„კავკასიური სახლი“ ევროპული ფონდის, „ჰორიზონტის“, ფინანსური თანადგომით 2008 წლიდან ახორციელებს პროექტს „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი“. პროექტი საგანმანათლებლო ხასიათისაა და მიზნად ისახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, უფრო კი ახალგაზრდობისათვის ინფორმაციის მიწოდებას კავკასიელი ხალხების ისტორიის, კულტურის, ადათ-წესების, ბოლო ათწლეულებში კავკასიაში მიმდინარე უკიდურესად გართულებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ.
პროექტი მონაწილეებს სძენს ცოდნას კავკასიის კულტურული და ეკონომიკური სივრცის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, დემოგრაფიის საკითხებზე. ციკლებად წარმოდგენილი სემინარების რიგი ეძღვნება ჩერქეზებს, ჩეჩნებს, დაღესტნის ხალხებს, ინგუშებს, აფხაზებს, ოსებს, ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს… სემინარებზე მოხსენებებს კითხულობენ კვალიფიციური ექსპერტები — პოლიტოლოგები, კონფლიქტოლოგები, ფსიქოლოგები და ეთნოფსიქოლოგები, კულტუროლოგები, ეკოლოგები, რომლებიც მსმენელებს აცნობენ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე რთულ და საჭირობოროტო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს.
პროექტი ემსახურება კავკასიელ ხალხებს შორის საერთო კავკასიური ერთობის — ერთიანი კულტურულ-სამეცნიერო და ეკონომიკური სივრცის შექმნის იდეის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას, კავკასიელ ხალხებს შორის ნდობის, ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენასა და განმტკიცებას, რაც ხელს შეუწყობს კავკასიაში მყარი ნიადაგის შექმნას სამშვიდობო მოძრაობის ასაღორძინებლად მოლაპარაკებების, კულტურათა დიალოგის, სახალხო დიპლომატიის გზით.
© 2023 კავკასიური სახლი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია chikhladzeluka -ის მიერ