[vc_row][vc_column][vc_column_text]20-21 აპრილს კავკასიური სახლის და ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, რადიო თავისუფლები ჟურნალისტთან ერთად შეხვედრები გამართეს ქ. ლვოვში ჩასახლებულ, დონბასიდან და ყირიმიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან. ორი დღის განმავლობაში შეხვედრები, ასევე, გაიმართა ისტორიკოსებთან, სოციალურ აქტივისტებთან და ლვოვის მერთან.
საზოგადოებრივი ინიციატივის „ყირიმი SOS”-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ალიმოვ ალიევმა ქართველ ექსპერტებს დეტალურად გააცნო მისი ორგანიზაციის საქმიანობა. ამასთან, მან ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა ყირიმიდან იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობასთან დაკავშირებით: რა სირთულეებს აწყდებიან ისინი დღეს და რა დამოკიდებულებებია ხალხში. მისი თქმით ყირიმელი თათრების უმრავლესობა უკრაინას მიიჩნევს დიდ სამშობლოდ, თუმცა ძალიან დიდი სურვილი აქვთ დაბრუნდნენ მათ პატარა სამშობლოში – ყირიმში. ალიმომ ალიევის მოწვევით ქართველი დელეგაცია დაესწრო საჯარო შეხვედრას ყირიმელ თათრებზე გადაღებული პირველი ფილმის – ჰაიტერმა-ს რეჟისორთან – ახტემ სეიტაბლაევთან. ფილმი ასახავს ამ ერის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას – 1944 წელს თათრების დეპორტაციას სტალინის მმართველობის დროს.
უკრაინული ნაციონალიზმის და დასავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციის უკეთ გაგებისთვის, ქართველი ექსპერტები შეხვდნენ ისტორიკოსს, პუბლიცისტს და საზოგადო მოღვაწეს ვლადიმერ პავლივს. მან მიმოიხილა უკრაინაში არსებული სიტუაცია, ისაუბრა იმ რისკებზე, რომელთა წინაშეც დგას დღეს უკრაინა, ახსნა რატომ შეიძლება გახდეს ნაციონალიზმი ძალიან საშიში უკრაინისთვის. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მთავრობა უფრო აქტიურად უნდა მუშაობდეს სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის გაერთიანებისთვის; მაგალითისთვის მოიყვანა შიდა ინფრასტრუქტურული სისტემის გაუმჯობესება და ა.შ.
ქართული დელეგაცია ქ. ლვოვში შეხვდა კიდევ ერთ პროფესორს და კათოლიკური უნივერსიტეტის პრორექტორს, ასევე საბჭოთა დისიდენტსა და ადამიანის უფლებების დამცველს – მიროსლავ მარინოვიჩს. მან მოკლედ აღწერა უკრაინაში მოქმედ ეკლესიებს შორის ურთიერთობა და მათ გავლენაზე საზოგადოებაზე. მან აღნიშნა შერიგების საჭიროება რუსეთსა და უკრაინას შორის. თქვა, რომ ხალხში არსებობს ამის რესურსი, თუმცა თავდაპირველად რუსეთის მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ ის არის კონფლიქტის მხარე.
ქართველ ექსპერტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ქალაქ ლვოვის მერს – ანდრეი სოდოვოის. მერმა ქართველ ექსპერტებს დეტალური ინფორმაციით მიაწოდა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არსებულ პროგრამებთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ლვოვი იყო პირველი ქალაქი, რომელმაც შეიმუშავა სტრატეგია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დახმარების გაწევის მიზნით. ძირითადი პროგრამები მოიცავს სამედიცინო, იურიდიული და სოციალური სახის დახმარებებს. ასევე, მან ისაუბრრა უკრაინაში რეფორმების ეფექტური რეალიზაციის და ბიუროკრატიული სისტემის შემცირების მნიშვნელობაზე.
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფმა ქართველმა ექსპერტებმა სამ ქალაქში: კიევში, ხარკოვსა და ლვოვში გამართეს 15 შეხვედრაზე მეტი. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ინფორმაციის მიღება უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე და, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.
შეხვედრა გაიმართა კავკასიური სახლის მიმდინარე პროექტის ,,უკრაინა – გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]