ნაირა გელაშვილის წინასიტყვაობა გივი მარგველაშვილის რომანისთვისკოლხი მედეა კოლხოზში

 

თქვენს წინაშე მართლაც უცნაური წიგნია, წიგნი, რომლის უცნაურობას ბოლომდე ვერც კი ახსნი. აქ იმის თქმით დავკმაყოფილდეთ, რომ ეს არის წიგნი წიგნზე, ან: წიგნებზე. კერძოდ, ეს არის წიგნი მავანი ავტორის – ვაკუშის წიგნების ბედზე, უფრო სწორად, უბედობაზე. მთელი მოქმედება ფაქტობრივად ავტორის წარმოსახვაში და მის მიერ მანამდე დაწერილი ავტობიოგრაფიული ტექსტის შიდა სივრცეში ხდება.

რეალიზმზე მეტისმეტად მიჯაჭვული მკითხველი პრო­ზას, რომელიც მხატვრული თამაშის, ანუ სიურეალიზმისა თუ მეტარეალიზმის ნიმუშია, ჩვეულებრივ, ვერ იღებს. ხშირად ეს არმიღება სულიერი სიღრმიდან მოდის, ზოგჯერ კი – მწირი წარმოსახვის, შეზღუდული ფანტაზიის შედეგია. მავანი პოსტმოდერნისტული მწერლის მხრიდან მხატვრული ონავრობანი, პირობითობებითა და ირეალური კომბინაციებით თამაში ხშირად აზრობრივი სიღატაკიდან წარმოდინდება, იქიდან, რომ მოთამაშე ავტორს არსებითად არაფერი აქვს სათქმელი, არც ერთ პრობლემასა თუ იდეას სერიოზულად არ ეკიდება და მიაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს. გივი მარგველაშვილთან კი ეს მეტარეალიზმი მისი ფილოსოფიური იდეებით, ღრმა ექსისტენციალური პრობლემებითაა ამოძრავებული.

ამ წიგნის მთავარი გმირი თავად ავტორია. ავტორი, სახელად ვაკუში. მთავარია ის თავისი მნიშვნელობით: როგორც შემოქმედი მხატვრული ტექსტისა, პერსონაჟებისა და ამ პერსონაჟების ბედისწერებისა. ის ქმნის და ამოქმედებს აქ ყველას და ყველაფერს, მაგრამ ღმერთისა არ იყოს, – უხილავია. მხოლოდ ერთხელ გამოჩნდება იგი თავის ტექსტში: როგორც „სული“.

და ეს ავტორი წიგნისა „კოლხი მედეა კოლხოზში“ მწუხარებას შეუპყრია იმის გამო, რომ მის წიგნებს აღარავინ კითხულობს. უმკითხველობა კი წიგნის პერსონაჟებს („ტუბერკულოზით“) აავადებს. რადგან რას ნიშნავს უმკითხველობა? იმას, რომ წიგნს აღარავინ შლის და წიგნის გმირები ორ ყდას შორის მოქცეულ სრულ დახურულობაში სულიერი ჟანგბადის გარეშე, ანუ უფუნქციოდ და უსაქმოდ რჩებიან. რადგან თუ წიგნს აღარავინ კითხულობს, მაშინ სიუჟეტიც აღარ ვითარდება, მოქმედება აღარ ხდება და პერსონაჟებს გასაკეთებელიც აღარაფერი აქვთ. ასეთ დავიწყებულობაში მათ ნაღველი იპყრობთ, სული ეხუთებათ, ძალა ეცლებათ, ავად ხდებიან, განსაკუთრებით, მთავარი გმირები. აი, ასე: არ არის მკითხველი, არ არის სიცოცხლე. ანუ, გივი მარგველაშვილის ონტოტექსტუალური ფილოსოფიის მი­ხედვით: გვკითხულობენ და ვკითხულობთ, მაშასადამე, ვარსებობთ. წიგნის სამყაროს შიდა სივრცე (რაინერ მარია რილკე „სამყაროს შიდა სივრცეზე“ ლაპარაკობდა) ეს გივი მარგველაშვილის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ-მისტიკური აღმოჩენაა.

და აი, ავტორი ვაკუში ამ ტრაგიკული ვითარების შესარბილებლად ასეთ უცნაურობას მოიფიქრებს: უმკითხველობით ძალაგამოცლილი პერსონაჟების გადასარჩენად, ის წარმოსახვის ძალით იგონებს მკითხველს და მას თავისი უამრავი წიგნის წაკითხვას ავალებს. და დაჰქრის ეს უცნაური (წიგნის დაწერის შემდეგ წარმოსახული და არა იმთავითვე პირველად ტექსტში ჩაწერილი ) არსება – ირეალური მკითხველი – ვაკუშის თვალუწვდენ ტექსტობრივ სამყაროში და როგორც ახერხებს, ისე კითხულობს მის ურიცხვ ისტორიას: ეს კი პერსონაჟებზე ისე მოქმედებს, თითქოს ფილტვებში ჰაერი ჩაჰბერესო, მართალია, მთლად ნამდვილი არა, რადგან ეს არსება ნამდვილი (ცოცხალი) მკითხველი არ არის, მაგრამ რაღაც ნახევარჰაერი მათ მაინც უნარჩუნებს ნახევარსიცოცხლეს.

ავტორის მიერ ეს საგანგებოდ გამოგონებული, ხელოვნური მკითხველი გახლავთ სწორედ ეპიკური მე, ანუ პირველი პირის მთხრობელი. და ეს „მე“ ვაკუშის იმ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებიდან გველაპარაკება, სადაც აღწერილია ამ უკანასკნელის საზაფხულო დასვენებები შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ, ბიჭვინთაში.

წიგნის პირველსავე გვერდებზე ხსენებული ეპიკური მე, ანუ ირეალური მკითხველი, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი პერსონის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მისია – უმკითხველობით დაავადებული პერსონაჟ-პაციენტების გაცოცხლება, – თავის სადარდე­ბელს გვიმხელს: ვაკუშს მის გარდა კიდევ სხვა არსებაც გამოუგონებია (მასავით მხოლოდ წარმოსახული და არა დაწერილ-ხორცშესხმული პერსონაჟი) და ჩაუსვამს საკუთარ ტექსტში: ეს არის ერთგვარი მფრინავი მტვერსასრუტი, რომელიც აღჭურვილია ერთი დუჟინი ხორთუმივით საცეცებით. მას ჰქვია პოლიპ პოლიმატი, საკონდიტრო ინდუსტრიაში გამოყენებული აპარატის სახელწოდების ანალოგიით, აპარატისა, რომელიც შლანგებზე წამოცმული საცმების მეშვეობით კრემს ტენის ნამცხვრებში და მისი ამოსრუტვაც შეუძლია. პოლიპ პოლიმატს კი ვაკუშის პერსონაჟების – შავი ზღვის სანაპიროზე მოსეირნე საბჭოთა დამსვენებლების თავებიდან კოლხოზური (ლენინ-სტალინური) იდეოლოგიის ამოსრუტვა ევალება. ავ­ტორ ვაკუშს ეს მიზანი ისეთი ვნებით აღავსებს, რომ ერთ­ხელ პოლიპ პოლიმატს, ცხადია, თავისი წარმოსახ­ვით, ევროკავშირის დროშასაც კი მიამაგრებს უკანა ნაწილზე! და, რა თქმა უნდა, მართალია ირეალური მკითხველი, ანუ „მე“ – მთხრობელი, როცა ამ საქციელს თავზეხელაღებულობად მიიჩნევს! ამ დროშის დანახვა ხომ თავგზას აუბნევს „კოლხოზური“ ბიჭვინთის სანაპიროზე მოსეირნე „უძრაობის პერიოდის“ საბჭოთა მოქალაქეებს. მაგრამ ავტორ ვაკუშს სხვა პერსპექტივა უფრო უჩქროლებს გულს, კერძოდ: ეგებ თავისი სკანდალური შესახედაობით ამ აპარატმა რეალური მკითხველების მიზიდვა შეძლოს, მკითხველებისა, სკანდალი ყველაფერს რომ ურჩევნიათ და მათ ნამდვილი ტექსტიც შეაპაროს.

თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი სხვა მინიშნებაა, კერძოდ: რომ საბჭოთა ადამიანების თავებიდან იქ ჩაწნეხილი იდეოლოგია – ძალადობის გამართლება – ადვილად ამოსაშლელი არ იქნება.

და აი, წარმოიქმნება შიდატექსტური კონფლიქტი: ირეალური მკითხველი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ერთადერთი უნარჩუნებს სიცოცხლეს ვაკუშის პერსონაჟებს (იმით რომ, როგორც უკვე ვთქვით, რაც შეუძლია, კითხულობს ტექსტებს, სადაც ისინი ფიგურირებენ), აღშფოთებულია პოლიპ პოლიმატის გაჩენით, გამოჩენითა და შესახედაობით: მისი აზრით, ეს არის ყოვლად არაესთეტური, უბრალოდ, მახინჯი არსება, რომელიც მიიზიდავს კი არა, ნამდვილად ანგელოზებს დაუფრთხობს პოტენციურ მკითხველებს და აიძულებს ყველას, ვინც კი შეიძლება ამ წიგნში შეაბიჯოს, თავზარდაცემულმა მოკურცხლოს და უკან აღარასდროს გამოიხედოს. „ეპიკური მე“ (ასე მე ვუწოდებ, რადგან არ ვიცი, სხვა რა ვუწოდო ამ უცნაურ ­ქმნილებას, რომელიც თავისი გაორმაგებული ირეალობის მიუხედავად, პირველი პირის მთხრობელად გვევლინება), ჰო, მაშასადამე, ეს არსება ცდილობს, რაიმენაირად შეაგონოს ავტორ ვაკუშს, ანუ რეალურ, ცოცხალ ადამიანს, რომელთანაც შიგადაშიგ ტელეპათიურ დიალოგს ახორციელებს, რომ პოლიპ პოლიმატს მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია ვაკუშის ტექსტებისთვის, და მისგან რაიმე ხეირის მოლოდინი ნამდვილი სიბრიყვეა. მაგრამ ამაოდ. ავტორი, რომელიც ზოგჯერ რჩევებსაც კი იღებს ხოლმე თავისი ამ ყოვლად ეფემერული, მაგრამ აუცილებელი ­ქმნილებისაგან, ამჯერად, მართალია, გაგებით ეკიდება მის შმაგ ანტიპათიას პოლიპ პოლიმატის მიმართ, მაგრამ არ ამართლებს. ვაკუშს თავისი ჩანაფიქრი სწორად მიაჩნია. გარდა ამისა, მას, როგორც ავტორს, ბოლო ხანებში თავისი ხელოვნური მკითხველის საქციელი თურმე სულაც არ ეპრიანება. ­„სხვათა შორის, ბოლო ხანებში, შენ უფრო მეტს ლაპარაკობ, ვიდრე კითხულობ“ – მკაცრ შენიშვნას აძლევს იგი ირეალურს. ეს უკანასკნელი კი მაინც გადაწყვეტს, დაუნდობლად გააძევოს პოლიპ პოლიმატი ტექსტის სივრციდან, თუკი იქ პოტენციური მკითხველის თვალსაწიერზე გამოჩნდება.

თუ მკითხველი უკვე მიხვდა, რომ იუმორისტულ ტექ­სტთანა გვაქვს საქმე, მაშინ ის წიგნში მით უფრო ისიამოვნებს ამ იუმორით.

ახლა კი დროა, მედეაზე გადავიდეთ, ვისი სახელიც ჰქვია წიგნს და, ვისაც არსებითად ეძღვნება იგი. ლაპარაკია სახელგანთქმული მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტურ ქანდაკებაზე, ბიჭვინთის სანაპიროზე რომ აღმართულა: „როგორც კოლხეთის სანაპიროს ლეგენდარული მცველი“. და აი, ეს ქანდაკება, ამ ტექსტში დეკორაციის დონეზე კი არ რჩება, არამედ პერსონაჟად იქცევა! ასე რომ, უკვე სამი „მოქმედი პირი“ გამოიკვეთა: ირეალური მკითხველი „მე“, მფრინავი იდეოლოგიური მტვერსასრუტი – პოლიპ პოლიმატი და ნაქანდაკარი მედეა, რომელიც მოგვიანებით ცოცხლდება. და არის კიდევ მეოთხე და ამ სამზე უფრო მნიშვნელოვანი მოქმედი პირი: ავტორ ვაკუშის ორეული – პერსონაჟი ვაკუში. მოქმედება ხომ ვაკუშის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში ვითარდება. ხოლო როცა მწერალი ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს წერს, მაშინ თავის თავს პერსონაჟად აქცევს. ესე იგი, წარმოიქმნება მისი ლიტერატურული, ტექსტური ორეული: ამ შემთხვევაში, ჩვენს წინაშეა რეალური, ცოცხალი ადამიანი – მწერალი ვაკუში და მისი ქმნილება პერსონაჟი ვაკუში, რომელიც საკითხავ მასალას წარმოადგენს (Lesestoff), და ხშირად ასეც მოიხსენიება: „საკითხავი ვაკუში“ (გერმანულად der lesestöffliche Wakusch, ან უბრალოდ: der Lesestöffliche, რაც, უბრალოდ, სასაცილოა) განსხვავებით ნამდვილი, ანუ „შემოქმედი ვაკუშისაგან“.

და აი, ეს ჩვენი ირეალური მკითხველი, რომელიც სიცოცხლეს შთაბერს ამდენი ხნის წაუკითხაობით ჩამჭკნარ პერსონაჟ-პაციენტებს, – კონფლიქტში შედის ავტორ ვაკუშის ორეულთან – პერსონაჟ (საკითხავ) ვაკუშთანაც. ამ უკანასკნელს რაღაც უცნაურობა წამოუწყია: პოლიპ პოლიმატის მართვის სადავეები აუღია ხელში და რატომღაც მედეას ქანდაკების ირგვლივ დააფრენს მას. მერე ისე ახლოს მიჰყავს, რომ აპარატი თავისი მრავალი ხორთუმ-საცეცით ქანდაკებას ეხვევა და… ისიც გაცოცხლებას იწყებს… აი, ხელებს ამოძრავებს, თავს აბრუნებს, უძირო ტკივილისაგან გაპირქუშებული სახის ნაკვთები ულღვება და სიხარულისგან სხეული უთრთის, მერე კი ცეკვავს… თანაც ლეკურის ყაიდაზე. მაგრამ მხოლოდ ამით არ მთავრდება ეს მაგია. პერსონაჟი ვაკუში პოლიპ პოლიმატს უბრძანებს მედეას ცნობილი გერმანელი მწერალი ქალის – კრისტა ვოლფის წიგნი „მედეა“ ჩაუდოს ხელებში. ასეც ხდება. ახლა მედეას შეუძლია წაიკითხოს ეს წიგნი და გაიგოს, რომ ძველ ბერძნებს გაუტეხიათ მისთვის სახელი და დაუბრალებიათ საკუთარი შვილების დახოცვა, სინამდვილეში კი მისი შვილები თავად ბერძნებს დაუხოციათ…

ნაწარმოების თემის ასეთ თავხედურ შეცვლას ამ „სა­კითხავი ტიპის“, ანუ პერსონაჟ ვაკუშის მიერ, პირდაპირ ჭკუიდან გადაჰყავს ირეალური მკითხველი. მრისხანებით აღსავსე მიეჭრება იგი პერსონაჟ ვაკუშს და პასუხს სთხოვს. ემუქრება, რომ ავტორ ვაკუშს შეატყობინებს ყველაფერს, რომ ასეთი „ანტითემატური“, ან: „მეტათემატური“ გადახრები ყოვლად დაუშვებელია, რომ ეს ავტორის რისხვას გამოიწვევს და ა.შ. და წარმოიდგინეთ მისი გაოგნება, როდესაც შეიტყობს, რომ ქანდაკების გაცოცხლება პოლიპ პოლიმატის საშუალებით სწორედ ავტორს გადაუწყვეტია… მაშასადამე, პერსონაჟი ვაკუშიც მასავით ტელეპათიურ კავშირში ყოფილა ავტორ ვაკუშთან… ამიერიდან ირეალური მკითხველი, იგივე ეპიკური მე ავტორსა და მის ტექსტურ ორეულს, ანუ ორ ვაკუშს ნომრავს და ასე მოიხსენიებს: ვაკუში №1 და ვაკუში №2.

ძველი „კოლხეთი“ მთლიანად უძველესი საქართველოს სიმბოლოა, „კოლხოზი“ კი, არა მხოლოდ წარუმატებელი საბჭოთა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის, არამედ მთელი საბჭოეთისა. კოლექტიური მეურნეობა. კოლექტიური ყოფა (მწერლის ბიოგრაფიული რეალობაა ის, რომ გივი მარგველაშვილი წლების მანძილზე, ღრმა საბჭოთა უძრაობის პერიოდში, რამდენიმე მეგობართან ერთად ისვენებდა ხოლმე ბიჭვინთაში მდებარე ე.წ. „ციტრუსოვი სოვხოზში“, იქვე იყო მედეას ქანდაკებაც). ასე დაასრულა ძველმა ცივილიზაციამ თავისი ისტორია: კოლხეთმა კოლხოზით.

მედეას ქანდაკების გარდა შავიზღვისპირეთის ამ პატარა ქართულ-საბჭოთა სივრცეში, ანუ კოლხოზში ლენინისა და სტალინის ძეგლებიც აღმართულა. როდესაც მედეას ქანდაკება დაიდგა, მაშინ არც კრისტა ვოლფის წიგნი არსებობდა და არც მედეას გამამართლებელ სხვა, ნაკლებად ცნობილ ვერსიებს ექცეოდა ყურადღება. გამოდის, რომ ქანდაკება დაიდგა როგორც შვილების მკვლელი დედის ძეგლი, რომლის დანაშაულსაც აქ გაგებით ეკიდებოდნენ. მაგრამ ავტორ ვაკუშისა და პერსონაჟ ვაკუშის აზრით, ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს. თუ მედეა შვილების მკვლელია, მაშინ იგი, მიუხედავად პირადი ტრაგედიისა, სისასტიკის არქეტიპულ მოდელად გვევლინება და შინაგან ნათესაობაში მოდის ლენინთან და სტალინთან, რომელთა იდეოლოგიამ და პრაქტიკამ მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამიტომ ვაკუში №1 და ვაკუში №2 კრისტა ვოლფის ვერსიას უჭერენ მხარს: მედეას თავისი შვილები არ დაუხოცია, ასეთ შემთხვევაში ის იმის ღირსიცაა, რომ ძეგლი დაუდგან და იმისაც, რომ ღამღამობით გაცოცხლდეს, კრისტა ვოლფის წიგნი იკითხოს და თავისი უდანაშაულობის ამბავი შეიტყოს. ან თავის პოსტამენტზე იცეკვოს, შვილებთან ერთად ზღვის ნაპირთან მივიდეს და ქაღალდის ნავები გაუშვას ძველი საბერძნეთისკენ, კორინთოსკენ, სადაც მისი შვილების მამა დარჩა…

მაგრამ ვაკუშ №1-სა და ვაკუშ №2-ს ასევე აუცილე­ბ­­ლობად მიაჩნიათ ლენინისა და სტალინის ქანდაკებებსაც აუხილონ თვალები: პოლიპ პოლიმატის საშუალებით ხე­ლებში ჩაუდონ მარქსის „კაპიტალი“ და შეაგნებინონ, რომ მათ, ბელადებმა ეს წიგნი ან ვერ გაიგეს, ან განგებ წაიკითხეს ისე, როგორც აწყობდათ, როცა თავში ჩაიჭედეს და მასებსაც ჩაუჭედეს, თითქოს რევოლუციას შეეძლო ერთ სახელმწიფოში გაემარჯვა და მერე მთელი ხალხისთვის ბედნიერება მოეტანა. ახლა კი უნდა გააცნობიერონ: სწორედ ბედისწერული ტექსტის – „კაპიტალის“ ამ გაყალბებას მოჰყვა შედეგად ის, რომ ძალითა და ტყუილით შეკოწიწებული სახელმწიფო სამოცდაათი წლის შემდეგ საცოდავად დაიმსხვრა. მათ ხომ ისე დატოვეს დედამიწა, რომ საბჭოეთის უძლეველობაში ეჭვი არ შეჰპარვიათ. ახლა კი, პოსტსაბჭოთა დროში ლენინისა და სტალინის ინფორმირება მათ მიერ აგებული სახელმწიფოს სრული ფიასკოს თაობაზე უნდა განხორციელდეს ქართულ-რუსული გაზეთების საშუალებით, ერთნაირად რომ აყრიან ქოქოლას უკვე დაქცეულ სსრკ-ს და უკანასკნელი სიტყვებით იხსენიებენ მის შემოქმედთ (დროის ნაკადები ხომ არსად არ შეედინებიან ისე ადვილად ერთმანეთში და გამოედინებიან ერთმანეთისაგან, როგორც მხატვრულ ტექსტში).

ეს იუმორისტული ექსპერიმენტი შეესაბამება სინამდვილის რაღაც დაფარულ ასპექტს, ან უფრო სწორად, ადამიანის ცნობისმოყვარეობას „სამყაროს შიდა სივრცის“ ყველა შესაძლო შრის მიმართ. სად, სამყაროს რომელ ადგილას შეიძლება აცნობიერებდეს ადამიანი, რომელმაც ეს დედამიწაზე ვერ შეძლო, თავის შეცდომებსა და დანაშაულებს? სად შეიძლება ობიექტურად დაინახოს თავის მიერ ნაცხოვრები ცხოვრება, თუ სიცოცხლეში ვერ მოასწრო ამის დანახვა? გაცნობიერებას, გააზრებასა და დანახვას, და ამის შედეგად: აღიარებას, ხომ შინაგანი სიმშვიდე, ანუ აუმღვრევლობა სჭირდება? ასეთი ადგილი სამყაროში ადამიანს არ ეგულება (რელიგიები მხოლოდ სასჯელზე ლაპარაკობენ). როდესმე, სადმე დაინახავს, შეიგნებს დედამიწიდან წასული ამდენი დამნაშავე და ბოროტმოქმედი, რა ჩაიდინა? ასე რომ, ეს მწვავე ადამიანური შეკითხვა, ეს დაუკმაყოფილებელი ექსისტენციალური მოთხოვნილებაც ისევ მხატვრულმა თამაშმა უნდა დააკმაყოფილოს.

მაშასადამე: ვაკუში №1 და ვაკუში №2 მხატვ­რულ-მისტიკური განმანათლებლობის წამოწყებას აპირებენ: უკვე მიღმეთის მკვიდრი ბელადების ცნობიერების ­ქიმწმენდას.

როგორც ვხედავთ: წიგნში „კოლხი მედეა კოლხოზში“ ­ქანდაკებები იწყებენ წიგნების კითხვას. და ეს ამბავ­იც პოლიპ პოლიმატის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. კარგი ბატონო. მაგრამ ამ აპარატს, როგორც აღმოჩნდა, ქანდაკების გაცოცხლება შეუძლია. ხომ დავინახეთ: შემოხვია თა­ვისი ხორთუმები ნაქანდაკარ მედეას და სიცოცხლე შთაბერა. ვაითუ, მეტისმეტად ახლოს მივიდეს ორი ტირან-ბელადის ქანდაკებებთან და ისინიც გაცოცხლდნენ? მერე რაღა გააჩერებს ორივეს ერთად? ასე რომ, ფრთხილად! წარმოსახვა საშიში რამაა (ღმერთმა ნუ ქნას, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრმა, მილიონობით პოსტსაბჭოთა მოქალაქემ წარმოიდგინოს, წარმოისახოს მათი დაბრუნება. წარმოსახვას რეალობის შეცვლა შეუძლია).

ეს გივი მარგველაშვილის მეტარეალისტური აღმოჩენაა: წიგნის გმირები ცოცხალ არსებებს წარმოადგენენ, რომლებმაც იციან რომ წიგნის გმირები არიან; იციან, რომ წიგნში ცხოვრება ეს სულ სხვა განზომილებაში ცხოვრებაა. ამ უხილავ არსებებს შესწავლილი აქვთ თავიანთი განზომილების კანონები და შესაძლებლობები, თუ როგორ და როდის შეიძლება ეს კანონები დაარღვიონ; მათ განსაკუთრებული მიმართება აქვთ როგორც თავიანთ ავტორ-შემოქმედთან, ისე მკითხველებთან. თვითონაც აკვირდებიან მათ თავიანთი წიგნიდან. მაგალითად, გივი მარგველაშვილის (აქ: ვაკუშის) პერსონაჟებმა იციან, რომ მათი ბედისწერა მთლიანად დეტერმინირებულია, ის მათმა ავტორმა განსაზღვრა: მან მიუსაჯა ყველას ერთ გარკვეულ სიუჟეტში ცხოვრება, მან დაადგინა ვინ მთავარი გმირია, ვინ მეორეხარისხოვანი თუ წამიერად გაელვებული; ასევე დაადგინეს მილიონობით სხვა ავტორებმა, რომელმა პერსონაჟმა რომელი უნდა მოკლას, ვინ ვის უნდა უღალატოს, ვინ ვის უნდა შეუყვარდეს, ვინ ვის უნდა დაშორდეს თუ უღალატოს ამ სიუჟეტში. და ეს ყველაფერი იმდენჯერ მეორდება, რამდენჯერაც წიგნს წაიკითხავს ადამიანი. უსაზღვროდ განმეორებადი ერთი და იგივე ისტორია, მით უფრო თუ ეს ტრაგიკული ისტორიაა, პროტესტის გრძნობას იწვევს წიგნის გმირებში. ეს იგივეა, რაც დიქტატურაში ცხოვრება, თანაც უსასრულოდ განმეორებად იგივეობაში. მაგრამ თუ არავინ კითხულობს ამა თუ იმ წიგნს, მაშინ მეორე უბედურება იწყება: დახურულ ყდებს შორის მოქცეული ჰერმეტული ცხოვრება, პერსონაჟების თანდათანობითი დაავადება უმკითხველობის შედეგად, რასთანაც გვაქვს საქმე „კოლხ მედეაში“.

და როგორც ადამიანები ეძებენ გამოსავალს აუტანელი ცხოვრებიდან, ასე ცდილობენ პერსონაჟებიც თავიანთი ბედისწერის, ანუ თემის შეცვლას და ცდილობენ ამას სწორედ მაშინ, როდესაც წიგნი დახურულია და მათ აღარც ავტორი კითხულობს, აღარც მკითხველი. სწორედ ამ დახურულ მდგომარეობაში, როცა უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩენილ პერსონაჟებს უამრავი დრო აქვთ, იწყება მათი დამოუკიდებელი, თავისუფალი, ანუ არათემატური, სულაც ანტითემატური თუ მეტათემატური გამოსვლები და ექსპერიმენტები.

მაგალითად, ქართველი მკითხველისთვის უფრო ახლობელი ნაწარმოები – „ალუდა ქეთელაური“ რომ ავიღოთ, რომელიც მთლიანად გადამუშავდა გივი მარგველაშვილის რომან-ტრილოგიაში „მუცალი“. ვიცით: ალუდა პოემის დასაწყისშივე კლავს მუცალს, და შემდეგ მთელი სიუჟეტი სწორედ მოკლულის ირგვლივ ვითარდება. გივი მარგველაშვილთან ყოვლად ეპიზოდური გმირი მუცალი მთავარი გმირი ხდება, რომელიც მკითხველს უყვება, რა არის წიგნის შიდა სამყარო, რას ნიშნავს ამ სამყაროში, მის ერთ მისჯილ სიუჟეტში, თემასა და თემში ცხოვრება; როგორ ელოდებიან ხოლმე პერსონაჟები მკითხველს და როგორ ამოუვიდათ ყელში გაუთავებლად ერთმანეთთან ბრძოლა, სისხლის ღვრა და მტრობა მკითხველთა თავშესაქცევად; მუცალი ჰყვება, როგორ დამეგობრდნენ ის და ალუდა წიგნის დახურულ მდგომარეობაში და როგორ გადაწყვიტეს, გაიქცნენ თავიანთი სიუჟეტიდან, ანუ კონსერვატული, მტრული თემიდან, სხვაგან – თავისუფალ სივრცეში; ის ჰყვება, როგორ მოუვიდათ თავში თემიდან გაქცევა, ანუ „ბედის საზღვრის გადალახვა“ განეხორციელებინათ ნიკოლოზ ბარათაშვილის მერნის საშუალებით, რომელზედაც ამხედრებული პოეტი სწორედ ამას ესწრაფვის. ისინი მიიპარებიან იმ ადგილას, სადაც მერანმა უნდა ჩამოიქროლოს, მაგრამ ავბედითი შავი ყორანი, რომელიც უკან მისჩხავის მას, დიდ დაბრკოლებებს უქმნით, რომელთა გადალახვას დრო დასჭირდება.

აქ კი „კოლხ მედეაში“, მთავარი პერსონაჟი ვაკუში ავტორ ვაკუშთან დაკავშირებულა და ერთად გადაუწყვეტიათ როგორც მკითხველთა მიზიდვა, ასევე, მედეას ქანდაკების გაცოცხლება აპარატ პოლიპ პოლიმატის საშუალებით. აქ კიდევ ერთხელ თამაშდება გივი მარგველაშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა: კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დახვავებული შემზარავფინალიანი, კრიმინალური სიუჟეტები გავლენას ახდენენ სინამდვილეზე: იმსგავსებენ მას: განუხრელად გადააქცევენ ადამიანთა თანაცხოვრებას უსასრულო, სისხლიან სერიალად (მაგალითად, გივი მარგველაშვილის რომანი „ოფიცერი პემბრი“ გვიხატავს, როგორ შეიჭრება თომას ჰარისის სისხლიანი ტრილერის „კრავთა დუმილის“ ტექსტი რეალურ ცხოვრებაში, როგორ „სურს ტექსტს“ რეალობაში გამეორება: წიგნის პერსონაჟ ოფიცერ პემბრის თავისი ცხოვრებისეული ორეულის გადარჩენა სურს, რომელსაც იგივე უბედურება ელის, რაც მას თავის წიგნში ატყდება თავს: მოკვლა სადისტი ტუსაღის მიერ).

მაგრამ „კოლხ მედეაში“ ლიტერატურული პერსონა­ჟების კი არა, ტრაგიკული ქანდაკების ბედის შეცვლაზეა ლაპარაკი, რაც ბევრად უფრო ძნელი ჩანს, რადგან, როგორც ვაკუშ №2 ფილოსოფიურად განგვიმარტავს, ქანდაკება განსხვავებით მხატვრული ტექსტისგან, რომელიც დინამიკურია და დროში გრძელდება, – სტატიკურია და ერთ გაქვავებულ წამს წარმოადგენს. როდესაც მხატვრულ ტექსტში ესა თუ ის ქანდაკება დგას, მაშინ ქანდაკების უძრავი, სტატიკური სამყარო შეჭრილია ტექსტის დენად მატერიაში. და თუ ქვის ფიგურა – ჩვეულებრივ, მითიური ან ისტორიული პიროვნების ძეგლი, – გაცოცხლდება, მაშინ გაქვავებული წამი დენად მატერიად იქცევა და მისი ფატალური სიუჟეტიც ამოძრავდება. არ არის გამორიცხული, რომ ბიჭვინთაში, შავი ზღვის პირას აღმართული მედეასა და მისი ორი ბავშვის ქანდაკება სწორედ იმ შემზარავ წამს ასახავდეს, როდესაც სახემოქუფრულ დედას საკუთარი შვილების დახოცვა მოსდის თავში (და მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილმა ის ამ წამში სამუდამოდ გააქვავა, წინ აღარ გაუშვა). ამიტომ, მისი გაცოცხლების დროს დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ნაქანდაკარმა მედეამ კარგად უნდა წაიკითხოს კრისტა ვოლფის წიგნი „მედეა“ და გააცნობიეროს, რომ თავისი შვილების მკვლელი თვითონ არ არის.

ახლა ის ვიკითხოთ, რატომ შეიძლება მოუნდეს ავტორს, ხელოვნური მკითხველი გამოიგონოს თავის ტექსტებისათვის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ გივი მარგველაშვილისა და მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, ისტორია, რომელიც მთლიანად საქართველოს უკუღმართმა ბედისწერამ განსაზღვრა.

ორი სამშობლოს ქონა, რაც გივი მარგველაშვილს ხვდა წილად, ხშირად იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე არც ერთი არა გაქვს: (1927 წელს) ბერლინში დაბადებული, ოკუპირებული საქართველოდან გამოქცეული ქართველი ემიგრანტების შვილი, იგი უცხო რჩებოდა გერმანელი თანატოლებისთვის: თავისი ქართული წარმომავლობის, გარეგნობის, გვარ-სახელის, ოჯახისა და ოჯახური ისტორიის წყალობით.

(1945 წელს) ბერიას სპეცსამსახურების მიერ მამასთან ერთად ბერლინიდან გამოტაცებული და ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ იძულებით ჩამოსახლებული საბჭოთა (ანუ „კოლხოზურ“) საქართველოში ისევ უცხო რჩებოდა თავისი გერმანელობის გამო: იმის გამო, რომ მისი მშობლიური ენა გერმანული იყო და ქართული მხოლოდ ახლა უნდა ესწავლა; უცხო რჩებოდა თავისი გერმანული ისტორიისა და განათლების, ევროპული მენტალობის, ფასეულობებისა და გემოვნების გამო და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ მისი გერმანულენოვანი მხატვრული ტექსტები მისი საწერი მაგიდის უჯრებში უნდა დაბერებულიყვნენ, არავის უნდა სცოდნოდა ისინი. და ასე რჩებოდა უამრავი წიგნი, ურიცხვი პერსონაჟი ათეული წლების მანძილზე მკითხველის გარეშე.

და შემდეგ: უკვე დამოუკიდებელი საქართველოდან გერმანიაში დაბრუნება (1990). და შემდეგ ისევ დაბრუნება საქართველოში (2011), უკვე იმის გამო, რომ სიბერეში მარტო ვერ დარჩებოდა. და აქ ისევ: უწყვეტად წერა სიკვდილამდე (2020). ასე იცხოვრა: მისივე სიტყვებით: „ორმაგ ემიგრაციაში“.

მაგრამ დიდი მარტოობისა და გარიყულობის განცდას მწერალში თავის მძიმე ბედისწერაზე უფრო თავისი წიგნების ბედისწერა იწვევდა. ის ძალიან განიცდიდა, რომ მისი ტექსტების დიდი ნაწილი ესოდენი დაგვიანებით დაბრუნდა ენობრივ სამშობლოში; რომ ამის გამო მას ცოტა მკითხველი ჰყავდა. თუმცა, ლიტერატურულმა კრიტიკამ ძალიან მაღალი შეფასება მისცა მის პირველსავე რომანებს, გასული საუკუნის 90-იან წლებში გერმანიაში რომ გამოქვეყნდა.

და ასე გაგრძელდა: გივი მარგველაშვილის შემოქმედება მკითხველთა ელიტარული წრის, რეალიზმისაგან საფუძვლიანად გაუცხოებული ინტელექტუალების, ხელოვანებისა თუ ახალგაზრდების გემოვნებას აკმაყოფილებდა (და აკმაყოფილებს). ამ ტიპის მკითხველს ძალიან განვითარებული ფანტაზია აქვს, ირეალურს ადვილად აღიქვამს რეალურად; აზრით (თვით მისი სკრუპულოზური განვითარებით მხატვრულ ტექსტში) ისევე შეუძლია დატკბეს, როგორც ხატით (მეტაფორული ქსოვილით). ესთეტიკური თამაში და ­მხატვრული ფანტასმაგორია უფრო მეტად უმჟღავნებს სინამდვილის სიღრმეებს, ვიდრე რეალისტური თხრობა. ასეთი მკითხველი კი მართლაც უმცირესობაა, დასავლეთშიც და ჩვენშიც. გივი მარგველაშვილს კი ბევრი მკითხველი სწყუროდა და არ შველოდა არც მრავალი პრემია და ჯილდო, რაც გერმანიაში მიიღო, არც ის, რომ უკვე საქართველოში დაბრუნებულ ხანდაზმულ მწერალს სისტემატურად სტუმრობდნენ და პატივს მიაგებდნენ აქ სტუმრად მყოფი გერმანელი ხელოვანები თუ პოლიტიკოსები; რომ ერთი-ორი ერთგული მკითხველი მისი წიგნებით პირთამდე გატენილი ჩემოდნით ჩამოვიდა გერმანიიდან თბილისში, რათა მწერალს ავტოგრაფები აღებეჭდა მათზე. საქართველოში გივი მარგველაშვილი, როგორც გერმანელი მწერალი, ღრმა მარტოობის ციხე-კოშკში გამოემწყვდეოდა ხოლმე. აქ ორიოდე ადამიანის გარდა არავის ჰქონდა წარმოდგენა მისი თვალუწვდენ შემოქმედებაზე, მაშასადამე, მას თითქმის არავინ იცნობდა.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ მწერალ გივი მარგველაშვილს ჰქონდა უნარი, ყველანაირ ტრაგედიასა და ბედუკუღმართობაზე მაღლა დამდგარიყო: გაექარწყლებინა ბედისწერა ფილოსოფიური განაზრებით, მხატვრული თამაშითა და სიცილით, იმ გადამდები, ხმამაღალი სიცილით, რომლითაც ის თუნდაც ამ წიგნის პასაჟებს კითხულობდა ხოლმე. ეს სიცილი ყველას დღესაც თვალწინ და ყურებში უდგას, ვინც ერთხელ მაინც შესწრებია მას.

ნაირა გელაშვილი

13 მარტი, 2021 წ.

Facebook
Twitter
LinkedIn