მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო ზღაპრის ავტორი ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი გახლავთ. გამორჩეულმა გერმანელმა მწერალმა და კომპოზიტორმა, გერმანული რომანტიკული სკოლის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა 1816 წელს ბერლინში, კრებულ “საბავშვო ზღაპრებში” გამოაქვეყნა თავისი ნაწარმოები “თხილიკვნეტია და თაგვების ხელმწიფე”.
ქართული საზოგადოება ე.თ.ა ჰოფმანის მოთხრობის უმთავრეს გმირს სხვა სახელით იცნობს, საქართველოში თაგვების ხელმწიფესთან მებრძოლ პრინცს “მაკნატუნას” უწოდებენ. პეტრე ჩაიკოვსკის ამავე სახელწოდების ორმოქმედებიანი ბალეტი არაერთხელ დაუდგამთ თბილისის ოპერის თეატრში, სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებებზეც ხშირად თამაშდება ხოლმე სცენები კიონიგსბერგელი ავტორის საშობაო ზღაპრიდან. მიუხედავად ამისა, ქართველ მკითხველს აქამდე არ ჰქონია კლასიკური ტექსტის მშობლიურ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა.
2020-2021 წლებში რელიგიურ-ფილოსოფიური, სალიტერატურო და საზოგადოებრივი ჟურნალის – “აფრის” ფურცლებზე სრულად დაიბეჭდა ე.თ.ა ჰოფმანის ნაწარმოების ქართულენოვანი თარგმანი, რომლის ავტორი ცნობილი გერმანისტი, მიხეილ ბეროშვილი გახლავთ.
მთარგმნელმა ათასობით ბავშვისთვის საყვარელ პერსონაჟს ზუსტი სახელი დაუბრუნდა და მკითხველს ბოლომდე გაუღო მარციპანისა და შაქარყინულის კოშკებით, თაფლაკვერისა და ქიშმიშის ჭიშკრებით, ზეფირის მდინარეებითა და ციტრუსოვანი ნაკადულებით დამშვენებული სამყაროს კარი, სამყაროსი, სადაც პატარა კეთილი გოგოს თავდადების წყალობით ერთგული რაინდი ბოროტებაზე იმარჯვებს.
მითითებულ ბმულზე პირველად ქვეყნდება ჰოფმანის მოთხრობის “თხილიკვნეტია და თაგვების ხელმწიფე” ელექტრონული ვერსია: Nussknacker und Mausekönig