უსამართლობას, უამრავი დრო და ადამიანთა სასიცოცხლო ენერგია რომ შეიწირა.

ძვირფასო მეგობრებო, იმედი გვაქვს, კვლავაც უამრავ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ თქვენთან ერთად.

”კავკასიური სახლის” თანამშრომლები
22 თებერვალი, 2016 წელი