22 აგვისტო. ორშაბათი. თბილისი.
ორთაჭალის ხმაურიანი სადგურიდან გადის ავტობუსი, რომლითაც ლამის ორიათასი კილომეტრი უნდა გაგვევლო, გადაგველახა ,,ხეთა და მიდია, ზღაპრული ურარტუ“ და ჩავსულიყავით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. თუ ირანულმა ავტობუსმა (Oghâb – არწივი) სახელი გაამართლა, მაშინ მეორე დღის 4 საათისთვის უკვე დანიშნულების ადგილას უნდა ვყოფილიყავით.
მგზავრები სულ უცხოელები იყვნენ. მხოლოდ ოთხნახევარი ვიყავით ქართველი, – ოთხი ჩვენ და ნახევარი ფერეიდნელი ყასიმი. ეს მარტივი ფაქტიც ცხადად მიუთითებდა მიმდინარე ტენდენციას, – ირანელებს მეტი ინტერესი აქვთ საქართველოს მიმართ, ვიდრე პირიქით. გადავიარეთ სამხრეთის ,,ქართული მინდვრები“ და მივადექით ისტორიული სამცხის ბოლო დასახლებულ პუნქტს სახელად ,,ნაოხრები“.
არ მეგონა აქ ამდენი განსხვავება თუ იქნებოდა ერუშეთის ქედის ქართულ და თურქულ მხარეებს შორის, – ეს ეხება არამხოლოდ ბუნებრივ ლანდშაფტს, არამედ თვითონ ამ ლანდშაფტთან ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას: არტაანელი თურქები, თითქოს, უფრო მეტი გულისყურით და ცნობისმოყვარეობით ეკიდებიან გარემოს, მასთან ურთიერთობას, მის ათვისებას და ა. შ., ჩვენი მხარის ქართველები კი, თითქოს, მაინცდამაინც არ ვირჯებით ჩვენ გარშემო არსებული სივრცის გათავისებისთვის, მორგებისთვის და იოლად ცხოვრებას ვამჯობინებთ. ამის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ისიც კია, რომ დროა გამოვიდეთ კლიშეებიდან და ვიფიქროთ, რომ ჩვენი ,,ძველი დამპყრობლებისგანაც“ შეგვიძლია რაღაცები ვისწავლოთ.
გზა მაღლა და მაღლა ადის და ჩემ გვერდით მჯდომი ჰემშინი (თურქი სომეხი) ხელების წრიული მოძრაობით მაჩვენებს რომ დაკლაკნილი გზებით მოგვიწევს უღელტეხილზე გადასვლა.
ძილის წინ თერმოსში გადანახული ჩაი დავაგემოვნეთ.
კარგია რწევაში ძილი.
23 აგვისტო. სამშაბათი. ყარსი-თეირანი.
ირანის საზღვარს როდესაც გადაკვეთ, ხვდები, რომ ამ ქვეყანას უფრო მეტი საერთო აქვს საქართველოსთან, ვიდრე თურქეთს. ეს რურალური და ურბანული გარემოს ერთი შეხედვით აღქმაში იგრძნობა, უფრო მეტ ქაოსურობაში, ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულებებში, ზოგად სტილში, გემოვნებებში და ა. შ. მაგისტრალის ორივე მხარეს გვხდება მიტოვებული ან ნახევრად მიტოვებული შენობები, როგორც საქართველოში საბჭოთა იმპერიის ნაშთები და მათზე გრძელი სპარსული ფერადი წარწერებია, ალბათ, For Sale-ის მაგვარი შინაარსის.
გზადაგზა ერთი ირანელი ისევ განაგრძობს ჩვენ გართობას, შემდგომ მარანდთან ავტობუსიდან ჩადის და რამდენიმეჯერ გვემშვიდობება. მოხუცი ირანელი კი (რომელიც კახეთის რომელიღაც სოფელში მცხოვრებ ვანო პაპას გავს) დიდი მონდომებით გვათვალიერებინებს თავის მშობლიურ სანახებს და თვალებში ეტყობა დიდი სურვილი, რაც შეიძლება მეტ კითხვაზე გვიპასუხოს, რაც შეიძლება ამომწურავად.
გავიარეთ თავრიზი. აქ ის თავდაჭერილი ცოლ-ქმარი დაგვემშვიდობა, რომლებიც გზაში გამოგვეცნაურნენ და გაგვიმხილეს, საქართველოში ცხოვრებას ვგეგმავთო. ქალი ელიტური ირანული მოდური ჟურნალის რედაქტორი იყო, კაცი მგონი მუსიკოსი. ორივე თურმე ქართულს სწავლობდა და შესაძლოა, გაიგეს კიდეც რეზის ირანთან არც ისე შესაბამისი ხუმრობა, როდესაც თბილისში მათი ვიზიტების რაოდენობა საქართველოში თემურ-ლენგის ლაშქრობას შეადარა (ისინიც რვაჯერ იმყოფებოდნენ!). ქალმა ჩასვლის წინ ჩაცმულობა ირანულ ყაიდაზე მოირგო და მისმა დასავლურმა სტილმაც მალევე შეიფერა აღმოსავლური ელფერი. ავტობუსის მძღოლმა მერე მოგვიყვა – ერთი უნდა ნახოთ, რა სანახავია ავტობუსის ბოლო რიგები, როდესაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე ირანელი ქალები იმსუბუქებენ ჩაცმულობის ტვირთსო. კარგი ფოტოგრაფი, ალბათ, კარგად დააფიქსირებდა ამ ამბავს…
24 აგვისტო. ოთხშაბათი. თეირანი-ისპაანი.
ისე ფოტოგრაფს მართლაც უამრავი სამუშაო ექნებოდა არამხოლოდ ავტობუსში. მე იშვიათად წარმომიდგენია ქვეყანა, სადაც შეიძლება დაიჭირო ამდენი განსხვავებული მიმართებები, წინააღმდეგობრივი ასოციაციები, ფერები, ემოციები, მზერები, დეტალები და ნიუანსები. ჩვენ, სამწუხაროდ, ამითვის ცუდად მოვემზადეთ (განსაკუთრებით ამან გული დაგვწყვიტა შირაზის და ისპაანის ბაზრობებზე, რომელიც აღმოსავლური ყოფის ნამდვილი ხელოვნებაა).
თეირანს გვერდი ავუარეთ და საღამოს ექვსი საათისთვის პირდაპირ გადავჯექით ისპაანურ ,,არწივზე“.
ბუნების ერთფეროვანი სანახაობა აქაც გრძელდება მაგისტრალის ორივე პერიმეტრზე: გაშლილი ვრცელი ნახევარუდაბნოები, გამოფიტული ხმელი ქედები, ალაგ-ალაგ გამოშვერილი კლდეები, რომელიც ამერიკული ,,ვესტერნის“ პეიზაჟს გაგონებს და აქა-იქ გაშენებული ბაღები ხელოვნური მორწყვის სისტემით, – სადაც თურმე ბრინჯიც კი მოყავთ. ეს მარცვლოვანი კულტურა ირანული მაგიდის ერთ-ერთი უმთავრესი პროდუქტია და, ჩვენდა გასაკვირად, ჩინეთიდან ან ინდოეთიდან კი არ შემოაქვთ, არამედ სამხრეთის რეგიონში მოყავთ ტრადიციული წესით.
გვიან ღამით ისპაანში ვართ.
25 აგვისტო. ხუთშაბათი. ისპაანი.
პირველად ისპაანის მიწას კავეას ავტობუსის ტერმინალზე დავაბიჯეთ და გავემართეთ ალი-ყაფუს (ჩვენებურად ალბათ ალაყაფის) მოედნისკენ, სადაც სასტუმრო უნდა გვეშოვნა. სასტუმროს ადმინისტრატორს დიდი უხერხულობით გავუმხილეთ ჩვენი ჯგუფის არაპროპორციული გენდერული შემადგენლობა და ძალიან გაგვიკვირდა, რომ საერთოდ არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება, მითუმეტეს წინასწარ ვიყავით გაფრთხილებულები, რომ დასაოჯახებელ ქალს და კაცს ირანში სასტუმროს ნომრის აღებისას პრობლემები ექმნებაო. მოკლედ მე და მარიამი გადავურჩით ბეჭდების გაცვლას.
მსგავსი მოულოდნელი და ხშირად პარადოქსული შეზღუდულობით თუ შეუზღუდველობით ირანმა ბევრჯერ გაგვაკვირვა: მაგალითად, ქალებისთვის ისპაანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცალკე ადგილებია გამოყოფილი, მაგრამ ტაქსიში მას თავისუფლად შეუძლია მამაკაცის გვერდით ერთ სკამზე მოკალათდეს; ირანში ქალები უფრო მეტს ეწევიან სიგარეტს, ვიდრე მამაკაცები; ქალებს თავისუფლად ახურავთ ნახევრადმოხდილი ჩადრი და არაფერს ვამბობ მოზარდ გოგონებზე, რომლებსაც ტარების ვალდებულება საერთოდ არ აქვთ (მგონი). მოგვიანებით გზაზე გაცნობილმა ჰამიდმა თავის თავზე ისიც გაგვიმხილა, რომ ღორის ხორცს არა რელიგიური შეხედულებების, არამედ მხოლოდ იმიტომ არ მივირთმევ, რომ არ მიყვარსო. მოგვიანებით თბილისურ ღვინოებზეც გვკითხა…
ისპაანის სასტუმროში სხვა იტალიელი და ბასკი მოგზაურები გავიცანით, რომლებთანაც დაწვრილებით მიმოვიხილეთ ბევრი ირანული და არაირანული თემა. იტალიელი ჯოვანის განსაკუთრებული უშუალობა და გახსნილობა კიდევ ერთხელ გვიმტკიცებდა, რომ ხშირად ერებზე არსებული სტერეოტიპები ძალიანაც ამართლებს, ხოლო მათი გამორჩეული მახვილით ნათქვამი ,,პერსე’ეპოლის“ ჩვენი კვირის ამოჩემებული სიტყვა გახდა.
მონათესავე ბასკები თავიდან ხუმრობით აფხაზებად მივიჩნიეთ, რადგან მათი ენა ვერცერთ სხვა ენას მივამგვანეთ და მერე ბევრი ვიცინეთ, რომ მართლა აფხაზები აღმოჩნდნენ, – ,,აფხაზები“ ესპანეთისთვის. ვახშამზე კი სახტად დავტოვეთ მათი რეგიონის შესახებ უამრავი ინფორმაციით, რაზეც რეზიმ ისევ იხუმრა, რომ ასეა, ქართველები ზოგადი განათლებით მგონი მსოფლიოში პირველები ვართ, მაგრამ ქვეყანას მაინც ვერ ვაშენებთო… ამ თემაზე შეიძლებოდა გაგრძელება, მაგრამ ახლა იყოს…
26 აგვისტო. პარასკევი. ისევ ისპაანი.
ქალაქში თითქმის სულ ირანული წარმოების მანქანები გვხვდებოდა: ,,საიპა”, ,,პეიკანი”, ,,იქსო”, ირანში აწყობილი ,,პეჟო” და ,,მაზდა”. ამ უკანასკნელზე ვამბობდით, რომ ეს ალბათ სახელის გამო დაუშვესო: ,,მაზდა“ – ,,მაზდეანობა“; ხუმრობები ირანზე და სახალისო შედარებები მხიარულ ფონად გასდევდა მთელ ჩვენ მოგზაურობას.
ხომ ხდება ხოლმე, რომ რაღაც გამორჩეულს რომ ნახავ ან იგრძნობ, იმის შიშით ვაითუ საკმარისად კარგად ვერ გადმოსცეო საერთოდ თავს იკავებ მისი აღწერისგან, ჰოდა, ზუსტად ასე მოვიქცევი ისპაანის მეჩეთების, სასახლეების, დარბაზების, ხიდების (მათ შორის ქართველის მიერ აშენებული ხიდის) შეფასებისას. მხოლოდ რომაელი სწავლულის მარკუს ტერენტიუს ვაროს ციტატას მოვიტან, რომელიც ზუსტად შეესაბამება ისტორიული ისპაანის სახეს: ,,ღვთიურმა ბუნებამ მოგვცა სამყარო, ხოლო ადამიანის ხელოვნებამ შექმნა ქალაქი“.
ცალკე თავის ღირსია ისპაანელები და ზოგადად ირანელი ხალხი. მათი თავდაპირველი სარწმუნოების მაზდეანობის მთავარი პრინციპი ასე ჟღერს ,,კეთილი ზრახვა, კეთილი ფიქრი და კეთილი საქმე“ და ეს არაჩვეულებრივად აისახა მათ ბუნებაში. ეს დინჯი, ღირსების გრძნობით სავსე, ღრმა და გულმართალი ხალხი, ყოველთვის მზად არიან ნებისმიერი თხოვნისთვის და დახმარებისთვის. აი, აქ კი ხვდები, რომ სტერეოტიპები ყველა ერს არ მიაწებეს შესაფერისად, მაგალითად, როდესაც მასობრივი მედია-საშუალებები ხშირად ხატავენ ხელისუფლებასთან ერთად, რიგით ირანელებს ,,დემონებად და შავ ძალებად“. როგორც აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ამბობს, ბუნებრივია, მედიას შეიძლება ქონდეს გამოკვეთილი, თუნდაც ნაციონალური, პოლიტიკა, მაგრამ ამის დაქვემდებარება მხოლოდ საკუთარი მერკანტილური ინტერესებისადმი და მერე ამის გასაღება დემოკრატიის უფაქიზეს გამოვლინებად, უმსგავსობაა. ჩვენთანაც ხომ ხშირად ევროპულ და ამერიკულ პრესაში ირანზე მომზადებული მასალების უგემოვნო კოპირებას ახდენენ და შეიძლება ამიტომაცაა, რომ დღემდე ვერ ვთავისუფლდებით ირანზე არასწორი წარმოდგენებისგან.
ქუჩებში არც იმას ვგრძნობდით, რომ რელიგიურად განსაკუთრებულად ფუნდამენტალისტურ ქვეყანაში ვიმყოფებოდით, – იყო ქუჩაში სულიერი ლიდერების სურათები, მაგრამ არა მასობრივად, არც მძლავრი ანტიდასავლური განწყობები შეგვიმჩნევია, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთ სასულიერო ცენტრთან ტროტუარზე დახატულ ისრაელის და აშშ-ის დროშებს, რომლებზეც ქვეითებს ფეხით უნდა გაევლოთ.
შაჰის მოედანზე გაცნობილმა მედიმ საღამოს ტრადიციული ირანული სპორტის სახეობის ,,ზურხანეს“ სანახავად წაგვიყვანა, რომელიც უფრო ისლამურ რიტუალს გავდა, ვიდრე სპორტს სტანდარტული შეჯიბრებებითა და მეტოქეობით. სანახაობით განსაკუთრებით იმედგაცრუებული რეზი დარჩა, რომელიც თავიდან დიდი მონდომებით მოეკიდა მისთვის უცნობ სპორტის ახალ სახეობაში გარკვევას.
არაუშავს რეზი, მართლა ყველა სპორტის სახეობა კი არ მოგეწონება…
27 აგვისტო. შაბათი. შირაზი.
დილიდან შევუდექით მზადებას პოეტებისა და ბაღების ქალაქში – შირაზში გასამგზავრებლად. ცნობილი ირანელი ლირიკოსი ჰაფეზი სწორედ აქედან იყო, რომელის საფლავიც წამოსვლის წინ მოვინახულეთ. აქვე გამახსენდა სკოლაში ნასწავლი ნაწყვეტი კოტეტიშვილის თარგმანიდან: ,,ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს, შემოგეხვევა ვნებისაგან ტანზე სუდარა“.
ზოგადად სპარსული პოეზიის გარეშე ძნელია აქაურ სამყაროში გზის გაგნება. ,,ირანული სამყარო კი უფრო და უფრო გაბნევს, რაც უფრო მეტად ეცნობი“ – ირანელი მისტიკოსი პოეტის ათარ ნიშაპურელის სიტყვებისა არ იყოს.
შაჰ-ჯერაღის მავზოლეუმი და იმამზადე, სადაც იმამ რეზას ძმებია დასაფლავებული ხელოვნების კიდევ ერთი ნიმუშია, – სულ სხვა ჩუქურთმებით, მოყვანილობებით, ორნამენტებით და დამოკიდებულებებით ქვასთან. გიდმა, რომელმაც საქართველოს შესახებ მხოლოდ კალაძე გაიხსენა, გაკვირვებით იკითხა: ,,კი მაგრამ შესაბამისი განათლება თუ ქონდა მინისტრის პოსტზე რომ დაინიშნეთო?!“. იგივე კითხვა დასვა მილანელმა ჯოვანიმაც ისპაანის სასტუმროში, – როგორც ჩანს, პოლიტიკური ,,უცნაურობებით“ ევროპელებსაც და აზიელებსაც ერთნაირად ვაკვირვებთ…
28 აგვისტო. კვირა. პერსეპოლისი და ნეკროპოლისი.
პერსეპოლისზე არ ვიცი რა დავწერო. ,,ტახტ-ე-ჯემშიდ“ ანუ ირანული მითოლოგიური ფიგურის ჯამშიდის საბრძანებელი, როგორადაც მას არასწორად უწოდებენ, ანტიკურ დროში დაბრუნებაა. მთელი მისი დიდებულებით, პლატფორმებით, სვეტებით, ,,ყველა ერის ჭიშკრით“, ერთდროს მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასახლით, 3 ათას აქლემზე აკიდული საგანძურით და სხვა ბევრი რამით. მასზე და ,,ნაყშ-ე-რუსტამზე“ (ნეკროპოლისი), სადაც სპარსეთის იმპერიის მეფეები არიან დასაფლავებულები, ცალკე შეიძლება დაიწეროს, ამიტომ აქ არ გავჩერდები.
მოგზაურობით დაღლილები ,,ნიაიეშის“ სასტუმროში დავბრუნდით, სადაც მონდომებით ვიხსენებდით დღევანდელი გიდის სიტყვებით თამაშს ტურის გაძღოლის დროს. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი ასე ჟღერდა: ,,მაშინ სპარსეთს ჰქონდა ოქრო, ახლა კი აქვს ,,შავი ოქრო“.
29 აგვისტო. ორშაბათი.
დღეს ვარდისფერი მეჩეთი და ერამის ბაღები უნდა გვენახა, რომელსაც სამოთხის ბაღებსაც უწოდებენ. ის ადრეულ შუა საუკუნეებში დაპროექტდა შუა უდაბნოში, წყლებსა და ტენისგან შორს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თვითონ ერამი და ქალაქი შირაზი იმაზე უფრო მეტად არის გამწვანებული, ვიდრე საქართველოს ზოგიერთი ქალაქი.
ნაისლ-ოლ მოქ იგივე ,,ვარდისფერი მეჩეთი” ფერების მეჩეთია, – დილით ადრე ათასობით მზის სხივი მინარეთის მოზაიკებს ეცემა და საუცხოო სანახაობას ქმნის. ამას უამრავი ადამიანი ელოდება, თუმცა ძირითადად ადგილობრივები ან აზიელები, – დასავლელი ტურისტი ირანს აკლია. ამაზე ერთხელ ვიღაცამ სწორად თქვა: ,,ჩვენს ერთიანად გლობალიზებულ სამყაროში ყველა საოცრება დაიტაცეს, კატალოგიზაცია მოახდინეს, მუზეუმის თაროებზე განალაგეს და ტურისტების დასათვალიერებლად წარმოადგინეს. ირანს ტურისტებიც არ სწყალობენ. ირანი ოდესღაც მდიდარი რეზიდენციის სხვენს მაგონებს, სადაც მოულოდნელად რაღაც ძალიან ძვირფასს აღმოაჩენო“.
საღამოს მე და მარიამი შირაზის ვიწრო ქუჩებს დავუყევით. ამ ტალახით ნაშენ ხვეულებს შუა საუკუნეებში გადაყავხარ და იმ აღმოსავლეთის მისტიკას, ეგზოტიკას გაზიარებს, რომელიც არც ისე შორია საქართველოდანაც. უკანა გზაზე ერთ-ერთი ბნელი ქუჩის ვიწრობებში მძიმე სურათს გადავაწყდით, – სხვადასხვა ასაკის 15-მდე ირანელი, მათ შორის ქალი, წებოსა და სხვა ტოქსიკურ საშუალებებს გონებამიხდილი ისუნთქავდნენ. ასეთი იყო შირაზი, ხშირად ბინძური, მოუვლელი, უწესრიგო, მოწყვეტილი, მაგრამ მიმზიდველი და ჩამთრევი.
30 აგვისტო. სამშაბათი. უკან თეირანი.
თეირანიდან შირაზამდე გზა უკვე გავლილი მქონდა, ამიტომ გზის დათვალიერების მაგივრად ავტობუსში კარგად ძილი გადავწყვიტე. მაგრამ ხანდახან ხომ ხდება ხოლმე, რამ რაღაც განსაკუთრებული მოლოდინის არქონა, უფრო მეტად გიბიძგებს განსაკუთრებულის აღმოჩენისკენ.
გარიჟრაჟზე მარანჯაბის უდაბნოდან დიდი აზიური მზე ამოვიდა და უფერული მიწის ჰორიზონტი წითლად გაანათა. ჩვენ კი მივდიოდით და ვკვეთდით მთელი სისწრაფით შუაგულ უდაბნოს და თითქოს ვგრძნობდით, რომ სამყაროს ზუსტად მაშინ ჩავხედეთ თვალებში, როდესაც თვალი გაახილა. ამ დროს დროული იქნებოდა მელოდია ახალი, მშვიდი ირანული სიმღერიდან, რომელიც ასე იწყება: ,,ჩვენი სახლი არის შორს, ამ მშვიდი მთების, ოქროსფერი ველების და ცარიელი უდაბნოების მიღმა“…
თეირანი უზარმაზარი ქალაქია, როგორც შოთამ აღნიშნა, – ,,ქარაფებს შორის გაშლილი უზარმაზარი საბურთალო“; – აქ ვერ შეხვდებით არქიტექტურულად ან ისტორიულად გამორჩეულ ბევრ კულტურულ შენობას, მხოლოდ ქუჩების წინ ჩამწკრივებულ საშუალო სიმაღლის კორპუსებს. მიუხედავად ამისა, მაინც ვნახეთ რამდენიმე საინტერესო მოდერნისტული სკულპტურა და ასევე, ჩვენთვის ამაოხრებელი, მაგრამ ირანელებისთვის გმირის, – შაჰ-აბასის მიერ აშენებული სასახლე ქალაქის ცენტრში. შაჰის კარი სავსე იყო სხვადასხვა ევროპელი თუ აზიელი მმართველების მიერ გამოგზავნილი ძღვენებით და ჩვენი ჯგუფის წევრ ფოთელ რეზის კინაღამ თავისი ქალაქის გაყიდვა მოუწია, როდესაც ერთ-ერთ ნაჩუქარ ქოთანს კინაღამ სახელური მოატეხა.
საღამოს თეირანის მახლობლად მთაში მდებარე ჩანჩქერი ვერ ვნახეთ, – მეგობრებმა გამომიცხადეს ჩანჩქერი ხომ საქართველოშიც გვაქვსო, – მაგრამ ჩანჩქერი საქართველოში და ჩანჩქერი უწყლო ირანში ხომ წარმოგიდგენიათ?! ამ გულდაწყვეტილი ფიქრებით ჩაიარა საქართველოში გამომგზავრების წინა დღემ.
31 აგვისტო. სამშაბათი. თეირანი.
ავტობუსში ისევ ყველა ირანელი იყო. მარტო ჩვენ ვიყავით ქართველები და სპარსული ენის კურსებზე ჩამოსული რამდენიმე თსუ-ელი.
ხშირად უშუალოდ მგზავრობის პროცესს მთლიანად გამორიცხავენ მოგზაურობის შემადგენელი ნაწილიდან, მაგრამ არცთუ იშვიათად ეს პროცესი დანიშნულების ადგილზე ჩასვლაზე საინტერესოა. რაღაცით ეს პირველ კურსზე ფილოსოფიის ლექციაზე განხილულ დილემას გავდა, მიზნის მიღწევის პროცესი უფრო სასიამოვნოა, თუ მიზნის მიღწევა.
უკანა გზაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ისპაანელმა ჰამიდმა, რომელიც ნავთობტერმინალზე მუშაობის არდადეგებს საქართველოს ზღვისპირეთში გაატარებს. მასთან ღიად ვსაუბრობდით თუ რამდენი საერთო სიტყვაა ქართულსა და სპარსულში, რაზეც ირანისტმა ქართველებმა პროტესტი გამოთქვეს. მათი თქმით, ეს ჩვენ ქვეყანას აკნინებს და ირანელებს საქართველოზე კულტურული დომინაციის გრძნობას უმძაფრებსო. არ ვიცი, რამდენად წაგვადგება ეს არაფრისმთქმელი პატრიოტიზმი და არქაული შიშები ჩვენი მეზობლების მიმართ, მაგრამ ალბათ, მანამდე გაგყვება, სანამ ბასკებთან ზოგად განათლებაზე მეტად, აშენებული ქვეყნით არ მოვიწონებთ თავს.
გზად ჰამიდმა მათეულ ,,რიკოთის გაჩერებაზე“ ტრადიციული ირანული კერძები გაგვასინჯა და მირთმევის წესები აგვიხსნა. ჩვენ ახალციხის სახაჭაპურესთან ,,გადავუხადეთ სამაგიერო“. ნავთობინდუსტრიელი ჰამიდი საქართველოში სამოგზაუროდ და თუ გაუმართლებდა ქართველ ,,ხანუმაზე“ დასაქორწინებლად მოდიოდა. არ ვიცი გაუღიმა თუ არა ბედმა მეორე სურვილის ასრულებაში, მაგრამ ჩვენი შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე მომწერა, რომ თეირანის ავტობუსში ზის და სამშობლოში კმაყოფილი ბრუნდება…