,,კაფკის (კავკასიის – ნ. ანთელავა) მთებში, – წერდა IX საუკუნის მეორე ნახევარში არაბი გეოგრაფი იბნ ალ-ფაქიხ ალ-ჰამადანი, – 72 ტომია, რომლებსაც, თარჯიმნის გარეშე, ერთმანეთის ენა არ ესმით“. მოგვიანებით, შუასაუკუნეების აღმოსავლელ ავტორთა თხზულებებში კავკასიის ეს განსაზღვრება გამოიხატა ცნობილ თქმაში: „ჯებელ ულ-ალ სუნ“ – „ენათა მთა“, ხოლო სპარსული და არაბული გეოგრაფიული შრომების გამოჩენამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, კავკასიის მრავალეროვნებაზე ანტიკური ავტორები წერდნენ. მაგალითად, სტრაბონი გვამცნობს 70 ხალხზე, რომლებიც დიოსკურიადაში იკრიბებოდნენ და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ. ძვ. წ. I საუკუნის ბერძენი გეოგრაფის ეს ცნობა დიდ გადაჭარბებად არ გვეჩვენება, რამდენადაც მასში რეალურად აისახა კავკასიის რეგიონის ეთნიკური მოზაიკა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასე ანცვიფრებდა თანამედროვეებს. გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი პერიოდის ავტორებს ანცვიფრებდა და ხიბლავდა არა იმდენად ხალხთა და ენათა სიმრავლე, რამდენადაც კავკასიურ თვითმყოფად კულტურათა მრავალფეროვნება. ამ მრავალგვარ ტრადიციულ კულტურათა ნაწილმა ტრანსფორმაცია განიცადა ან, დროსთან შეუსაბამობის გამო, სრულიად გაქრა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს მარადიული ,,წესები“ და ,,კანონები“, რომლებსაც დრო ვერ გადააფასებს, განძივით უნდა შემოინახოს. გამოწვევების წინაშე მდგარ თანამედროვე ადამიანს მორალის, სულიერების საკითხების გადაწყვეტა და ამ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების მოძებნა ხშირად უჭირს, ამ დროს ეს საუნჯე გვეიმედება. დიახ, ადამიანური ურთიერთობები, სხვებთან და ერთმანეთთან დამოკიდებულება, შემწყნარებლობა,
სხვისი აზრის გათვალისწინება, თანაცხოვრების კულტურა და კიდევ ბევრი რამ, `კავკასიურ კოდექსში“ მზამზარეულად დევს. ამას ადასტურებს ის, რომ კავკასიაში მცხოვრებ ხალხს არ უჭირდა ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა იქამდე, ვიდრე გარეშე ძალა არ ჩაერეოდა ხოლმე. ეს წიგნი არის თითქმის პირველი მცდელობა, ერთად თავმოყრილიყო რამდენიმე, ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერისა და სპეციალისტის ნაშრომები და საერთო სათაურის – `კავკასიური ეტიკეტის“ – ქვეშ გაერთიანებულიყო.
წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ,,კავკასიურ სახლსა” და წიგნის მაღაზიებში.
💵 ფასი 12 ლარი
☎️ საკონტაქტო ინფორმაცია: (0322) 93 50 88 ; 598 59 50 59