საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ არჩილ თალაკვაძეს
საქართველოს პრემიერს ბ-ნ გიორგი გახარიას
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს
შეწყდეს რიონის ხეობის განადგურება!
ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად უკვე ერთი წელია პრაქტიკულად გაჩერებულია საქართველოში მოქმედი არაერთი კომერციული თუ საჯარო დაწესებულება. მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებსა და შეზღუდვებს ემორჩილებიან პატარა სასურსათო მაღაზიებიც და უმსხვილესი კორპორაციებიც.
მაგრამ არსებობენ ისეთი ძლევამოსილი კომპანიები, რომლებზე პანდემია და შეზღუდვები არ ვრცელდება; რომლებისთვისაც სპეციალურად იქმნება კანონები, რომელთა ძალითაც ისინი, მაგალითად, წარბშეუხრელად აგრძელებენ დასავლეთ საქართველოს ბუნების, რიონის ხეობის სოფლების განადგურებას.
მათგან ყველაზე პრივილეგირებული გახლავთ ნამახვანი ჰესის მშენებელი თურქული კომპანია „ენკა“, რომელსაც ლამის ყოველდღიური განცხადებებით (არაფერი საერთო რომ არა აქვს სინამდვილესთან), აქტიურად მფარველობს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ქ-ნი ნათია თურნავა.
პანდემიის პირობებში ფაქტობრივად შეუფერხებელი მუშაობის უფლების გარდა ნამახვანი ჰესის მშენებლები სარგებლობენ სხვა აუხსნელი, კანონსაწინააღმდეგო შეღავათებითაც. მაგალითად:
სახელმწიფოსა და კომპანია „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი კონფიდენციალურია.
ადგილობრივმა მოსახლეობამ, გარემოსდამცველებმა, თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არაფერი იციან იმის შესახებ, თუ რაზე შეთანხმდნენ ოფიციალური სტრუქტურები და ინვესტორები, რომელი მხარე რა სარგებელს მოელის ხელშეკრულებიდან, რამდენად ხელსაყრელი იქნება შეთანხმების პირობები ეროვნული ბიუჯეტისა თუ წყალტუბოსა და ცაგერის რაიონებისთვის;
კომპანია „ენკას“ მთავრობისთვის არ წარუდგენია არც „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ (გზშ) დოკუმენტის დასრულებული ვარიანტი;
არ არის დამტკიცებული ჰესის საბოლოო პროექტი, თურქული მხარეს არ ჩაუტარებია მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი.
მიუხედავად კანონით დადგენილი დოკუმენტების არქონისა, სრულიად მოულოდნელად კომპანიამ მაინც მიიღო „მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოების“ დაწყების უფლება, რაც მდინარის კალაპოტზე ზემოქმედებას, მთების ბურღვა-აფეთქებებსაც გულისხმობს.
აღმაშფოთებელია სახელმწიფოსა და ინვესტორის დამოკიდებულება ნამახვანი ჰესის სამშენებლო არეალში მცხოვრები ადამიანების მიმართ:
ისინი სარგებლობენ რიონის ხეობის მაცხოვრებელთა აუტანელი სიღარიბით და ხელს უწყობენ კერძო და სახელმწიფო მიწების იაფად გასხვისებას, „ენკას“ უმსხვილეს მიწათმფლობელად გარდასახვას;
ხელისუფლება არაფრად აგდებს ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ მიმდინარე ორთვიანი პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებსა და არგუმენტებს. მეტიც, რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფომ სოფელში პოლიციის სპეციალური დანაყოფებიც შეიყვანა, რომლებმაც დღე და ღამ კარვებში მყოფი პროტესტანტების მხარდასაჭერად შეკრებილი ხალხი დაარბიეს.
ხელისუფლება ასევე არაფრად აგდებს იმ ფაქტს, რომ როგორც მსოფლიო ბანკი (WB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ასევე ევროპის ენერგეტიკული ერთობა (Energy Community) თავიანთ ანგარიშებში წუხილს გამოთქვამენ საქართველოში დამკვიდრებული უაღრესად საზიანო პრაქტიკის გამო, რაც მდგომარეობს ახალი ენერგომწარმოებლებისაგან ელექტროენერგიის გრძელვადიან და გარანტირებულ შესყიდვაში, რადგანაც მსგავსი ხელშეკრულებები ქვეყნისთვის კაბალური და წამგებიანია. დიახ, ხელისუფლება თან არაფრად აგდებს ამ ერთობას, თან სურს მისი სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
საქართველოს ხელისუფლება ასევე არაფრად აგდებს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ სტანდარტსაც, რომლის თანახმადაც ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს: ეკოლოგიურს, სოციალურსა და ეკონომიკურს. მაშასადამე: რა მომგებიანიც არ უნდა იყოს ესა თუ ის პროექტი ეკონომიკურად, თუ ის ეკოლოგიურად სახიფათოა და ადამიანთა საცხოვრისს ანადგურებს, არ უნდა განხორციელდეს! მით უმეტეს თუ ის ეკონომიკურადაც სრულიად წამგებიანია!
დიახ, საქართველოს ხელისუფლება თან არაფრად აგდებს ევროკავშირის იდეალებსა და პრინციპებს, თან სურს მისი წევრი გახდეს, სურს უსასრულოდ მიიღოს მისგან ფინანსური დახმარება.
მაგრამ განა ეჭვს არ იწვევს ამ სურვილის ნამდვილობა, როცა შევცქერით ბუნების ასეთი სიძულვილით აღბეჭდილ, რაციონალურის სფეროდან გასულ გეგმებს: აშენდეს 150 ჰესი, ანუ დაგუბდეს საქართველოს ლამის ყველა მდინარე, შენაკადი თუ წყარო?!
ნამახვანი ჰესი რამდენიმე კაშხალს მოიცავს. მათი სარკის ზედაპირის საერთო ფართობი 610 ჰექტარი იქნება, წყლის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს 1000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, 104 ოჯახს გადასახლების საფრთხე ემუქრება, ათამდე დასახლება მოექცევა მშენებლობის ზემოქმედების სივრცეში, საფრთხე ექმნება უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის მიკროზონას – ტვიშს და „წითელ წიგნში“ შეტანილ და საერთაშორისო კონვენციებით დაცულ, გადაშენების პირას მყოფ ზუთხის სახეობებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც სოფლის გადარჩენა-განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყება ერთის მხრივ პრიორიტეტად აცხადებს აგროტურიზმის განვითარებას, სადაც უპირველესი როლი ენიჭება ღვინის ტურიზმს, მეორეს მხრივ, გასცემს ნებართვას უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშის „ტვიშის“ მიკროზონის განადგურებაზე (ხსენებული სამინისტროს ხელმძღვანელი ბ-ნ ლევან დავითაშვილი ისტორიაში შევა თავისი დანაშაულებრივი გულგრილობის წყალობით საქართველოს ბუნების მიმართ).
საქართველოს ბუნებისა და მაღალმთიანი რეგიონების განადგურების მომხრეები განუხრელად იმეორებენ მითებს, რომლებიც თავადვე შეთხზეს მოსახლეობის მოსატყუებლად:
ისინი ლაპარაკობენ „ენერგოდამოუკიდებლობაზე“, საქართველოს „ჭარბი ჰიდრორესურსების ათვისების აუცილებლობაზე“, „ იაფ ელექტროენერგიაზე“ და ა.შ. მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები კი საერთოდ არ გააჩნიათ.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში არ ჩატარებულა არც ერთი სრულყოფილი გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, სეისმოლოგიური კვლევა; არც ერთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტს თან არ ახლავს ხარჯთ-სარგებლის ანალიზი, საქართველოს საერთოდ არც გააჩნია ეკონომიკური და ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიები.
მეტისმეტად ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობისა და ინვესტორებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს არც ადამიანი, არც ბუნება.
ამ ქვეყანაში ყველაფერს ბაზარი და მისი უმსხვილესი, ხშირად ანონიმური მოთამაშეები წყვეტენ.
დღეს უკვე ცხადი გახდა, რა დამღუპველი ანაქრონიზმია თავისუფალი ბაზრის ყოვლისშემძლეობისა და კეთილშობილების ბრმა რწმენა; რწმენა, რომ „ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს“; რომ სახელმწიფომ არაფერი არ უნდა დაგეგმოს და არაფერში არ უნდა ჩაერიოს; რწმენა, რომ უცხო ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკური ხსნის მთავარი ფაქტორია. რწმენა, რომ მთავარია ფული, მილიონები, მოგება ყველაფრის ფასად.
როდემდე შეიძლება საზოგადოება ევედრებოდეს მთავრობას, წარმოადგინოს რაიმე დოკუმენტი, რასაც შეიძლება ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა ეწოდოს! გეგმა, რომელშიც უნდა ჩანდეს, თუ რეალურად რა ენერგეტიკული პოტენციალი გვაქვს, როგორია ჩვენი ბუნების მდგომარეობა და შესაძლებლობები, როგორი ეკონომიკა გვინდა გვქონდეს, რა სოციალური მიზნები გვაქვს დასახული…
შესაბამისად, მხოლოდ პირუთვნელი მეცნიერული კვლევების საფუძველზე, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს სად, როდის და როგორ ვაშენებთ რომელიმე კასკადსა თუ ჰესს.
ვიმეორებთ: ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ საქართველოს ახლანდელი და წინა მთავრობების ირაციონალური ჩანაფიქრი განხორციელდა, რამდენიმე წელიწადში მდინარე რიონის ყოველ 15 კილომეტრიან მონაკვეთზე ერთი ჰესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება განთავსებული. რიონის ხეობა ერთიანად რკინა-ბეტონად გადაიქცევა, დაიმარხება, დაშრება.
როგორ შეიძლება შევეგუოთ იმას, რომ საქართველოს მიწა-წყალი და შესაბამისად, ხალხი ნადგურდებოდეს მცირერიცხოვანი, ანონიმური ჯგუფების საარაკო სიხარბის გამო!
ჩვენ გვსურს რესურსების სამართლიანი გადანაწილება არა მხოლოდ დღეს მცხოვრებ ადამიანთა შორის, არამედ თაობებს შორისაც. სუფთა წყლის, ჰაერის, საკვების მიღების უფლება აქვს ყველა ადამიანს: დღეს მცხოვრებსაც და იმასაც, ვინც მომავალში დაიბადება. და ბუნების მიმართ ასეთი ბარბაროსული დამოკიდებულების შედეგად როგორ ქვეყანაში დაიბადებიან ჩვენი შვილები და შვილიშვილები: ჩაძირულ, გადათხრილ, აფეთქებულ და განადგურებულ საქართველოში?
აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტში სასწრაფოდ დაინიშნოს საჯარო მოსმენა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თავს კი არ მოიწონებს თავისი თანაპარტიელებისა და მის მიერ განებივრებულ-წახალისებული „ინვესტორების“ წინაშე, არამედ დარგობრივი კომიტეტის წევრების თანდასწრებით უპასუხებს ადგილობრივი მოსახლეობის, მოუსყიდავი სპეციალისტებისა და გარემოსდამცველების შეკითხვებს.
ვერცერთი ხელისუფლება ვერ იცხოვრებს იმ ხალხთან ერთად, რომელსაც სასიცოცხლო სივრცეს უნადგურებს.
ნაირა გელაშვილი – მწერალი, გერმანისტი, გარემოს დამცვლი
ელენე აბაშიძე – გეოლოგიის დოქტორი
ზურაბ კიკნაძე – ფილოლოგიის დოქტორი, ილიაუნის ემერიტუსი,
ნუგზარ პაპუაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი
დავით ადეიშვილი – ეკონომიკის დოქტორი
ლევან ბრეგაძე – ფილოლოგიის დოქტორი, კრიტიკოსი, მთარგმნელი
გიორგი ლობჟანიძე – ირანისტი, არაბისტი, თსუს პროფესორი, პოეტი, მთარგმნელი
ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი, „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი
თეა გალდავა – კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, ისტორიკოსი
ივანე აბრამაშვილი – „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი
სოფო სოხაძე – ხელოვნებათმცოდნე , გარემოს დამცველი
ბექა ნაცვლიშვილი – პოლიტოლოგი