“აფხაზეთი – ვიპოვოთ გამოსავალი”
ვიპოვოთ გამოსავალი!
მიმდინარე წლის 14 აგვისტოს სრულდება ხუთი წელი ქართულ-აფხაზური ომის დაწყებიდან. ფართომასშტაბიანი შეიარაღებული ბრძოლა აღარ წარმოებს, მაგრამ არც მშვიდობაა დამყარებული. მატულობს კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი, გაურკვეველია ასობით ადამიანის მომავალი, რომლებსაც დღეს არ შეუძლიათ დამშვიდებით ცხოვრება, შრომა, შვილების გაზრდა. სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული. პერსპექტივა ძნელი ამოსაცნობი არ არის: ან უსასრულოდ გაგრძელდება ასეთი შედარებით “ცივი ომი” ან დაიწყება ახალი, უფრო სისხლისმღვრელი შეტაკება.
რუსეთის იმედზე ყოფნამ, როგორც მოსალოდნელი იყო, შედეგი არ გამოიღო. ასევე საფუძველს მოკლებულია იმედის დამყარება მხოლოდ გაეროზე, ეუთოზე, “მეგობარ სახელმწიფოებზე” და კიდევ რომელიმე სხვა გარეშე ძალებზე. ბოლო წლების გამოცდილება მხოლოდ ერთს გვკარნახობს: ქართულ-აფხაზური პრობლემა ქართველებმა და აფხაზებმა უნდა მოვაგვაროთ. ნებისმიერი სხვა კეთილისმყოფელი ქვეყნის როლი მხოლოდ მეორეხარისხოვანი შეიძლება იყოს.
პრობლემა კი მეტად გართულებულია. დაიღვარა ზღვა სისხლი. დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები საკმაოდ პოლარულია და წინააღმდეგობრივი – ტერიტორიული მთლიანობა ან დამოუკიდებლობა. ამ პრობლემას სამხედრო გადაწყვტა არა აქვს. არსებული ძალებით ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს ომში გადამწყვეტ გამარჯვებას, რათა დამარცხებულ მოწინააღმდეგეს თავისი პირობები უკარნახოს. ომის განახლება მოიტანს არა მარტო ახალ მსხვერპლსა და ნგრევას, რომლის შედეგებს მთელი საქართველო შეიგრძნობს, არამედ ორ ხალხს შორის უფრო გააღრმავებს ურთიერთუნდობლობას, განამტკიცებს მტრის ხატს, გაზრდის სიძულვილით შეპყრობილ ადამიანთა რიცხვს, რაც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გააძნელებს შემდგომში კონსენსუსის მიღწევას.
მაშ, რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს შექმნილი სიტუაციიდან, თუკი აფხაზ ხალხს არ აკმაყოფილებს ავტონომია, ხოლო ქართველებს არ შეუძლიათ შეელიონ ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა და ერთიანი სახელმწიფო სივრცე?
რომ არ ყოფილიყო 1992-93 წლების სასტიკი ომი, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა. მაგრამ დღეს შექმნილი ვითარება მოითხოვს ქართველ-აფხაზთა თანაარსებობის ახალი ფორმების ძიებას. აქედან გამომდინარე, ჩვენის აზრით, სავსებით მისაღებია სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება აფხაზეთთან, თუკი ეს ურთიერთობა უზრუნველყოფს: მშვიდობას აფხაზეთში; აფხაზთა და ქართველთა საბოლოო შერიგებას; აფხაზების, ქართველებისა და აფხაზეთის ბინადარი ყველა ხალხის სამართლებრივ და რეალურ დაცულობას; აფხაზეთის ყველა მაცხოვრებლის ეროვნული და პიროვნული ღირსების ხელშეუხებლობას;
აფხაზეთის ყოველმხრივი განვითარებისათვის საჭირო პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ანუ ყველაფერი ეს რომ შევაჯამოთ, – ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას.
რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების პრობლემას, იგი პოლიტიკური სტატუსის კონტექსტში უნდა გადაწყდეს. პრინციპი: ჯერ ლტოლვილთა უპირობო დაბრუნება, შემდეგ კი სტატუსის დადგენა – არარეალურია. ცივი ომის პირობებში მოსახლეობის მასობრივი დაბუნება ვერ მოხდება და კიდევაც რომ იყოს ამის საშუალება, სად ვაგზავნით ხალხს? შესაძლო სამხედრო მოქმედებების ზონაში? პოლიტიკური სტატუსის გაურკვევლობა ხომ ყოველთვის შეიცავს ომის განახლების საშიშროებას.
ამრიგად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა დაიწყოს პირდაპირი ქართულ-აფხაზური დიალოგი საერთო პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბების საკითხზე, შექმნილი რეალიების გათვალისწინებით. ამასთან, ჩვენი აზრით, ქართულმა მხარემ თავისი კეთილი ნების დასტურად დსთ-ს ქვეყნებს უნდა მოსთხოვოს აფხაზეთის მოსახლეობისათვის ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავსი ზომები ნაკლებად ეფექტურია, თუ აღარაფერს ვიტყვით მათ მორალურ მხარეზე. როგორც ცნობილია, ბლოკადის სიმძიმე პირველ რიგში აწვება მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველ ნაწილს. ბლოკადა იწვევს მხოლოდ პოლიტიკური აზრის რადიკალიზაციასა და მტრის ხატის განმტკიცებას იზოლირებულ საზოგადოებაში, რაც სამშვიდობო პროცესისათვის მხოლოდ ხელის შემშლელია.
და ბოლოს: აუცილებელია, მიეცეს აფხაზეთის ტრაგედიას ზნეობრივი შეფასება, ურომლისოდაც ვერავითარ შინაგან განწმენდასა და წინსვლას ვერ შევძლებთ და მაშასადამე, ვერ მოვიპოვებთ ჩვენი მომავლის აშენებისთვის საჭირო სულიერ ძალებს.
პრობლემის გადაჭრის ზემოხსენებული ვარიანტი მყარ საფუძველს შეუქმნის აფხაზეთის საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას, რაც უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება კავკასიის ინტეგრაციის გზაზე.
1997 წლის, 12 აგვისტო
Facebook
Twitter
LinkedIn