[vc_row][vc_column][vc_column_text]„კავკასიური სახლი“ 2014 წლიდან ახორციელებს პროექტს  „უკრაინა – გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“. ამ პროექტის ფარგლებში, 2-7 თებერვალს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა  უკრაინელ ექსპერტთა ჯგუფი.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა  საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან,  მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან, საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონ ზურაბ აბაშიძესთან და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ მარიამ ვალიშვილთან.
ამასთან, შეხვედრები გაიმართა საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ვიზიტის ფარგლებში უკრაინული დელეგაციის წევრები, ასევე შეხვდნენ საქართველოს ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებსაც.
შეხვედრების მთავარი მიზანი უკრაინელი ექსპერტებისთვის განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების დეტალურად გაცნობა იყო.
5 თებერვალს, „კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: უკრაინის კრიზისი და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენები. მოხსენებებით წარდგნენ უკრაინელი და რუსი ექსპერტები. მოხსენებების დასრულების შემდეგ, საკითხის განხილვა აუდიტორიასთან ერთად გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ვიზიტის მეორე ნაწილი მოიცავდა ორდღიან ფორუმს, რომელიც გაიმართა ყვარელში, 6-7 თებერვალს. ფორუმში უკრაინელ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რუსმა, ქართველმა და ევროპელმა ექსპერტებმა. ორდღიან ფორუმზე განხილვის ძირითად თემებს წარმოადგენდა: უკრაინაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია, დონბასში და ყირიმში შექმნილი ვითარება, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები და კონფლიქტის დეესკალაციის შესაძლო გზები. დიალოგი უკრაინელ და რუს მონაწილეებს შორის წარიმართა კონსტრუქციულ რეჟიმში. ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო დიპლომატიის მნიშვნელობაზე და ისაუბრეს აღნიშნული დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე.

პროექტი „უკრაინა – გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“  ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn