„აფრის“ პირველი ნომერი 1997 წელს გამოვეცით.
ეს იყო ჩვენი ერთგული მეგობრის – ფონდ “ჰორიზონტისა” და „კავკასიური სახლის“ პირველი ერთობლივი პროექტი. ფონდის დამფუძნებელი, გერმანელი ჰუმანისტი და ქველმოქმედი – იორგ ჰენლე, რომელსაც ჩვენს მფარველ ანგელოზად მივიჩნევდით, ძალიან ღელავდა და ხშირად გვირეკავდა, ხომ კარგად არის საქმეო.
ჟურნალი მაშინ ჯერ კიდევ ავარიული „კავკასიური სახლის“ სხვენში მზადდებოდა დიდი ხალისით, მაგრამ, ამავე დროს, მეტისმეტი ნერვიულობით. ჯერ ისევ გენერატორების („დვიჟოკების“), სანთლების, ნავთქურებისა და ცივი რადიატორების ხანა იდგა.
არადა, ჟურნალის პრეზენტაცია უკვე დაგეგმილი იყო. ფონდი ჰორიზონტის დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო ამ პირველ ერთობლივ ღონისძიებაზე.
თვალწინ მიდგას პირველი ნომრის „შემოქმედებითი კოლექტივი“: ძალიან კარგი ფილოლოგები და მთარგმნელები: ლია ჯაყელი, გია მანელაშვილი, დათო აკრიანი… სხვენში მოტრიალე, მიმსვლელ-მომსვლელი ავტორები, ახალთახალი კომპიუტერი, რომელსაც დავკანკალებდით, ფურცლების ფრიალი…
აფრის ფორმის ემბლემა ჟურნალის ყდაზე მართლაც დიდი პროფესიონალიზმით შეასრულა ცნობილმა მხატვარმა ემირ ბურჯანაძემ.
ჟურნალის კონსულტანტები იყვნენ: გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი (ბერლინი), ცნობილი ჩეხი ლიტერატორი და ქართული პროზის ჩეხურად მთარგმნელი, პროფესორი ვაცლავ ჩერნი (პრაღა), ფილოსოფოსი და მწერალი ბადრი შარვაძე, კულტურფილოსოფოსი, პროფესორი გურამ ლებანიძე. სამწუხაროდ, დღეს არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის.
აი, როგორ განსაზღვრავდა ჟურნალი (შემდეგში – ალმანახი) „აფრა“ თავის დანიშნულებას:
„აფრა“ საგანმანათლებლო ჟურნალია.
„აფრას“ სურს, შეავსოს წიგნის, თარგმანის, რელიგიურ-ფილოსოფიური და მეცნიერული ნაშრომების ნაკლებობა საქართველოში და მკითხველს მიაწოდოს ძვირფასი თვლები ძველი და ახალი მსოფლიოს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სულიერი საგანძურიდან;
იყოს ხიდი სიძველესა და თანამედროვეობას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის;
მოახდინოს როგორც მხატვრული და რელიგიურ-ფილოსოფიური თარგმანის, ასევე, კრიტიკული აზრის სტიმულირება; ხელი შეუწყოს თანამედროვე სინამდვილის მხატვრულ, ფილოსოფიურ და ჟურნალისტურ გააზრებას. შეეწიოს საზოგადოებრივი ცნობიერების ჰუმანიზაციასა და ადამიანის სიახლოვეს მარადიულ ღირებულებებთან“.
აქედანაც ჩანს, რომ ჟურნალს იდეალიზმისა და ჰუმანიზმის ახალი ტალღები მოჰქონდა. მაშასადამე, საზოგადოებრივი ცნობიერების განახლების წყურვილით გამსჭვალულიყო. „აფრას“ სურდა საბჭოთა ათეიზმისა და მატერიალიზმის დუხჭირი, თავთხელი წყლებიდან გამოსვლა, მაგრამ, ასევე, რელიგიურ-საერო ობსკურანტიზმის მეჩეჩებისთვის გვერდის ავლა (მხილებაც) და მეტაფიზიკურ-ჰუმანისტური ცნობიერების მაცოცხლებელ ზღვაში შესვლა.
გადაწყდა, რომ ჟურნალის ყოველ ნომერს ეპიგრაფი ჰქონოდა. და პირველ ნომერს დანტე ალიგიერის „სალხინებლიდან“ მოხმობილი ეს სტრიქონები ხვდა წილად:
„ამიერიდან ჩემი გონის პატარა ნავი
ახალი წყლების დასალახად შემართავს აფრას,
რაკიღა უკან მოიტოვა ზღვა შემზარავი…
და მე ვიმღერებ იმ მეორე საუფლოს ამბავს,
განიწმინდება სადაც სული ადამიანის,
რათა, ღირსქმნილი, ზეცისაკენ შეუდგეს აღსვლას…“
(თარგმანი დათო აკრიანის)
ჰო, დავაზუსტოთ: ჟურნალს სურდა ოთხმოცდაათიანი წლების პირქუში სინამდვილით საზოგადოებაში ჩამკვდარი ხალისი და იმედი გაეღვიძებინა, ამის მიღწევას ისეთი ტექსტებით აპირებდა, რომელიც სულსაც გამოადგებოდა საზრდოდ და კრიტიკულ აზროვნებასაც. ეს მიზანი, შეიძლება ითქვას, მრავალი მიზეზის გამო, ძნელად სრულდებოდა. აღმოჩნდა, რომ ქვეყანას მხოლოდ ფული, დენი, წყალი თუ ათასნაირი ტექნიკური ინვენტარი კი არ აკლდა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, აკადემიური რესურსები და პატიოსანი შრომის ჩვევა, როგორც პრაქტიკულ, ასევე ინტელექტუალურ სფეროში.
ჩვენ გვსურდა საქართველოში გაბატონებულ ე.წ. მიახლოებით თარგმანს აღვდგომოდით წინ და მხოლოდ ისეთი თარგმნილი ტექსტები დაგვებეჭდა, რომლებშიც მხატვრულ მხარეს აზრის სიზუსტე არ ეწირებოდა. ამით ოთარ ნოდიას დაარსებული „მთარგმნელთა კოლეგიის“ ტრადიციის გაგრძელება გვინდოდა, „კავკასიური სახლი“ ხომ ამ ორგანიზაციის იურიდიული და იდეური მემკვიდრეა. მერე და მერე ეს მიზანიც სულ უფრო ძნელი შესასრულებელი ჩანდა.
როგორც იქნა, „აფრის“ პირველ ნომერზე მუშაობა დამთავრდა (გადაქანცულ ლია ჯაყელს, ჩეხური პოეზიის შესანიშნავ მთარგმნელს, გული წაუვიდა და ძლივს მოვაბრუნეთ). ტექსტი აკრიფეს ჩვენმა ძვირფასმა თანამშრომლებმა: ქეთინო გოგობერიშვილმა და ნანა კომლაძემ, რომლებიც უკვე კარგად დაუფლებოდნენ კომპიუტერზე ბეჭდვას. ჟურნალი დაკაბადონდა ერთ პატარა გამომცემლობაში სახელწოდებით „უფლება“, და ეს სამუშაო გულითადი თანამონაწილეობით შეასრულეს მურმან ხაინდრავამ, მერაბ ახვლედიანმა და ტარიელ სახელაშვილმა.
გამომცემლობა აბესაძის ქუჩაზე ერთ მოსარდაფო სივრცეში მდებარეობდა, გენერატორის ხმაურითა და გამონაბოლქვით რომ იყო სავსე (რამაც შემდეგში, საუბედუროდ, მისი მეპატრონის სიცოცხლე შეიწირა). იქ სამსაფეხურიანი კიბით უნდა ჩასულიყავი და ერთმა ავტორმა კინაღამ ფეხი მოიტეხა.
აი, ოქტომბერი დადგა და ფონდ “ჰორიზონტის” ოთხკაციანი დელეგაცია უკვე ჩამოფრინდა, ჟურნალი კი ჯერ არ იყო სტამბიდან გამოტანილი. დელეგაციის წევრები, პირველ რიგში, ბატონი იორგ ჰენლე, მის ხელში აღებას ჩქარობდნენ. დროის გაყვანის მიზნით ისინი ჩემს სახლში მივიპატიჟე, ვითომ, ქართველი მხატვრების ნახატების საჩვენებლად. ნასესხები ფულით ნაყიდი შამპანურით შევავსეთ მაღალფეხიანი ჭიქები, მაგრამ რა გვეშამპანურება, სულის კაწკაწით ველოდებით დათო აკრიანს, რომელიც უნდა მოვარდეს და ჟურნალის რამდენიმე ნომერი მაინც მოიტანოს… ნერვიულობისაგან ხელი წავკარი ტანწერწეტა ჭიქას და იორგ ჰენლეს გადავასხი. აბა, ჩოჩქოლი, ტილოთი წმენდა, ბოდიში, არა უშავს და ა.შ.
მაგრამ მომხდარს მთელი სიმძაფრით ვერ აღვიქვამ. სტუმრებს უკვე მოუთმენლობა ეტყობათ, წესით, ჟურნალი მზად უნდა დახვედროდათ და… სინათლე ჩაქრა! მერე სანთლები, ლამპები, სკამებზე წამოდებები და ა.შ. და აი, ისევ აინთო! აინთო და ზარის ხმაც გაისმა კარზე. სამივე მასპინძელი კისრისტეხით გავქანდით. გადაბრწყინებული და გაოფლილი დათო აკრიანი ლამის ჯერ ისევ თბილ ოთხ ეგზემპლარს გამარჯვებული ჯარის ნადავლივით მოაფრიალებდა.
მერე იყო დიდი პრეზენტაცია თამამშევ-სმირნოვების მუზეუმის დიდ დარბაზში – „კავკასიური სახლის“ ორგანულ ნაწილში, რომელიც უკანასკნელმა სმირნოვმა დაგვიტოვა ანდერძით (და რომელიც ორმა უკანასკნელმა ხელისუფლებამ წაგვართვა და სრულიად უცხო ადამიანებს ჩაუგდო ხელში. „აფრა“ ამ პროცესებსაც ასახავდა და ასახავს).
ძვირფასი ნივთებით გაწყობილ, გაბდღვრიალებულ ლამაზ დარბაზში შეკრებილი საზოგადოება სტუმრებთან ერთად შეხაროდა ამ პატარა გამარჯვებას ქვეყანაში, რომლის ცხოვრება 1991 წლიდან მოყოლებული იმ დღემდე და მერეც დამარცხებების ჯაჭვად გაბმულიყო.
„აფრის“ პირველი ნომერი იწყება შარლ ბოდლერის ლექსით „კედლის საათი“ (თარგმანი დ. აკრიანის). ლექსი დიდი საათის მომწოდებელ რეკვას გამოსცემს. ეს განგაშის ლექსია. წარმოუდგენელი ძალით გამოსახავს წამებისა და წუთების სრბოლას. არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება მოკვდავი არსების მოდუნება, ყველაზე დიდი ილუზიის ტყვეობაში ჩავარდნა: რომ დრო მუდამ არის.
„გახსოვდეს, რომ დრო უხარბესი მოთამაშეა,
ის, როგორც წესი, არ ფლიდობს და ერთბაშად იგებს,
გ ა ხ სოვდე ს: ღამეს ემატება, დღის შუქი იკლებს,
ქვიშის საათი იცლება და უფსკრულს კვლავ შია“.
ამას მოსდევს რაინერ მარია რილკეს ცნობილი ლექსი „ანგელოზს“ (მთარგმნელი თამაზ ბაძაღუა), რომელიც დიდი დრამატიზმით გლოვობს თანამედროვე ადამიანის შემზარავ სულიერ დაპატარავებას, რის გამოც მისი ძახილი მომაკვდინებელი მარტოობიდან ზემიწიერი არსებებისკენ შეუსმენელი რჩება.
„ვით შეიძლებდა ჩვენთაგანი შენთვის გაენდო
ეს აღრეული ჩვენი ყოფა, განაწვალები,
შენ ხარ დიდება დიდებათა, ჩვენ კი საერთოდ,
რაღაც უმცირესს შევალიეთ ჩვენი ძალები“.
მესამე ლექსით კი ჟურნალი იმ ფატალურ მოვლენაზე მიუთითებს მკითხველს, რომელიც საუკუნეების მანძილზე დაემგზავრა რელიგიებს, კერძოდ ქრისტიანობას, ფარისევლური მორწმუნეობის სახით. მოყოლებული 90-იანი წლებიდან, სავალდებულო ათეიზმი სავალდებულო მართლმადიდებლობამ შეცვალა; ფორმალურმა და აგრესიულმა ქრისტიანობამ ზარმაცი და უმწეო გონებათა დაპყრობა დაიწყო.
დიდი სომეხი პოეტის – პარუირ სევაკის ლექსით „სადღეისო ლოცვა“, ბრწყინვალედ რომ თარგმნა გიგუშა შაჰნაზარმა, ჟურნალმა თავისი პოზიცია დააფიქსირა:
„10, 110, 1010 წელიწადია,
რაც დამდევს უკან
საზარელი შიში ყოველგან –
აურაცხელი გონდახშული მორწმუნეების,
აურაცხელი მატყუარა მორწმუნეების,
თუ ღმერთები ხართ –
მოსპეთ ყველა სანთელი მათი!
დაშრიტეთ მათი დანთებული ყველა კანდელი!
ჩააქრეთ მათი ჭრელაჭრულა ჭაღები! რათა
კვლავ დაემკვიდროს: იქმენ ნათელი!“
აი, ასე დაიწყო „აფრამ“ და ასევე გააგრძელა გზა მთელი 26 წლის განმავლობაში: დიდი პოეტების, მოაზროვნეებისა თუ მეცნიერების ენით, ასევე, საკუთარი შემოქმედებითი ძალებით იგი მუდამ ცდილობდა, ეთქვა მკითხველისათვის, რომ სამყარო და ადამიანი უფრო ღრმა და დიადია, ვიდრე მას ლიბერალური დემოკრატიის ნიღბით მოსული ახალი მატერიალიზმის მსოფლხატი გვიხატავს. „აფრა“ ცდილობდა მარტო არ დაეტოვებინა ადამიანი ახალი დეკადანსისა და ნიჰილიზმის მორევში, რომელიც ველურმა კაპიტალიზმმა დაატრიალა.
რა თქმა უნდა, „აფრა“ ყოველთვის ვერ უმკლავდებოდა ქარებს, რომლებიც ზურგისანი არ იყვნენ, და ბევრი რამ ისე არ გამოდიოდა, როგორც მის მესაჭეებს სურდათ.
მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც საკმაოდ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ჟურნალი ძალიან სჭირდებოდათ. ამაზე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული მისი მრავალი ნომერი მეტყველებს.
„აფრის“ 30-ე ნომერი კი განსხვავებულია. მასში თავმოყრილია ყველა ნომრიდან
ამოკრებილი თეოლოგიურ-ფილოსოფიური წერილები, რომლებმაც, თავის დროზე, მკითხველთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.
ეს მცირე შესავალ-გახსენება მინდა განსაკუთრებული მადლიერებით დავამთავრო იმ შემოქმედთა მიმართ, რომლებიც სხვადასხვა დროს ასრულებდნენ „აფრის“ მთავარი რედაქტორის მოადგილის (იგივე: ნომრის რედაქტორის) ფუნქციას. ესენი არიან: ლიტერატორი, ჟურნალისტი, გერმანისტი ლევან ბრეგაძე; პოეტი შოთა იათაშვილი; პოეტი, მთარგმნელი, ირანისტი და არაბისტი გიორგი ლობჟანიძე. ხოლო, ბოლო ორი წლის განმავლობაში, პოეტი გოჩა სხილაძე; შეუცვლელი სტილისტი, ფილოლოგი, ქალბატონი ლეილა სიხარულიძე და დამკაბადონებელი ნიკოლოზ გელაშვილი.
ძლიერ აფრას და ზურგის ქარს გისურვებთ მეგობრებსა და მკითხველებს ჩვენი ეპოქის მღვრიე და ბობოქარ ზღვაში.
ნაირა გელაშვილი,
„აფრის“ მთავარი რედაქტორი
ნოემბერი, 2023.