ლევან ბრეგაძე
„ხატაურის“ საიდუმლოება
(კვლევა მიმდინარეობდა საჯაროდ, ფეისბუკში, 7 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე, ჩვენი ფეისბუკ-მეგობრების მონაწილეობით).
*
გუშინ ვიყავი პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში ელენე ბაქრაძის ლექსის „ხატაურის“ (კატის სახელია) ავტოგრაფის სანახავად, რომელსაც თარიღად 1923 წელი უზის. ჩემი ამოჩემებული ფრაზა ბოლო დროს ეს არის: თუკი ავტოგრაფი არ შეგისწავლია (როცა ასეთი არსებობს, ცხადია,), ნუ იტყვი, ტექსტს ვიცნობო. ახლაც გამართლდა ეს ჩემი სლოგანი – არცერთი ნაბეჭდი ვერსია ამ ლექსისა სანდო არ არის.
ჯერ იმას შეგახსენებთ, რომ „ხატაური“ ელენე ბაქრაძის ავტორობით ჩვენამდე მოღწეულ ლექსთა შორის შინაარსითაც და ფორმითაც მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რასაც მის სხვა ლექსებზე ვერ ვიტყვით. ეს თვითონაც კარგად იცოდა და თავიც მოჰქონდა ამით – სავიზიტო ბარათად იყენებდა, მაგრამ… არ აქვეყნებდა (ერთგან, გრიგოლ აბაშიძის სახელზე დაწერილ განცხადებაში, შენიშნავს: „ხატაური“ „უნდა დაებეჭდა პავლე ინგოროყვას, მაგრამ დარჩა გამოუქვეყნებელი“. გიორგი ჯავახიშვილის ცნობით, „ამ ლექსის დაბეჭდვა პავლე ინგოროყვას ნდომებია ჟ. „კავკასიონში“, მაგრამ, რატომღაც, ელენესაგან „თავაზიანი“ უარი მიუღია“).
რატომ, რატომ?! თუკი ყოვლად უსუსური „თავად დარიანს“ დაუბეჭდეს გაზ. „ბახტრიონში“ წინა (1922) წელს, ხოლო „სიმარტოვე“ გაზ. „ქართულ სიტყვაში“ მომდევნო (1924) წელს, ამ მართლაც მშვენიერი „ხატაურის“ გამოქვეყნებაზე ვინ ეტყოდა უარს?
აი ეს საიდუმლო არის ამოსახსნელი: რატომ დარჩა „ხატაური“ გამოუქვეყნებელი ელენე ბაქრაძის სიცოცხლეში?
ჯერ არ ვიცი რა პასუხი გაეცემა ამ კითხვას საბოლოოდ, მაგრამ კვლევა დავიწყოთ, – დავიწყოთ ტექსტოლოგიური საკითხით.
ამ ლექსის ოთხი პუბლიკაცია არსებობს: პირველად გიორგი ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა 1998 წელს გაზ. „კალმასობაში“; მეორედ მანვე – თავის წიგნში „ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე“ (2001); აქედან ზეინაბ ლომჯარიამ გადაიტანა ის თავის ნაშრომში, რომელიც ერთვის წიგნს „ელენე დარიანი. ლექსები“ (2000) და გიორგი ჯავახიშვილის თვალსაზრისის კრიტიკას წარმოდგენს. მეოთხე პუბლიკაცია განხორციელდა ლიტერატურის მუზეუმის სკანდალურ გამოცემაში „ელენე ბაქრაძე (ელენე დარიანი). მოგონებები, წერილები, დღიურები, ლექსები, თარგმანები“ (2021/2022).
მესამე სტროფის პირველი სტრიქონი ზემოთ დასახელებულ პირველ სამ პუბლიკაციაში ამ სახითაა:
„და განუწყვეტლივ ა პ რ უ ტ უ ნ ე ბ ს შ ო რ ი თ ნაღარას“,
ხოლო ლიტერატურის მუზეუმის გამოცემაში კი ვკითხულობთ:
„და განუწყვეტლივ ა ფ რ უ ტ უ ნ ე ბ ს შ ო რ ი ს ნაღარას“.
მთელი სტროფი ეს არის:
„მწუხრის საათზე სფინქსის სახეს გააცხოველებს,
ღამის წიაღში ის კითხულობს ღამის ნოველებს
და განუწყვეტლივ აპრუტუნებს/აფრუტუნებს შორით/შორის ნაღარას“
(ხატაურზეა ლაპარაკი – კატაზე).
ავტოგრაფში არ არის არც „შორით“ და არც „შორის“ – იქ გარკვევით იკითხება – „შირის“.
ასევე, ავტოგრაფში არ არის არც „აპრუტუნებს“ და არც „აფრუტუნებს“ – იქ უცნაური სიტყვა წერია: „ა,რჰუტუნებს“.
რით უნდა აიხსნას ეს უცნაურობები?
როგორ უნდა გავიგოთ მესამე სტროფის მესამე ტაეპის აზრი?
*
კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს სტრიქონი იმ სახით, რა სახითაც იგი ელენე ბაქრაძის ხელნაწერში გვხვდება:
„და განუწყვეტლივ ა, რ ჰ უ ტ უ ნ ე ბ ს შ ი რ ი ს ნაღარას“.
(ნაღარა აღმოსავლური დასარტყამი საკრავია, დოლის მსგავსი, ხმას მრგვალთავიანი ჯოხით გამოაცემინებენ; სამხედრო ლაშქრობების დროსაც იყენებენ).
ჯერ „შირის“ მივხედოთ.
გაუგებარია რას უნდა ნიშნავდეს „შირის ნაღარა“, რა არის „შირი“.
იქნებ „შირის“ კი არა „შორის“ უნდა წავიკითხოთ, როგორც ეს ლიტერატურის მუზეუმის გამოცემაშია? მართალია, ქალბატონი ელენე უმეტესად „ორკუზიან“ „ო“-ს წერს, მაგრამ, მისი სხვა ხელნაწერებიდან ჩანს, რომ აქა-იქ მართკუთხა „ო“-საც გამოურევს ხოლმე, ხოლო ხელნაწერში მართკუთხა „ო“ და „ი“ არც ისე ადვილი გასარჩევია.
მაშინ ეს სტრიქონი ასე წაიკითხება:
„და განუწყვეტლივ ა, რ ჰ უ ტ უ ნ ე ბ ს შ ო რ ი ს ნაღარას“.
„შ ო რ ი ს ნაღარას“ არანაკლებ გაუგებარია, ვიდრე „შ ი რ ი ს ნაღარას“. ალბათ ამიტომ გადააკეთა გიორგი ჯავახიშვილმა თავის პუბლიკაციაში ეს სტრიქონი ასეთნაირად: „და განუწყვეტლივ ა პ რ უ ტ უ ნ ე ბ ს შ ო რ ი თ ნაღარას“, რითაც სტრიქონმა აზრი შეიძინა – „შორით“ ანუ „შორიდან“.
საბედნიეროდ, არსებობს ამ ლექსის რუსული პწკარედი, თვით ქალბატონი ელენეს მიერ შესრულებული, და მასზე უკეთ ვის ეცოდინება მისივე ქართულ ხელნაწერში „შირის“, უნდა ამოვიკითხოთ, „შორის“ თუ „შორით“!
ჯერ ამ პწკარედის შესახებ.
1960-იანი წლების პირველ ნახევარში ელენე ბაქრაძეს მიმოწერა ჰქონდა ცისფერყანწელთა შემოქმედების მკვლევარ ვალენტინა ბალუაშვილთან, რომელიც მასალებს აგროვებდა დისერტაციისთვის. პირველივე წერილში, 1964 წლის 26 მაისით დათარიღებულში (მიმოწერა რუსულ ენაზე წარმოებდა, როგორც ჩანს ქ-ნ ვალენტინას ქართულზე უკეთ რუსული ემარჯვებოდა), ელენე ბაქრაძე ვალენტინა ბალუაშვილს დარიანული ციკლის ორი ლექსის („უვერტიურა“, „ძახილი“) და მათთან ერთად „ხატაურის“ საკუთარ რუსულ პწკარედებს სთავაზობს. ეს წერილები ზეინაბ ლომჯარიამ 2004 წელს გამოაქვეყნა „ლიტერატურული ძიებანის“ XXV წიგნში, მანამდე კი ამის თაობაზე იგი ზემოთ დასახელებულ თავის ნაშრომშიც საუბრობს 70-73-ე გვერდებზე.
ელენე ბაქრაძის ეს წერილები რატომღაც არ არის შესული ლიტერატურის მუზეუმის გამოცემაში. მეტიც: ამ წერილებს, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ „დარიანული ციკლის“ ავტორის ვინაობის გასარკვევად, გვერდს უვლიან ელენე ბაქრაძის, როგორც მამაკაცთა მიერ „დაჩაგრულ-გაძაცვული“ პოეტის, ქომაგები. ზაალ ანდრონიკაშვილიც კი – ამ საკითხზე დაწერილი ვრცელი გამოკვლევის ავტორი – არსად იხსენიებს ამ მიმოწერას. მოკლედ, ამ წერილების შეუტანლობა ლიტერატურის მუზეუმის კრებულში იმაზე ნაკლები ნაკლი როდია (უკაცრავად კალამბურისთვის!), ვიდრე ამ წიგნის თავდაპირველ ვერსიაში იმ ლექსების შეტანა იყო, რომელთა ავტორები ყველასათვის ცნობილი პოეტები არიან, მაგრამ ისინი ელენე ბაქრაძის დაწერილად მიიჩნიეს, რაკიღა ელენე ბაქრაძის ხელით იყო გადაწერილი.
ანუ: რაც მისი არ იყო, მას მიაწერეს, ხოლო, რაც ნამდვილად მისი იყო, ის „გარეთ“ დატოვეს!
…და აი ამ პწკარედში, თვით ქ-ნი ელენეს მიერ შესრულებულში, ჩვენთვის საინტერესო სტრიქონი ასეა რუსულად გადათარგმნილი:
„И безостановочно мурлычит о (тревоге в пустыне) барабанном бое в Шири“.
ჯერ დაუწერია о тревоге в пустыне, მერე тревоге в пустыне ფრჩხილებში ჩაუსვამს, ოღონდ არ წაუშლია, და მისთვის თავზე უფრო წვრილი ასოებით გადაუწერია барабанном бое в Шири.
ამრიგად, უცნაური დაწერილობის სიტყვა „ა,რჰუტუნებს“ ასე უთარგმნია: мурлычит, რაც ქართულად „კრუტუნია“ და სავსებით ბუნებრივია მისი გამოყენება კატაზე დაწერილ ლექსში.
მაგრამ გამოსაცნობია რას ნიშნავს მთავრული ასოთი დაწერილი Шири (ტოპონიმია?) და საიდან გაჩნდა ფრჩხილებში ჩასმულ ალტერნატიულ თარგმანში пустыня (უდაბნო).
პწკარედს არ ახლავს კომენტარები, რომლებიც ამაში გაგვარკვევდა. ამ ლექსის თაობაზე მხოლოდ ეს არის ნათქვამი:
Е.[лена] Ф.[ёдоровна] (წერილის ამ ნაწილში ქალბატონი ელენე თავის თავზე მე-3 პირში ლაპარაკობს. – ლ. ბ.) с горечью отмечает, что Паоло она не передала стих.[отворение] „Хатаури“, м.[ожет] б.[ыть], по мнению некоторых, лучшее из всех. Это сонет, кот.[орый] был принят Павле Ингороква для напечатания в „Кавкасиони“.
ქართულად: „ელენა ფიოდოროვნა გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მან პაოლოს არ გადასცა ლექსი „ხატაური“, ზოგიერთთა აზრით, შესაძლოა, ყველაზე უკეთესი. ეს სონეტია, რომელიც მიიღო პავლე ინგოროყვამ „კავკასიონში“ დასაბეჭდად“.
*
კარგი, დროებით გადავდოთ გვერდზე „შირის ნაღარის“ მნიშვნელობის გარკვევა, ვინაიდან ეს ძნელი ამოცანა ჩანს, და სიტყვა „ხატაურს“ მივხედოთ.
ეს სიტყვა ორჯერ იხსენიება ლექსში: ჯერ სათაურში და მერე პირველივე სტრიქონში. მას ქართულში ორი მნიშვნელობა აქვს, რაც ასახულია ლექსიკონებშიც: 1. ხატაეთიდან (ჩრდილოეთ ჩინეთიდან) შემოსული ქსოვილი, და 2. შავ-თეთრ-ყვითელი კატა. კატასთან მიმართებით ეს სიტყვა უფრო ხშირად კნინობით-მოფერებითი ფორმით გვხვდება – ბოლოში „ა“-ს დართვით: „ხატაურა“. დიალექტებში კატის ამ სახელის სხვა ფორმებსაც ვხვდებით – ხატაველი, ხატავერი – ქეგლ-ში ესენიც არის შეტანილი, სათანადო მაგალითებითურთ მხატვრული ლიტერატურიდან.
ამ ლექსში რომელი მნიშვნელობით არის იგი გამოყენებული?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გავიხსენოთ პირველი სტროფი მთლიანად:
„მწვანე ხავერდი, ვერცხლის ბეწვი და ხატაური
ჭრელ ხალიჩაზე ჩაჰკვდომია სპარსეთის რაშებს…
დათენთილ ბრჭყალებს ამახვილებს და ათამაშებს
ამართულ ყურთა ესმის უცხო ქვეყნის ხმაური“.
პირველი ტაეპის წაკითხვის შემდეგ ჩნდება აზრი, რომ „ხატაური“ აქ ქსოვილია, ვინაიდან იგი ხავერდისა და ბეწვის გვერდით იხსენიება:
„მწვანე ხავერდი, ვერცხლის ბეწვი და ხატაური…“ (რუსულ პწკარედში „ბეწვი“ თარგმნილია სიტყვით шерсть, რაც ბეწვის გარდა შალის, მატყლის ქსოვილსაც ნიშნავს).
ანუ: პირველი ტაეპი გვაფიქრებინებს, რომ ამ ლექსის „ხატაურს“ იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც „ვეფხისტყაოსნის“ ამ ფრაგმენტის „ხატაურს“:
„ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,
კვლა ხ ა ტ ა უ რ ი ათასი, სხვა – სტავრა, სხვა – ატლასია“.
და ჩნდება ინტერესი: რით დაიმსახურა ქსოვილის ამ სახეობამ ის, რომ სონეტი მიუძღვნიათ მისთვის?
მაგრამ ეს ინტერესი დაუკმაყოფილებელი დარჩება. მთელი ლექსის წაკითხვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სიტყვის თამაშით „შეგვაცდინეს“ – სონეტი ქსოვილს კი არ ეძღვნება, არამედ სულიერ არსებას, რომელიც დასახელებული არ არის, მაგრამ ისეა აღწერილი, რომ მასში ადვილი ამოსაცნობია კ ა ტ ა, რომელიც სულ ბოლო ტაეპში ბუხართან ნებივრობს:
„პატარა თათებს კარგად ახსოვთ სპილოსთან ბრძოლა,
და როს დაიწყებს ზამთრის სუსხში ბუნება ძრწოლას,
ბუხრის სითბოზე მოიგონებს ყვითელ საქარას“.
ამის შემდეგ შეიძლება ისიც გაგვახსენდეს, რომ პაოლო იაშვილის პერსონაჟს – ელენე დარიანსაც – ჰყავს კატა, რომელიც ციკლის ორ ლექსში გამოჩნდება, და ერთ-ერთში სწორედ ბუხრის სიახლოვეს ვხედავთ მას: „ბუხართან კატაა ყოველთვის მდუმარი“. ამ ლექსის სათაურია „მე და კატა“. პირველად კი ის ციკლის იმ უსათაუროში გვხვდება, ასე რომ იწყება: „უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი…“: „და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს, ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კ ა ტ ა“ (ალბათ ბუხართან გამთბარი!).
თავიდან რომ ქსოვილისადმი მიძღვნილი გვეგონა ეს სონეტი, კატისადმი მიძღვნილი აღმოჩნდა!
მკითხველის მოლოდინის ასეთი გაცრუება მხატვრული ხერხია და გემოვნებიანი მკითხველი მას სათანადოდ უფასებს ხოლმე ავტორს. ეს ხერხი ამჯერად, როგორც ვნახეთ, სიტყვის ორაზროვნებას, „ხატაურის“ მნიშვნელობებით თამაშს ეფუძნება.
დავაკვირდეთ მკითხველის მოლოდინის ამ, ასე ვთქვათ, მხატვრული დანიშნულების მქონე გაცრუების პროცესს:
როგორც ვთქვით, პირველი სტრიქონის ბოლოს ჩნდება აზრი, რომ სათაურში ნახსენები „ხატაური“ ქსოვილია და იგი (ეს სტრიქონი) უზმნო წინადადების მეშვეობით აღწერს გარემოს, რომელსაც ეს ქსოვილიც ამშვენებს: „მწვანე ხავერდი, ვერცხლის ბეწვი და ხატაური“. მაგრამ მეორე ტაეპის წაკითხვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ანჟანბემანთან (აზრის სტრიქონიდან სტრიქონში გადატანასთან) გვქონია საქმე: უზმნო წინადადება „და“ კავშირთან მთავრდება, ხოლო „და“-ს შემდეგ ახალი წინადადება იწყება, რომელიც მომდევნო ტაეპში დასრულება: „…ხატაური ჭრელ ხალიჩაზე ჩაჰკვდომია სპარსეთის რაშებს“.
აქ ჩნდება შეცბუნება, იმითი გამოწვეული, რომ ის, რაც ჭრელ ხალიჩაზე გამოსახულ სპარსეთის რაშებს „ჩაჰკვდომია“ (რუსული პწკარედშია прилепилась – მიჰკვრია, მისწებებია: „На пестром ковре прилепилась к персидским коням“), ქსოვილი არ უნდა იყოს, როგორც თავიდან გვეგონა… მესამე ტაეპში ნახსენები „ბრჭყალების გამახვილება“, ხოლო მეოთხეში „ამართულ“ (აცქვეტილ) ყურებზე ლაპარაკი გვაფიქრებინებს, რომ კატაზე უნდა იყოს საუბარი, კატაზე, რომელიც ხალიჩაზე გამოსახულ სპარსულ რაშებს (ეტყობა, ხალიჩაც სპარსულია) ეთამაშება. ეს აზრი, ანუ ის, რომ სათაურის ხატაური ქსოვილი კი არა, კატა ყოფილა, საბოლოოდ განგვიმტკიცდება, როცა მიმდევნო სტროფში ამას წავიკითხავთ:
„ო, რა უხდება, ამპარტავან, აშლილ ულვაშებს
მისი სვლა ნელი, მომხიბლავი და უცნაური“.
დიდოსტატური ნამუშევარია!
*
გუშინ ჩვენმა ფბ-მეგობარმა, რომლის ფსევდონიმია „პოეტ პოეტიშვილი“, მართებულად შენიშნა: „ეს სიმბოლისტური ლექსია და მისი მიზანი არის ერთი სიტყვით ან სიმბოლოთი ბევრი რამის თქმა“. მანვე დაწერა: „ეს ლექსი არის სპარსულ-ეგვიპტური სიუჟეტი და ამ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს“.
„სპარსულ-ეგვიპტურის“ ნაცვლად უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით: სპარსულ-აფრიკული, ვინაიდან სფინქსის გარდა (რომელსაც ეგვიპტეში გადავყავართ) ბოლო სტროფში საჰარის უდაბნოც ფიგურირებს („…მოიგონებს ყვითელ საქარას“; პწკარედში ვკითხულობთ: „…вспомнит она [кошка. – ლ. ბ.] желтую Сахару“) და სპილოც არის ნახსენები („პატარა თათებს კარგად ახსოვთ სპილოსთან ბრძოლა“).
სპარსულ-აფრიკული წარმოდგენებით არის გაჯერებული კატის – ხატაურის – ფიქრები. ეს წარმოდგენები მას, როგორც ჩანს, მემკვიდრეობით (გენეტიკურად?) ერგო (გადმოჰყვა) სამხრეთელი წინაპრებისგან. მოკლედ, ამ ლექსის ხატაური მაგიური პერსონაჟია, რომელიც „ზრუნავს“ იმისთვის, რომ მკითხველები იდუმალებით მოცულ სამყაროში გადაგვისროლოს, ყოფით რეალობას განგვარიდოს და ტრანსცენდენტს მიგვაახლოვოს, რაც სიმბოლისტური პოეზიის უზენაეს მიზანს წარმოადგენს.
ხატაურის მაგიურობა კულმინაციას აღწევს მესამე სტროფში, სადაც ნათქვამია: „მწუხრის საათზე სფინქსის სახეს გააცხოველებს, / ღამის წიაღში ის კითხულობს ღამის ნოველებს“ („კითხულობს“ რუსულ პწკარედში თარგმნილია სიტყვით рассказывает – ჰყვება, თხრობს).
სწორედ ეს სახეა ამ ლექსის ყველაზე ძლიერი სიმბოლისტური მარკერიც: შეღამებულზე ხატაური კატა სფინქსის სახეს გამოიხმობს წყვდიადიდან (პწკარედშია: „В сумерках она оживит лицо сфинкса“) და ღამის ნოველების თხრობას იწყებს. ეს არარეალისტური სურათი მკითხველის ცნობიერებას უქმნის ღიობს (გასასვლელს) ტრანსცენდენტისკენ.
სიმბოლიზმის პოეტიკით შესრულებული „ხატაური“ მკვეთრად გამოირჩევა ელენე ბაქრაძის ლექსებისგან, რომლებიც მე-19 საუკუნის რეალისტური პოეზიის მიბაძვით არის დაწერილი (ცხადია, მის იმ ლექსებს ვგულისხმობ, რომლებიდანაც რაიმე აზრის გამოტანა არის შესაძლებელი). აი წაიკითხეთ იმავე (1923) წლით დათარიღებული მისი ლექსი, რომლსაც სათაურად უზის „ს. ჯ.“ (რაც სიმონ ჯანაშიას უნდა ნიშნავდეს) და წერის მანერის თვალსაზრისით შეადარეთ იგი „ხატაურს“, რომლის სათაურის ქვეშ ასეთი მიძღვნაა: „შ. ქ-ს“ (რაც შალვა ქართველიშვილს უნდა გულისხმობდეს). რას იტყვით, შესაძლოა ისინი ერთ ავტორს ეკუთვნოდეს?
ს. ჯ.
მთას იქით, ზევით, მისდევს ბილიკი,
წვიმის ხმაურში ვოცნებობ მზეზე,
გულის სიღრმეში ისმის ჩივილი,
რომ დაგვიანდა ფიქრი მიზეზზე.
აქაც ისევე, როგორც ყოველგან,
აწუხებს ჩემს სულს ზედმეტი სევდა,
შორიდგან ვუმზერ ჩვენს განშორებას,
მინდა სიცივე და დასვენება.
შენს სიახლოვეს ახარებს გრძნობა,
ზევით ასულხარ, მზესთან იცინი,
მე კი მომწყურდა კახეთის ტრფობა,
ფართო თვალები, თითები თლილი.
და გზა ორ გრძნობით აშენებული,
იყოფა ახლო, ჩვენს ბინის გვერდზე,
მე, როგორც ერთხელ დაშინებული,
ვერ გამოგყვები იქ, მაღლა ქედზე.
(სოფ. ღვარები, ატენის ხეობა, 1923)
*
გუშინდელი ფეისბუკ-განხილვა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ჩემი აზრით, დიდი ნაბიჯი წავდგით წინ „ხატაურის“ საიდუმლოს ამოხსნის გზაზე. მადლობა ფორუმის ყველა მონაწილეს და, მეტადრე, „პოეტ პოეტიშვილს“.
საქმე ეხება „საქარას“, რომელიც ბოლო სიტყვად ზის ხატაურაზე დაწერილ სონეტში:
„ბუხრის სითბოზე მოიგონებს ყვითელ ს ა ქ ა რ ა ს“.
ამ „საქარამ“ თავიდანვე შემაცბუნა – უდაბნო „საჰარას“ არასწორ დაწერილობად ნივიჩნიე და ეს ვარაუდი რუსულმა პწკარედმაც განმიმტკიცა, სადაც წერია:
„Греясь у горящего камина вспомнит она желтую С а х а р у“.
და აი, ჩვენი ფბ-მეგობარი, ფსევდონიმით „პოეტ პოეტიშვილი“, გვწერს ასეთ კომენტარს:
„ბატონო ლევან, საქარა არ უნდა იყოს საჰარა. საქარა არის ის ადგილი ეგვიპტეში, სადაც აიგო პირველი საფეხურებიანი ჯოსერის პირამიდა. საქარა კი იმ ადამიანს ეცოდინებოდა, რომელიც უზუსტესად აღწერს ლექს „პირამიდებში“ ეგვიპტურ სიუჟეტს. თუ გახსოვთ [ელენე] ბაქრაძის ხელნაწერში, რომელიც პირამიდებში ზღვას ახსენებდა და შეცდომა იყო, რადგან გიზასთან ახლოს ზღვა არ არსებობს. აქაც მსგავსი შეცდომა აქვს დაშვებული. საქარა ეგონა საჰარა. საქარა კი, მხოლოდ ისეთ ავტორს ეცოდინებოდა, ვინც ღრმად არის ჩახედული ეგვიპტურ ამბებში. […]
ერთს კიდევ დავამატებ, კიდევ უფრო რომ დავრწმუნდეთ რომ საქქარაზეა საუბარი (საქქარაა უფრო სწორი ფორმა, მაგრამ ბევრი საქარასაც გამოიყენებს). საქქარაში მდებარებოებს 1 კმ სიგრძის სფინქსების მისასვლელი გზა. ასევე აქ მდებარეობს ბასტეტის კულტი, რომელიც, მოგეხსენებათ, კატისსახოვანო ღვთაებაა […], რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს რომ საქარა შემთხვევით არ აქვს გამოყენებული ავტორს და დეტალურად იცნობს საქქარას შინაარსს, რაც ლექსის აზრს ემთხვევა“.
ანუ ორ, ჟღერადობით მსგავს, ტოპონიმთან გვაქვს საქმე:
- Sahara, Сахара, საჰარა;
- Saqqara, Саккара, საქარა.
(ქართულში ორი „ქ“ არ არის საჭირო. შდრ. კარტის თამაშის სახელწოდება: Baccara, Баккара, ბაქარა).
მართლაც, თუ წავიკითხავთ სტატიებს „საქარასა“ და ბასტეტის კულტზე (რომლებიც ადვილი მოსაძიებელია ქართულ ინტერნეტშიც), დავრწმუნდებით, რომ ლექსში სწორედ ამ ამბებზეა მინიშნება.
ეგვიპტური თემა დარიანული ციკლის იმ ლექსშიც გვხვდება, „პოეტ პოტიშვილმა“ რომ ახსენა ზემოთ დამოწმებულ კომენტარში. ეს გახლავთ ლექსი, რომელიც ჟ. „ცისფერ ყანწებში“ გამოქვეყნდა სათაურით „პირამიდებში“, ხოლო მისი „შესატყვისი“ ხელნაწერი ელენე ბაქრაძის არქივში ასეა დასათაურებული – „ნილოსის ნაპირზე“ (ის ჩვენ შარშან განვიხილეთ ფეისბუკ-დებატებში). ჩვენმა კომენტატორმა ის შეცდომაც გაიხსენა, რომელიც ქ-ნ ელენეს ამ ლექსის საკუთარი ვერსიის შექმნისას მოსვლია, და რომელიც ჩვენმა სხვა ფბ-მეგობარმა (ფსევდონიმი – „მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკა“) შენიშნა და ასეთი კომენტარი მოიწერა: „გავცურავთ ზღვაში“ [ასე წერს ქ-ნ ელენე თავის ვერსიაში. – ლ. ბ.] – უკაცრავად, რომელ ზღვაში გაცურავს? გიზასთან ზღვას რა უნდა“.
მოკლედ, ეგვიპტოლოგიაში ქ-ნი ელენე ჩაიჭრა!
ახლა, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ასეთი კითხვა დავსვათ:
როცა დედანში „საქარა“ წერია (სახელწოდება ადგილისა, სადაც ძველეგვიპტური ნეკროპოლი მდებარეობს), ხოლო ამ ტექსტის რუსულ პწკარედში მის ადგილას „Сахара“ ზის (მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნოს სახელწოდება), შეიძლება დედანიც იმისივე შეთხზული იყოს, ვინც მისი პწკარედი შეასრულა?
*
როგორც თავში ვთქვით, ელენე ბაქრაძემ იცოდა „ხატაურის“ ფასი და მას „სავიზიტო ბარათადაც“ იყენებდა – ისეთ ვითარებაში ახსენებდა ამ ლექსს, როცა სულ არ იყო ეს საჭირო.
აი, მაგალითად, 1976 წელს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის გრიგოლ აბაშიძისთვის გადაუცია მოგონება პაოლო იაშვილზე და ასეთი განცხადება დაუტოვებია:
„ამხ. გრ. აბაშიძეს!
თხოვნით, გადახედოს ამ ფურცლებს და გამოსთქვას თავისი აზრი მათი დაბეჭდვის შესახებ. ეხება პაოლო იაშვილის ცხოვრებისადმი (? – ლ. ბ.) ერთ მოკლე, ძალიან მოკლე ხანას.
ელენე ქართველიშვილი“.
ხელმოწერის შემდეგ ოთხი აბზაცი მიუმატებია კიდევ (პოსტსკრიტპუმივით); პირველი ეს არის:
„ჩემ ლექსებს სარედაქციოდ ვაძლევდი პაოლოს, რომელიც აშალაშინებდა და მიბეჭდავდა ელენე დარიანის, ე. ი. ჩემი ფსევდონიმით. პაოლოს არ წაუკითხავს ჩემი ლექსი „ხატაური“, რომელიც უნდა დაებეჭდა პავლე ინგოროყვას, მაგრამ დარჩა გამოუქვეყნებელი“ (მუზეუმის გამოცემა, გვ. 228).
რა კავშირი აქვს ამას, რაც ახლა წავიკითხეთ, იმასთან, რასაც განცხადებით ითხოვს ქ-ნი ელენე?! გამოუქვეყნებელი ლექსის ამბავს აცნობს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს! ხოლო დახმარებას ამ ლექსის გამოქვეყნებისთვის კი არა, პაოლოზე მოგონების დასაბეჭდად სთხოვს!
თანაც, დაუკვირდით: ვინ ეკითხება იმ ამბავს, წაუკითხავს თუ არა პაოლოს მისი ეს გამოუქვეყნებელი ლექსი? არც არავინ! სხვა გამოუქვეყნებელი ლექსებიც ხომ ჰქონდა შინ (ელენე ბაქრაძის რამდენიმე ათეული გამოუქვეყნებელი ლექსია შეტანილი ლიტერატურული მუზეუმის გამოცემაში). მაგრამ ძალიან კარგად იცის – ეჭვს არავინ შეიტანს იმაში, რომ ის ლექსები ნამდვილად მისი დაწერილია. „ხატაური“ კი სხვაა! ატყობს, გაუძნელდება პოეზიაში ჩახედული ადამიანების იმაში დარწმუნება, რომ „ხატაური“ იმავე ავტორის შექმნილია, რომელმაც, ვთქვათ, ერთ-ერთ წინა წერილში ჩვენ მიერ დამოწმებული ლექსი, სათაურით „ს. ჯ.“, შეთხზა. ამიტომ ირწმუნება, პაოლოს ხელი არ გაკარებია ამ ლექსს, მას ეს არც კი წაუკითხავსო. და ვერ ხვდება, რომ ამით უფრო საეჭვოს ხდის თავის ავტორობას.
როგორ უკვე ვნახეთ, თორმეტი წლით ადრე, 1964 წელს, ამასვე უმტკიცებდა იგი ცისფერყანწელთა შემოქმედების მკვლევარს ვალენტინა ბალუაშვილს რუსულად დაწერილ წერილში, როცა მას გამოუქვეყნებელი „ხატაურის“ რუსული პწკარედი გაუგზავნა:
„ელენა ფიოდოროვნა (წერილის ამ ნაწილში ქ-ნი ელენე თავის თავზე მე-3 პირში ლაპარაკობს. – ლ. ბ.) გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მან პაოლოს არ გადასცა ლექსი „ხატაური“, ზოგიერთთა აზრით, შესაძლოა, ყველაზე უკეთესი. ეს სონეტია, რომელიც მიიღო პავლე ინგოროყვამ „კავკასიონში“ დასაბეჭდად“.
ამის გამო ზეინაბ ლომჯარია სავსებით ლოგიკურ კითხვას სვამს ზემოთ უკვე დამოწმებულ თავის ნაშრომში:
„გასაოცარია, თუ პავლე ინგოროყვა, პაოლოს „შლიფოვკის“ გარეშე, თავის ჟურნალში „ხატაურს“ ბეჭდავდა, ე. ი. ლექსი მოსწონებია და რაღა საჭირო იყო ამ ლექსის პაოლოსთვის გადაცემა?“ (გვ. 71).
აქაც ქ-ნი ელენე ვერ ატყობს, რომ იმ „გულისტკივილზე“ საუბრით, პაოლოს რატომ არ გადავეცი სარედაქციოდ „ზოგიერთთა აზრით, შესაძლოა, ყველაზე უკეთესი“ ჩემი ლექსი, რომელსაც პავლე ინგოროყვა „კავკასიონში“ ბეჭდავდაო, კიდევ უფრო საეჭვოს ხდის თავის ავტორობას. ეს უადგილო „გულისტკივილით აღნიშნავს“ (დედანშია: „с горечью отмечает“) ძალიან მნიშვნელოვანი სტილისტიკური „სამხილია“ ქ-ნი ელენეს ეშმაკობის გამოსააშკარავებლად.
რატომ აღარ დაიბეჭდა „ხატაური“ „კავკასიონში“? თვითონ ელენე ბაქრაძე ამის თაობაზე არაფერს წერს. ხოლო მასთან დაახლოებული გიორგი ჯავახიშვილის ცნობით, ქ-ნ ელენეს თვითონვე უთქვამს უარი „ხატაურის“ გამოქვეყნებაზე. კერძოდ, გ. ჯავახიშვილი გაზ. „კალმასობაში“ (1998, #7) გამოქვეყნებულ „ხატაურის“ ტექსტს ასეთ შენიშვნას ურთავს: „ამ ლექსის დაბეჭდვა პავლე ინგოროყვას ნდომებია ჟურნალ „კავკასიონში“, მაგრამ რ ა ტ ო მ ღ ა ც, ელენესაგან „თავაზიანი“ უარი მიუღია. დღეს ვუსრულებთ ბატონ პავლეს სურვილს“ (ხაზგასმა ჩვენია. – ლ. ბ.).
როგორ ჩანს, ეს ინფორმაცია მკვლევარს თვით ელენე ბაქრაძისგან მიუღია.
რაც შეეხება „თავაზიანი“ უარის მიზეზს, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მისი გამოცნობა, ვფიქრობ, ძნელი არ უნდა იყოს.
*
ელენე ბაქრაძის დაჟინებული და უადგილო განცხადებები შესახებ იმისა, რომ „ხატაურისთვის“ პაოლოს ხელი არ უხლია, ის კი არა, არც წაუკითხავს იგი, ძალაუნებურად ასეთი ვარაუდისკენ გვიბიძგებს: ხომ არ არის მისი ავტორი პაოლო იაშვილი?
არც შინაარსის, არც ფორმის თვალსაზრისით ამ ლექსში არაფერია ისეთი, რაც ამგვარ ვარაუდს შეუძლებელს გახდიდა. აღმოსავლური – სპარსული და ეგვიპტური – მოტივები პაოლო იაშვილისგან მოულოდნელი არ არის, სხვა ლექსებშიც მიუმართავს მათთვის, მაგალითად, დარიანული ციკლის „ფერად სონეტში“ (1916), „ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად“ (1920) და მეტადრე „პირამიდებში“ (1916), ასევე ლექსებში: „სევდიანი ზურმუხტი“ (1916), „ავტოპორტრეტი“ (1917), „პავლე ინგოროყვას“ (1922).
აღმოსავლური სამყაროთი ის პარიზში დაინტერესებულა, სადაც 1913 წელს გაემგზავრა მხატვრობის შესასწავლად. ვალერიან გაფრინდაშვილს უამბია თამარ იაშვილისთვის (პოეტის მეუღლისთვის):
„В самом начале 15-го года на вечере у Джибо Паоло прочитал один куплет из этого стихотворения, который не был забыт нами. Тут же хочу отметить в связи со стихами Елене Дариани: – Еще перед выходом первого номера альманаха в присутствии меня, Лели и Иви Паоло быстро набросал на бумаге პირამიდებში – сами детали стиха პირამიდებში – მდინარეში, მზისფერ სილაზე, ცხენი არაბული, რაში, შეყვარებულები и т. п. – вызвали наш интерес. Спросив его, оказалось, что, посещая в Париже жарким летом музей Египта и увлекаясь вместе со всеми там этой очень молодой в то время египетской темой, он под впечатлением наметил для себя это стихотворение (еще тогда я переводил „Среди пирамид“ из дневника Елены Дариани)“.
(ქართულად: „15 წლის დასაწყისშივე ჯიბოსთან გამართულ წვეულებაზე პაოლომ წაიკითხა ერთი სტროფი ამ ლექსიდან, რომელიც ჩვენ გვახსოვდა. აქვე მინდა შევნიშნო ელენე დარიანის ლექსებთან დაკავშირებით: – ჯერ კიდევ ალმანახის პირველი ნომრის გამოსვლამდე ჩემი, ლელისა და ივის თანდასწრებით პაოლომ სწრაფად მოხაზა (ჩამოწერა) ქაღალდზე „პირამიდებში“ – თვით დეტალებმა ლექსისა „პირამიდებში“ – მდინარეში, მზისფერ სილაზე, ცხენი არაბული, რაში, შეყვარებულები და მისთ. – გამოიწვიეს ჩვენი ინტერესი. ვკითხე და აღმოჩნდა, რომ პარიზის ცხელ ზაფხულში ე გ ვ ი პ ტ ი ს მ უ ზ ე უ მ შ ი სიარულისას, როცა ყველა სხვასავით ყოფილა გატაცებული იმ დროისათვის ძალიან ახალი ეგვიპტური თემით, ამ შთაბეჭდილების ზეგავლენით მოუხაზავს თავისთვის ეს ლექსი (ჯერ კიდევ მაშინ მე ვთარგმნიდი ლექსს „პირამიდებში“ ელენე დარიანის დღიურიდან)“.
[ეს ჩანაწერი პაოლო იაშვილის შვილიშვილმა ბატონმა მერაბ ნიჟარაძემ მოგვაწოდა. ჩვენ მიერ ხაზგასმულ „ეგვიპტის მუზეუმში“ ლუვრის ეგვიპტური განყოფილება იგულისხმება, რომელიც ფაქტობრივად ცალკე მუზეუმია].
ვერცერთი სიტყვა, გამოთქმა, მხატვრული სახე, საერთოდ, ხატოვანი აზროვნების მანერა „ხატაურისა“ ვერ გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს ლექსი არ შეიძლება პაოლოს ეკუთვნოდეს.
მყარი სალექსო ფორმაც, სონეტი, რომლის ერთ-ერთი დამამკვიდრებელი ქართულ პოეზიაში სწორედ პაოლო იაშვილია (მრავალი სონეტი აქვს მას დაწერილი), აგრეთვე უნაკლო ზუსტი რითმები, კიდევ უფრო განამტკიცებენ პაოლოს ავტორობის შესახებ ვარაუდს – „ხატაური“ უმაღლეს ვერსიფიკაციულ დონეზეა შესრულებული, მაშინ როდესაც ელენე ბაქრაძის ლექსების ვერსიფიკაციის დონე დამწყები პოეტისას ბევრად არ აღემატება.
*
შესაძლოა თუ არა „ხატაური“ ელენე დარიანის ციკლს მივაკუთვნოთ?
ერთი შეხედვით თითქოს კი. „ხატაურის“ თემა და მოტივები უცხო არ არის ამ ციკლისათვის. როგორც უკვე ვთქვით, კატა ამ ციკლის მნიშვნელოვანი პერსონაჟია – ის ერთი ლექსის სათაურშიც ფიგურირებს („მე და კატა“), სხვა ლექსში კი (უსათაუროში: „უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი…“) თავის პატრონს ეალერსება („და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს, ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა“).
ამ ლექსს „ელენე დარიანის დღიურებთან“ აღმოსავლური მოტივებიც რომ ანათესავებს, ამაზეც გვქონდა უკვე საუბარი.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რის გამოც „ხატაურს“ დარიანულ ციკლს ვერ მივათვლით: იგი მ ე ს ა მ ე პირშია დაწერილი, მაშინ როცა დარიანული ციკლის ყველა, თოთხმეტივე, ლექსში სათქმელი პ ი რ ვ ე ლ ი პირის ფორმით არის გადმოცემული, რაც ბუნებრივია დღიურის სახით დაწერილი ტექსტისთვის.
(გამორიცხული არ არის, რომ თავიდან „ხატაურიც“ დარიანული ციკლისთვის შეიქმნა, მაგრამ სწორედ ამ სტილისტიკური განსხვავების გამო ელენე დარიანის ფსევდონიმით აღარ გამოქვეყნდა).
*
შევაჯამოთ კვლევის შედეგები:
დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა , რომ „ხატაური“ შეუძლებელია ელენე ბაქრაძის დაწერილი იყოს.
დიდი ალბათობით ის პაოლო იაშვილის ლექსი ჩანს, მაგრამ ვიდრე პასუხი არ გაეცემა კითხვას, როგორ აღმოჩნდა იგი ელენე ბაქრაძის ხელში და რას ნიშნავს მესამე სტროფის იდუმალებით მოცული მესამე სტრიქონი – „და განუწყვეტლივ ა, რ ჰ უ ტ უ ნ ე ბ ს (?) შ ი რ ი ს (?) ნაღარას“ (რომელიც, ჩვენი ვარაუდით, ნამდვილი დედნიდან ლექსის ამ ტაეპის შეცდომით გადმოწერის შედეგი უნდა იყოს), მანამდე პაოლოს ავტორობა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დარჩეს, როგორც ეს სახვითი ხელოვნების სფეროში ხდება ხოლმე: ხომ გვინახავს საგამოფენო დარბაზებში ან კატალოგებში ფერწერული ნამუშევრების ქვეშ ასეთი აღნიშვნები: „რაფაელი (?)“ ან „რუბენსი (?)“…
ჩვენს შემთხვევაში ეს კითხვის ნიშანი მით უფრო საჭიროა, რომ, როგორც ზემოთ ითქვა, მესამე სტროფის მესამე ტაეპის ამბავი ჯერ კიდევ გასარკვევია, რის გარეშეც „ხატაურის“ ტექსტი საბოლოოდ დადგენილად ვერ ჩაითვლება.
(კვლევის პირველი ეტაპის დასასრული)