28 მარტს „კავკასიურ სახლში“ გაიმართა საჯარო დისკუსია და პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია თემაზე: ,,ირან-საქართველოს ურთიერთობები და ახალი გამოწვევები ბირთვული შეთანხმების შემდეგ“.
დოკუმენტი დაიწერა პროექტის ,,რუსულ-ქართული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში „კავკასიური სახლის“ მკვლევარ ედიშერ ბაღათურიას მიერ. დოკუმენტში განხილულია საქართველოსა და ირანის ურთიერთობები 1991 წლიდან დღემდე და მისი განვითარების შესაძლებლობები ვენის ბირთვული შეთანხმების შემდეგ. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები დანახულია საქართველოში მოქმედი რეგიონული ძალების ინტერესებისა და გავლენის დაბალანსების კონტექსტში.
პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საქართველოში მოჰსენ ქებრიაიზადე. მან ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ბოლო დროს რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. კვლევის ავტორმა ედიშერ ბაღათურიამ კი ყურადღება გაამახვილა ირან-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე უსაფრთხოების კუთხით და ასევე, იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სარგებელზე, რაც საქართველომ ირანთან თანამშრომლობით შესაძლოა მიიღოს. შეხვედრას უძღვებოდა ისლამური განყოფილების ხელმძღვანელი ,,კავკასიურ სახლში“ გიორგი ლობჟანიძე.
პრეზენტაციის შემდეგ ირან-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით საინტერესო კომენატრები გააკეთეს ირანისტებმა გიორგი სანიკიძემ და ნიკო ნახუცრიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და არასამთავრობო სფეროს წარმომადგენლები. ასევე, ჟურნალისტები ტელე და ბეჭდვითი მედიიდან, ახალგაზრდა ირანისტები და ქართველი და უცხოელი სტუდენტები.
პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ,,კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. ,,კავკასიური სახლი“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს რეგიონულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობას.