ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები

დღეს, 14 ივლისს, ქ. ბათუმში ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის“ ორგანიზებით პროექტის ,,ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში დაიწყო სამდღიანი რეგიონალური ფორუმი: ,,ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“.

ღონისძიებაში მონაწილებას იღებენ კავკასიის რეგიონზე მომუშავე ანალიტიკოსები რუსეთიდან და საქართველოდან. ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის განიხილება ყარაბაღის კრიზისის გავლენა რეგიონალურ ურთიერთობებზე, აფხაზეთსა და ოსეთის გარშემო არსებული ვითარება, რეგიონში ისლამის რადიკალიზაციის საფრთხე და ქართულ-რუსული  ურთიერთობები.

ფორუმზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს და მიიღონ პირდაპირი და ობიექტური ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს რაციონალური და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას რეგიონის შესახებ.  შეხვედრები გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთან, ბატონ ავთანდილ ბერიძესთან. ასევე, აჭარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან, ბატონ თამაზ შავაძესთან,  სრულიად საქართველოს მუფტთან ბატონ ბეგლარ ქამაშიძესთან.

 

კონფერენცია: ქართულ-ოსური ურთიერთობები – კონფლიქტის საფასური და ნორმალიზაციის შესაძლებლობები

„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით 27 ივნისს, სასტუმრო „Holyday Inn“ გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: „ქართულ-ოსური ურთიერთობები: კონფლიქტის საფასური და ნორმალიზაციის შესაძლებლობები “

შეხვედრის მიზანი იყო ქართულ-ოსური ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობის განხილვასა და არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასება.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა პუბლიკაცია: „კონფლიქტის საფასური: ქართულ – სამხრეთ ოსური კონტექსტი“, სადაც შესულია ქართველი, ოსი და საერთაშორისო ექსპერტების მრავალფეროვანი და ზოგჯერ წინააღმდეგობრივი თვალსაზრისი კონფლიქტის საფასურის შესახებ.

კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო წრეებისა და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები თემების წარმომადგენლები.

კონფერენცია ჩატარდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სტუდენტური კონფერენცია თემაზე: მწვანე პოლიტიკა პროგრესული განვითარებისთვის

„კავკასიური სახლი“ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო იწვევს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის ძირითად თემას წარმოადგენს მწვანე პოლიტიკა და ეკონომიკა, როგორც პროგრესული და მდგრადი განვითარების წინაპირობა.

სამწუხაროდ საქართველოში, ნეოლიბერალური პოლიტიკის გაბატონებასთან ერთად, სულ უფრო უგულვებელყოფილი ხდება მდგრადი განვითარების საკითხები. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მოხდა ეკონომიკური ზრდის ფეტიშიზაცია, რის შედეგადაც ქვეყანაში გაიზარდა უთანასწორობის მაჩვენებელი. ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო უთანასწორობის მხრივ ლიდერობს რეგიონში. სამწუხაროდ პოლიტიკური ელიტები, სწორედ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას იყენებენ ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომელსაც დიდი ზიანი მოაქვს გარემოსთვის. ამ პრობლემებიდან გამომდინარე კონფერენციის მიზანია წაახალისოს დისკუსია ახალგაზრდებში შემდეგ საკითხებზე:

1.მწვანე განვითარების ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური განზომილებები, ნეოლიბარალური ეკონომიკის კრიტიკა მემარცხენე პერსპექტივიდან;
2. მწვანე ეკონომიკისა და პოლიტიკის ჩანასახოვანი ფორმები საქართველოში;
3. საქართველოს ენერგოპოლიტიკა მწვანე პერსპექტივიდან.
4. გენდერი და ეკონომიკა

კონფერენციის ფარგლებში გამოვლინდება 6 სტუდენტი, რომელსაც მიეცემა საშუალება გააცნოს საკუთარი ნაშრომი ფართო აუდიტორიას სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში. ამასთან, კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომები დაკაბადონდება და დაიდება “კავკასიური სახლის” და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებ-გვერდებზე. სტუდენტებს ჯილდოების სახით გადაეცემათ წამყვანი ეკონომისტებისა და პოლიტიკის მეცნიერების ნაშრომები.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის სტატიის გაფორმების წესი:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესების დაცვით:
ნაშრომი და რეზიუმე წარმოდგენილი უნდა ელექტრონული ფორმით.
შრიფტი Sylfaen ; (სტილი Normal, შრიფტის ზომა 12);
სტრიქონთა შორის ინტერვალი 1,15;
სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს;
სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და დასკვნებზე პასუხისმგებელია ავტორი;

მნიშვნელოვანი თარიღები
•სტატიის (არაუმეტეს 5 გვერდისა) გადმოგზავნის ბოლო ვადაა 28 მაისი. სტატია უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელ. მისამართზე: greenconference1@gmail.com
•2016 წლის 3 ივნისი – სარედაქციო საბჭოს მიერ ნაშრომების განხილვა;
•2016 წლის 5 ივნისი – აპლიკანტები მიიღებენ დასტურს/უარყოფას მონაწილეობასთან დაკავშირებით;
•2016 წლის 16 ივნისი – კონფერენციის თარიღი;
•კონფერენციების მონაწილეებს პრეზენტაციისთვის დაეთმობათ 10-15 წთ, დებატები 8-10 წთ;
•კონფერენცია გაიმართება, თსუ-ს პირველ კორპუსში, აუდიტორია #115-ში.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
•თემის აქტუალობა;
•თემატიკის კონფერენციის მიზნებთან შესაბამისობა;
•გამოყენებული ლიტერატურა;
•ადგილობრივ კონტექსტთან შესაბამისობა;

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელ მისამართზე: greenconerence1@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 733 044;
კონფერენცია ტარდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მწვანე პოლიტიკა პროგრესული განვითარებისთვის“ ფარგლებში.

ისლამი საქართველოში – სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა რეგიონებიდან

5 აპრილს კავკასიური სახლის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,ისლამი საქართველოში – სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა რეგიონებიდან“. კონფერენცია გაიხსნა ისლამის რელიგიური და პოლიტიკური ასპექტებზე მსჯელობით. ასევე განხილულ იქნა თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სეკულარიზმის მნიშვნელობა. მოხსენებებით წარდგნენ კავკასიური სახლის აზიური მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლობჟანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე და ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ანალიზს მუსლიმურ თემთან მიმართებით. აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ – ზაზა ვაშაყმაძემ. მოხსენება შეეხებოდა ხელისუფლების მიერ საქართველოში წარმოდგენილი ძირითადი კონფესიების მხარდაჭერას და მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუსლიმურ თემზე.

კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა იასინ ალიევმა. მათ ისაუბრეს სამმართველოს პრიორიტეტებზე და აღნიშნეს საქართველოში მუსლიმური სასწავლებლების გახსნის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმო საქართველოს რეგიონებიდან, კერძოდ კი ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და აჭარიდან მომხსენებლებს.

ასევე, „კავკასიური სახლის“ მკვლევრებმა, არჩილ სიხარულიძემ და გელა ხმალაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის პროცესებზე ჩატარებული თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის შედეგები და ძირითადი მიგნებები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო წრეებისა და საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები.

კონფერენცია გაიმართა დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენცია – ,,ისლამი საქართველოში – სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა რეგიონებიდან’’

2016  წლის 5 აპრილს ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის ორგანიზებით გაიმართება კონფერეცია  – ,,ისლამი საქართველოში – სახელმწიფო  პოლიტიკა და ხედვა რეგიონებიდან’’

 

კონფერენციაზე განიხილება ისლამის რელიგიური და პოლიტიკური ასპექტები და

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მუსლიმურ თემთან მიმართებაში. კონფერენციის ერთი ნაწილი დაეთმობა რეგიონებიდან მუსლიმური თემის წარმომადგენლების მოხსენებებს. ასევე, მოხდება „კავკასიური სახლის“ მიერ საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის პროცესებზე ჩატარებული თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის შედეგების და ძირითადი მიგნებების გაცნობა.

 

დამატებითი ონფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ რაუფ ჭიჭინაძეს (+995 592 810 810, ელ-ფოსტა: rauphi.chichinadze@caucasianhouse.ge )

 

 

კონფერენცია იმართება „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლის“ მიერ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენცია – „დიასპორის ახლებური გააზრება – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა“

23 მარტს სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“  „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – „დიასპორის ახლებური გააზრება – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა“.

კონფერენცია ჩატარდა კავკასიური სახლის პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციის მიზანი იყო ქართული დიასპორის თემის ქართულ საჯარო-პოლიტიკურ სივრცეში გააქტიურება და დიასპორული  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენცია გახსნა „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა და თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელმა სოფო ბერიშვილმა. გიორგი კანაშვილმა საზოგადოებას გააცნო აღნიშნული პროექტის შინაარსი და ხაზი გაუსვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში მეტი ყურადღება დაეთმოს საზღვარგარეთ მცხოვრებ მრავალათასიან ქართულ დიასპორას. სოფო ბერიშვილმა ისაუბრა დიდი ბრიტანეთის „კონფლიქტების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის“ საქართველოში საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.

კონფერენციის პირველი სესია მიეძღვნა სომხეთის, ისრაელისა და უკრაინის საექსპერტო და აკადემიური წრის წარმომადგენლების მიერ კონკრეტული ქვეყნების დიასპორული გამოცდილებების განხილვას, სადაც ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, დიასპორული ქსელის განვითარების თავისებურებები ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე, რამდენად შესაძლებელია რომ დიასპორებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ ისტორიული სამშობლოს სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში და როგორ ახერხებენ ძლიერი დიასპორების მქონე სახელმწიფოები ამ რესურსების ეფექტურ გამოყენებას. აქვე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ, ისაუბრა თანამედროვე პერიოდში ქართული დიასპორის მიმართ სახელმწიფო მიდგომების შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა თანდათანობით იკრებს ძალას და ქართული დიასპორების მხრიდანაც დაინტერესება სულ უფრო მატულობს.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო უშუალოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი –  რუსეთის ქართული დიასპორის თემას. მომხსენებლების რანგში წარდგენილნი იყვნენ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში საკითხებში ზურაბ აბაშიძე და სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერიას“ წარმომადგენელი ბორის ბერულავა. ზურაბ აბაშიძემ რუსეთთან ურთიერთობების რეგულირების პროცესში დიასპორის შესაძლო როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორაში ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავად ადგილობრივ დონეზე მოხდეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება. ბორის ბერულავამ ქართულ საზოგადოებას გააცნო სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერიას“ დაფუძნების ისტორია, საქმიანობა და აღნიშნა, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის ქართული მხარის დიასპორის საკითხებში ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

2    1     5

კონფერენციაზე „კავკასიური სახლის“ მკვლევარმა მარიამ გაჩეჩილაძემ წარადგინა „კავკასიური სახლის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა განხორციელდა პროექტის ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის ფარგლებში და მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ რამდენად ძლიერადაა წარმოდგენილი რუსეთის ქართულ საზოგადოებაში  დიასპორული ორგანიზაციები, რამდენად ახერხებენ ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობას და რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რუსეთის ქართულ დიასპორას გააჩნია გარკვეული გავლენა საქართველოზე, რაც ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით (ფულადი გზავნილები) ვლინდება, თუმცა ინსტიტუციური თავლსაზრისით დიასპორაში ორგანიზაციების განვითარება ჯერ ისევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და საქართველოს მხრიდან საჭიროებს შესაბამის მხარდაჭერას.

კონფერენცია „კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ბოლო სამი წლის მიღწევები და გამოწვევები“

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ -„კავკასიური სახლის“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის “  ორგანიზებით 27 ნოემბერს 16 სთ-ზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით: „კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ბოლო სამი წლის მიღწევები და გამოწვევები“.

შეხვედრის მიზანია საქართველოს კონფლიქტების მიმართ არსებული მიდგომების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

კონფერენციაზე ფოკუსი გაკეთდება განვლილი სამი წლის მანძილზე კონფლიქტების მიმართულებით წარმოებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე. აღნიშნული პერიოდი საჭიროებს ობიექტურ ანალიზსა და შეფასებას, რათა გამოიკვეთოს არსებული პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომები და თავიდან იქნას აცილებული ახალი გამოწვევები.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან  სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო წრეებისა და საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები.

შეხვედრა იმართება პროექტის – „დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.