2019 წლის 21 აპრილს, კვირა დღეს (დიდ ქრისტიანულ დღესასწაულზე – ბზობაზე) საქართველოს მთავრობამ პანკისის ხეობაში შეიყვანა რეზინის ტყვიებით, ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით შეიარაღებული პოლიციის ქვედანაყოფი, რათა ძალისმიერი მეთოდით ჩაეხშო ქისტი მოსახლეობის ნება, რომელიც მანამდე მშვიდობიანად ეწინააღმდეგებოდა ხეობაში მესამე ჰესის (ხადორი 3) აშენებას.
ჰესი, რომელსაც აშენებს („ქართული ოცნების“ თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული) კომპანია „ალაზანი ენერჯი“, მართლაც დიდი რისკების შემცველია ბუნებისათვის. კერძოდ, მას შეუძლია გამოიწვიოს მდინარის გაქრობა, მაშასადამე, სასმელი წყლის დაკარგვა, საძოვრების გახმობა და ა.შ. რაც ისედაც მწირი ხეობისათვის ყოფნა-არყოფნის საკითხად გადაიქცევა! მით უმეტეს, რომ პანკისის ხეობაში კიდევ სამი ჰესის აშენებაა დაგეგმილი!
მაშასადამე, ქისტ (ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხის) მოსახლეობას არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიცაა დაიცვას თავისი სასიცოცხლო სივრცე – საქართველოს ბუნების განუმეორებელი ნაწილი.
პანკისელთა წინააღმდეგობას მთავრობამ უპასუხა მათი ერთი ჯგუფის გადაბირების, დაშინებისა და მოსყიდვის უშედეგო მცდელობი (რაც დამახასიათებელი იყო საბჭოთა უშიშროების სამსახურისათვის მსგავს შემთხვევებში).
საბოლოოდ, ინვესტორმა და მთავრობის წარმომადგენლებმა დაარღვიეს მოლაპარაკების პირობები, რომლის თანახმადაც ჰესის მშენებლობა მოსახლეობის ნების წინააღმდეგ არ უნდა დაწყებულიყო და კვირა დღეს დილაადრიან შეიარაღებული პოლიციის კორდონის თანხლებით შეიყვანეს სამშენებლო ტექნიკა.
კომპანია და ხელისუფლება არც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას დალოდებიან ( პანკისის ხეობის მოსახლეობას ოთხი სარჩელი აქვს შეტანილი სხვადასხვა ინსტაციის სასამართლოში. ისინი თვეებია ითხოვენ სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას, რათა კომპანიის, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთი კანონის უხეში დარღვევის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ).
პანკისის მოსახლეობამ ახმეტის რაიონის სოფლებში სამართალდამცველთა დანაყოფების შეყვანა მიიჩნია შეტევად მთელი ხეობის წინააღმდეგ და პოლიციის კორდონის შეჩერება სცადა ქვებითა და ჯოხებით, რასაც რაზმმა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი (მომწამლავი) გაზით უპასუხა.
ბრძოლა გაგრძელდა თითქმის ნახევარი დღე. დაშავდა ორივე მხარე.
საქართველოს მოსახლეობამ განიცადა ნამდვილი ნერვული სტრესი. სოციალურ ქსელებში ე.წ „ტროლების“ ლეგიონმა გააჩაღა პანკისელთა ნაციონალური და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი კამპანია. სამთავრობო ტელევიზიები და გაზეთები დღემდე ტენდენციურად აჩვენებენ მომხდარ ტრაგედიას და არც ქისტი მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შელახვას მორიდებიან.
არ გვაინტერესებს, რა გახდა ამ სახელმწიფოებრივი დანაშაულის მიზეზი: შეგნებული პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან თუ მისი უმეცრება, შინაგან საქმეთა მინისტრის არაპროფესიონალიზმი თუ სხვა რამ პოლიტიკური ინტრიგა.
პანკისში დატრიალებულ ტრაგედიას ჩვენ ვაფასებთ როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეპრესიას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის მიმართ, რაც არის ერთგვარი გაგრძელება სტალინისა და ბერიას მიერ ჩადენილი დანაშაულისა ჩეჩენი და ინგუში ხალხების წინააღმდეგ 1944 წელს, როცა განხორციელდა ამ ხალხების დეპორტაცია შუა აზიაში. (ვაინახებთან დამოკიდებულების სტალინისეულ ტრადიციებს წარმატებით აგრძელებდნენ წინა მთავრობებიც: ჩეჩენ ლტოლვილთა ექსტრადაცია და სხვა და სხვა სახის რეპრესიები მათ მიმართ; სასტიკი და გაუაზრებელი „სპეცოპერაციები“ პანკისის ხეობაში ადამიანური მსხვერპლით; პოლიტიკურ-სამხედრო ინტრიგებში ჩეჩნების ჩათრევა და შემდეგ ლიკვიდაცია…)
დღესაც, პანკისის ხეობას შესეული, მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც იპყრობენ ხეობის მდინარეებს და აჩანაგებენ მათ, – სასიცოცხლო სივრცეს უსპობენ მოსახლეობას და ამ გზით არაპირდაპირ აიძულებენ, აიყაროს და დატოვოს საქართველო (ეს განცდა აქვს თავად პანკისის ბინადართ).
მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას უნდა დაბრალდეს პოლიციელთა და პანკისის მკვიდრთა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც ქვეყანა ეთნიკური კონფლიქტისა და სამოქალაქო ომის წინაშე დადგა; ამას კი შედეგად შეიძლებოდა მოჰყოლოდა უცხო ქვეყნის სამხედრო ჩარევა და ამ კუთხის სამუდამოდ დაკარგვა ყველა თანამდევი შედეგით.
ამიტომ გამოძიებულ უნდა იქნას: ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას, ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის, შინაგან საქმეთა მისიტრის გიორგი გახარიას, რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის სოზარ სუბარის, კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის, შპს „ალაზანი ენერჯის“ დირექტორის ლაშა იორდანიშვილის როლი ამ სახელმწიფოებრივ დანაშაულში. რატომ მოჰყვა მათ ქმედებებს შედეგად მოსახლეობის უსაზღვრო აღელვება და ყველაფერი დანარჩენი?
რაც შეეხება სპეცრაზმელებსა და პანკისელ მოსახლეობას, აქ არავინ არ უნდა დაისაჯოს, რადგან ისინი სახელმწიფომ უსამართლოდ დაუპირისპირა ერთმანეთს. აქ შეიძლება გამოყენებულ იქნას „სიმართლისა და შერიგების კომისიის“ გამოცდილება, რაც გულისხმობს ერთი მხრივ ბრალეულობის დადგენას, მეორე მხრივ ურთიერთპატიებასა და შერიგებას.
რაც შეეხება ჰესების მშენებლობას, ამაზე ლაპარაკი სამუდამოდ უნდა შეწყდეს და პანკისის მოსახლეობასთან ერთად შემუშავდეს ამ კუთხის განვითარების გეგმა.
უახლოეს ხანში „კავკასიურ სახლში“ გაიმართება საზოგადოებრივი შეკრება-დისკუსია პანკისის კრიზისთან დაკავშირებით.
26.04.2019
„კავკასიური სახლი“
© 2023 კავკასიური სახლი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია chikhladzeluka -ის მიერ