ქალაქი ტყიბული შეგვიძლია მივიჩნიოთ დამოუკიდებელ საქართველოში გაბატონებული სოციალური უსამართლობის, ადამიანური სიცოცხლისა და ღირსების მიმართ სახელმწიფოებრივი გულგრილობის უკიდურეს გამოხატულებად.

ოცდაათი წელიწადია ქალაქი მოჯადოებულ წრეში ტრიალებს. ქვანახშირის საბადოს მუშები ყოველდღიურად ეწვიან სიცოცხლისათვის საშიშ, უმძიმეს შრომას შახტებში. მათ მადნის მოპოვება საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად უწევთ. არავინ ზრუნავს მეშახტეთა შესაბამის აღჭურვილობაზე, საწარმოში უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვაზე, მეშახტეთა შრომის ღირსეულად ანაზღაურების და რიგითი მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.

ინვესტორები არასდროს უფრთხილდებიან ტყიბულის რაიონის უმშვენიერეს ბუნებას და საწარმოო ნარჩენებით მოურიდებლად აბინძურებენ ზემო იმერეთის ჰაერს, წყალსა და ნიადაგს. ქალაქში შახტის გარდა არც ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი არ მუშაობს, მესამედი საუკუნის განმავლობაში არავის უფიქრია ტყიბულში მრეწველობის სხვა დარგების განვითარებაზე.

ტყიბულელთა მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმდა. 2017-2018 წლებში სამუშაოს შესრულების დროს ჩვიდმეტი მეშახტე გარდაიცვალა. სახელმწიფო და შახტის მფლობელი კომპანია მშვიდად ადევნებდნენ თვალს ადამიანთა მასობრივ განადგურებას. ცენტრალური ხელისუფლების ჩინოვნიკებმა და „საქნახშირის“ მესვეურებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის სხვების სიცოცხლეს ფასი არ აქვს. ისინი მზად არიან, პატარა ქალაქის მშრომელი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვის საშუალებით მოიპოვონ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება, დააგროვონ კაპიტალი.

პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტები შეთანხმებულად მოქმედებენ. ამდენი სისხლის ღვრის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებს არც ერთხელ არ დაუკითხავთ ძმები ბეჟუაშვილები, რომლებიც 2003 წლის შემდეგ ფლობდნენ ტყიბულის შახტებს. სიკვდილიანობის ამგვარი ზრდის პირობებში ნებისმიერი კეთილსინდისიერი ინვესტორი და უბრალოდ ჰუმანური ადამიანი ყველაფერს გააკეთებდა „საქნახშირში“ უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფისთვის. თუმცა, მ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გამდიდრებულ ოლიგარქებს ყოველთვის ენანებოდათ ზედმეტი ხარჯის გაღება იმ მეშახტეთა გადასარჩენად, რომლებიც წლობით შრომობდნენ მათი გამდიდრებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, ოდესმე საქართველოში დადგება დრო, როდესაც ბეჟუაშვილთა მიერ ნაყიდი ყველა ინდულგენცია ცეცხლს მიეცემა და მათ სამართლიანი სასამართლოს წინაშე მოუწევთ მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა.

სახალხო პროტესტის შედეგად 2019 წელს ტყიბულში შახტის მუშაობა შეჩერდა. დაიდო პირობა, რომ დაიწყებოდა საწარმოს მოდერნიზება და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვა. ერთწლიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ მუშებს ხელფასის გადახდაზე უარი უთხრეს. ხელისუფლებამ და კომპანიამ კიდევ ერთხელ უთხრეს ტყიბულელებს: ან შრომის დროს მოკვდით, ან უხელფასობით დაიხოცეთ! ველური კაპიტალიზმი ტყიბულს სიცოცხლის სასარგებლოდ აჩევანის გაკეთების საშუალებას არ უტოვებს.

2019 წლის სექტემბერში მუშები კიდევ ერთხელ ჩავიდნენ მიწისქვეშ, რათა წყვდიადში შიმშილობის გზით გაეპროტესტებინათ უხელფასობა. ხელისუფლებამ გამოსავალი იპოვა და ქალაქს ქვანახშირის საბადოს ახალი ინვესტორი წარუდგინა.

„კავკასიური სახლი“ მიესალმება ტყიბულის შახტის დროებით ამუშავებასა და ქალაქის მოსახლეობისთვის ლუკმა-პურის გამომუშავების შესაძლებლობის აღდგენას. თუმცა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველაფრის ძველებურად გაგრძელება დაუშვებელია. ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ჩვენმა საზოგადოებამ ფიქრი უნდა დაიწყოს ტყიბულის განვითარების ალტერნატიულ გეგმაზე. ქალაქში ეტაპობრივად უნდა განვითარდეს მრეწველობის სხვა დარგები, რათა ნელ-ნელა შესაძლებელი გახდეს მკვლელი შახტების საბოლოოდ დახურვა. ტყიბული ერთი კომპანიის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ქალაქი აღარ უნდა იყოს. ტყიბულელები იმსახურებენ სოციალურად სამართლიან და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოში მშვიდ ცხოვრებას.

„კავკასიური სახლი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყონებლივ შექმნას ტყიბულის გადარჩენისა და განვითარების სამეცნიერო კომისია. ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ტყიბულის ალტერნატიული, ყოველმხრივი განვითარების გეგმის შემუშავებაში.

27.09.2019