პროექტი „კულტურის კალენდარი“ 2004 წლიდან მიმდინარეობს ევროპული ფონდ „ჰორიზონტის“ ფინანსური ხელშეწყობით და მიზნად ისახავს ქვეყანაში კულტურული პროცესების სტიმულირებას, ეთნიკური და ნაციონალური უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურის წარმოჩენას, კავკასიის ხალხთა ისტორიის, ფოლკლორისა და ლიტერატურის ქართული აუდიტორიისათვის გაცნობას. პროექტის ეგიდით ყოველწლიურად 30-მდე ლიტერატურული და მუსიკალური საღამო, გამოფენა, წიგნის წარდგენა, კონფერენცია და პოპულარული ლექცია იმართება. აღინიშნება რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებებისათვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები.
„კულტურის კალენდარი“ ხელს უწყობს როგორც ახალბედა ხელოვანებს პროფესიულ გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგმაში, ისე მივიწყებული მწერლების, მხატვრების, მუსიკოსების შემოქმედების გახსენებასა და ფართო კულტურულ სივრცეში დაბრუნებას.
2015 წლიდან პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება კონკურსი მცირებიუჯეტიანი კულტურული პროექტების წასახალისებლად, რომელშიც უმეტესად საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას. კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციები ორგანიზებას უწევენ კულტურულ ღონისძიებებს მათი თემისთვის ნიშნეული თავისებურებებისა და ტრადიციების წარმოსაჩენად და განსავითარებლად, კულტურული კერების გასაჩენად იქ, სადაც პროცესი მინავლებულია. კონკურსის დაარსების დღიდან დღემდე „კულტურის კალენდრის“ ფინანსური ხელშეწყობით ღონისძიებები გაიმართა საქართველოს ყველა რეგიონში.
© 2023 კავკასიური სახლი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია chikhladzeluka -ის მიერ