„კავკასიური სახლი“ 1973 წელს დაარსებული „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის“ ბაზაზე შეიქმნა, რომლის მიზანიც იყო მსოფლიო ლიტერატურისა და აზროვნების საუკეთესო ნიმუშების ქართულად თარგმნა და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია. „კავკასიური სახლის“ საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტს დღემდე წარმოადგენს საგამომცემლო საქმიანობა.
ორგანიზაციის გამომცემლობა ყოველწლიურად ათამდე წიგნს გამოსცემს: მხატვრულ ლიტერატურას, კავკასიის ხალხთა ფოლკლორს, ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ნაშრომებს, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურას.
„კავკასიური სახლის“ გამომცემლობა, ორგანიზაციის პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად, წლების განმავლობაში, ერთი მხრივ, ქართველ მკითხველს აცნობს კავკასიის ხალხთა მწერლობის გამორჩეულ ნიმუშებს და, მეორე მხრივ, კავკასიურ ენებზე თარგმნის და გამოსცემს კლასიკურ და თანამედროვე ქართულ ლიტერატურას.
კავკასიური სახლის პერიოდული გამოცემები
1997 წლიდან გამოიცემა ყოველწლიური სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალი „აფრა“. მისი მიზანია მხატვრული და ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტექსტების თარგმნის, ასევე კრიტიკული აზროვნების სტიმულირება; ძველი და თანამედროვე ეპოქების, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სულიერი კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშების წარმოჩენა; თანამედროვე ქართული სინამდვილის გააზრების ხელშეწყობა; საზოგადოებრივი ცნობიერების ჰუმანიზაცია და დემოკრატიზაცია. „აფრაში“ წარმოდგენილია მრავალფეროვანი ორიგინალური და თარგმნილი პოეზია, პროზა, დრამატურგია, წერილები, რელიგიური ხასიათის სტატიები და მიმდინარე საზოგადობრივი მოვლენების ანალიზი.
სხვადასხვა დროს მიმდინარე სოციალური პროცესების პასუხად, „კავკასიური სახლი“ სხვადასხვა შინააარსისა და მიმართულების პერიოდიკას გამოსცემდა:
ლიტერატურულ-საზოგადოებრივი გაზეთი „ალტერნატივა“, 1998 წლიდან ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა და „აფრასთან“ ერთად წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ლიტერატურული პროცესების სტიმულირებაში. 2004 წლიდან მან ჟურნალის სახე მიიღო. ორი წლის განმავლობაში გამოიცა ჟურნალ „ალტერნატივას“ 15 ნომერი. მისი მიზანი იყო თანამედროვე ქართული ლიტერატურული მდგომარეობის კვლევა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესების მკითხველისთვის გაცნობა.
2006-2008 წლებში ჟურნალ ალტერნატივამ სახელწოდება იცვალა და მკითხველს „მრავალფეროვანი ქვეყნის“ სახელით წარუდგინა 6 ნომერი, რომლებიც თავს უყრიდა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების — აფხაზი, ოსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ქურთი, რუსი — მწერლების შემოქმედებას.
რუსულენოვანი გაზეთი „КАВКАЗСКИЙ АКЦЕНТ“ „კავკასიურ სახლში“ 1999-2006 წლებში გაზეთის, ხოლო 2010 წლიდან ჟურნალის სახით გამოდიოდა. მის მიზანს წარმოადგენდა კავკასიაში მიმდინარე პროცესების გაშუქება, რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა; საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების დაცვა და მათი ინტეგრაცია; ეკოლოგიური და მოქალაქეობრივი ცნობიერების დანერგვა და გარემოს დაცვა; არასამთავრობო სექტორის მუშაობის ასახვა.
2007-2009 წლებში „კავკასიური სახლი“ გამოსცემდა ჟურნალს „ჩვენი სოფელი“, რომელიც ცდილობდა, შეექმნა სივრცე სოფელსა და ქალაქს შორის დიალოგისათვის; აესახა რეგიონების ყოფა-ცხოვრება და პრობლემატიკა.
© 2023 კავკასიური სახლი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია chikhladzeluka -ის მიერ