კონფერენცია: ქართულ-ოსური ურთიერთობები – კონფლიქტის საფასური და ნორმალიზაციის შესაძლებლობები

„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით 27 ივნისს, სასტუმრო „Holyday Inn“ გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: „ქართულ-ოსური ურთიერთობები: კონფლიქტის საფასური და ნორმალიზაციის შესაძლებლობები “

შეხვედრის მიზანი იყო ქართულ-ოსური ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობის განხილვასა და არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასება.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა პუბლიკაცია: „კონფლიქტის საფასური: ქართულ – სამხრეთ ოსური კონტექსტი“, სადაც შესულია ქართველი, ოსი და საერთაშორისო ექსპერტების მრავალფეროვანი და ზოგჯერ წინააღმდეგობრივი თვალსაზრისი კონფლიქტის საფასურის შესახებ.

კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო წრეებისა და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები თემების წარმომადგენლები.

კონფერენცია ჩატარდა დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრები დიპლომატებთან კავკასიურ სახლში

კავკასიური სახლი იწყებს საჯარო დისკუსიების ახალ ფორმატს: შეხვედრები დიპლომატებთან კავკასიურ სახლში“.  შეხვედრები გაიმართება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საუბრები დაეთმობა ისეთ თემებს, როგორებიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა და უცხოური წარმომადგენლობების როლი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში; რეგიონულ თუ საერთაშორისო ურთიერთობებში დღეს არსებული აქტუალური მოვლენები და მათი ანალიზი; სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისა და სხვა უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილების გაზიარება აუდიტორიისთვის.

აღნიშნულ დისკუსიათა სერიის პირველი სტუმარი იქნება თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ.

მოხსენების თემა: საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობები და თურქეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში.

დრო: 21 ივნისი, 18:30 სთ
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის # 20
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულად)
დასწრება თავისუფალია!

სალაფიზმი საქართველოსა და მსოფლიოში: თეოლოგიური და პოლიტიკური ასპექტები

16 მაისს, 19:00 საათზე, ,,კავკასიური სახლი” გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:

„სალაფიზმი საქართველოსა და მსოფლიოში: თეოლოგიური და პოლიტიკური ასპექტები“

მომხსენებლები:
ვახტანგ ფარეულიძე – პანკისის ხეობის ერთ-ერთი იმამი; საქართველოს მუსლიმთა განათლების, კულტურისა და განვითარების ორგანიზაციის დირექტორი; არაბული ენისა და ისლამური რელიგიის სპეციალისტი.
გიორგი სანიკიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
გელა ხმალაძე – კავკასიური სახლის მოწვეული მკვლევარი

მოდერატორი:
რევაზ ქოიავა – კავკასიური სახლის მკვლევარი

დისკუსიაზე მომხსენებლები ისაუბრებენ სალაფიზმის ფორმირების ისტორიაზე, მის თანმიმდევრულ მიმდინარეობად ჩამოყალიბების ასპექტებზე, კავკასიაში სალაფიტური მოძრაობის რელიგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმზე და პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე.

სამუშაო ენა: ქართული
დისკუსია გაიმართება „კავკასიურ სახლში“
მისამართი: თბილისი, გალაკტიონის #20
დასწრება თავისუფალია!

ვიდეოკონფერენცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

15 აპრილს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO)ინიციატივით, ,,კავკასიურ სახლთან ერთად, გაიმართა ვიდეოკონფერენცია რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე.

ვიდეოკონფერციის დროს რუსმა და ქართველმა ანალიტიკოსებმა ისაუბრეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებულ ტენდენციებზე და შესაძლო განვითარების სცენარებზე.

საქართველოს მხრიდან მოხსენებით წარდგა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი გობრონიძე. მოხსენება შეეხებოდა ,,საქართველოში საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებს“, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ამასთან, ავტორმა შეაფასა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარი ტერორისტული აქტების მიზეზები და მიზნები, და შეეცადა არგუმენტირებულად დაესაბუთებინა, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო საერთაშორისო ტერორისტების სამიზნე.
ქართული მოხსენებებიდან მომდევნო შეეხებოდა ,,საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს პანკისის ხეობის მაგალითზე“. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ,,კავკასიური სახლის“ თანამშრომელმა მაია ურუშაძემ. მისი მოხსენება ეფუძნებოდა ,,კავკაისური სახლის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა პანკისის ხეობის მოსახლეობაში არსებულ პრობლემებსა და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე. ასევე, საუბრისას ავტორმა ხაზი გაუსვა მედიის უარყოფით როლზე პანკისის ხეობაში არსებული ვითარების გაშუქებისას და საერთაშორისო აქტორების მიერ ხეობისთვის ,,იარლიყების მიწებების“ ნეგატიურ ასპექტებზე.

საქართველოს მხრიდან ბოლო მოხსენება შეეხებოდა ,,რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორას და მის როლზე ქართულ-რუსულ ურთიერთობებში“. მოხსენებით წარდგა ,,კავკასიური სახლის“ მკვლევარი მარიამ გაჩეჩილაძე, რომელმაც გაანალიზა ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა 2004 წლიდან 2012 წლამდე და ისაუბრა ძირითად ტენდენციებსა და კვლევის მიგნებებზე.

რუსეთის მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობდნენ: რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტი ს. მარკედონოვი, მოხსენებით ,,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის საზღვრები ,,წითელი ხაზების გათვალისწინებით“,მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) კავკასიის და რეგიონალური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ნ. სილაევი, მოხსენებით „საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური სისტემის განვითარების პერსპექტივები“. ასევე, მოხსენებები გააკეთეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ასპირანტმა ა. დიოკტევიმ, თემაზე: ,,საქართველოს ეკონომიკა ურთიერთდაპირისპირებული რეგიონალური აქტორების კონტექსტში“ და  მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ქართული კლუბის წევრმა ზ. შავლიძემმოხსენებით ,,საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში“.

მოხსენებების შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) სტუდენტებსა და ქართული დიასპორიდან მოწვეულ წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაესვათ კითხვები მომხსენებლებისთვის და გამოეთქვათ მოსაზრებები.

ღონისძიება გაიმართა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) სამეცნიერო სტუდენტური საზოგადოების ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტის გლობალური პრობლემების შესწავლის ცენტრის ანალიტიკოსის ალექსეი ტოკარევის და ქართული კლუბის მხარდაჭერით.

საჯარო დისკუსია და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია

28 მარტს „კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია თემაზე: ,,ირან-საქართველოს ურთიერთობები და ახალი გამოწვევები ბირთვული შეთანხმების შემდეგ“.

დოკუმენტი დაიწერა პროექტის ,,რუსულ-ქართული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში „კავკასიური სახლის“ მკვლევარ ედიშერ ბაღათურიას მიერ. დოკუმენტში განხილულია საქართველოსა და ირანის ურთიერთობები 1991 წლიდან დღემდე და მისი განვითარების შესაძლებლობები ვენის ბირთვული შეთანხმების შემდეგ. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები დანახულია საქართველოში მოქმედი რეგიონული ძალების ინტერესებისა და გავლენის დაბალანსების კონტექსტში.

პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საქართველოში მოჰსენ ქებრიაიზადე. მან ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ბოლო დროს რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. კვლევის ავტორმა ედიშერ ბაღათურიამ კი ყურადღება გაამახვილა ირან-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე უსაფრთხოების კუთხით და ასევე, იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სარგებელზე, რაც საქართველომ ირანთან თანამშრომლობით შესაძლოა მიიღოს. შეხვედრას უძღვებოდა ისლამური განყოფილების ხელმძღვანელი ,,კავკასიურ სახლში“ გიორგი ლობჟანიძე.

პრეზენტაციის შემდეგ ირან-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით საინტერესო კომენატრები გააკეთეს ირანისტებმა გიორგი სანიკიძემ და ნიკო ნახუცრიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და არასამთავრობო სფეროს წარმომადგენლები. ასევე, ჟურნალისტები ტელე და ბეჭდვითი მედიიდან, ახალგაზრდა ირანისტები და ქართველი და უცხოელი სტუდენტები.

პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. ,,კავკასიური სახლი“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს რეგიონულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობას.

რუსი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და ფორუმი „ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“

25-28 თებერვალს „კავკასიურმა სახლმა“, პროექტ „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, რუსული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტის პირველი ორი დღის განმავლობაში მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. მათ შორის, აღსანიშნავია, შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ენერგეტიკის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
DSC02858          DSC_0100
27-28 თებერვალს კი დაბა ბაკურიანში გაიმართა ქართველი და რუსი ანალიტიკოსების ორდღიანი ფორუმი სახელწოდებით „ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“. შეხვედრებზე განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: რეგიონალური უსაფრთხოება, ისლამის რადიკალიზაციის პროცესი კავკასიაში და რუსეთ-თურქეთის გართულებული ურთიერთობების ფონზე სამხრეთ კავკასიისთვის არსებული რისკები. ასევე, დისკუსიები შეეხო რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მიმდინარე და შესაძლო ენერგეტიკულ პროექტებს.
DSC_0105          DSC_0049

შეხვედრების მსვლელობისას ორივე ქვეყნის მონაწილეები შეეცადნენ რუსეთსა და საქართველოს ბოლო 25 წლის პერიოდის ორმხრივ ურთიერთობებში წყალგამყოფების გამოკვეთას და მათ შესაბამის ანალიზს. ისტორიული მოვლენების ერთობლივმა განხილვამ და შეფასებებმა ხელი შეუწყო მონაწილეებს დაენახათ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენები ერთმანეთის კუთხიდან, რაც პოზიტიურად აისახა შემდგომი კონკრეტული საკითხების განხილვისას. აღსანიშნავია, რომ ფორუმის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა წარიმართა დინამიურად და ინტერაქციულად.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.