კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასრულდა

4 დეკემბერს დასრულდა ,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა უკრაინელი, რუსი, მოლდოველი, ბელორუსი, ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის აემაღლებინათ ცოდნა რეგიონალურ კონფლიქტებზე და კონსტრუქციული დისკუსიის ფარგლებში გაეცვალათ მოსაზრებები კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის შესაძლო გზებზე.

სალექციო დღეების განმავლობაში განხილულ იქნა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და დნესტრისპირეთის კონფლიქტები; ასევე უკრაინის გარშემო არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს და მათეული მიდგომები გააცნეს, როგორც უკრაინელმა ისე რუსმა ანალიტიკოსებმა. უკანასკნელმა საკითხმა მონაწილეების მხრიდან ცხარე დისკუსია გამოიწვია. სიმულაციური თამაშების დროს მონაწილეებმა კი სირიაში არსებული სიტუაციის განმუხტვის შესაძლო სცენარები შეიმუშავეს.

გარდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტებისა, სალექციო კურსის ბოლო ორი ლექცია მიძღვნა კოსოვოს საკითხისა და კატალონიის გამოცდილების განხილვას. ვინაიდან ღონისძიება გაიმარტა ბელორუსში, ორგანიზატორებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და მიიწვიეს ორი ბელორუსი მომხსენებელი, რომლებმაც ისაუბრეს ბელორუსის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ.

სალექციო დღეები ლიბანელი რეჟისორის ნადინ ლაბაკის ,,და ახლა საით მივდივართ?“ ფილმის ჩვენებით დასრულდა. ფილმის შინაარსიდან გამომდინარე ცხარე დისკუსია გაიმართა ქალთა პოზიტიურ როლზე კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება Black Sea Trust–ის, აშშის გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ფინანსური მხარდაჭერით.

ღია შერჩევა სამხრეთ კავკასიურ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად

“ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხური კომიტეტი,”  “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლთან“ და  „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით გიწვევთ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, პროექტის  ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ ფარგლებში. შეხვედრას დაესწრებიან აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ბელორუსი მონაწილეები.

პროექტის შინაარსი

2015 წლის ივნისში “ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხურმა კომიტეტმა,” “კავკასიურ სახლთან“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტთან” თანამშრომლობით, ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის ,,დიალოგის პროცესის გაძლიერება ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობით“ განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე  დიალოგისა და კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობას. შეხვედრების მიზანია სხვადასხვა დარგის   სპეციალისტებისა და ახალი თაობის ექსპერტების  ჩართულობის გზით, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზებზე მუშაობა. ასევე აღნიშნულ კონფლიქტებთან მიმართებაში ანალიზისა და რაციონალური საჯარო დისკურსის სტიმულირება.

აღნიშნული შეხვედრები არის უნიკალური შესაძლებლობა  საქართველოს ახალი თაობის პროფესიონალებისთვის/ექსპერტებისათვის ჩაერთონ ამ პროცესებში და  ახალი იდეები განავითარონ რეგიონული და მათ შორის ქართულ-აფხაზური და ქართულ – ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით. პირველი ასეთი ფორმატის შეხვედრა პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სომხეთში, ქალაქ ერევანში, 2015 წლის 25-28 სექტემბერს, სადაც ფოკუსი გაკეთდა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ასპექტებზე.

  • მეორე შეხვედრა გაიმართება 2016 წლის  8-11 იანვარს, ქალაქ მინსკში, ბელარუსი. საერთო ჯამში შეირჩევა 5 მონაწილე, რომლებიც მოხსენებას გააკეთებენ აღნიშნულ კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ყველა ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტის, დაბინავების, კვების) დაფარული იქნება ორგანიზატორების მიერ.

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები

  • ასაკი: 45 წლამდე
  • სამიზნე ჯგუფი: სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის და სხვა მონათესავე სფეროებში მომუშავე ადამიანები, ასევე საჯარო  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
  • სამუშაო ენა:  რუსული
  • შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება რუსულ ენაზე.

სააპლიკაციო პროცედურა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და  წერილი, სადაც არგუმენტირებული იქნება  აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია და თქვენი წვლილი დიალოგის პროცესის გაძლიერებაში შემდეგ ელ-ფოსტაზე: submit.dialogue@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23.12.2015

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ასისტენტს,  ანა ბრაგვაძეს.

ელ-ფოსტა: ana.bragvadze@caucasianhouse.ge

ტელ: (995 577) 65 98 45;

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით

,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ დაიწყო

30 ნოემბერს, ქ. მინსკში (ბელორუსი) დაიწყო ,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. ,,კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს სალექციო კურსის საშუალებით, ხელი შეუწყოს რეგიონალური კონფლიქტების უკეთ გააზრებას და ამასთანავე, მათი მშვიდობიანი ტრანსფორმაციის შესაძლო გზების გაანალიზირებას.

3 დღის განმავლობაში განხილულ იქნა ქართული კონფლიქტები, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები. ასევე, აქტიური დისკუსია გაიმართა რუსეთის  საგარეო პოლიტიკასა და მის ძირითად პრიორიტეტებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაწილეებს საშუალება მიეცათ სიმულაციური თამაშის მეშვეობით შეემუშავებინათ სირიის კრიზისიდან გამოსვლის პოტენციური გეგმა და ამით უფრო სიღრმისეულად ჩასწვდომოდნენ არსებულ რეგიონალურ გამოწვევებს. ამასთან, ,,კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მონაწილეებს საშუალება მიეცათ მოესმინათ მასპინძელი მომხსენებლების ლექციები ბელორუსის საგარეო პოლიტიკაზე და მის ეკონომიკურ არჩევანზე.

მომდევნო დღეები მიეძღვნება უკრაინის საშინაო პოლიტიკა და კონკრეტულად არაკონტროლირებადი ტერიტორიების მიმართ მისი სტრატეგიის გაანალიზირებას, ასევე, კატალონიისა და კოსოვოს მაგალითებზე დაყრდნობით განხილულ იქნება ევროპული გამოცდილებაც კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით. სალექციო კურსი დასრულდება ფილმის ჩვენებით 4 დეკემბერს.

პროექტი ხორციელდება Black Sea Trust–ის, აშშის გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ფინანსური მხარდაჭერით.