2016 წლის 25 მარტს საქართველოს ნეოგრეცისტთა ასოციაციისა და კავკასიური სახლის თანამშრომლობით განხორციელდა ფოტო-დოკუმენტური გამოფენა ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ამსახველი საარქივო დოკუმენტები (1895-1920წწ.), რომელიც მიეძღვნა საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს. გამოფენა მოეწყო თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინსტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში. წარმოდგენილი იყო ჩვენ მიერ საქართველოს ეროვნულ არქივსა და კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოძიებული დოკუმენტები და ფოტო მასალა. ყველაზე ადრინდელი დოკუმენტი (ფოტო ასლი), რომელიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, ეს იყო 1886 წლის, ხოლო ყველაზე გვიანდლი – 1920 წლის დოკუმენტი. ამ პერიოდის ბერძნულ-ქართული ურთიერთობები იყო მრავალფეროვანი და ეხებოდა სხვადასხვა სფეროს, ამიტომაც გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები ეხებოდა როგორც დიპლომატიას, განათლებას, ასვევე უბრალოდ ყოფით ურთიერთობებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ექსპონატები:
ანჩის სახარებისა (მე-12 ს.) და კალმახის ციხის სახარების (1534 წ.) ყდის ასლები და მათე მახარებლის მინიატურა ანჩის სახარებიდან. ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით ამ ორი სახარების საქართველოში ჩამოტანა სწორედ თურქეთიდან საქართველოში გადმოსახლებულ ბერძნებთან არის დაკავშირებული, კერძოდ კი სოფელ წინწყაროში მცხოვრებ გურჯიევების ან გურჯანოვების ოჯახთან.
1915 წლის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბერძნული ეკლესიების სია.
1897 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების მიერ დაწერილი თანადგომის დეპეშა, რომელსაც ისინი უგზავნიან ათენელ სტუდენტებს, კრეტაზე დაწყებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან დაკავშირებით. აქვე იყო ფოტო, რომელიც იმავე პერიოდს ეკუთვნის და მასზე აღბეჭდილია პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა ჯგუფი.
1895 წლის ცნობა, საქართველოში, კერძოდ ფოთში, საბერძნეთის ვიცე-კონსულის ახილეას გელოპულოსის დანიშვნის შესახებ.
მიმოწერა პეტერბურგსა და თბილისს შორის 1896 წელს ალექსანდროს ლეონარდოსის ბათუმში საბერძნეთის კონსულად დანიშვნის შესახებ.
1897 წელს პანაიოტის გოფასის ბათუმში კონსულად დანიშვნის დოკუმენტები, მიმოწერა პეტერბურგსა და ქუთაისის სამხედო გუბერნატორს შორის.
1900 წელს თბილისში საბერძნეთის საკონსულოს გახსნის და კონსულად ვაჭარ ოტონ პუპოსის დანიშვნის დოკუმენტი.
1919 წელს დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკაში საბერძნეთის კონსულის დანიშვნის ცნობა. ამ დოკუმენტს შეიძლება ვუწოდოთ მოხსენებითი ბარათი ნოე ჟორდანიას სახელზე, რომლითაც რესპუბლიკის პრეზიდენტს აუწყებენ, რომ ვენიზელოსის ბრძანების თანახმად, ბათუმში მოღვაწე საბერძნეთის ვიცე-კონსული მანუილიდისი ინიშნება კონსულად თბილისში.
დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკაში 1918-1921 წლებში მოღვაწე საბერძნეთის დიპლომატიური მისიის სია.
1905 წლის მიმოწერა თბილისში მცხოვრებ ბერძნებსა და კავკასიის მეფისნავცვალის კანცელარიას შორის თბილისში კერძო ბერძნული გიმნაზიის გახსნის შესახებ.
1917 წელს თბილისში ბერძნული სრულუფლებიანი გიმნაზიის გახსნის ცნობა, რომელიც მდებარეობდა პუშკინის ქუჩაზე 4 ნომერში. წარმოდგენილი იყო პუშკინის ქუჩის იმდროინდელი ფოტო.
1918 წელს და 1919 წელს ბერძნული სამხარეო სრულუფლებიანი გიმნაზიის მოღვაწეობის ამსახველი საბუთები გიმნზიის კანცელარიიდან. ესაა მასწავლებლების სია, მოხსენებითი ბარათი სკოლაში ჩატარებული ღონისძიების შესახებ.
ბათუმში ბერძენი ფოტოგრაფის ანტონოპულოსის ფოტოატელიეში, ხოლო სოხუმში პიმენიდისს ფოტოატელიეში გადაღებული ფოტოები.