დაიწყო სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლებასა და კონფლიქტების ანალიზში“.

2 მარტს გაიხსნა სალექციო კურსი „სამოქალაქო განათლებასა და კონფლიქტების ანალიზში“. სალექციო კურსის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს დემოკრატიის, სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტის ანალიზისა და ნაციონალიზმის საკითხებზე. იგი მოიცავს როგორც ლექცია-სემინარებს აკადემიურ და თეორიულ საკითხებზე, ასევე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.

პირველი ლექცია გაიმართა კავკასიურ სახლში. ლექციის თემა იყო „სამოქალაქო საზოგადოების როლი ტრანზიციული დემოკრატიის ქვეყნებში“. ლექცია წაიკითხა ქეთევან ვაშაკიძემ, ევროპის ფონდის პრეზიდენტმა. ქეთევან ვაშაკიძემ ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების კონცეფციაზე და ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სექტორის განვითარებასა და მნიშვნელობაზე საქართველოში.

 

კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასრულდა

4 დეკემბერს დასრულდა ,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა უკრაინელი, რუსი, მოლდოველი, ბელორუსი, ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის აემაღლებინათ ცოდნა რეგიონალურ კონფლიქტებზე და კონსტრუქციული დისკუსიის ფარგლებში გაეცვალათ მოსაზრებები კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის შესაძლო გზებზე.

სალექციო დღეების განმავლობაში განხილულ იქნა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და დნესტრისპირეთის კონფლიქტები; ასევე უკრაინის გარშემო არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს და მათეული მიდგომები გააცნეს, როგორც უკრაინელმა ისე რუსმა ანალიტიკოსებმა. უკანასკნელმა საკითხმა მონაწილეების მხრიდან ცხარე დისკუსია გამოიწვია. სიმულაციური თამაშების დროს მონაწილეებმა კი სირიაში არსებული სიტუაციის განმუხტვის შესაძლო სცენარები შეიმუშავეს.

გარდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტებისა, სალექციო კურსის ბოლო ორი ლექცია მიძღვნა კოსოვოს საკითხისა და კატალონიის გამოცდილების განხილვას. ვინაიდან ღონისძიება გაიმარტა ბელორუსში, ორგანიზატორებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და მიიწვიეს ორი ბელორუსი მომხსენებელი, რომლებმაც ისაუბრეს ბელორუსის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ.

სალექციო დღეები ლიბანელი რეჟისორის ნადინ ლაბაკის ,,და ახლა საით მივდივართ?“ ფილმის ჩვენებით დასრულდა. ფილმის შინაარსიდან გამომდინარე ცხარე დისკუსია გაიმართა ქალთა პოზიტიურ როლზე კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება Black Sea Trust–ის, აშშის გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ფინანსური მხარდაჭერით.

ღია შერჩევა სამხრეთ კავკასიურ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად

“ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხური კომიტეტი,”  “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლთან“ და  „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით გიწვევთ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, პროექტის  ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ ფარგლებში. შეხვედრას დაესწრებიან აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ბელორუსი მონაწილეები.

პროექტის შინაარსი

2015 წლის ივნისში “ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხურმა კომიტეტმა,” “კავკასიურ სახლთან“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან” თანამშრომლობით, ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე  დიალოგისა და კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობას. შეხვედრების მიზანია სხვადასხვა დარგის   სპეციალისტებისა და ახალი თაობის ექსპერტების  ჩართულობის გზით, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზებზე მუშაობა. ასევე აღნიშნულ კონფლიქტებთან მიმართებაში ანალიზისა და რაციონალური საჯარო დისკურსის სტიმულირება.

აღნიშნული შეხვედრები არის უნიკალური შესაძლებლობა  საქართველოს ახალი თაობის პროფესიონალებისთვის/ექსპერტებისათვის ჩაერთონ ამ პროცესებში და  ახალი იდეები განავითარონ რეგიონული და მათ შორის ქართულ-აფხაზური და ქართულ – ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით. პირველი ასეთი ფორმატის შეხვედრა პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სომხეთში, ქალაქ ერევანში, 2015 წლის 25-28 სექტემბერს, სადაც ფოკუსი გაკეთდა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ასპექტებზე.

  • მეორე შეხვედრა გაიმართება 2016 წლის  8-11 იანვარს, ქალაქ მინსკში, ბელარუსი. საერთო ჯამში შეირჩევა 5 მონაწილე, რომლებიც მოხსენებას გააკეთებენ აღნიშნულ კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ყველა ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტის, დაბინავების, კვების) დაფარული იქნება ორგანიზატორების მიერ.

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები

  • ასაკი: 45 წლამდე
  • სამიზნე ჯგუფი: სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის და სხვა მონათესავე სფეროებში მომუშავე ადამიანები, ასევე საჯარო  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
  • სამუშაო ენა:  რუსული
  • შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება რუსულ ენაზე.

სააპლიკაციო პროცედურა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და  წერილი, სადაც არგუმენტირებული იქნება  აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია და თქვენი წვლილი დიალოგის პროცესის გაძლიერებაში შემდეგ ელ-ფოსტაზე: submit.dialogue@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23.12.2015

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ასისტენტს,  ანა ბრაგვაძეს.

ელ-ფოსტა: ana.bragvadze@caucasianhouse.ge

ტელ: (995 577) 65 98 45;

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით

,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ დაიწყო

30 ნოემბერს, ქ. მინსკში (ბელორუსი) დაიწყო ,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. ,,კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს სალექციო კურსის საშუალებით, ხელი შეუწყოს რეგიონალური კონფლიქტების უკეთ გააზრებას და ამასთანავე, მათი მშვიდობიანი ტრანსფორმაციის შესაძლო გზების გაანალიზირებას.

3 დღის განმავლობაში განხილულ იქნა ქართული კონფლიქტები, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები. ასევე, აქტიური დისკუსია გაიმართა რუსეთის  საგარეო პოლიტიკასა და მის ძირითად პრიორიტეტებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაწილეებს საშუალება მიეცათ სიმულაციური თამაშის მეშვეობით შეემუშავებინათ სირიის კრიზისიდან გამოსვლის პოტენციური გეგმა და ამით უფრო სიღრმისეულად ჩასწვდომოდნენ არსებულ რეგიონალურ გამოწვევებს. ამასთან, ,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მონაწილეებს საშუალება მიეცათ მოესმინათ მასპინძელი მომხსენებლების ლექციები ბელორუსის საგარეო პოლიტიკაზე და მის ეკონომიკურ არჩევანზე.

მომდევნო დღეები მიეძღვნება უკრაინის საშინაო პოლიტიკა და კონკრეტულად არაკონტროლირებადი ტერიტორიების მიმართ მისი სტრატეგიის გაანალიზირებას, ასევე, კატალონიისა და კოსოვოს მაგალითებზე დაყრდნობით განხილულ იქნება ევროპული გამოცდილებაც კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით. სალექციო კურსი დასრულდება ფილმის ჩვენებით 4 დეკემბერს.

პროექტი ხორციელდება Black Sea Trust–ის, აშშის გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენცია „კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ბოლო სამი წლის მიღწევები და გამოწვევები“

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ -„კავკასიური სახლის“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის “  ორგანიზებით 27 ნოემბერს 16 სთ-ზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით: „კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ბოლო სამი წლის მიღწევები და გამოწვევები“.

შეხვედრის მიზანია საქართველოს კონფლიქტების მიმართ არსებული მიდგომების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

კონფერენციაზე ფოკუსი გაკეთდება განვლილი სამი წლის მანძილზე კონფლიქტების მიმართულებით წარმოებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე. აღნიშნული პერიოდი საჭიროებს ობიექტურ ანალიზსა და შეფასებას, რათა გამოიკვეთოს არსებული პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომები და თავიდან იქნას აცილებული ახალი გამოწვევები.

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან  სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო წრეებისა და საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები.

შეხვედრა იმართება პროექტის – „დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

“კონფლიქტებისა და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტი” დასრულდა

ბათუმში დასრულდა ,,კონფლიქტების და განვითარების ყოველწლიური უნივერსიტეტი“, რომელსაც კიევში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით „კავკასიური სახლი“ 18-დან 24 მაისის ჩათვლით ახორციელებდა.

უნივერსიტეტში უკრაინის, რუსეთის, მოლდოვის, ევროკავშირის და საქართველოს 32-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა. უნივერსიტეტის მიზანი იყო კონფლიქტების თემატიკაზე ლექციებისა და თავისუფალი დისკუსიების ფარგლებში უკეთესად მომხდარიყო რეგიონში არსებული კონფლიქტების გააზრება და მათი მშვიდობიანი ტრანსფორმაციის კუთხით რაციონალური სააზროვნო სივრცის შექმნა. სალექციო კურსს ქართველ სპეციალისტებთან ერთად, პოსტ-საბჭოთა სივრცისა და ევროპის გამოცდილი სპიკერები უძღვებოდნენ. დასკვნით დღეს საერთაშორისო მონაწილეებთან ერთად მოეწყო ექსკურსია მაჭახელას ხეობაში, სადაც სტუმრები ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებს და ისტორიულ წარსულს გაეცნენ. ,,კავკასიური სახლი“ გეგმავს აღნიშნული უნივერსიტეტი ყოველწლიურად ჩაატაროს.

საჯარო დისკუსია – ერთი კონფლიქტის მრავალი განზომილება: უკრაინის ვიზიტის შთაბეჭდილებები

2015 წლის 8 მაისს ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ და ,,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი“ გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:

,,ერთი კონფლიქტის მრავალი განზომილება: უკრაინის ვიზიტის შთაბეჭდილებები“
დისკუსია მიეძღვნება 2015 წლის 14–22 აპრილს, ,,კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გამართულ, ქართველი ექსპერტების ვიზიტს უკრაინაში. შეხვედრები გაიმართა სამ ქალაქში: კიევში, ხარკოვსა და ლვოვში. ,,კავკასიური სახლის“ წარმომადგენლებმა გიორგი კანაშვილმა და მაია ურუშაძემ, ,,ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსიტუტის” ანალიტიკოსმა -ელიკო ბენდელიანმა და ,,რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა – გოგა აფციაურმა გამართეს შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების, ანალიტიკური ცენტრების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, აქტივისტებთან და ჟურნალისთებთან. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს გამოცდილების გაზიარება უკრაინელი კოლეგებისთვის და ამავროულად არსებული სიტუაციის ადგილეზე გაცნობა.
ვიზიტი დაიგეგმა ,,კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტის ,,უკრაინა – კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭრით.
საჯარო დისკუსიის ფარგლებში პროექტის მონაწილეები აუდიტორიას გააცნობენ საკუთარ შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს ხსენებულ ვიზიტთან დაკავშირებით.

მოდერატორი:

მაია ურუშაძე – კავკასიური სახლი
მომხსენებლები:

ელიკო ბენდელიანი – ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
გოგა აფციაური –  რადიო თავისუფლება

დისკუსიის ფარგლებში ,,კავკასიური სახლის“ წარმომადგენლი ტატო ხუნდაძე წარადგენს პოლიტიკური ნარკვევს ,,უკრაინის კრიზისის კონტექსტუალიზაცია ქართულ პოლიტიკაში.

დასაწყისი: 18:00 სთ, 8.05.2015

მისამართი: თბილისი; გალაკტიონ ტაბიძის ქ. 20

 

 

 

დისკუსია იმართება ,,კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტის ,,უკრაინა – კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭრით.