2016 წლის 18 მაისს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937”. გამოფენა მიეძღვნა უსამართლოდ დავიწყებულ შეუდარებელ არტისტს, პოეტს, ხელოვნების თეორეტიკოს ილია ზდანევიჩს, რომელსაც დასავლეთში უფრო ილიაზდის სახელით იცნობენ. ითვლება, რომ მის გარეშე „არ შედგებოდა რუსული ავანგარდი და გაღარიბდებოდა ევროპული“. ბლოგი ფრანგული ენის პოლონელი მასწავლებლის და ჩაიკოვსკის მოწაფე ქართველი პიანისტის შვილის შესახებ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს მოგითხრობთ.

რუსული ფუტურიზმის დასაბამთან

XX საუკუნის დასაწყისის რუსული ხელოვნების მკვლევრების უმრავლესობა თვლის, რომ სწორედ ზდანევიჩის წყალობით გახდა რუსეთში ცნობილი და პოპულარული ფუტურიზმი. სწორედ ილიაზდმა გაუწია რეკლამა იტალიელი ფუტურისტის მარინეტის მანიფესტს მოსკოვსა და პეტერბურგში. 1912 წელს პუბლიკა შოკში ჩააგდო ახალგაზრდა ადამიანმა, რომელიც ფეხსაცმელს იქნევდა და ამტკიცებდა, რომ იგი ვენერა მილოსელზე მშვენიერია. რადგან ფეხსაცმელი, „გვაშორებს ბინძურ მიწას და ამით გამოხატავს ფუტურისტის ზიზღს მიწისადმი და მის სიყვარულს ზეცისადმი“. ერთხელ სტუდენტ-ფუტურისტის ვნებიანი პერფორმანსი ფუტურიზმის მხარდასაჭერად გრანდიოზული შეტაკებით დასრულდა, რომლის შესახებაც ყველა მოსკოვური გაზეთი წერდა.

ახალგაზრდა ტემპერამენტული ფუტურისტი მალე გაუცხოვდა მარინეტის ფუტურისტულ იდეების მიმართ და შექმნა თავისი მხატვრული მიმართულება. ილიაზდის ჩანაფიქრით, მას უნდა შეეცვალა ფუტურიზმი და საბოლოოდ გაეერთიანებინა ყველა მხატვრული მიმართულება – როგორც პოეზიაში, ასევე მხატვრობაში. იგი ამტკიცებდა, რომ არსებობის უფლება აქვს ყველა სტილს.

ფიროსმანის აღმომჩენი

სწორედ ილიამ, უფროს ძმა კირილე ზდანევიჩთან და მხატვარ მიხაილ ლე-დანტიუსთან ერთად საქართველოში მოგზაურობისას აღმოაჩინა ნიკო ფიროსმანის ნახატები. მათ მოაწყვეს მისი პირველი გამოფენა და გამოაქვეყნეს პრესაში სტატიები მხატვრის შესახებ. ილიაზდმა მაშინ შემოიარა მთელი საქართველო და შეაგროვა ფიროსმანის ნახატების ყველაზე დიდი კოლექცია. მოგვიანებით უფროსმა ზდანევიჩმა მიყიდა კოლექცია სახელმწიფოს და გადაარჩინა ცნობილი ქართველი მხატვრის მემკვიდრეობა. თავის დღიურში კირილე ზდანევიჩი წერდა: „ილია ეუბნება ნიკოს – თქვენს სურათებში ქართული ხელოვნების ძვირფასი გრძნობაა ჩაქსოვილი. თქვენ აღმოაჩინეთ გზა და მიგვითითეთ საით უნდა წავიდნენ ქართველი მხატვრები“.

ბოდი-არტი

ილიაზდმა დროს მხოლოდ „ყველაფრის თეორიის“ შექმნით ხელოვნებაში არ გაუსწრო. იგი შეიძლება თანამედროვე ბოდი-არტის დამფუძნებლადაც მივიჩნიოთ. ერთ-ერთ საღამოზე „ვირის კუდის“ შემოქმედებითი ჯგუფის არტისტები, რომლის წევრიც იყო ილიაზდი, სცენაზე შეღებილები გამოვიდნენ. „ჩვენ დავუკავშირეთ ხელოვნება ცხოვრებას და ცხოვრება შეიჭრა ხელოვნებაში. დროა ხელოვნებაც შეიჭრას ცხოვრებაში. სახის შეღებვა – თავდასხმის დასაწყისია“.

ილიაზდი და კოკო შანელი

1920-იან წლებში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საფრანგეთის ბევრი მოდის სახლი განიცდიდა ნაჭრების ნაკლებობას. საფრანგეთში ემიგრირებულმა ილიამ, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ საფეიქრო წარმოებას, შანელისთვის ახალი დაზგა გამოიგონა. ტექნოლოგიური გაუმჯობესების გარდა ზდანევიჩმა შექმნა მრავალი ორნამენტალური მოტივი ახალი ნაჭრებისთვის. შანელის მოდის სახლისთვის აქსესუარების და ესკიზების კეთებას იგი 1928 წლიდან 1935 წლამდე აგრძელებდა.

„მსოფლიო მხატვრების“ გამომცემელი

ზდანევიჩის მხატვრული ტალანტის კიდევ ერთი ბრწყინვალე გამოვლენა არის მისი საგამომცემლო საქმიანობა. ცხოვრების ბოლო 35 წელი მან მიუძღვა წიგნების უნიკალური სერიის „Livre d’artiste”-ს გამოცემას, რომელიც კოლექციონერებისთვის იყო განკუთვნილი. სერიაზე მასთან ერთად მუშაობდნენ პაბლო პიკასო, მაქს ერნსტი, ჟოან მირო და ალბერტო ჯაკომეტი.

დასკვნის მაგივრად

ბლოგის ბოლოს მოვიყვან რუსი მწერლის და კრიტიკოსის ვიქტორ შკლოვსკის სიტყვებს, რომელიც ყველაზე ნათლად გადმოსცემს ზდანევიჩის მნიშვნელობას მსოფლიო ხელოვნებაში:

„ყველა ეპოქაში არიან ადამიანები, რომლებიც ხელოვნების ბასრ პირზე იმყოფებიან. ეს არის მკვლევართა დამრტყმელი ნაწილი. მათი პირადი ბედისწერა იქნებოდა უბედური, ისინი რომ მხიარულები არ ყოფილიყვნენ. ილია ზდანევიჩმა მთელი თავისი უზარმაზარი ნიჭი მიმართა სახელოვნებო ექსპერიმენტში. თუ ხელოვნებაში არ იქნები პუშკინი, რასინი ან გოეთე, მაშინ ღირს იყო მხოლოდ ზდანევიჩი“.

Facebook
Twitter
LinkedIn