საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონო პრეზიდენტო!
ქალბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!
ნება გვიბოძეთ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ერთ უაღრესად საჭირბოროტო გარემოებას. წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან რელიგიის სფეროში გატარებულმა პროტექციონალისტურმა პოლიტიკამ – რაც ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებისადმი წაყრუებითაც გამოიხატა – უკვე შეამზადა ნიადაგი ქვეყანაში რელიგიური ფუნდამენტალიზმის აღსაზევებლად. ახლა, როცა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური ძალები ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი პროპაგანდისტული პოტენციალი (რაც ბუნებრივია), შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პოლიტიკური პარტიები, ერთგულებენ რა ხელისუფლების მიერ შერჩეულ ტაქტიკას, ამომრჩეველთა გადაბირების მიზნით მოურიდებლად სპეკულირებენ რელიგიური თემატიკით:
ეწევიან ფარისევლურ პროპაგანდისტულ კამპანიებს ზოგიერთი ისტორიული პირის წმინდანად შერაცხვისა და მათი ნეშტების საქართველოში გადმოსვენების თემაზე;
სატელევიზიო დებატებში ერთმანეთს უყენებენ ბრალდებებს რელიგიურ მიკუთვნებულობასთან დაკავშირებით;
ტეხენ პერიოდულ სკანდალებს რელიგიური სიმბოლოების გამოყენების უფლებამოსილების თაობაზე;
პოლიტიკური დივიდენდების დაგროვების მიზნით რელიგიურ აურზაურში ერთვებიან ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომელთა საჩვენებელი ქველმოქმედება ფართოდაა ხოლმე რეკლამირებული და მისთანანი.
ეს ყველაფერი შემთხვევით არ დაწყებულა.
უკვე კარგა ხანია, რაც ჭეშმარიტი მართლმადიდებლების სახელს ამოფარებული რელიგიური ფანატიკოსები და ობსკურანტი სამღვდელოება შუა საუკუნეების სოციალური სტანდარტების პროპაგანდირების მეშვეობით ქვეყანას ფუნდამენტალისტური უფსკრულისაკენ მიაქანებენ:
სატელევიზიო ეთერში აჩვენებენ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ პროპაგანდისტულ ფილმებს;
ავრცელებენ რელიგიური ფანატიზმის სულით გაჟღენთილ ლიტერატურას;
მალულად თუ აშკარად დევნიან რელიგიურ უმცირესობებს და მიმართავენ ძალადობას;
ცრურწმენებით გაჯერებული ქადაგებებით ახდენენ მორწმუნე ადამიანთა შთაგონებას, მათში ვიწრო, აგრესიული ნაციონალიზმის გაღვივებას.
რელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდა და მისი თანამდევი პროტექციონალისტური პოლიტიკა ამზადებს უფართოეს სოციალურ ბაზას ანტიდემოკრატიული რეაქციისათვის, რაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს.
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ თავიანთი კონფესიური სიმპათიების დემონსტრირება – რაც უმრავლეს შემთხვევაში ფარისევლურია – ცეცხლზე ნავთს ასხამს. იქმნება ვითარება, როცა პოლიტიკური ძალები უკვე “მართლმადიდებლობაში” ეჯიბრებიან ერთმანეთს.
არაფერ სხვაში პარტიები და პოლიტიკოსები არ არიან ისე ერთსულოვანი და შეხმატკბილებულნი, როგორც რელიგიის ფაქტორთან შეთამაშებასა და ლაციცში, რელიგიური ექსტრემისტებისადმი ლოიალობაში, რითაც ხელს უწყობენ ანტიდემოკრატიული პროცესების გაღრმავებას. მსოფლიო ისტორიულმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ასეთ პოლიტიკას შედეგად სახელმწიფოს საფუძვლების რყევა, საზოგადოების დეგრადაცია და საერთო განვითარების საბედისწერო დამუხრუჭება მოსდევს.
ცნობილია, რომ ჩვენი სახელმწიფო ცივილიზაციური იდენტობის ნიშნით ე.წ. “გახლეჩილ ქვეყნებს” განეკუთვნება. იგი ცივილიზაციათა ურთიერთშეხვედრის იმ კრიტიკულ სეგმენტში მდებარეობს, რომელიც დამანგრეველი კონფლიქტების წარმოქმნისა და ცივილიზაციათა შეხლის მაღალი რისკის ზონადაა მიჩნეული. პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სპეკულაციები რელიგიურ თემაზე, სამღვდელოების გაუნელებელი ანტიდემოკრატიული შინაარსის პროპაგანდის ფონზე რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს.
ბატონო პრეზიდენტო!
ქალბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!
თქვენ, როგორც ქვეყნის უსაფთხოების გარანტებს მოგმართავთ თხოვნით:
1. მოუწოდოთ ქვეყნის პოლიტიკურ ისთებლიშმენტს, რათა შეთანხმდნენ რელიგიის თემაზე წინასაარჩევნო მორატორიუმის დაწესებაში.
2. სახელმწიფომ შეიმუშავოს გადაუდებელ ღონისძიებათა პაკეტი, რომლის განხორციელება სასურველ კალაპოტში მოაქცევს იმ რელიგიურ-პოლიტიკურ პროცესებს, რომლის თვითდინებაზე მიშვება ქვეყანას მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნის უკვე ახლო მომავალში.
პატივისცემით:
“კავკასიური სახლი”
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტი
თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბი
თავისუფლებისა და განვითარების ცენტრი
თავისუფლების ინსტიტუტი
კავკასიური სოლიდარობის ფონდი
კავშირი “ბავშვთა თანაბარი უფლებებისათვის”
კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრი
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ მოძრაობა საქართველოში
საქართველოს რწმენის თავისუფლების ცენტრი
არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის”
11.06.2003.