ანიკო წვინარია-აბრამიშვილი

„მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის“ ჩამოყალიბებასა და მის წარმატებულ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ანიკო წვინარია-აბრამიშვილს.

ანა წვინარია 1933 წელს ოჩამჩირის სოფელ კუტოლში დაიბადა. მან სკოლა 1951 წელს სოხუმში დაამთავრა და სწავლა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტში განაგრძო. 1955 წელს დაქორწინდა არქიტექტორ ვახტანგ აბრამიშვილზე და მასთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად ინსტიტუტის დასრულების გარეშე. ამ დროს ქართულად საუბარი ჯერ კიდევ უჭირდა, წერა-კითხვა კი არ იცოდა. მას შემდეგ, რაც შვილები წამოეზარდნენ, 1968 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა ინგლისური ენის ფაკულტეტზე, რომელიც 1973 წელს დაამთავრა. მალევე შეუერთდა „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიას“ და კავკასიური განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ დროს ოთარ ნოდიას ინივიატივით იწყებოდა მუშაობა კავკასიის ხალხთა ფოლკლორის შეგროვების, თარგმნისა და გამოცემისათვის.

ანა წვინარია-აბრამიშვილი, რომელიც „კოლეგიაში“ მუშაობის დროს უკვე შესანიშნავად ფლობდა ქართულს, აფხაზური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს ბწკარედულად თარგმნიდა. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი მრავალი გამოცემის მომზადებაში, თუმცა ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, მსოფლიო ლიტერატურის 50 ტომი აფხაზურ ენაზე, რომელსაც ოთარ ნოდიასთან ერთად ჩაუყარა საფუძველი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დაძაბვის გამო განუხორციელებელი დარჩა.

„კოლეგიის“ დახურვის შემდეგ მოღვაწეობა „კავკასიურ სახლში“ განაგრძო, სადაც დირექტორის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. ორგანიზაციაში ქალბატონი ანა ასწავლიდა აფხაზურ ენას, იყო კავკასიის ქალთა ლიგისა და რუსულენოვან გაზეთ „КАВКАЗСКИЙ АКЦЕНТ“-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.

„კავკასიურმა სახლმა“ 2004 წელს გამოსცა „აფხაზური ფოლკლორი“, რომლის ერთ-ერთი შემდგენელი და პროზაული ნაწილის ქართულ და რუსულ ენებზე მთარგმნელიც ანა წვინარია-აბრამიშვილი გახლდათ;

2007 წელს მისი რედაქტორობით ხელმეორედ გამოიცა „ამბავი ნართებისა“, აფხაზური ვარიანტი.

ქალბატონი ანას მიერ მომზადებული ბწკარედებით შესაძლებელი გახდა აფხაზი მწერლების, დიმიტრი გულიას, ალექსი გოგუას, ჯუმა ახუბას, ალექსი ჯენიას მოთხრობების ქართულ ენაზე თარგმნა, რომლებსაც თავი 2011 წლის გამოცემაში „აფხაზური პროზა“ მოეყარა.

ანა წვინარია ნაგოის უნივერსიტეტის პროფესორ, ლინგვისტ ტამიო იანაგისავთან ერთად მუშაობდა აფხაზურ-იაპონური, აფხაზურ-ინგლისური და აფხაზურ-რუსული ლექსიკონების შედგენაზე.

ქალბატონი ანა თავდაუზოგავად ემსახურებოდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, სახალხო დიპლომატიას, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ, აფხაზ და უცხოელ კოლეგებს შორის.

ანა წვინარია-აბრამიშვილი 2007 წელს გარდაიცვალა.