კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი
1973 წელს საზოგადო მოღვაწის, ისტორიკოსისა და ლიტერატორის, ოთარ ნოდიას ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა „საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია“, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიო ლიტერატურისა და აზროვნების საუკეთესო ნიმუშების ქართულ ენაზე, ქართული ლიტერატურის მაღალმხატვრული ნიმუშების კი სხვადასხვა უცხო ენაზე თარგმნას. „კოლეგიამ“ თავი მოუყარა უცხო ენებისა და ქვეყნების კულტურის საუკეთესო მცოდნეებს, ფილოლოგებსა და მთარგმნელებს. დროთა განმავლობაში იგი გარდაიქმნა ერთგვარ ინტელექტუალურ ცენტრად, თავისუფალი და დემოკრატიული აზროვნების კერად, კულტურათა დიალოგის ადგილად. იგი იყო სხვადასხვა კულტურათა დიალოგის ადგილი და სახლი, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხი ერთად მუშაობდა. კოლეგია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კავკასიის ხალხთა ლიტერატურის შესწავლასა და თარგმანს.
1994 წელს, მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის“ ბაზაზე შეიქმნა მისი უფლებამონაცვლე ორგანიზაცია საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – „კავკასიური სახლი“. 1999 წლის 4 ნოემბერს სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ სახლის ბაზაზე დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“, რომელიც უცხოელი პარტნიორების, დონორებისა და თანამოაზრეების დახმარებით ახორციელებს საგანმანათლებლო, სამშვიდობო, კვლევით და კულტურულ პროექტებს.
ლიტერატურული პროცესების განვითარების მიზნით მოქმედი „მთარგმნელთა კოლეგიის“ საფუძველზე ჩამოყალიბებული ორგანიზაციის, „კავკასიური სახლის“, იდეა, მიზნები და საქმიანობა გაფართოვდა და იგი დაეფუძნა კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობის, საერთო პრობლემებისა და ინტერესების გარშემო ურთიერთთანამშრომლობის ხედვას.
„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი — კავკასიური სახლი“ საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო, სამშვიდობო და გარემოსდაცვით ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომლის მისიასაც საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის იდეოლოგიური და ინტელექტუალური ბაზისის შექმნა წარმოადგენს. ორგანიზაცია ისეთი კულტურული სივრცის ფორმირებას უწყობს ხელს, რომელშიც ხელმძღვანელობენ ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ტოლერანტობისა და სოლიდარობის პრინციპებით; სადაც დაცული იქნება სასიცოცლო გარემო და კულტურული მემკვიდრეობა.
„კავკასიური სახლი“ ხელს უწყობს საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების დაცვა-გადარჩენას; იმ სულიერ-ინტელექტუალური საფუძვლების შექმნას, რაც აუცილებელია საქართველოსა და კავკასიის დემოკრატიული აღმშენებლობისათვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. „კავკასიური სახლი“ ზრუნავს ახალგაზრდების განათლებაზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ჰუმანიზაციასა და დემოკრატიზაციაზე, ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას, საერთო პროგრესს.
„კავკასიური სახლის“ განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადამიანის უფლებების დაცვა, რელიგიურ-ეთნიკური შემწყნარებლობა, განსხვავებულ კულტურათა მშვიდობიანი თანაარსებობის ნორმების დანერგვა. „კავკასიური სახლის“ მიზანია, კონსტრუქციული ალტერნატიული აზრისა და მოქალაქეობრივი სათქმელის მუდმივ ტრიბუნას წარმოადგენდეს.
ორგანიზაცია ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:
- კავკასიური სახლი, როგორც საერთო კულტურული სივრცე;
- ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ტოლერანტობა;
- რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება კულტურათა დიალოგის, სამოქალაქო დიპლომატიისა და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით;
- სამოქალაქო სოლიდარობა;
- სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და ადამიანის უფლებები;
- საზოგადოებრივი ცნობიერების ჰუმანიზაცია და დემოკრატიზაცია;
- გენდერული თაწასწორობის იდეა;
- გარემოსმოდაცვითი და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა.
შენობა, რომელშიც დღეს „კავკასიური სახლი“ ფუნქციონირებს, 1859 წელს არქიტექტორ ოტო სიმონსონის პროექტითა და ვაჭარ იგორ თამამშევის შეწევნით აშენდა. სახლის უკანასკნელმა მემკვიდრემ, მიხეილ გიორგის ძე სმირნოვმა, 1985 წელს მთელი ქონება ანდერძით საქართველოს, კერძოდ კი „მთარგმნელობით კოლეგიას“ დაუტოვა. XIX საუკუნეში აშენებული სმირნოვების საგვარეულო სახლი მეოცე საუკუნის მიწურულისათვის უკვე საკმაოდ ამორტიზებული იყო. შენობის ძირეული რესტავრაცია საკუთარ თავზე ევროპულმა ფონდმა – Horizon აიღო და 1998-2000 წლებში სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.